"საქართველო - ღვინის სამშობლო"
"საქართველო - ღვინის სამშობლო"
ქართული ღვინის 8000-წლიანი ისტორიის მოგზაურობა, ნეოლითის ხანიდან XXI საუკუნის იაპონიამდე

"ამერიკამ მისცა მსოფლიოს ავიაცია, გერმანიამ მანქანა, ბრიტანეთმა ინტერნეტი, მაგრამ საქართველოს წვლილი ბევრად ღრმა და მნიშვნელოვანია, რამდენადაც საქართველომ მსოფლიოს მისცა ღვინო", - ეს ცნობილი გადაცემა Top Gear-ის წამყვანის, ჯერემი კლარქსონის სიტყვებია, რომელიც მან ქართული ღვინის დაგემოვნებისა და შეფასებისას წარმოთქვა.

ყველაფერი კი თბილისიდან სამხრეთით, გვიანი ნეოლითური ხანის ორ სოფელში დაიწყო, სადაც ცოტა ხნის წინ შულავერსა და გადაჭრილ გორაში არქეოლოგებმა თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები
აღმოაჩინეს. თიხის ქილებზე ღვინის შემადგენელი ნაწილები ნალექის სახით არის შემორჩენილი. ამ ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვანმა ნაწილმა მსოფლიო საქართველოს შესახებ კიდევ ერთხელ აალაპარაკა - მეცნიერების დასკვნით, აღმოჩენილი ჭურჭელი დაახლოებით 8 000 წლის წინანდელია. კვლევა მოწმობს, რომ მსოფლიოში უძველესი ღვინო საქართველოშია აღმოჩენილი!

8 000 წლის წინ ჩვენმა წინაპრებმა
ველური ვაზის მოშინაურება დაიწყეს, საიდანაც ღვინის დაყენების ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი. ამდენი საუკუნის განმავლობაში გადარჩენისთვის ბრძოლის, სისხლიანი ლაშქრობებისა და გაჩეხილი ვაზის მიუხედავად, ჩვენმა ქვეყანამ უძველესი ტრადიცია უწყვეტად შეინარჩუნა. დღეს საქართველოში თითქმის ვერ ნახავთ ოჯახს, საკუთარი ხელით დაწურული ღვინით რომ არ ამაყობდეს. სწორედ ასეთი ისტორიისა და უნიკალური გემოვნური თვისებების გამო, როგორც 8 000 წლის წინანდელი, ისე ახლა დაწურული ქართული ღვინო მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა.

2014 წელს საქართველოს მთავრობის ინიციატივით ღვინის ეროვნულმა სააგენტომ საერთაშორისო მეცნიერული კვლევა მოაწყო, რომელიც მრავალ დარგს მოიცავდა. ქართველ კოლეგებთან ერთად, 7 ქვეყნის წამყვანი კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლებით დაკომპლექტებულმა ჯგუფმა დაასრულა კვლევა, რომლის შედეგი 2017 წლის ნოემბერში გაცხადდა - ღვინის სამშობლოდ საქართველო ერთხმად აღიარეს! ამ აღიარებით ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაცია ახალ საფეხურზე გადავიდა, რადგან ღვინის უწყვეტმა და უნიკალურმა წარმოებამ, ტრადიციამ და კულტურამ თანამედროვე მსოფლიოს ახალი ინტერესი გაუჩინა. ამის მაგალითია იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე პროექტი "საქართველო - ღვინის სამშობლო", რომელიც 10 მარტს დაიწყო და დღესაც გრძელდება. ცნობილმა ბრიტანელმა ღვინის მწერალმა ენდრიუ ჯეფორდმა უკვე გამართა სემინარი "რატომ არის ქართული ღვინო მნიშვნელოვანი".

რას ემსახურება პროექტი "საქართველო - ღვინის სამშობლო" და კიდევ რა ღონისძიებებია დაგეგმილი, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილესა და პროექტის ხელმძღვანელ დავით ტყემალაძეს ვესაუბრეთ:

- რა შედეგები მიიღო ღვინის ეროვნულმა სააგენტომ და ქვეყანამ იაპონიაში მიმდინარე პროექტ "საქართველო - ღვინის სამშობლოს" მეშვეობით?

