"შესანიშნავია!" - ასე შეაფასა პატრიარქმა წიგნების ახალი სერია "ბიბლიის განმარტებები", რომელსაც მკითხველი მალე მიიღებს - კვირის პალიტრა

"შესანიშნავია!" - ასე შეაფასა პატრიარქმა წიგნების ახალი სერია "ბიბლიის განმარტებები", რომელსაც მკითხველი მალე მიიღებს

"ბიბლიის განმარტებები" შემოდგომაზე გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად გამოვა

გამომცემლობა "პალიტრა L" ჟურნალ "კარიბჭის" სარედაქციო ჯგუფთან ერთად უმნიშვნელოვანეს გამოცემას ამზადებს - საქართველოში პირველად ქართულ ენაზე ბიბლიის ტექსტის მუხლობრივი განმარტებები წმინდა მამების ნაშრომების მიხედვით 15 წიგნად გამოიცემა. მკითხველისთვის გასაგები და გამარტივებული სახით დაწერილი ბიბლიის განმარტებები მთლიანად ეყრდნობა წმინდა მამათა კომენტარებს ბიბლიის შესახებ, რომელთა დიდი ნაწილი დღემდე ქართულ ენაზე არ იყო თარგმნილი. გამოცემაზე სასულიერო განათლების მქონე პირთა საკმაოდ დიდი ჯგუფი მუშაობს, მათ შორის არიან ჟურნალ "კარიბჭის" თანამშრომლები, სასულიერო პირები, რომლებსაც ბიბლიის ტექსტზე მუშაობის გამოცდილება აქვთ. "ბიბლიის განმარტებები" შემოდგომაზე გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად გამოვა.

"შესანიშნავია", - ასე შეაფასა "ბიბლიის განმარტებების" სერია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ და აკურთხა ეს საყოველთაო მნიშვნელობის კეთილი საქმე. გამოცემა ფასდაუდებელი შენაძენი იქნება მათთვის, ვისაც ესმის ბიბლიის მნიშვნელობა და სურს მისი ტექსტის გაგება. წმინდა წერილი - ბიბლია ის მარადიული წიგნია, რომელსაც კაცობრიობის არც ერთ თაობაში არ დაუკარგავს პოპულარობა და მნიშვნელობა! დღესაც ყველა ენაზე გამოცემულ წიგნთა შორის ბიბლია ყველაზე დიდი ტირაჟებით იბეჭდება და იყიდება. თუმცა ტექსტის შინაარსისა და მნიშვნელობის აღქმა მარტივი არ არის. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი წმინდა მამათა სწავლებებზე დაფუძნებული განმარტებები, რაც ქართულ სინამდვილეში პირველად განხორციელდება.

თამარ მამაცაშვილი, ჟურნალ "კარიბჭის" მთავარი რედაქტორი, "ბიბლიის განმარტებების" პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორი:

- როცა ბიბლიასა და მის განმარტებებს კითხულობ, საკუთარი თვალით, გონებითა და გულით რწმუნდები, რომ ეს არ არის წიგნი წარსულზე, ოდესღაც მომხდარ ამბებზე - ბიბლია მარადიული წიგნია, მასში ყოველი ადამიანი ყველა კითხვაზე ნახავს პასუხს. ოღონდ გადავშალოთ და გული დავუდოთ, წმინდა მამათა განმარტებები კი მის გაგებაში უთუოდ დაგვეხმარება. ვიმედოვნებ, რომ "ბიბლიის განმარტებების" პროექტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოცემა იქნება და ათასობით ადამიანის სამაგიდო სერია გახდება.

ბიბლიის პირველი ხუთი წიგნის ავტორი მოსე წინასწარმეტყველი გახლავთ. "ბიბლიის განმარტებების" სერიის პირველ ტომში მკითხველი "დაბადებისა" და "გამოსვლის" განმარტებებს გაეცნობა. წიგნი "დაბადება" მოგვითხრობს სამყაროს შექმნის ისტორიას, "გამოსვლაში" კი მოთხრობილია, როგორ გამოიყვანა ებრაელი ერი ეგვიპტის მონობიდან მოსე წინასწარმეტყველმა უფლის შემწეობით.

