ქართული ღვინო და გასტრონომია იაპონიაში - კვირის პალიტრა

ქართული ღვინო და გასტრონომია იაპონიაში

ტოკიოში, საგამოფენო ცენტრში Terrada Warehouse პროექტის "საქართველო ღვინის სამშობლო" ფარგლებში, რიგით მეორე გამოფენა გაიმართა. პროექტმა, რომელიც ორი თვის განმავლობაში ხორციელდებოდა, ათასობით იაპონელ დამთვალიერებელს უმასპინძლა.

პროექტი "საქართველო - ღვინის სამშობლო" მსოფლიოში საქართველოს, ქართული ღვინისა და უნიკალური კულტურისა წარმოჩენას ემსახურება. ქართული ღვინო, მეღვინეობა, მევენახეობა - ქართული იდენტობის ნაწილია. ამ იდენტობის ნაწილია ქართული სუფრა და ქართული გასტრონომიაც. ამიტომ, პროექტი "საქართველო ღვინის სამშობლო" ქართული სუფრის, როგორც უმნიშვნელოვანესი კულტურის ნაწილის, პოპულარიზაციას ემსახურება.

როგორც აღნიშნული პროექტის მენეჯერი, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე დავით ტყემალაძე განმარტავს, საქართველოს უნიკალური ტრადიციებისა და კულტურის, ქართული ღვინისა და "ქართული სუფრისა" პოპულარიზაციის მიზნით რამდენიმე ღონისძიება ჩატარდა.

ერთ-ერთი ასეთი, "გაკუშიკაიკანში" გამართული ღონისძიება იყო, რომელზეც ქართული ღვინო ქართულ და ფრანგული კერძებთან ერთად იყო წარმოდგენილი. "გაკუშიკაიკანი" 1928 წელს შექმნილი შვიდი მსხვილი ეროვნული უნივერსიტეტის (ტოკიოს, ჰოკაიდოს, ტოჰოკუს, ნაგოიას, კიოტოს, ოსაკას, კიუშუს უნივერსიტეტების) გაერთიანებაა. ქართული და ფრანგული კერძები კი გაკუშიკაიკანის დირექტორმა და მთავარმა შეფ-მზარეულმა, მასარუ ოსაკამ და ცნობილმა ქართველმა მზარეულმა, თეკუნა გაჩეჩილაძემ მოამზადეს.

პროექტ "საქართველო ღვინის სამშობლოს" ფარგლებში, ტოკიოში ასევე გაიმართა "ქართული სუფრის მასტერკლასი", რომლის პრეზენტატორი და თამადაც მწერალი ზურაბ ქარუმიძე იყო.

"ამ პროექტში ძალიან მნიშვნელოვანია ბატონ ზურა ქარუმიძის ჩართულობა. საკმაოდ რთულია როდესაც ასეთი საპატიო მისია გაქვს: უცხოელებს ვინც საერთოდ არ იციან საქართველოს შესახებ არაფერი, ერთ ან ორ საათში მოუყვე მისი ისტორიის ადათ- წესებისა და ტრადიციის შესახებ, სუფრისა და ღვინის სმის კულტურის შესახებ და თანაც ისე რომ დამსწრე საზოგადოების აღტაცება დაიმსახურო". - განმარტავს დავით ტყემალაძე.

აღნიშნულ ღონისძიებას ესწრებოდნენ იაპონიაში სახელგანთქმული ქართველი სუმოისტებიც ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) და გაგამარუ (თეიმურაზ ჯუღელი), რომლებიც იაპონიაში საქართველოს ჯერჯერობით არაოფიციალური ელჩები არიან.

გამოფენის დახურვისადმი მიძღვნილი ღონისძიებაც ქართული სუფრის ტრადიციით გაიმართა, რომელსაც იაპონიაში მოღვაწე, იაპონიის იმპერატორის თასის მფლობელი ცნობილი ქართველი სუმოისტი ტოჩინოშინი უძღვებოდა. საზეიმო მიღებაზე ქართული მრავალხმიანი სიმღერის რამდენიმე გამორჩეული ნიმუში იაპონური ანსამბლის "იამასირო გუმის" მომღერლებმა შეასრულეს.

ჩატარებული ღონისძიებების ფარგლებში, ქართული სამზარეულო უცხოელ აუდიტორიას შეფ-მზარეულებმა თეკუნა გაჩეჩილაძემ, ნუკრი ეზიეშვილმა, ლაშა კენჭაძემ და თამთა კიკალეიშვილმა წარუდგინეს.

"პროექტის მიზანი იაპონელებისთვის ქართული სუფრისა ტრადიციებისა და ღვინის კულტურის გაცნობა იყო. ქართული ღვინის ისტორიისა და კულტურის რეკლამირება ჩვენ პროექტში აუცილებელი კომპონენტია, რაც ამ პროექტს დამატებით საინტერესოს ხდის. შესაბამისად იაპონიაში ქართული ღვინისა და სამზარეულოს შესახებ არა ერთი წიგნი და სტატია იწერება" - აღნიშნავს დავით ტყემალაძე.

პროექტი "საქართველო – ღვინის სამშობლო", რომლის ორგანიზატორები არიან ღვინის ეროვნული სააგენტო და ასოციაცია "ქართული ღვინო", საქართველოს მთავრობის ინიციატივით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის "საქპატენტის", განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, იაპონიაში საქართველოს დიპლომატიური უწყების და ეროვნული მუზეუმის მხარდაჭერით მიმდინარეობდა.

პროექტი პირველად 2017 წელს საფრანგეთში, ღვინის მსოფლიო დედაქალაქში, ბორდოში გაიმართა და იმ მეცნიერულ კვლევას მიეძღვნა, რომლის შედეგადაც სამეცნიერო საზოგადოებამ "საქართველო ღვინის სამშობლოდ" აღიარა.