დაუვიწყარი ზეიმი - თბილისის წიგნის ფესტივალი 30 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით გაიმართება! - კვირის პალიტრა

დაუვიწყარი ზეიმი - თბილისის წიგნის ფესტივალი 30 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით გაიმართება!

წიგნის მოყვარულთა დიდი ზეიმი - თბილისის წიგნის XXI ფესტივალი დიდუბის "ექსპო ჯორჯიას" საგამოფენო პავილიონებში 30 მაისს დაიწყება და 2 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. გამომცემლობა "პალიტრა L" ფესტივალზე ტრადიციულად ყველაზე დიდი საგამოფენო სივრცითა და ყველაზე მრავალფეროვანი გამოცემებით მიიღებს მონაწილეობას. ჩვენი გამოცემები ორ უდიდეს, მე-11 და მე-5 პავილიონებში გამოიფინება, მე-5-ში მხოლოდ საბავშვო ლიტერატურა იქნება წარმოდგენილი, რომელიც გამომცემლობისთვის ცალკე სეგმენტია და არა მხოლოდ: გამომცემლობა ფესტივალის სტუმრებს წიგნებთან ერთად უამრავ საინტერესო პრეზენტაციას, საჩუქარს, გართობასა და სიახლეებს სთავაზობს. ყველაფერი ეს ორივე სივრცეში გაერთიანდება, თანაც დიდი ფასდაკლებით, რაც ფესტივალის სტუმრებისთვის საყურადღებო გზავნილი იქნება.

ნათია ზაქრაძე, გამომცემლობა "პალიტრა L"-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი:

- წიგნის ფესტივალი მკითხველისთვის ის დღესასწაულია, რომელსაც ის მთელი წლის განმავლობაში ელოდება. გამომცემლობა "პალიტრა L"-ი ტრადიციულად მონაწილეობს ამ ზეიმში, თანაც იმ წიგნებით, რომელთა გამოცემა სპეციალურად დავამთხვიეთ ფესტივალს. ეს გახლავთ მსოფლიო ბესტსელერები ლიტერატურის ყველა სფეროში, მათ შორის პროფესიულ ლიტერატურაშიც. მაგალითისათვის დავასახელებ ზოგიერთ იმ წიგნს, რომელთა გამოცემა ფესტივალს დავამთხვიეთ: მაგალითად, რუპი კაურის "რძე და თაფლი", ალეკო შუღლაძის "ქრონიკული დაღლილობის სურნელი", ტონი მორისონის "ქებათა ქება სოლომონისა", საიმონ სინეკის "პირველად იყო რატომ", ჯ.რ.რ. ტოლკინის "ბეჭდების მბრძანებელი", ჰიზერ მორისის "აუშვიცის ტატუისტი" და ა.შ.

- ყველა საყოველთაოდ ცნობილი კლასიკური ბესტსელერია და მკითხველს უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს. - ეს მცირედი ჩამონათვალია იმ წიგნებისა, რომლებიც სპეციალურად ფესტივალისთვის გამოვეცით. ზოგი მათ შორის უკვე გამოცემული იყო, მაგრამ მოთხოვნა იმდენად დიდია, რომ სავაჭრო ქსელში დეფიციტი შეიქმნა და მათი გამოცემა ფესტივალის დაწყებას დავამთხვიეთ. ასეთია, მაგალითად, "ბეჭდების მბრძანებელი", რომლის ტრილოგია სწორედ სპეციალურად ფესტივალის შესახვედრად დავბეჭდეთ, რითაც ტრილოგიის ავტორის, ტოლკინის ქართველ ფანებს დიდი საჩუქარი გავუკეთეთ. რასაკვირველია, უცხოურ ბესტსელერებთან ერთად ფესტივალზე წარვადგენთ ქართველი ავტორების ახალ, საინტერესო ნაწარმოებებს. მაგალითად, ლიტერატურული კონკურსის "საბას" ლაურეატი მწერლის, ალეკო შუღლაძის ნაწარმოებს "ქრონიკული დაღლილობის სურნელი", ასევე, ალექსანდრე ლორთქიფანიძის ულამაზეს და უსაყვარლეს წიგნს "იავნანა ლილისთვის"!

ფესტივალზე გამომცემლობა "პალიტრა L"-ი ტრადიციულად წარადგენს წიგნებს ყველა გემოვნების მკითხველისთვის: საბავშვო და თინეიჯერულ ლიტერატურას, ლიტერატურას სამეცნიერო და ფენტეზის მოყვარულთათვის, ისტორიულ, სათავგადასავლო, 3D ფორმატის წიგნებს, დარგობრივ ბესტსელერებს და ა.შ. ფესტივალზე ხელმისაწვდომი იქნება ასევე ყველასათვის საყვარელი სერიების: "50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ" და "49 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ". ეს ძალიან კარგი შანსია მკითხველისთვის, რომ ისარგებლოს - თუ შემთხვევით რომელიმე ტომი გამორჩა, ახლა შეიძინოს და შეავსოს სერია. და კიდევ: ფესტივალზე მკითხველი თავისი საყვარელი წიგნების ავტორებსაც შეხვდება. ისინი თავიანთ წიგნებზე ისაუბრებენ, მკითხველის შეკითხვებს უპასუხებენ და, რასაკვირველია, ავტოგრაფებსაც წააწერენ თავიანთ წიგნებზე.

- რამდენად ექნება გამომცემლობას ფესტივალზე წარმოდგენილი ბიზნესბესტსელერები? წიგნის ბაზარზე ამ ლიტერატურაზე დიდი მოთხოვნაა. - ამ ლიტერატურით დაინტერესებული მკითხველი ფესტივალზე გამომცემლობისაგან არაერთ სასურველ წიგნს მიიღებს, რომლებიც არა მხოლოდ კარგი ნათარგმნია, არამედ ქართულ გარემოზეცაა მორგებული. იმისთვის, რომ ამა თუ იმ ქვეყანაში ბესტსელერად აღიარებული წიგნი სხვაგანაც ბესტსელერად იქცეს, მხოლოდ თარგმნა არ არის საკმარისი, ის აუცილებლად მკითხველზე უნდა იყოს მორგებული. ასე რომ, ფესტივალზე მკითხველისთვის სიურპრიზი ამ მხრივაც გვაქვს და ორ ახალ ბიზნესბესტსელერს შევთავაზებთ: სიმონ სინეკის "პირველად იყო რატომ" და ალექს ოსტერვალდერის "როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი", რომელიც მსოფლიოს ბიზნესბესტსელერია, 37 ენაზეა ნათარგმნი.

ფესტივალზე წარმოდგენილი ბიზნესლიტერატურის პარალელურად, ჩვენი გამომცემლობა ჩაატარებს ღონისძიებებს, სადაც ცნობილი ბიზნესსპიკერები წარმოდგენილი ბიზნესლიტერატურის შესახებ ისაუბრებენ. ასე რომ, ფესტივალის სტუმრები დამატებით ინფორმაციას მიიღებენ.

ბიზნესსპიკერების წარდგენა ფესტივალზე შაბათ-კვირას 14 საათსა და 20 წუთზე დაიწყება. მაგალითად, ტრენერი რამაზ გიგაური, ავტორი წიგნისა "წარმატების 365 გასაღები", წარდგება თემით: "მარცხი, როგორც სტარტი", ანუ ტრენერი ისაუბრებს მარცხზე, როგორც წარმატების დასაწყისზე.

- საინტერესოა.

- დიახ. ეს იქნება ტრენინგი ბიზნესის მარცხის ისტორიებსა და კოლაფსებზე, რომლებიც წარმატების საფუძვლად იქცა, რაც მეტად საინტერესო პრაქტიკაა ბიზნესში და ყველას შეგვიძლია გამოვიყენოთ. მსგავსი ტრენინგები გაიმართება შემდეგი წიგნების შესახებაც: "როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი" და "პირველად იყო რატომ".