ერთ ნაწყვეტს მოვიტან ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი "გამოსვლათა" წიგნიდან. ეს წიგნი გვიამბობს, როგორ დაიმსახურეს ისრაელელებმა ღვთის მოწყალება, მათმა მჩაგვრელმა ეგვიპტელებმა კი ღვთის რისხვა, როგორ გამოეცხადა უფალი მოსეს და უთხრა: ვიხილე ჩემი ერის ჩაგვრა და მოვედი, რათა ვიხსნა იგი მონობისაგან შენი ხელითო. და დაევალა მოსეს, გასძღოლოდა ისრაელიანებს ურთულეს გზაზე აღთქმული მიწისაკენ - თავისუფლებისკენ. 40 წელი ატარა მან ებრაელები უდაბნოში. საოცარია ეს გზა - ბიბლიური გზა, რომელიც გამოიყვანს ერს მონობიდან და მიიყვანს დიად მიზნამდე. როგორი ნიშნეულია ბევრი მომენტი ამ გზაზე მოსიარულე ებრაელთა ცხოვრებიდან. როგორ საყვედურობენ ისინი მოსეს, რომ ასეთ გაჭირვებაში ჩააგდო ხალხი, ადრე კი ეგვიპტეში "მშვენივრად" ცხოვრობდნენ, რომ იქ ბევრი ხორცი და სხვა საჭმელი ჰქონდათ. მონობიდან გამოსულნი მისტირიან მონურ მდგომარეობას და უკან დაბრუნებას ნატრობენ - იმ მდგომარეობას, როცა მათი სიცოცხლეც კი ფარაონს ეკუთვნოდა. ეს ხალხი ვერ შევა აღთქმულ მიწაზე, ვერასოდეს ნახავს ქანაანს, რადგან ისინი ვერ ხდებიან ღვთის მცნებების აღმსრულებლები. ეგვიპტიდან გამოსულთაგან მსოლოდ 2 კაცი შედის აღთქმულ ქვეყანაში. თვით მოსეც კი ქანაანამდე მიიყვანს ებრაელებს და გარდაიცვლება. სრულიად ახალი თაობა დამკვიდრდება თავისუფლების ქვეყანაში - თავისუფალი მონური აზროვნებისგან.

განა არ არის ეს ბიბლიური ამბავი გაკვეთილი ჩვენთვის - თავისუფლების მაძიებელი ერისთვის? სწორედ ეს ისტორია გვასწავლის, რომ წინ დიდი და ძნელი გზაა, მაგრამ თუ უკან არ დავიწყებთ ყურებას, თუ ისევ მონობას არ ვინატრებთ, დავიხოცებით, მაგრამ ჩვენი შვილები მაინც მივლენ თავისუფლებამდე!

დღევანდელობის ყველა პრობლემის მთავარი მიზეზი რწმენის დეფიციტია. ადამიანი დაშორდა ღმერთს და "ბიბლიის განმარტებები" ამ პრობლემათა ნამდვილი მიზეზების დადგენაში დაგვეხმარება.

- ვინ არის ჩართული პროექტში და კერძოდ, რომელი მამების განმარტებებს ეყრდნობით წიგნებზე მუშაობისას? - პროექტზე მუშაობს საკმაოდ გამოცდილი და კვალიფიციური დიდი ჯგუფი. მასში ჩართულნი არიან "კარიბჭის" რედაქციის წევრებიც, სასულიერო პირებიც, ბერმონაზვნებიც.

"ბიბლიის განმარტებების" ეს პროექტი იმით არის უნიკალური, რომ არ წარმოადგენს რომელიმე კონკრეტული მამის განმარტებების პირდაპირ თარგმანს ქართულ ენაზე. ჩვენ ვეყრდნობით წმინდა იოანე ოქროპირის, წმინდა თეოდორიტე კვირელის, წმინდა ეფრემ ასურის ბიბლიის განმარტებებს, ასევე ნაწილობრივ, ალექსანდრ ლოპუხინის ბიბლიის განმარტებას, ზოგიერთ მნიშვნელოვან ადგილას შესაძლოა ერთდროულად რამდენიმე მამის განმარტებაც გვქონდეს მოყვანილი.

