"თუ შინ ბევრი წიგნი გაქვთ და ხშირად კითხულობთ, ბავშვი აუცილებლად დაიწყებს კითხვას..." - რჩევები, როგორ შევაყვაროთ ბავშვს წიგნების კითხვა - კვირის პალიტრა

"თუ შინ ბევრი წიგნი გაქვთ და ხშირად კითხულობთ, ბავშვი აუცილებლად დაიწყებს კითხვას..." - რჩევები, როგორ შევაყვაროთ ბავშვს წიგნების კითხვა

დღეს ბევრი მშობელი ჩივის, რომ მის შვილს არ უყვარს წიგნების კითხვა და გაცილებით ურჩევნია, გაჯეტებსა და კომპიუტერს დაუთმოს დრო, ვიდრე წიგნს. არადა, წიგნი ხომ სრულიად სხვა სამყაროა, სხვა შემეცნებაა და სხვა კულტურაა და აუცილებელიც არის, ადამიანს უყვარდეს კითხვა.

არსებობს ბევრი ხერხი, თუ როგორ შევაყვაროთ ბავშვს კითხვა. როგორც ამბობენ, ერთ-ერთი და ყველაზე მთავარი გარემოა - შინ ბევრი წიგნი უნდა გქონდეთ და არა უბრალოდ, თვალის გასახარებლად, არამედ თავადაც უნდა კითხულობდეთ. მშობლის მაგალითი ბავშვისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს და ერთ მშვენიერ დღეს აუცილებლად მოუნდება, მიბაძოს დედას ან მამას და თავადაც დაიჭიროს ხელში წიგნი.

გთავაზობთ კიდევ რამდენიმე სასარგებლო რჩევას, თუ როგორ შეაყვაროთ ბავშვს წიგნები:

გააცანით ბავშვს წიგნი ძალიან ადრეულ ასაკში. დაიწყეთ ლამაზი, ფერადი ნახატებიანი წიგნების დათვალიერებით. შემდეგ წაუკითხეთ პატარას ყველაზე მარტივი ლექსები და სიმღერები. მალე ჯადოსნური ზღაპრების დროც დადგება. პატარა ასაკში უკითხეთ ჟღერადი ხმითა და ნელი ტემპით, რათა მან უკეთ გაიგოს შინაარსი. წაუკითხეთ ბავშვს მაშინ, როცა ის წყნარად არის, არ ეძინება ან თამაშისკენ არ იწევს და არ დააძალოთ მას მოსმენა.

დააწესეთ ყოველდღიური კითხვის კეთილი ტრადიცია - შესაძლებელია ძილის წინ ან დღის განმავლობაში. პატარ-პატარა ზღაპრებისა და მოთხრობების შემდეგ შეგიძლიათ გადახვიდეთ ჯადოსნურ ისტორიებზე გაგრძელებებით, იმისათვის, რომ ბავშვს დააინტერესოს, რა მოხდება შემდეგ. ან დააწესეთ წიგნის კითხვის საათი. სხვათა შორის, ასეთი ტრადიცია უკვე დაამკვიდრა "ბიბლუსი გალერეამ", სადაც ყოველ შაბათ-კვირას ბავშვები ცნობილ ადამიანებთან და მშობლებთან ერთად ერთ საათს წიგნის კითხვაში ატარებენ.

აუცილებლად ელაპარაკეთ ბავშვს წაკითხულზე - იმაზე, რა მოეწონა და დაამახსოვრდა მას ყველაზე მეტად. მოისმინეთ მისი აზრი გმირებსა და სიუჟეტზე. ასე ყველა ბავშვი მიეჩვევა ანალიზს და წაკითხულს უკეთ გაიგებს. და როცა პატარა თავად ისწავლის კითხვას, "ლიტარატურული საუბრების" ტრადიცია უნდა გაგრძელდეს - ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მშობლები საქმის კურსში იყვნენ, რას კითხულობს მათი შვილი - ასე თქვენ გაგიადვილდებათ ერთმანეთის გაგება და თაობებს შორის კავშირიც ასეთი საუბრებით ძალიან გამყარდება.

თავიდანვე დაუსახეთ პრიორიტეტები - წიგნი კომპიუტერსა და ტელევიზორზე მნიშვნელოვანია. ამიტომაც ეკრანთან ყოფნის დრო ბავშვს შეუზღუდეთ. თამაშის დროს ჩაურთეთ აუდიოწიგნები და რადიოსპექტაკლები.

მოუყევით ბავშვს იმ წიგნის ავტორის შესახებ, რომელსაც ის უსმენს ან კითხულობს - განსაკუთრებით მაშინ, თუ ამ ადამიანს საინტერესო ცხოვრება ჰქონდა. ბავშვს სულ უნდა ესმოდეს წიგნების ავტორების სახელები - იქნებ კიდევ მოისურვოს საყვარელი მწერლის ნაწარმოების წაკითხვა.

როცა ბავშვი ისწავლის კითხვას, თავდაპირველად ეთამაშეთ მას და შეეჯიბრეთ რიგრიგობით კითხვაში. შემდეგ დაუთმეთ მას ასპარეზი, მიეცით საშუალება, რომ წაიკითხოს ხმამაღლა. შემდეგ კი დატოვეთ ერთი-ერთზე წიგნთან, რომელიც მას ყველაზე მეტად უყვარს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვი რაღაც ეტაპზე მიხვდეს, რომ წიგნი ფილმებზე, მულტფილმებზე ან კომპიუტერულ თამაშებზე უკეთესია... და, პირველ რიგში, იმით, რომ მას თავად შეუძლია შექმნას და გააკონტროლოს თავისი და ავტორის ფანტაზიის სამყარო.

