"პირველი წიგნი პირველი შვილივითაა" - კვირის პალიტრა

"პირველი წიგნი პირველი შვილივითაა"

ცნობილი ქართველი მწერლების პირველი წიგნის ამბავი

პირველი ნაწარმოები ავტორისთვის განსაკუთრებულ ემოციებთანაა დაკავშირებული. ხშირად ის ფართო საზოგადოებამდე ვერც აღწევს, მაგრამ ავტორისთვის მაინც გამორჩეულად ძვირფასია, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ცნობილი ავტორებიდან რამდენიმე პირველ წიგნს პირველ შვილსაც ადარებს.

დათო ტურაშვილი: "ჩემი პირველი წიგნი ჩემი პირველი რომანია, რომელიც 17 წლის ასაკში დავწერე, საბჭოთა კავშირის დაშლამდე 7 წლით ადრე. რაც შეეხება ჩემს პირველ დაბეჭდილ და გამოცემულ წიგნს, ეს მხოლოდ მაშინ გახდა შესაძლებელი, როცა საქართველომ დამოუკიდებლობა აღადგინა და წიგნის გამოცემას საქართველოში აღარ ესაჭიროებოდა საბჭოთა კანონების დაცვა.

 დათო ტურაშვილი

რასაკვირველია, ნებისმიერი გამოცემული წიგნი ნებისმიერი ავტორისთვის (ალბათ) განსაკუთრებული და აუხსნელი ბედნიერების განცდაა, მაგრამ იმ პირველს მაინც არაფერი შეედრება...

ძალიან მშურს იმ ახალგაზრდა მწერლების, რომლებსაც, ჩვენგან განსხვავებით, სიხარულით ეპატიჟებიან ლიტერატურაში და იმაშიც ეხმარებიან, რომ ბესტსელერის ავტორები გახდნენ.

არადა, სულ არა ვარ შურიანი..."

ალეკო შუღლაძე: "პირველად სცენარი დავწერე, "გვირაბში" ერქვა, რომელიც მოთხრობად გადავაკეთე. ძალიან მაგარი გამომივიდა. ვამაყობდი მანამდე, სანამ მეგობარმა არ მითხრა, რომ ერთი-ერთში ფრიდრიხ დიურენმატის მოთხრობას ემთხვევაო. ვიპოვე, წავიკითხე, მართლა ეგრე იყო. უფრო მეტიც, სახელიც კი იგივე ჰქონდა და მოთხრობა ნაგავში მოვისროლე. რამდენიმე თვეში ოთხი მოთხრობა დავწერე და "ცისკარში" მივიტანე. ოთხივე დაბეჭდეს, მაგრამ ეს მოთხრობები არც ერთ წიგნში არ შესულა. მე კი ახალ მოთხრობაზე ვმუშაობდი, "პასუხები ერთ-ერთი მცირეტირაჟიანი ჟურნალისთვის", რომელიც მოგვიანებით მოხვდა წიგნში "გაქცევის მცდელობა". 2001 წელს გამოვიდა ჩემი პირველი რომანი "სამსარა".

ალეკო შუღლაძე საკუთარი წიგნი კარგი შეგრძნებაა, რაღაც კუთხით შვილსაც შეიძლება შეადარო, ყველა პლუს-მინუსით გიყვარს".