ყველაზე დიდი სირთულე კი პროექტზე მუშაობისას ის გახლავთ, რომ გვინდა ეს ტექსტები ყველასთვის გასაგები და კარგად აღსაქმელი იყოს.

ეს წიგნები გათვლილი არ გახლავთ მხოლოდ სასულიერო პირებზე ან სასულიერო განათლების მქონე ადამიანებზე - ისინი ყველასთვის არის, ვისაც კი ბიბლიის წაკითხვის სურვილი გაუჩნდება.

სერია, სავარაუდოდ, 15-ტომეული იქნება.

- როგორ გაჩნდა ბიბლიის განმარტებების გამოცემის იდეა?

- დაახლოებით 2 წლის წინ რუსთავის 13 ასურელი მამის ეკლესიის წინამძღვარმა, დეკანოზმა კახაბერ ტაბატაძემ დამირეკა და მთხოვა, რომ იქნებ ჩვენს რედაქციას, რომელსაც წიგნების გამოცემის ხანგრძლივი ისტორია აქვს, ეფიქრა ბიბლიის შემადგენელი წიგნების ცალკეულ ტომებად გამოცემაზე. მოგეხსენებათ, ბიბლია საკმაოდ დიდი წიგნია და მრევლისთვის რთულია მისი თან ტარება, კითხვა.

დავფიქრდი ამ თემაზე და ღვთის ნებით გამიჩნდა იდეა, რომ არა მხოლოდ ცალკეული წიგნები უნდა გამოგვეცა, არამედ განმარტებული ბიბლიის გამოცემა იყო საჭირო. ეს იმდენად საპასუხისმგებლო და მასშტაბური საქმეა, თავადვე შემეშინდა ამ იდეის. ასეთივე განცდა დაეუფლა ყველას, ვისაც იდეას ვუზიარებდი. მაგრამ დროთა განმავლობაში იდეას ფრთები შეესხა, კონსულტაციები გავიარე არაერთ ადამიანთან, რომელთაც ამ საქმეში დახმარება შეეძლოთ, პროექტში ჩართვა ვთხოვეთ სასულიერო პირებსაც და საქმე დაიძრა. ახლაც გამალებული მუშაობა მიმდინარეობს. ეს საოცარი პროცესია და იმედია, რომ უფლის შეწევნით პროექტს ბოლომდე წარმატებულად მივიყვანთ.

აუცილებლად უნდა აღვნიშნო მეუფე გიორგის (ჯამდელიანი) მხარდაჭერა და გვერდში დგომა პროექტის მზადების პროცესში. მეუფე "კარიბჭის" და ამ სერიის კონსულტანტიც გახლავთ და ყველა რთული მომენტის გადალახვა მისი დახმარებით შევძელით, რისთვისაც მისი ძალიან მადლიერნი ვართ.

- მუხლობრივი განმარტებების გარდა, კიდევ ხომ არ არის რაიმე სახის ინფორმაცია ბიბლიის შესახებ ამ წიგნებში?

- პროექტის მნიშვნელოვანი კომპონენტია ისიც, რომ მუხლობრივი განმარტების ტექსტში ჩართულია წმინდა მამათა გამონათქვამები ამა თუ იმ ბიბლიური სიუჟეტის შესახებ. ეს გამონათქვამები ითარგმნება წიგნებიდან "I-VIII საუკუნის ეკლესიის მამათა ბიბლიური კომენტარები".

გარდა ამისა, ყოველი ტომის ბოლოს, მუხლობრივი განმარტების დასასრულს, მკითხველს ვთავაზობთ "ბიბლიურ ისტორიას", რომელიც კიდევ უფრო მარტივად, ზღაპარივით გვიამბობს ბიბლიურ ამბებს, მიმოიხილავს შესაბამის ეპოქას, გეოგრაფიას, საზოგადოებრივ წეს-ჩვეულებებს. ეს ტექსტი კიდევ უფრო გვაახლოებს ბიბლიურ ამბებთან და ადვილად აღსაქმელს ხდის მის შინაარსს.

