განსაკუთრებული საჩუქარი "კვირის პალიტრის" ერთგულ მკითხველს - კვირის პალიტრა

განსაკუთრებული საჩუქარი "კვირის პალიტრის" ერთგულ მკითხველს

"როგორ მივაღწიოთ სიმშვიდეს, როცა ჩვენ გარშემო ასეთი მღელვარებაა?"

მომავალ კვირას, სააღდგომოდ, გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად გამოვა მართლმადიდებელთა ყოველდღიური "ლოცვანის" კრებული. მაღალხარისხიანი გამოცემა სპეციალურ ტყავის დამცავ ჩანთაშია მოთავსებული და სააღდგომოდ, ვფიქრობთ, სასიამოვნო საჩუქარი იქნება მკითხველისთვის.

"ლოცვანი" საქართველოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II -ის ლოცვა-კურთხევით გამოდის. აქ ყველა ის ლოცვაა თავმოყრილი, რომელიც მართლმადიდებელ ქრისტიანს ყოველდღიურად სჭირდება გასაძლიერებლად და განსაცდელისაგან დასაცავად. "ლოცვანის" შესახებ გამოცემის რედაქტორი თამარ მამაცაშვილი გვესაუბრება:

- კომპაქტური, ხარისხიანი და რაც მთავარია, მლოცველისთვის კომფორტული "ლოცვანის" გამოცემის სურვილი დიდი ხანია გვქონდა. მოხარული ვარ, რომ სააღდგომოდ გამოდის კრებული, რომელიც დამხმარე იქნება ყოველი მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის.

"ლოცვანი" საპატრიარქოს სხვადასხვა დროს გამოცემული ლოცვებიდან ამოვკრიფეთ. აქ ყველა ის ლოცვაა, რომელთაც ყოველდღე წარმოვთქვამთ და რომელიც მართლმადიდებელ ადამიანს აძლიერებს განსაცდელის ჟამს, განსაცდელით კი, მოგეხსენებათ, სავსეა ჩვენი ცხოვრება.

სწორედ ამიტომაც მოგვიწოდებს საქართველოს პატრიარქი გამუდმებით ლოცვების გაძლიერებისაკენ.

ამ კრებულში შესულია: ყოველდღიური დილა-საღამოსა და 7-გზის ლოცვები, აღსარებისა და ზიარებისწინა და შემდგომი ლოცვები, სავალდებულო ტროპარ-კონდაკები... ლოცვები, რომელთაც სხვადასხვა საჭიროების დროს ვკითხულობთ, რათა ხელი მოგვემართოს ჩვენც და იმ ადამიანებსაც, რომლებისთვისაც ვლოცულობთ: დედის ლოცვები შვილებისათვის და შვილების ლოცვები დედებისათვის... ლოცვები საქმისა და მოგზაურობის დაწყების წინ და კიდევ მრავალი სხვა, რომლებიც მორწმუნეთა შემწეა.

- როგორც ცნობილია, ეს "ლოცვანი" მოთავსებულია სპეციალურ ელვაშესაკრავიან ტყავის ჩანთაში, რომელიც მას დაზიანებისაგან მრავალ წელს დაიცავს. - ეს მართლაც მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც ყოველდღიურ "ლოცვანს" ჩანთით დაატარებს და იცის, როგორ ზიანდება, იცვითება და ჭუჭყიანდება წიგნი ჩანთით გამუდმებული ტარებისას. ასე რომ, ეს

გამოცემა, რომელიც ისედაც მაგარგარეკანიანია და მყარად არის აკინძული, დაზიანებისაგან უფრო საიმედოდ იქნება დაცული. "ლოცვანი" თხელ და მაღალხარისხოვან ფურცელზეა დაბეჭდილი, რის გამოც წიგნი კომპაქტური და მსუბუქია. ასე რომ, სამგზავროდ მისი გამოყენება საკმაოდ კომფორტული იქნება.