თეონა დოლენჯაშვილი: "ჩემი პირველი წიგნი 2005 წელს გამოვიდა, მოთხრობების კრებული "იანვრის მდინარე". არ მიფიქრია, რომ წიგნი უნდა დამეწერა. როდესაც პირველ მოთხრობას, "ფიდაი, ანუ ამინა სამიდან ხუთამდე", ვწერდი, ეს ერთგვარი კვლევა იყო ჩემთვის. მაშინ ჟურნალისტი ვიყავი, ვუსმენდი ტერორისტ ქალთა სასამართლოს სტენოგრაფიულ ჩანაწერებს და ვფიქრობდი, რატომ და როგორ იქცევიან ჩემი თანატოლი გოგოები თვითმკვლელ შაჰიდებად. ვერც წარმოვიდგენდი, რომ ეს მოთხრობა ასეთი პოპულარული გახდებოდა. "ფიდაი" კრებულში "15 საუკეთესო მოთხრობა" შევიდა, მიიღო "პარნასის" ჯილდო, გახდა 2004 წლის საუკეთესო მოთხრობა, ითარგმნა უამრავ ენაზე, დაიწერა კინოსცენარი, რადიოპიესა, თანამედროვე ოპერაც კი. მოკლედ, ეს წარმატება მავალდებულებდა, რომ გზა გამეგრძელებინა. შესაბამისად, "ფიდაის" მოჰყვა სხვა მოთხრობები. სადებიუტო კრებული "იანვრის მდინარე" "საბას" "წლის საუკეთესო დებიუტის" გამარჯვებული გახდა. ახლა უკვე ის უნდა დამემტკიცებინა, რომ გაგრძელებაც ასეთივე საინტერესო იქნებოდა, როგორიც დასაწყისი.

თეონა დოლენჯაშვილი

პირველი წიგნი პირველი შვილივითაა. მან უნდა გაამართლოს შენი იმედი, ისევე, როგორც შენ - მისი. დებიუტი დასაწყისია, კარგი სტარტი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მწერლის მთავარი გზა - აღმართ-დაღმართი, რთული მონაკვეთების დაძლევა და სხვა სიმაღლეების დაპყრობა - უკვე შემდეგ იწყება".

რამაზ გიგაური: "ბავშვობიდან ვწერდი მოთხრობებსაც, ლექსებსაც, მაგრამ ჩემი პირველი წიგნი "ლურჯი რვეული" როცა დაიბეჭდა, 37 წლის ვიყავი. პირველი წიგნი სიყრმის შვილივითაა. თუ მწერლობაში რაიმემ აღიარება მომიტანა, ეს იყო ჩემი მეორე წიგნი "წარმატების 365 გასაღებია", რომელიც უკვე ოთხჯერ გამოიცა.

რამაზ გიგაური

მადლობას გადავუხდი "პალიტრა L"-ს კონკურსის "გახდი ბესტსელერის ავტორი" მოწყობისთვის. მსგავსი ტიპის კონკურსები, განსაკუთრებით ახალგაზრდა ამბიციური მწერლებისთვის ერთგვარი მოტივაციაა".

გიორგი კეკელიძე იხსენებს ისტორიას, როდესაც მისი პირველი წიგნი პირველად ნახა მამამ: "დაიწყო დაზარებით ამოლაგება და უცებ პატარა ბროშურა გადმოვარდა. გიორგი კეკელიძე. "დაიბადა ხარი, ჰოდა..." 1998 წელი... წამიერად მთელი დაღლა და უიმედობა მომეხსნაო. მოვისროლე წვიმით სავსე ბუშლატა და გიჟივით ცეკვა დავიწყეო. მივვარდი ბუხარს და დავანთეო. დიდი და საგანგებო ცეცხლიო. წვერს რომ იპარსავდა, სახეზე არაყს ისვამდა ოდეკოლონივით და ის არაყი გადმოიღო და დავლიეო. დიდი ზეიმი ჰქონდა, დიდი. და ამას ისე მიყვებოდა, იქ მეგონა თავი. და ახლაც იქ მგონია".

"გახდი ბესტსელერის ავტორი - 2019" იწყება!

თუ გიყვარს წერა, თუ გიყვარს ლიტერატურა და გინდა შენი სახელი წიგნის სამყაროს დაუკავშირო, 1-ლი აპრილიდან 1-ლი მაისის ჩათვლით აუცილებლად უნდა გამოგზავნო განაცხადი მეილზე: book@palitra.ge და მისცე შენს ოცნებას ახდენის საშუალება. მსურველები აუცილებლად უნდა ეწვიონ კონკურსის ვებგვერდს www.paltiral.ge/konkursi და დეტალურად გაეცნონ მის წესებსა და პირობებს.