როცა კითხვას ისწავლის, აუცილებლად წაიყვანეთ წიგნის მაღაზიაში - მიეცით საშუალება, თავად აირჩიოს სასურველი წიგნი. შეგიძლიათ ურჩიოთ მას ის წიგნები, რომლებიც თავად წაგიკითხავთ ბავშვობაში. თავდაპირველად ბავშვმა კომიქსები ან ყველაზე მარტივი, ნახატებიანი წიგნებიც რომ აირჩიოს, ეს უკვე კარგია - მთავარია, პატარამ კითხვა დაიწყოს და შეიყვაროს ეს პროცესი. შემდეგ კი შეიძლება ნელ-ნელა დააინტერესოთ ახალი ლიტერატურით. მთავარია - არ გადატვირთოთ მაშინვე მისი აზროვნება ზედმეტად სერიოზული ან მოსაწყენი წიგნებით.

თუ ბავშვმა უკვე იცის კითხვა, მაგრამ ის ხანდახან მაინც გთხოვთ, რომ თქვენ წაუკითხოთ, უარს ნუ ეტყვით.

გაამყარეთ მისი ინტერესი წიგნებისადმი სხვა მეთოდებითაც. იარეთ მისი საყვარელი ზღაპრების სიუჟეტებზე დადგმულ ოპერაში, ბალეტსა და სპექტაკლებზე, ნახეთ პატარას საყვარელ წიგნზე გადაღებული ფილმები. შეიძლება პირიქითაც - დაანტერესოთ ის წიგნით ფილმის ნახვის შემდეგ.

არასოდეს დააძალოთ ბავშვს კითხვა! არ გააკრიტიკოთ მისი კითხვის მანერა და არ შეადაროთ მისი მიღწევები სხვა ბავშვებისას. მოსწავლეს კი შეეცადეთ შეუნარჩუნოთ და გაუღრმავოთ ლიტერატურის მიმართ სიყვარული საკლასო და კლასგარეშე წიგნებით, თუნდაც მასწავლებელმა ეს ვერ შეძლოს და თუნდაც სასკოლო პროგრამა ბავშვისვთის მოსაწყენი იყოს.

და კიდევ, ხშირად აჩუქეთ მას წიგნები და ასევე უქციეთ ჩვევად - სხვებსაც შეურჩიოს საჩუქრად წიგნები. წიგნის ყიდვის, წიგნის ჩუქების პროცესი ძალიან სასიამოვნო უნდა იყოს მისთვის.

წიგნების კითხვის პოპულარიზაციისა და წიგნების ჩუქების ტრადიციის დასამკვიდრებლად სულ ცოტა ხნის წინ მწერალმა გიორგი კეკელიძემ წიგნის ჩუქების დღის შემოღების ინიციატივაც კი წამოაყენა, რომელსაც საზოგადოება დიდი სიხარულით აჰყვა. #აჩუქეწიგნის კვირეული უკვე დაწყებულია და ადამიანები დიდი ინტერესითა და აზარტით დაეძებენ წიგნებს, რომლებსაც 23 აპრილს, წიგნის ჩუქების დღეს, ნაცნობ თუ უცნობ ადამიანებს აჩუქებენ.

როგორც იცით, ამ წამოწყებას სიამოვნებით შეუერთდა წიგნების მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი" და იმისთვის, რომ მომხმარებლებს გაუადვილდეთ სასურველი სასაჩუქრე წიგნების არა მხოლოდ შერჩევა, არამედ მათი შეძენაც, საქართველოს მასშტაბით წიგნის ჩუქების კვირეული დააწესა და ამ შეთავაზების ფარგლებში მომხმარებლები რჩეულ წიგნებს -20% , -30% და -50%–იანი ფასდაკლებით შეიძენენ. კვირეულის ფარგლებში შეთავაზებაშია როგორც ქართველი, ისე უცხოელი მწერლების ბესტსელერები, რომლებიც მათი გაყიდვების მაჩვენებლით მთელი წლის მანძილზე ლიდერობდნენ. მომხმარებლებს დიდი არჩევანი ელოდებათ, როგორც ჟანრში, ისე სერიებში. შეთავაზებაშია ლიბერთინსის, პალიტრა კლასიკას, დისნეის ანიმაციური კოლექციის, მოსწავლის არჩევანის, ჩემი რჩეული მსოფლიოს და სხვა საინტერესო სერიების წიგნები. 15 აპრილიდან 23 აპრილის ჩათვლით მკითხველები განახევრებულ ფასად შეიძინენ გურამ რჩეულიშვილის პროზას, საქართველოს კულინარიულ ატლასს, მაინ რიდის თეთრ ბელადს, ოსკარ უაილდის ქენთერვილის მოჩვენებას და ბევრ სხვა საინტერესო რომანს. აღსანიშნავია, რომ სასაჩუქრე წიგნების დიდი არჩევანი თანამედროვე ლიტერატურის მოყვარულებსაც ელით.

ვისაც სახლიდან გაუსვლელად სურს წიგნის შერჩევა და ყიდვა, მას ბიბლუსის ვებგვერდით www.biblusi.ge შეუძლია ისარგებლოს.

ასე რომ, იყიდეთ, აჩუქეთ და წაიკითხეთ წიგნები, იმოგზაურეთ და შვილებიც ამოგზაურეთ წიგნების ჯადოსნურ სამყაროში.