საქართველოში საავტორო უფლებების სფერო პოზიტიურად ვითარდება - რა იგეგმება 2019 წელს? - კვირის პალიტრა

საქართველოში საავტორო უფლებების სფერო პოზიტიურად ვითარდება - რა იგეგმება 2019 წელს?

საავტორო უფლებების დაცვა დღემდე მწვავე პრობლემაა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ჩვენს ქვეყანაში ამ საკითხთან დაკავშირებით 1999 წლიდან საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია მუშაობს. ასოციაციაში უკვე 2000-მდე ადგილობრივი წევრია, რომელთა რაოდენობაც წლიდან წლამდე მზარდია. ორგანიზაციისთვის 2018 წელი ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდა, მიმდინარე წლისთვის კი საკმაოდ მასშტაბური გეგმები აქვთ.

ასოციაციის საქმიანობის საინტერესო დეტალებსა და მიღწეულ შედეგებზე ასოციაციის დირექტორი გიგა კობალაძე გვესაუბრება.

- რა მნიშვნელოვანი ცვლილებებით დაიწყეთ 2018 წელი და რა შედეგს მიაღწიეთ წლის ბოლოს?

- პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ასოციაცია აქტიური იყო როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ასპარეზზე. 2018 წელს შეგროვებული ჰონორარის ოდენობამ 12%-ით გადააჭარბა წინა წლის მაჩვენებელს. საერთო ჯამში შეგროვდა 5 100 000 ლარამდე ჰონორარი. ასევე 25%-ით გაიზარდა გადახდილი ჰონორარის ოდენობა. ასოციაცია ტრადიციულად ჩართული იყო საგანმანათლებლო პროექტებში და ჩვენი ორგანიზებით ბევრი სემინარი თუ კონფერენცია გაიმართა. 2018 წელი, საქმიანობის ყველა მიმართულებით ნაყოფიერი გამოდგა.

- გამოირჩეოდა თუ არა გასული წელი რეპერტუარის მზარდი ტენდენციით? დაგემატათ თუ არა ასოციაციაში ახალი წევრები?

- დიახ, ამ მხრივაც ნამდვილად საინტერესო წელი გვქონდა. შევძელით ოცამდე საერთაშორისო მუსიკალური გამომცემლობის რეპერტუარის რეგისტრაცია. ასევე, ადგილობრივ წევრთა რაოდენობამ 2018 წლის ბოლოსთვის 1939 საავტორო და მომიჯნავე უფლების მფლობელი შეადგინა. გავაფორმეთ 6 საერთაშორისო ურთიერთწარმომადგენლობის ხელშეკრულება, ისეთ ორგანიზაციებთან როგორებიცაა "SAZAS" (სლოვენია) "SESAC" (აშშ ) "HFA" (აშშ) "SABAM" (ბელგია) "UACRR" (უკრაინა) და "PPL" ( დიდი ბრიტანეთი).

- ლიცენზირების კუთხით რამდენად აქტიური იყო ასოციაცია 2018 წელს?

- ასოციაციამ ძირითადად ყურადღება სეზონური დაწესებულებების ლიცენზირებას მიაქცია. მათთვის 2018 წელს მივიღეთ ახალი განაკვეთი. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ სხვა სეგმენტებთან დაკავშირებით არაფერი გაგვიკეთებია. განსაკუთრებით უნდა აღვნიშნო მომიჯნავე უფლებების სფეროს ლიცენზირების მზარდი ტენდეცია. საერთაშორისო ბაზრებზე არსებულ კომპანიებთან ურთიერთობისასაც იყო სიახლეები. გაიცა ლიცენზია Yandex Music-ზე, დასკვნით ფაზაშია მოლაპარაკება Caltex Music-თან, ხოლო Deezer-თან არსებული ლიცენზია განახლდა, რომლის თანახმადაც კონტრაქტის ვადა ავტომატურად გაგრძელდება ყოველი წლის დასრულებისას.

- სავტორო უფლებები სფეროში კვლავ აქტუალურ პრობლემად რჩება საზოგადოების დაბალი ცნობიერება. ამ მიმართულებით რა გაკეთდა?

- ეს საკითხი ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია. პირველ რიგში იმიტომ, რომ მსგავსი ტიპის პროექტები ხელს უწყობს საავტორო და მომიჯნავე უფლებების სფეროში დარღვევების შემცირებას და შესაბამისად, ჰონორარის ეფექტურად შეგროვებას. ასე რომ, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება ჩვენს პრიორიტეტს წარმოადგენს.

ამ მხრივ საინტერესო კამპანიები დავიწყეთ საგანამანათლებლო მიმართულებით, გამოვუშვით პირველი ზღაპრების წიგნი საავტორო უფლებებზე, სახელწოდებით "მემე, მემე, გვაპოვნინე", რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ქალაქ თბილისის მერიისა და საკრებულოს ხელშეწყობით, უსასყიდლოდ გავრცელდა სკოლების დაწყებით კლასებში და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში. საინტერესო სიახლეა ის, რომ სპეციალური აპლიკაციის, OVERLY-ს დახმარებით ბავშვები შეძლებენ არამარტო წაიკითხონ ეს წიგნი, არამედ მოუსმინონ და უყურონ კიდეც ზღაპარს.

ვთვლით, რომ ეს პროექტი დიდი დატვირთვის მატარებელია, რადგან ხელს შეუწყობს, რომ ადამიანი ბავშვობიდანვე ეჩვეოდეს ინტელექტუალური საკუთრების ლეგალურ მოხმარებას. ასევე ამავე მიზნით შევქმენით პირველი სატელევიზიო გადაცემა საავტორო უფლებების შესახებ, ტელეარხ "არტარეასთან" თანამშრომლობით. რეპროდუცირების უფლების ორგანიზაციათა საერთაშორისო ფედერაციის (IFRRO) ფინანსური დახმარებით და საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით, ორგანიზებული იქნა სემინარი ლიტერატურული ნაწარმოებების გამომცემლებისა და ბიბლიოთეკებისათვის.

სემინარის თემა იყო "ლიტერატურული ნაწარმოებების სფეროში საავტორო ქონებრივი უფლებების კოლექტიური მართვა". ასევე, ვუმასპინძლეთ უმნიშვნელოვანეს ღონისძიებას, აუდიოვიზუალური ნაწარმოებების სფეროში მსოფლიო კომიტეტს. წარმატებით ჩავატარეთ ყოველწლიური სემინარი ჟურნალისტებისა და მოსამართლეებისთვის. მონაწილეობა მივიღეთ საავტორო უფლებების დაცვისა და კოლექტიური მართვის სფეროში, ევროპის იურიდიული ფაკულტეტების სტუდენტთა ასოციაციის (ELSA) საზაფხულო სკოლის ფარგლებში გამართულ კონფერენციაში.

- მიმდინარე წელს რა გეგმები გაქვთ? როგორ აპირებთ მიღწეული შედეგის გაუმჯობესებას?

- 2019 წლისთვის ვაპირებთ გავაფართოოთ მომიჯნავე უფლებების სფეროში არსებული მომხმარებლების არეალი. გვინდა, დავიწყოთ აუდიოვიზუალური სფეროს ლიცენზირება. ასევე, ვგეგმავთ მომიჯნავე უფლებების ჰონორარის განაწილებისთვის უკეთესი პროგრამული უზრუნველყოფის სისტემის დანერგვას. ასევე დიდი სურვილი გვაქვს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ და მთელ რიგ ახალ პროექტებს გპირდებით.