- როგორც ვიცი, პატრიარქმა აკურთხა ეს პროექტი. - პატრიარქის კურთხევა და მისი შეფასება უმნიშვნელოვანესია ჩვენთვის ყოველ პროექტზე მუშაობისას და მით უმეტეს, ასეთი საპასუხისმგებლო და მასშტაბური სამუშაოს შესრულებისას. ვმადლობთ უფალს, რომ დაგვეკისრა ამ მეტად საჭირო და მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება და ვმადლობთ მის უწმინდესობას გამხნევებისთვის, დალოცვისთვის, პროექტის კურთხევისთვის.

"ბიბლიის განმარტებების" ასეთი კომპეტენტური გამოცემით ბევრი რამ შეიცვლება"

პატრიარქთან შეხვედრას ესწრებოდა სასულიერო სემინარიის ბიბლეისტიკის კათედრის წარმომადგენელი, დეკანოზი ლონგინოზ სუარიშვილი, რომელიც გაეცნო პირველ წიგნს, დადებითად შეაფასა ეს უმნიშვნელოვანესი პროექტი და პატრიარქსაც მოახსენა ამის შესახებ.

დეკანოზი ლონგინოზი: - ეს გამოცემა მართლაც უმნიშვნელოვანესად მიმაჩნია. აქამდე არ ყოფილა შემთხვევა, ქართულ ენაზე ასე ერთად ყოფილიყო თავმოყრილი წმინდა მამათა ბიბლიის კომენტარები. როდესაც სასულიერო აკადემიაში ვსწავლობდი, სხვებთან ერთად თავადაც სხვადასხვა წყაროში მიხდებოდა ამ განმარტებების მოძიება. ამიტომაც ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ეს გამოცემა მრევლთან ერთად სასულიერო აკადემიის სტუდენტებსაც დიდ დახმარებას გაუწევს. მით უფრო მრევლს, რომელმაც, სამწუხაროდ, ბიბლიის შინაარსი არ იცის, რის გამოც მოძღვრის ქადაგებასა და სხვადასხვა საეკლესიო მსახურებაზე კითხვები უჩნდება. როდესაც ასეთი ადამიანი ბიბლიას ნათლად შეიმეცნებს, ის სულ სხვა აზროვნებით მოვა ეკლესიაშიც და საერთოდ, საზოგადოებაშიც, ეს კი სულ სხვა რწმენით და სიყვარულით სავსე ურთიერთობებში დაეხმარება.

არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე) "ბიბლიის განმარტებების" პროექტის ერთ-ერთი კონსულტანტი და სამუშაო ჯგუფის აქტიური წევრია.

არქიმანდრიტი მაკარი: - თავის დროზე, როდესაც წმინდა წერილი - ბიბლია იწერებოდა, მაშინ ადამიანებს განმარტება არ ესაჭიროებოდათ, ყველაფერს იგებდნენ. არც მოციქულებს დაუტოვებიათ სახარებების განმარტებები, რადგანაც საზოგადოებას სახარების შინაარსი ესმოდა. ჩვენ ამ ეპოქას დავშორდით და წმინდა წერილის განმარტებაც აუცილებელი გახდა. ბიბლიის უამრავი ეგზემპლარი არის გამოცემული და აქედან, ალბათ, 20%-იც არ იქნება წაკითხული. ბევრი კი ბიბლიის კითხვისას იქ ურთიერთსაწინააღმდეგო მომენტებს ხედავს და ვერ გაუგია, სინამდვილეში ეს რა არის, "ბიბლიის განმარტებების" ასეთი კომპეტენტური გამოცემით კი ბევრი რამ შეიცვლება. ადამიანი ბიბლიას წაიკითხავს და გაიგებს, სინამდვილეში იქ რა აზრია ჩადებული, რისი საშუალებაც დღემდე არ გვქონდა. ეს ნიშნავს, რომ უფრო ბევრ ადამიანს გაუჩნდება ბიბლიის შემეცნების სურვილი, რაც მისთვისვე იქნება სიმშვიდისა და სიკეთის მომტანი.