"ლოცვანს" ასევე თან ახლავს მოძრავი საეკლესიო დღესასწაულებისა და მარხვების 10-წლიანი კალენდარი, რაც მორწმუნეთათვის ასევე მნიშვნელოვანია.

ჩვენი "ლოცვანის" კრებულს აქვს ლამაზი დიზაინი - ტექსტი და სათაურები 2 ფერშია და ეს კითხვისას თვალს ნაკლებად ღლის, ფურცელი კი ოქროსფერი არშიითაა დაფარული.

რაც ყველაზე სასიხარულო და სასიამოვნოა, "ლოცვანი" გაზეთთან ერთად საყოველთაოდ გაიყიდება. საყოველთაო ლოცვას კი, მოგეხსენებათ, ძალიან დიდი ძალა აქვს არა მხოლოდ იმ ადამიანისთვის, რომელიც ლოცვებს კითხულობს, არამედ მთელი კაცობრიობისთვის.

მიდის დრო, დღე დღეს მიჰყვება, საათი - საათს, წუთი - წუთს... მიდის ცხოვრება და ჩვენ ველოდებით... რას? ბოლო დღეს, ბოლო საათს და ბოლო წუთს... ველოდებით და სხვას არაფერს ვაკეთებთ, არაფერს ვცვლით ჩვენს ცხოვრებაში. მივყვებით ყოველდღიურ დინებას, რომელიც, ზუსტად ვიცით, რომ იმ ბოლო დღემდე მიგვიყვანს. მაშ, რა ვქნათ? როგორ მოვიქცეთ? პირველი ნაბიჯი ჩვენი ქმედებისა ის უნდა იყოს, რომ თვალცრემლიანი სენტიმენტებით კი არ ვიფიქროთ საკუთარ დასასრულზე, საღი აზრითა და გონებით თვალი გავუსწოროთ სინამდვილეს, რომელიც აუცილებლად მოვა! იმას ვერავინ იტყვის, რომ შეუცნობლის შიში არა აქვს, მაგრამ ამ შიშის გამო თავს ნუ ავარიდებთ ამაზე ფიქრს, პირიქით, რაც შეიძლება ხშირად გავიხსენოთ, რომ ადრე თუ გვიან, მოგვიწევს წარდგომა იქ, სადაც ყველანი მივალთ. თუ ამას შევძლებთ, მერე თავისით დალაგდება გულსა და გონებაში პრიორიტეტები - რას წავიღებთ იქ და რა დაგვრჩება აქ. უნდა ვაჯობოთ სოფელს. უნდა დავასწროთ სიკვდილს უფალთან მისვლა! ეს მომავალში კი არა, ახლავე, დღესვე უნდა გავაკეთოთ. როგორ? დიდი სინანულით იმ ყველაფრის გამო, რაც აქამდე გვიკეთებია, დიდი სიყვარულით უფლისა და ადამიანებისადმი, უდიდესი მადლიერებით ყველაფრისათვის, რაც გვაქვს ღვთის შეწევნით.

ჩვენი სულიერი ცხოვრების მთავარი იარაღი კი ლოცვაა.

თუ ღმერთი აბსტრაქტული ძალა გვგონია, თუ ლოცვისას არ გვაქვს განცდა, რომ ცოცხალ ღმერთს ვესაუბრებით და მხოლოდ დაწერილ ტექსტებს ვარაკრაკებთ გაუცნობიერებლად, თუ არ ვართ დარწმუნებულნი, რომ ამ საუბარს პიროვნულ ღმერთთან აუცილებლად მოჰყვება სასიკეთო ცვლილება ჩვენში და მათში, ვისთვისაც ვლოცულობთ, თუ ამის იმედი არა გვაქვს, მაშინ უბრალოდ რწმენა არ გვქონია და გვგონია, რომ მორწმუნენი ვართ. შეგვაძლებინოს უფალმა!