- შედეგებზე საუბარი ჯერ ნაადრევია, მაგრამ უდავოა, რომ პროექტი წარმატებულად დაიწყო. გამოფენამ, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გახსნა, ტოკიოში დიდი ინტერესი გააჩინა. პროექტს იაპონურ მედიაში აქტიური და პოზიტიური გამოხმაურებები აქვს. პროექტი 6 მაისამდე გრძელდება, მანამდე კი კიდევ არაერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო ღონისძიება გვაქვს დაგეგმილი.

- რატომ გადაწყვიტეთ ასეთი პროექტის დაწყება?
- პროექტს საფუძვლად უდევს დიდი სამეცნიერო შრომა, რომელზეც მუშაობა 4 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და 2017 წელს დასრულდა. 7 ქვეყნის წამყვანი მეცნიერები იკვლევდნენ არქეოლოგიურ მასალას, რომლის შესწავლაც ქართულმა მხარემ დაიწყო. პროექტს თან დაერთო დიდი სამეცნიერო აღიარება, რომლის თანახმად, მსოფლიოში უძველესი ღვინო საქართველოშია აღმოჩენილი. ამ აღიარებამ მსოფლიოში მეღვინეობის დარგში უდიდესი გამოხმაურება მოიპოვა. ჩვენ გვჭირდება მეტი ყურადღების მიპყრობა მსოფლიოს უმნიშვნელოვანეს მიზიდულობის ცენტრებში როგორც ჩვენი ქვეყნის იმიჯისთვის, ასევე ღვინის ინდუსტრიის კიდევ მეტად განვითარებისა და ბაზრების დივერსიფიკაციისთვის.
პროექტის რეალიზაციაში ჩართული იყო არაერთი სახელმწიფო უწყება და ყველას ძალისხმევა ძალიან დასაფასებელია. პროექტის მნიშვნელობა სათანადოდ შეაფასა მთავრობის ადმინისტრაციამ და ის ყველა ეტაპზე ხელს გვიწყობდა. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეროვნული მუზეუმის წვლილი როგორც ბორდოს პროექტში, ისე ტოკიოში. განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო, საგარეო საქმეთა სამინისტრო, "საქპატენტი" - ეს ის უწყებებია, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს პროექტში. არ შემიძლია არ აღვნიშნო ჩვენი წარმატებული თანამშრომლობა ასოციაცია "ქართულ ღვინოსთან", რომელიც, პრაქტიკულად, პროექტის თანაორგანიზატორია.
პროექტი "საქართველო - ღვინის სამშობლო" ჩვენი ქვეყნის ცნობადობის გაზრდაში დიდ როლს ასრულებს. ტოკიოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სწორედ ცნობადობის ასამაღლებლად გამართავს ღონისძიებას "საქართველო - ღვინის გზა".


ეს ყველაფერი მეღვინეობის დარგის განვითარებას, შემდეგ კი ექსპორტის ზრდას უკავშირდება. სწორედ ამ მიმართულებით არის იაპონია დაინტერესებული და პროექტიც ამ ინტერესს პასუხობს.

