ტურისტები მთიან აჭარაში ახალ ტურისტულ მარშრუტებზე იმოგზაურებენ - კვირის პალიტრა

ტურისტები მთიან აჭარაში ახალ ტურისტულ მარშრუტებზე იმოგზაურებენ

მთიანაჭარაში მოგზაურობის მსურველებს წელს საინტერესო ეკოტურისტული, სათავგადასავლო და საფეხმავლო ტურისტული მარშრუტები ელოდებათ. ახალი ტურისტული მარშრუტების და დაგეგმილი პროექტების შესახებ პრეზენტაცია აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ხულოში გამართა, რომელსაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ადგილობრივები და მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.

ახალი ტურისტული მარშრუტების მარკირება დასრულებულია, სადაც მოგზაურებს 3 დღიანი წრიული მარშრუტების გავლა ცენტრალურ გზაზე ჩამოსვლის გარეშე მოუწევთ. ამას ემატება არსებული ტურისტული მარშრუტებიც, რომელთა განვითარებაც ეტაპოპრივად ხორციელდება.

• ჩირუხი-ხიხანი-გოდერძის წრიული მარშრუტი

• ხულო-თაგო-სხალთის საფეხმავლო მარშრუტი

• ხულო-სხალთა-ხიხანის სათავგადასავლო მარშრუტი

• გოდერძი-მწვანე ტბა-ბეშუმის ტურისტული მარშრუტი

წელს, იწყება ხულოს ცენტრთან ახლომდებარე სოფლების ტურისტული პოტენციალის დეტალური კვლევა და ტურისტული ბილიკების მარკირების პროექტების მომზადება.

მარკირების პროექტების ფარგლებში მოხდება ტურისტულად საინტერესო ადგილების ინვენტარიზაცია, ძეგლების, ძველი არქიტექტურისა და ისტორიული ადგილების, ჩანჩქერების, საპიკნიკე-საკარვე ადგილების, საოჯახო სასტუმრო სახლების შესწავლა, დასურათება და ტურისტულ რუკებზე დატანა. მათ შორის მოხდება სოფლების ერთმანეთთან დამაკავშირებელი ბილიკების მარკირება.

"უმნიშვნელოვანესია ყველა ის პროექტი, რომელსაც მთიან აჭარაში ვანხორციელებთ და რომლის მიზანიცაა ვაქციოთ აჭარა ოთხი სეზონის ტურისტულ მიმართულებად. ჩვენი გამოკითხვებით, სწორედ ის ავთენტური გარემო და კულტურა იზიდავს უცხოელ ტურისტებს რეგიონში მოგზაურობისას. გასულ წელს, 124%-იანი ზრდა გვქონდა მთიანაჭარაში, ჯამში კი ჩვენს მიერ მარკირებულ ტურისტულ მარშრუტებზე დაახლობით 250,000 ტურისტმა იმოგზაურა. ბუნებრივია, გავაგრძელებთ ტურიზმის სტიმულირებას და მხარდაჭერას იმ ტურისტულ ადგილებში, რომლებიც მიმზიდველია ტურისტებისთვის. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ მთიან აჭარაში სერვისის გაუმჯობესების მიმართულებითაც. ამ ეტაპზე ინგლისური ენის სწავლება და მზარეულების პრაქტიკული ტრენინგები მიმდინარეობს კურორტზე "გოდერძი“, დანისპარაულსა და დაბა ხულოში, რომლის მონაწილეებსაც ჩვენ დღეს შევხვდებით და 2019-2020 წლის პრიორიტეტებს გავაცნობთ,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა.