დუალური განათლება - წარმატებული დასაქმების წინა პირობა! - კვირის პალიტრა

დუალური განათლება - წარმატებული დასაქმების წინა პირობა!

"ჩვენ "პრაქტიკული აკადემიის" სტუდენტებს ვაძლევთ რეალურ შესაძლებლობას, პარტნიორ ორგანიზაციებში დასაქმდნენ"

საქართველოში ყოველწლიურად დაახლოებით 35 000 ახალგაზრდა ხდება სტუდენტი და ამდენივე ამთავრებს უმაღლეს სასწავლებელს. თუმცა ქვეყანაში დასაქმების ბაზარზე საჭირო კადრების მოძებნა მაინც პრობლემაა. ახლახან ჩატარებული ადამიანური კაპიტალის ინდექსის კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოში უმაღლესი ფორმალური განათლების მიღების მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია. ამ მიმართულებით ქვეყანა მსოფლიოში მოწინავე პოზიციაზეა. თუმცა ადამიანური კაპიტალის ინდექსის კვლევის კიდევ ერთი მახასიათებლით, სპეციალიზაციის მიმართულებით, ქვეყანა 110-ე ადგილზეა. ეს მიანიშნებს უნივერსიტეტების მიერ მიცემული განათლებისა და პოტენციური დამსაქმებლის მოთხოვნების თანხვედრის დარღვევას, ორგანიზაციები კი ითხოვენ ისეთ ცოდნას, რომელსაც უნივერსიტეტები სტუდენტებს ხშირად ვერ აძლევენ.

ამიტომ უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება პროფესიული განათლების მიღებას. სწორედ ამ მიზნით ცოტა ხნის წინ შეიქმნა "პრაქტიკული აკადემია", რომელშიც მსურველები თეორიასა და პრაქტიკაზე დაფუძნებულ მაღალი დონის დუალურ, კვალიფიციურ განათლებას 7 მიმართულებით მიიღებენ. "პრაქტიკული აკადემიის"დირექტორის ნინო ფეიქრიშვილის განმარტებით, პროფესიული დუალური განათლება არის სწორედ ის, რაც საქართველოს დასაქმების ბაზარზე მოთხოვნისა და მიწოდების თანხვედრამდე მიიყვანს.

- რა არის "პრაქტიკული აკადემია"?

-"პრაქტიკული აკადემია" არის სასწავლო დაწესებულება, რომელიც ორიენტირებულია პროფესიულ სწავლებაზე.

"პრაქტიკული აკადემია" ბაზარს სთავაზობს დუალურ სწავლებას, რაც გულისხმობს სწავლას პრაქტიკაში. ჩვენი ყველა კურსი ამ პრინციპზეა აგებული. ვიწყებთ თეორიული სწავლებით, შემდეგ კი ამ ყველაფერს ხორცს ვასხამთ პრაქტიკაში. სწორედ ამიტომაც ვამბობთ თამამად, რომ დაინტერესებულ პირებს ვაძლევთ რეალურ შესაძლებლობას, "პრაქტიკული აკადემიის" პარტნიორ ორგანიზაციებში დასაქმდნენ.

- რას ნიშნავს დუალური სწავლება, რომელსაც სტუდენტებს სთავაზობთ? - დუალური სწავლების დროს სტუდენტი იღებს თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას. თეორიული განათლების მიღების შემდეგ, სტუდენტები პრაქტიკულ გამოცდილებას იღებენ საწარმოში ან კომპანიაში. სწორედ ამიტომ მათ სწავლის დასრულებისთანავე შეუძლიათ სრულფასოვნად ჩაერთონ სამუშაო პროცესში. შესაბამისად, ასეთი კადრი ბაზარზე მეტად კონკურენტუნარიანია.

"პრაქტიკულ აკადემიაში" თეორიული და პრაქტიკული ნაწილის თანაფარდობა დაახლოებით 30/70-ზეა. ზოგიერთ კურსზე პრაქტიკა უფრო ხანგრძლივიცაა. მაგალითად, მულტიმედია ჟUრნალისტიკის პროფესიულ პროგრამაზე პრაქტიკა მეტია. სტუდენტებს დღის პირველ ნახევარში აქვთ ლექციები მენტორებსა და ტრენერებთან, შემდეგ კი სხვადასხვა პლატფორმაზე პრაქტიკას გადიან. გრაფიკული დიზაინის პროფესიულ პროგრამაში კი თანაფარდობა ცოტა განსხვავებულია: პირველი 2 კვირა ინტენსიური ტრენინგები აქვთ, შემდგომ კი პრაქტიკის გასავლელად პარტნიორ ორგანიზაციებში ნაწილდებიან.

- ვინ არიან "პრაქტიკული აკადემიის" ლექტორები? - საუკეთესო პრაქტიკოსები პარტნიორი ორგანიზაციებიდან, რომლებიც თავიანთ სპეციალობაში უკითხავენ სტუდენტებს ლექციებს. გვყავს ტრენერებიც, რომლებიც უმეტესად თეორიულ ნაწილში არიან ჩართული. დიდი ყურადღებით ვარჩევთ პარტნიორ ორგანიზაციებსაც. გვახარებს ის ფაქტი, რომ პარტნიორი ორგანიზაციების ჩამონათვალში არიან: საინფორმაციო სააგენტო IPN, გამომცემლობა "პალიტრა L", წიგნის მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი", სარეკლამო კომპანია "პრინტარეა", სტამბა "კოლორი", სტამბა "ფავორიტი", რადიო "პალიტრა", "კვირის პალიტრა", PALITRANEWS და სხვა.

- ამ ეტაპზე რა კურსებს სთავაზობს "პრაქტიკული აკადემია" მსურველებს? - ამ ეტაპზე აკადემიაში 7 პროფესიული პროგრამის მოდულია შემუშავებული:

მულტიმედია ჟურნალისტიკა

გრაფიკული დიზაინი

შესყიდვები და საერთაშორისო გადაზიდვები

ადამიანური რესურსების მენეჯმენტი

ფინანსები და ბუღალტერია

შეფუთვებისა და კონვერტინგის საწარმოო პროცესები

პოლიგრაფიული წარმოება

ამჟამად აკადემიაში პარალელურად, 2 პროგრამის სწავლება მიმდინარეობს, მულტიმედია ჟურნალისტიკის და გრაფიკული დიზაინის მიმართულებით. პირველი ნაკადიდან ჩვენს პარტნიორ კომპანიებში: საინფორმაციო სააგენტო IPN-ში, რადიო "პალიტრასა" და PALITRANEWS-ში 4 სტუდენტია დასაქმებული.

ახალი ნაკადიდან კი უკვე ჰყავთ კანდიდატები, რომელთა დასაქმებასაც გეგმავენ სამომავლოდ.

როგორც კვლევამ გვიჩვენა, პერსონალის მხრივ პრობლემებია საწარმოო პროცესის მიმართულებითაც. ბევრი პარტნიორი ორგანიზაცია პირდაპირ გვეუბნება, რომ წარმოების მოდულის წარმატებულ სტუდენტებს დაასაქმებენ. სწორედ ამიტომ დავამატეთ ორი მოდული - პოლიგრაფიული წარმოება და შეფუთვებისა და კონვერტინგის საწარმოო პროცესი. ეს უკანასკნელი ყველა საწარმოს სჭირდება. ახლო მომავალში იგეგმება შესყიდვებისა და საბაჟო საქმის პროფესიული პროგრამების დაანონსებაც.