- რამდენად მაღალია ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიების დაინტერესება ამ პროექტით და თუ აკმაყოფილებენ ქართული კომპანიები როგორც აზიური, ისე ევროპული ბაზრის სტანდარტებს?
- გამოფენაზე 20 კომპანიის ღვინოა წარმოდგენილი: Askaneli Brothers - ასკანელი ძმები;Corporation Georgian Wine LTD - კორპორაცია "ქართული ღვინო"; Dugladze Wine Company LLC - დუგლაძეების ღვინის კომპანია; Vaziani Company - "ვაზიანი კომპანი"; Kakhetian Traditional Winemaking - "კახური ტრადიციული მეღვინეობა"; Telavi Wine Cellar - "თელავის ღვინის მარანი"; TBILVINO - "თბილღვინო"; Teliani Valley - "თელიანი ველი"; SIASHVILI CELLAR - "სესიაშვილის მარანი"; Shalvino LLC - "შალვინო"; Wine Company Shumi - ღვინის კომპანია "შუმი"; LLC WINERY KHAREBA - "მეღვინეობა ხარება"; Teleda/Orgo - "თელედა/ორგო;" Tsinandali Estate - "წინანდლის მამული"; TRADITSIULI - "ტრადიციული"; SC Chateau Mukhrani - "შატო მუხრანი"; Kapistoni - "კაპისტონი"; Qimerioni - "ქიმერიონი"; Georgian Wines & Spirits Company – GWS da Matrobela Wines - "მათრობელა ღვინოები".

ბოლო წლებში ღვინის წარმოება ძალიან განვითარდა, განვითარდა მომხმარებელი, გაიზარდა კონკურენცია, ბაზრის მოთხოვნებიც შეცვლილია. შესაბამისად, უხარისხო ან საეჭვო პროდუქციაზე საუბარი აღარც გვიწევს. რა თქმა უნდა, ცალკეული შემთხვევები შეიძლება იყოს, მაგრამ ღვინის ეროვნული სააგენტოსთვის ხარისხის კონტროლი უმნიშვნელოვანესია, რათა ის ცალკეული შემთხვევებიც აღიკვეთოს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ღვინო საექსპორტოდ იწარმოება და თამასა ასეთი მაღალია.

- როგორც საფრანგეთში, ისე ტოკიოში ქართული ღვინის მომხმარებლებისგან როგორ უკუკავშირს იღებთ?
- ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით ქართული ღვინის მწარმოებლები წლის განმავლობაში მსოფლიოს დაახლოებით 30-მდე მსხვილ და პრესტიჟულ გამოფენაში მონაწილეობენ. ქართული ღვინის დაგემოვნების შემდეგ, იქნება ეს პროფესიული დეგუსტაცია თუ სხვა, სპეციალისტები და მომხმარებლები აღფრთოვანებული რჩებიან. რაც შეეხება გაყიდვებს, ამ კუთხით საფრანგეთი ძალიან კონსერვატიული ბაზარია, რადგან მრავალი წელია გაჯერებულია საკუთარი ღვინით და აქ შესვლა შედარებით რთულია. მიუხედავად ამისა, საფრანგეთშიც გვაქვს გარკვეული წარმატება.

- კიდევ რომელ ქვეყნებში გეგმავთ ქართული ღვინის პოპულარიზაციას?
- ტოკიოში გამოფენა 6 მაისს ქართული სუფრის პრეზენტაციით დასრულდება. ჩვენს პროექტში აუცილებელი კომპონენტია ქართული კულინარია, ღვინის პარალელურად, ქართული გასტრონომიის პოპულარიზაციასაც ვეწევით, რაც ამ პროექტს დამატებით მიმზიდველს ხდის. შესაბამისად, იაპონიაში ქართული ღვინისა და სამზარეულოს შესახებ არაერთი წიგნი და სტატია იწერება.

ქვეყნებისა და ბაზრების სპეციფიკიდან გამომდინარე, სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა მარკეტინგულ ღონისძიებას ვმართავთ. ვგეგმავთ აქტიურ სარეკლამო კამპანიებს. რაც დრო გადის, მეტი საერთაშორისო კომპანია ხდება ჩვენი მოკავშირე და პარტნიორი. მაგალითად, პროექტი "საქართველო - ღვინის სამშობლო" გაიმართება სამხრეთ კორეაში, აშშ-სა და ჩინეთში. ამ ქვეყნების ბაზარზე ქართული ღვინის პოზიციონირებაზე ღვინის ეროვნული სააგენტო და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად მუშაობენ, რაც, სავარაუდოდ, 2-3 წლის განმავლობაში განხორციელდება.

ესაუბრა მარიამ მენაბდიშვილი
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები