გიორგი კეკელიძის ბესტსელერის "გურული დღიურების" სამივე წიგნი ერთ ტომად გამოიცემა
გიორგი კეკელიძის ბესტსელერის "გურული დღიურების" სამივე წიგნი ერთ ტომად გამოიცემა
ფოტო:გიორგი კეკელიძე
10 ივნისს "პალიტრა L"-ის სერიული პროექტის "იკითხე ქართულის" ფარგლებში გიორგი კეკელიძის სამნაწილიანი ბესტსელერი "გურული დღიურები"­ ერთ წიგნად გამოვა. წიგნის ყიდვა გაზეთ "კვირის პალიტ­რასთან" ერთად სპეციალურ ფასად იქნება შესაძლებელი.

როგორც ცნობილია, "იკითხე ქართული" ახალი და უახლესი ქართული­ მწერლობის მხარდამჭერი პროექტია, რომელმაც სულ რამდენიმე თვეა, რაც სტარტი აიღო და უკვე მოასწრო ათასობით მკითხველის ყურადღების მიპყრობა, დაინტერესება და სიყვარული.

გიორგი კეკელიძე: - წიგნის პირვე­ლი ნაწილი ესეების კრებულია, რომელიც ცოტა ფრაგმენტულია, იმიტომ, რომ დიდი
ხნის განმავლობაში, სხვადასხვა პერიოდში, სხვადასხვა განწყობითა და მიზნით იწერებოდა. საბოლოოდ ყველა ამ ჩანაწერს კრავს გურიის კონტექსტი, ადამიანები, რომლებიც ჩემი ცხოვრების ნაწილი იყვნენ და დღესაც არიან. რაც შეეხება დანარჩენ ორ ნაწილს, რომელიც პირველი ნაწილის თვისებრივი გაგრძელება არ არის, მათი წერისას უკვე კონკრეტული მიზანი მამოძ­რავებდა: ერთი ეძღვნება
მამაჩემსა და ბებ­იაჩემს, რომელიც ამ წიგნის წერის პერიოდში გარდაიცვალნენ, მეორე კი არის წელიწადის 12 თვეზე, ამ თვეების განწყო­ბებზე, ვგულისხმობ გურიას­ და ასევე ადამიანს, რომელიც განწყობების თვალსაზრისით სხვადასხვა თვეში სხვადასხვანაირად არის წარმოდგენილი.

წიგნის პირველი ნაწილი 2014 წელს დაიწერა და გამოიცა, მეორე - 2016-ში, მესამე კი 2018 წელს. ისინი ბესტსელერები­ გახდნენ, რაც, ბუნებრივია, სასიხარულო ამბავიცაა და საამაყოც.

- წერის მომენტში წარმოიდგენდით, რომ "გურული დღიურები" ბესტსელერი გახდე­ბოდა?
- ნაწილობრივ კი, იმიტომ, რომ როცა რაღაცას წერ, იმთავითვე გულისხმობ­ და გაქვს სურვილი, რომ ბევრი მკითხველი­ ჰყავდეს, და ნაწილობრივ - არა, იმის გამო, რომ წიგნის ბიზნესი, მიუხედავად მცირე ამოვარდნებისა, საქართველოში მაინც არ არის იმ დონეზე, რომ ათიათ­ასობით გაყიდულ ეგზემპლარს ვარაუდობდე, შესაბამისად, ამ თვალსაზრისით ცოტა მოულოდნელიც იყო, რომ""გურული დღი­ურები" ბესტსელერი გახდა.

- როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა ასეთი წარმატება?
- მგონი, მნიშვნელოვანი ის იყო, რომ სოციალურ ქსელში ძალიან პოპულარული გახდა "გურული დღიურების" ამონარიდები და ამან შეუწყო ხელი წიგნის პოპულარობას. გარდა ამისა, ეს წიგნი გარკვეულწილად ეხმიანებოდა ძალიან ბევრი ადამიანის 90-იან წლებში გადატანილ ბავშვობას ან ახალგაზრდობას. არ ვგულისხმობ მაინცდამაინც მათ, ვინც მხოლოდ გურიაში ცხოვრობს, ბუნებრივია, მთლ­იან საქართველოს ვგულისხმობ; და კიდევ, ალბათ, ნაწილობრივ ისიც იყო, რომ ამ ინერციამ, რომელმაც ეს წიგნი გაყიდვებში­ მოაქცია, სხვა ადამიანებზეც იმოქმედა, გად­ამდები აღმოჩნდა.

ყველაზე დასამახსოვრებელი ქათინაური, რომელიც ამ წიგნის გამო მივიღე, ეკუთვნის იმ ადამიანებს, რომლებიც ამ წიგნის პერსონაჟები არიან. მათი შეფასება ჩემთვის­ ყველაზე მნიშვნელოვანია. "გურული­ დღიურები" დოკუმენტური ტიპის პროზაა, მასში ყველა პერსონაჟი საკუთარი სახელით მოვიხსენიე.

- რას ნიშნავს თქვენთვის ის, რომ "გურუ­ლი დღიურები" უკვე მეოთხედ და "იკითხე ქართულის" ფარგლებში კი პირველად იბეჭდება?
- "იკითხე ქართული" შესანიშნავი პროექტია. მი რომ ამ მასშტაბით ეწევა­ თანამედროვე ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციას. ეს უმნიშვნელოვანესია. საკუთრივ "გურული დღიურებისთვის" ძალიან კარგია, რომ ამ კონკრეტულ გამოცემაში მოექცა და ვისაც ინტერესი ჰქონდა და ჯერ არ წაუკითხავს, "პალიტრა L"-ის ეს პროექტი აძლევს ამის შანსს.

P.S. "გურული დღიურები" 10 ივნისს, "კვირის პალიტრასთან" ერთად გამოვა.­ წიგნის სპეციალური ფასი იქნება 8,50 ლარი, ხოლო გაზეთთან ერთად 10 ლარი.

ამონარიდი "გურული დღიურებიდან"


დღეს ტვ-ში ვიქნები, აქა და აქ, ამ საათზე­ - მივწერე ტელეფონზე.

- აქანე რაფერ ვუყურო? - უჩვეულოდ­ სწრაფად მომწერა. აქამდე პასუხს არ მიბ­რ­უნებდა ხოლმე და თუ - კი, ძალიან ნელა კრეფდა ასოებს. ეგრე მოიტანა სასტიკმა ცხოვრებამ, რომ სულ ამ ტელევიზორში ვარ. მამაჩემმა კიდევ, იმ დროიდან, კანტიკუ­ნტად რომ ვჩნდებოდი, დამავალა, გამეგებინებინა და შემოგვრჩა ეს ჩვევა. ისედაც, ბავშვობიდან მოყოლებული, სადაც რამე დაიბეჭდებოდა ჩემზე, ყველაფერს ინახავდა და მერე წუხდა, ახლებს რომ ვერ ვუგროვებდი.
დავურეკე.

- სად ხარ? უკვე ახვედი სოფელში?
ზაფხული დგება. თხილის აღების დრო.
- რაის სოფელში, კაცო, იქინე ვარ მე.
- სა იქინე?
- ზეით.
ვახ - დავიბენი. სად ზევით?
- ხო მოვკტი, მე კაცო, - მითხრა სიცილით.
მაშინ მივხვდი, სიზმარში ვიყავი. არ ვიცი რატომ ეს, მაგრამ ვკითხე:
- ძაან გეტკინა?
- აფერი არ გამიგია ბოლოს. თავიდან კი მტკიოდა და მორიგე ექიმი მევიდა. მარა, იცი, რაფერაა? არავინ არ მოგატყუოს, სიკტილის წინ არავის არ ჯერა, რომე კტება. არც არავის. ან რაფერ უნდა დეიჯერო, რომ კტები ცოცხალმა ადამიანმა?­ ხოდა, მეგონა, რომე ვიძინებდი და არც მითქვია, იგი, მოფიქრებული რომ მქონდა სიკტილის წინ ვიტყვი, ბაღანე მანახეთ-მეთქი.
უდროოდ გამეღვიძა. მინდოდა კიდევ მეკითხა რაღაც. ერთი კი არა, ბევრი რამ მეკითხა. დამფრთხალ ძილს რას გაუგებ. მაგრამ, მთავარია, რომ არ ეტკინა. ეს არის მთავარი. სიზმარი იყო? მერე რა. სიზმარიც სიმართლეა. ყველაფერი სიმართლეა რასაც ვხედავთ და ან გვინდა, რომ ვხედავდეთ. მამაჩემს არ ეტკინა. მამაჩემი ცოცხალია. ზევითაა. უბრალოდ, მამაჩემს ტელევიზორი არ აქვს.

ეკა სალაღაია
...
05 ივნისი 2019 13:23
აუცილებლად შევიძენ.
ნინო
31 მაისი 2019 12:33
მარტო ბეტსელერი კი არა,თქვენ,ჩემთვის ნოდარ დუმბაძის და მთელი უნიჭიერესი გურიიის საოცარი წარმომადგენელი ხართ.ჩემი შვილი,ერთ-ერთ საჯარო სამსახურში,ე.წ.სტაჟიორად,დიდხანს მუშაობდა.უდიდესი პრაქტიკა მიიღო,თეორია ხომ,ძალიან კარგი ჰქონდა უნივერსიტეტიდან და იმედგაცრუებული მეუბნებოდა,დედა ნაცნობობისა და ნათელ მირონობის გარეშე,არ დამნიშნავენ,ტყუილა ვაცდენ დროსო.წამოვიდა მართლაც და ერთ თვეში დაურეკეს,.ძალიან კარგი ხარ,დაგვაკლდი,მოდი და ტესტირება გაიარეო.გაიარა-დანიშნეს და მაშინ გამახსენდით.თქვენც ხომ არავინ გყავდათ ხელის წამკვრელი და ნიჭით და შრომისმოყვარეობით გაიკვალეთ გზა...გილოცავთ და ძალიან მიყვარს თქვენისთანა შეუპოვარი ადამიანები.
მარიამ გოგილაშვილი
31 მაისი 2019 08:01
სად შევიძინო?....თანაც აუცილებლად!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?