თაგო-სხალთის ახალ მარშრუტზე ტურისტებს საინტერესო მოგზაურობა ელით - კვირის პალიტრა

თაგო-სხალთის ახალ მარშრუტზე ტურისტებს საინტერესო მოგზაურობა ელით

მთიან აჭარას ახალი თაგო-სხალთის საფეხმავლო ტურისტული მარშრუტი შეემატა. როგორც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის პრესსამსახურიდან გვაცნობეს, ხულოს ახალი ტურისტული მიმართულება პირველებმა რეგიონში მოქმედმა გიდებმა და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებმა გაიცნეს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით ინფოტურის მონაწილეებმა ულამაზეს ხეობაში მოგზაურობა თაგოს ცნობილი საბაგიროდან დაიწყეს, რომელიც ხულოს ცენტრსა და ტრადიციულ აჭარულ სოფელს ერთმანეთთან აკავშირებს. მარშრუტზე მოგზაურობისას მათ საოჯახო-სასტუმრო სახლები მოინახულეს, იქ არსებულ ტურისტულ სერვისებს გაეცნენ და დალაშქრეს ულამაზესი ტყე, რომელიც სოფელ თაგოს სხლათის ხეობასთან აკავშირებს. ინფოტური გიდებმა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებმა შერიფ ხიმშვიაშვილის სახელობის მუზეუმისა და სხალთის მონასტრის მონახულებით დაასრულეს.

"თაგო-სხალთის ტურისტული მარშრუტი განსაკუთრებით საინტერესოა მათთვის, ვისაც ულამაზეს აჭარულ სოფლებში მოგზაურობა, ადგილობრივი ტრადიციებისა და კულტურის გაცნობა ხიბლავთ. აქ მოსულ ტურისტს შესაძლებლობა ექნება ულამაზეს ხეობას თაგოს საბაგიროდან გადმოხედოს. 1719 მეტრის სიგრძისა და 280 მეტრი სიმაღლის საბაგიროთი გასეირნება თავადაც საინტერესო აქტივობაა ტურისტებისთვის. ხოლო ტყის მასივი, რომელსაც ბილიკი გაივლის გამოირჩევა მცენარეულობის მრავალფეროვნებით. ბილიკზე უხვადაა ხილის ხეები, ყვავილები, რომელიც ყველა სეზონზე განსხვავებულ ხედებს ქმნის. გარდა თაგო-სხალთის ტურისტული მარშრუტისა ხულოში ასევე, მარკირებულია ხულო-სხალთა-ხიხანის სათავგადასავლო და გოდერძი-მწვანე ტბა-ბეშუმის მარშრუტები. მიმდინარე წელს ხულოს კიდევ ერთი ახალი ტურისტული მიმართულება - ჩირუხი-ხიხანი-გოდერძის ალპური წრიული მარშრუტი შეემატება, რომელზეც მანიშნებლებისა და საინფორმაციო დაფების დამონტაჟება და მარშრუტის რუკების შექმნა ახლა მიმდინარეობს. გოდერძი-ხიხანი-ჩირუხის ალპური მარშრუტი შექმნის მთიან აჭარაში ხანგრძლივი მოგზაურობის ( 2-5 დღე) საინტერესო მიმართულებას", - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს დირექტორმა თინათინ ზოიძემ.

მთიან აჭარაში ტურისტული მარშრუტები აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ განახორციელა. სააგენტო წელს ასევე, მოახდენს ხულოს ცენტრთან ახლოსმდებარე სოფლების ტურისტული პოტენციალის კვლევას, ჩანჩქერების, ტბების, საპიკნიკე-საკარვე ადგილებისა და სხვა ტურისტულად საინტერესო ადგილების მონიშვნასა და ხულოს მუნიციპალიტეტის მოკლე მარშრუტების მარკირების პროექტების მომზადებას.

(R)