"საფოსტო მარკებით მოთხრობილი ისტორია"
21-05-2019
"საფოსტო მარკებით მოთხრობილი ისტორია"
საქართველოს ფოსტის და საქართველოს ეროვნული მუზეუმის ინიციატივით, 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების და ეროვნული მუზეუმის ფესტივალის ფარგლებში, პირველი ქართული მარკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა - "საფოსტო მარკებით მოთხრობილი ისტორია" გაიხსნა.

საქართველოს ფოსტის ცნობით, გამოფენაზე წარმოდგენილია ქართული მარკები, რომლებიც მსოფლიოს აცნობდნენ ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან მოვლენებს, საზოგადო მოღვაწეებს, მხატვრებს და მწერლებს. ამასთან, ექსპოზიციაზე გაეცნობით საქართველოს ფოსტის გამორჩეულ საფოსტო მარკებს და საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციაში დაცულ პირველ ეროვნულ და საბჭოურ მარკებს, ასევე საქართველოს
ეროვნული არქივიდან ექსპონირებულ სხვადასხვა დოკუმენტს და კორესპონდენციას, რომელზეც განთავსებულია პირველი ეროვნული მარკები.

დამთვალიერებელს საშუალება ექნება გამოფენას ესტუმროს 11 სექტემბრის ჩათვლით. "26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, რუსთაველის გამზირზე (რუთაველის გამზ. #3) საქართველოს ფოსტა წარმოდგენილი იქნება ინტერაქციული ინსტალაციით - "საფოტო მარკებით მოთხრობილი ისტორია", სადაც დამთვალიერებლებს საშუალება ექნებათ
უსასყიდლოდ გააგზავნონ საფოსტო ბარათები და მიულოცონ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, ბავშვებს კი შეეძლებათ გააფერადონ მარკები ფერადი სტიკერებით.

1919 წლის 26 მაისს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ დამოუკიდებლობის წლისთავი მნიშვნელოვანი ფაქტით აღნიშნა - მიმოქცევაში გამოვიდა პირველი ქართული საფოსტო მარკები, რომლებიც ცხრა ნომინალისგან შედგებოდა და ერთმანეთისგან განსხვავდებოდა ფერით და ვიზუალით. საფოსტო მარკებზე გამოსახული იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გერბი, თეთრი წმინდა გიორგი და ქართველი ქალი, რომელიც ფილატელისტურ კატალოგებში თამარ მეფის სახელით მოიხსენიება.

მარკა დამოუკიდებელი სახელმწიფოს ისეთივე სიმბოლოა, როგორც დროშა, გერბი და ჰიმნი. ამ მარკების გამოშვებით საქართველოს მთავრობამ მეტი ლეგიტიმაცია შესძინა ქვეყნის დამოუკიდებლობას. სამწუხაროდ, ამ მარკებმა, ისევე როგორც დამოუკიდებელმა სახელმწიფომ, დიდხანს ვერ იარსება და 1922 წელს საქართველომ უკვე საბჭოთა მარკების ემისია განახორციელა. ამ დროიდან საბჭოთა კავშირის დაშლამდე გამოდიოდა მარკები საქართველოს სიუჟეტებით და ქართველი მოღვაწეების გამოსახულებით, მაგრამ არც ერთ მათგანზე არ იყო მოხსენიებული "საქართველო", ყველა მათგანზე იყო წარწერა "სსრკ–ს ფოსტა".

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, კვლავ აქტუალური გახდა ეროვნული მარკების გამოცემა და 1993 წელს საქართველოს ფოსტამ თითქმის 70 წლის შემდეგ, პირველად გამოსცა ეროვნული საფოსტო მარკების სერია - "საქართველო გაეროს წევრი", რომელიც მიეძღვნა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში საქართველოს გაწევრიანებას. სწორედ აქედან იწყება ქართული მარკების უახლესი ისტორია",- ნათქვამია საქართველოს ფოსტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

(R)


რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, უნდა აიკრძალოს თუ არა აზარტული თამაშების რეკლამა საქართველოში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, უნდა აიკრძალოს თუ არა აზარტული თამაშების რეკლამა საქართველოში?