- ფესტივალზე თუ გეგმავთ რამე სახის აქციას პროექტის "მაკულიტერატურა" ფარგლებში? -"პალიტრა L"-ის" პროექტი "მაკულიტერატურა" უკვე რამდენიმე წელია არსებობს და მოსახლეობას ძველი, უსარგებლო ქაღალდების სანაცვლოდ სრულიად ახალ სასურველ წიგნებს სთავაზობს. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში იგეგმება აქცია, რომელიც თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის დღეებში, 30 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით იმოქმედებს. აქცია ჩაბარებული მაკულატურის სანაცვლოდ მიღებული ნერგების, ანუ ქულების გაორმაგებას გულისხმობს. მაგალითად, თუ, ჩვეულებრივ, 200 კგ მაკულატურის ჩაბარების შემთხვევაში, გერიცხებათ 200 ნერგი, ფესტივალის დღეებში მიიღებთ 400 ნერგს. დაგროვილი ნერგების გახარჯვა და წიგნებში გადაცვლა შესაძლებელია იმავე ადგილას, სადაც მაკულატურა ბარდება. მაკულატურის ჩაბარება შესაძლებელია თბილისში, დიდუბე პლაზას შენობაში, წერეთლის #116, მაღაზია 9/1.

მაკულატურის სათანადოდ გამოყენება და გარემოზე ზრუნვა თითოეული ჩვენგანის სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელოვანი ნაწილია. ეს აქცია დიდი შანსია იმისთვის, რათა მომხმარებელმა უსარგებლო მაკულატურა ჩააბაროს უფრო მომგებიანად და მიღებული მეორეული ქაღალდის მეშვეობით უფრო მეტი ხე გადავარჩინოთ.

- ბევრი მკითხველი სწორედ იმიტომ ელოდება ფესტივალს, რომ წიგნები ფასდაკლებით შეიძინოს. - გამომცემლობა "პალიტრა L"-ს ფესტივალზე წარმოდგენილ წიგნებზე 60%-მდე ფასდაკლება ექნება. ტრადიციულად იქნება ისეთი ფასდაკლებული წიგნებიც, რომლებიც 1-დან 3 ლარამდე ეღირება.

მათ, ვინც გამომცემლობა "პალიტრა L "-ის წიგნებს 50 ლარის ფარგლებში შეიძენს, გამომცემლობა ქსოვილის ჩანთით დააჯილდოებს, 100 ლარის წიგნების შეძენის შემთხვევაში კი კურიერი კლიენტებს წიგნებს უფასოდ მიუტანს.

გარდა ამისა, ფესტივალზე იმოქმედებს ფასდაკლების "ბედნიერი საათები" - ამა თუ იმ წიგნზე ფასდაკლება გარკვეული საათების მიხედვით დაინიშნება, რის შესახებაც სია ფესტივალზეც იქნება და მკითხველს სოციალური ქსელითაც მივაწვდით.

- ყოველთვის საინტერესოა ფესტივალის დახურვის დღე. წელს როგორი იქნება? - ძალიან ლამაზი და საინტერესო. ამ დღესასწაულის დახურვაზე გამომცემლობა ყოველთვის აწყობდა კარნავალებს, წელს კი სიურპრიზი გვაქვს - ფესტივალს ცნობილი "მარველის ქოსფლეი" დახურავს. ეს არის ღონისძიება, რომელიც მსოფლიოს უდიდეს წიგნის ფესტივალებზე, მათ შორის, ფრანკფურტშიც ეწყობა ფესტივალის დახურვის დღეს და ჩვენ სიამოვნებით გადმოვიღეთ, როგორც წიგნის ფესტივალის ერთ-ერთი ულამაზესი სამკაული. ღონისძიებაზე წიგნის პერსონაჟების სამოსში გამოწყობილი ადამიანები მონაწილეობენ. ისინი თავად იკერავენ სამოსს და ფესტივალზე მხიარულობენ. შესაბამისად, მათთან ურთიერთობის საშუალება ჩვენი პავილიონის სტუმრებსაც გაახალისებს.