"მოვისროლე წვიმით სავსე ბუშლატა და გიჟივით ცეკვა დავიწყეო" - გიორგი კეკელიძის პირველი წიგნის ამბავი - კვირის პალიტრა

"მოვისროლე წვიმით სავსე ბუშლატა და გიჟივით ცეკვა დავიწყეო" - გიორგი კეკელიძის პირველი წიგნის ამბავი

პირველი ნაწარმოები ავტორისთვის განსაკუთრებულ ემოციებთანაა დაკავშირებული. ხშირად ის ფართო საზოგადოებამდე ვერც აღწევს, მაგრამ ავტორისთვის მაინც გამორჩეულად ძვირფასია. რიგ შემთხვევაში კი მწერლები ცნობილები თავისი პირველივე ნაწარმოებით ხდებიან. საინტერესოა, რომელია ცნობილი ქართველი მწერლების პირველი ნაწარმოებები და რა ბედი ეწია მათ. გადავწყვიტეთ, პირველი წიგნის ისტორიები შეგვეგროვებინა.

გიორგი კეკელიძე იხსენებს ისტორიას როდესაც მისი პირველი წიგნი პირველად ნახა მამამ:

"მამაჩემი ოქტომბერში ჩამოვიდა. ოთხმოცდაათიანების შუა საუკუნეები იდგა. ზაფხულში სურებში ადიოდა, ჯერ თხილს აბინავებდა და მერე შეშას ამზადებდა. პატარა, ქოხისმაგვარი სახლი, უშუქობა, უმეზობლობა, უიმედოება. ბუხარი არის და ცეცხლის დანთება შეგიძლია, მაგრამ ამდენი უ-ს შემხედვარე, არც მაგის ხალისი გაქვს, თუნდაც გალუმპული იყო და გციოდეს...

ჰოდა, მამაჩემი ოქტომბერში ჩამოვიდა და მიყვება, რომ მთელი დღე წვიმდა და "თხილს ხეკდა". საღამოს ავტობუსი ჩამოვიდა თემში, ქვევით და ოზურგეთიდან გამოტანებულს დახვდა. იქნებოდა იქ ლამფის ფითილები, ორი თავი ყველი, პურები, შპროტები და შარვალი. ამოიარა ტალახიანი აღმართი, შევიდა ოთახში, ინერციით შეხსნა ფუთას თავი, დაიწყო დაზარებით ამოლაგება და უცებ პატარა ბროშურა გადმოვარდა. გიორგი კეკელიძე. " დაიბადა ხარი, ჰოდა..." 1998 წელი...

წამიერად მთელი დაღლა და იუმედობა მომეხსნაო. მოვისროლე წვიმით სავსე ბუშლატა და გიჟივით ცეკვა დავიწყეო. მივვარდი ბუხარს და დავანთეო. დიდი და საგანგებო ცეცხლიო. წვერს რომ იპარსავდა, სახეზე არაყს ისვამდა ოდეკოლონივით და ის არაყი გადმოიღო და დავლიეო. დიდი ზეიმი ჰქონდა, დიდი. და ამას ისე მიყვებოდა, იქ მეგონა თავი. და ახლაც იქ მგონია."

ასეთია გიორგი კეკელიძის პირველი წიგნის ისტორია. დამწყებ მწერლებს კი დიდი შანსი ეძლევათ, რომ მათი პირველივე წიგნები ბესტსელერები გახდნენ. ამ შესაძლებლობას ავტორებს "პალიტრა L-ის" კონკურსი "გახდი ბესტსელერის ავტორი" აძლევს. თუ გაქვს სურვილი და ნიჭი იმისა რომ წერო, ეს კონკურსი ნამდვილად შენთვისაა, რადგან კონკურსის მთავარი მიზანი სწორედ ქართველი მწერლების პოპულარიზაცია და ახალი ნიჭიერი ავტორების აღმოჩენაა.

უკვე ორი წელია კონკურსი " გახდი ბესტსელერის ავტორი" ნიჭიერ ადამიანებს ეძებს და აძლევს იმის საშუალებას, აიხდინონ ყველაზე სანუკვარი სურვილი- შეუერთდნენ მათთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი მწერლების რიგებს. პირველი ორი კონკურსის გამარჯვებული ნაწარმოებები დღეს ქართულ ბაზარზე რეალური ბესტსელერები არიან, ახლა კი შენი ჯერია!

თუ გიყვარს წერა, თუ გიყვარს ლიტერატურა და გინდა შენი სახელი ამ სამყაროს დაუკავშირო, 1 აპრილიდან 1 მაისის ჩათვლით აუცილებლად უნდა გამოგზავნო განაცხადი მეილზე: book@palitra.ge და მისცე შენს ოცნებას ახდენის საშუალება.

განაცხადის შესახებ და სხვა დაწვრილებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://www.palitral.ge/konkursis-tsesebi-da-pirobebi.html?lang=ka-GE