საუბრის დასასრულს კი პატრიარქის იმ სიტყვებს მოვიყვან, რომელიც ლოცვანის კრებულს წინ წავუმძღვარეთ:

"თუ სიმშვიდეს არ მიაღწია ადამიანმა, ლოცვა ვერ მიდის უფალთან. სიმშვიდე - ეს ყველაფერია, სიმშვიდე გულისა, სიმშვიდე გონებისა, სიმშვიდე ოჯახში, სიმშვიდე სამსახურში...

როგორ მივაღწიოთ სიმშვიდეს, როცა ჩვენ გარშემო ასეთი მღელვარებაა? უპირველეს ყოვლისა, უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ ვაპატიოთ ერთმანეთს, შევუნდოთ ერთმანეთს დანაშაული. თუ ადამიანი აპატიებს მოყვასსა თვისსა, სიმშვიდე თავისთავად დაისადგურებს მასში. დღევანდელ დღეს, როცა ასეთი მღელვარებაა, ასეთი გაურკვეველი მდგომარეობაა ოჯახებში, მშობლებსა და შვილებს შორის, და-ძმათა შორის, უნდა გავაძლიეროთ ლოცვა, გავაძლიეროთ ჩვენი ბრძოლა, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ თავთან. ჩვენს თავს თუ დავძლევთ, ყველაფერს დავძლევთ და ყველაფერში გამარჯვებული ვიქნებით.

ხშირ შემთხვევაში ადამიანი ითხოვს ღვთისგან დახმარებას. ეს ბუნებრივია, გასაგებია, რადგან ყოველი ადამიანი გაჭირვებულია ამა თუ იმ საქმეში, მაგრამ ამავე დროს ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ უპირველეს ყოვლისა, ადამიანმა უფალს დიდება უნდა შესწიროს, ადიდოს, შემდეგ კი მადლობა შესწიროს. დიდებას და მადლობას რომ შესწირავთ, შეგიძლიათ სთხოვოთ და უფალი შეისმენს. სახარებაში უფალი ამბობს: "ითხოვდეთ და მოგეცეთ თქვენ, ეძიებდეთ და ჰპოვოთ, ირეკდით და განგეღოთ თქვენ"."

მამა ლევან მათეშვილი, საბურთალოს პანთეონის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი: თუ ადამიანს სწამს უფლის არსებობა, მიაჩნია, რომ მარტო არ არის ამ სამყაროში და არ არის მხოლოდ ბიოლოგიური მასა, რომელიც ამქვეყნად შემთხვევით მოდის და შემთხვევითვე გადის, მაშინ ის ლოცულობს. ის ლოცულობს, ურთიერთობს ცოცხალი უფლის წინაშე და ეს ურთიერთობა მისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია: რადგანაც ლოცვა არის ძალა, რომლითაც ადამიანი განიცდის ფერისცვალებას, რომ მისაბაძი გახდეს იესო ქრისტესთვის, ხდება უკეთესი, შემდგომ კი ეს ფერისცვალება და სიყვარული გადააქვს გარე სამყაროსთან და სხვა ადამიანებთან ურთიერთობაში... ასე ხორციელდება უფლის ის მთავარი მცნება, რომ ადამიანი უნდა გვიყვარდეს! ამდენად, ყველა ლოცვა, - ღვთის მახსოვრობით დაწყებული და საღვთო მსახურებით დამთავრებული, ნიშნავს იმას, რომ ადამიანი პიროვნებაა და თავის პიროვნულ თვისებებს, ამ შემთხვევაში სიყვარულს, გარემომცველ სამყაროს უნაწილებს. მით უფრო, როცა იმგვარად სტილიზებულ, ტექნიკურად გამართულ ლოცვანს ვკითხულობთ, როგორიც ეს "ლოცვანი" გახლავთ. გამოცემა, რომელიც მორწმუნეთ გაუადვილებს და ხელს შეუწყობს, ლოცვანში ადვილად მოძებნონ და ვედრება მიმართონ იმ წმინდანებისაკენ, რომელთაც საყვარელი ადამიანებისა და საკუთარი თავისთვის მეოხებას შევთხოვთ.

მოამზადა ეთერ ერაძემ