"დამარხული ვაზი" - ლატვიელი მწერლის შთამბეჭდავი წიგნი აფხაზეთის ომის შესახებ
07-07-2019
"დამარხული ვაზი" - ლატვიელი მწერლის შთამბეჭდავი წიგნი აფხაზეთის ომის შესახებ
ფოტო:არტურ იურკევიჩი
წიგნის მაღაზიათა ქსელ "ბიბლუსში" გამომცემლობა "პალიტრა L-ის" უახლესი გამოცემა, ლატვიელი მწერლისა და ჟურნალისტის, არტურ იურკევიჩის "დამარხული ვაზი" გამოჩნდა. საოცარი ისტორიით შექმნილი ნაწარმოები მკითხველს აფხაზეთის ომზე მოუთხრობს.

წიგნის ავტორმა არტურ იურკევიჩმა საქართველო თავდაპირველად ქართველი კლასიკოსი რეჟისორების (ელდარ შენგელაიას, რეზო გაბრიაძის, მიხეილ კობახიძის) ფილმებით გაიცნო, რის შემდეგაც საქართველოში ჩამოსვლის გადაულახავი სურვილი გაუჩნდა, თბილისში კი პირველად 2009 წელს დრამატურგ რეზო გაბრიაძესთან ინტერვიუს ასაღებად ჩამოვიდა. იმ რამდენიმე დღის განმავლობაში, სანამ საქართველოში დარჩა, მისი ქართველ
მეგობართა წრე თითქოს უხილავი ხელით ფართოვდებოდა. მერე, როგორც თავადვე ამბობს, ყველამ სათითაოდ დაარწმუნა, რომ თითქმის ზღაპრულ ქვეყანაში მოხვდა, რომლის დავიწყებას ვეღარასოდეს შეძლებდა. სწორედ მწერლის ქართველი მეგობრებიდან ერთ-ერთის, მეცნიერისა და მკვლევრის, მალხაზ ჯაჯანიძის სულისშემძვრელი აფხაზური ისტორიით შეიქმნა "დამარხული ვაზი".

გაგრიდან 16 წლის ასაკში ლტოლვილი მალხაზ ჯაჯანიძის
ამბავმა ლატვიელ ჟურნალისტზე იმდენად იმოქმედა, რომ ის ყველა ომის სიმბოლოდ აქცია.
არტურ იურკევიჩმა ორჯერ მოიარა მალხაზ ჯაჯანიძის მშობლიური გაგრა, შეხვდა მის ახლობლებსა და კლასელებს და ასე შეიქმნა წიგნი, რომელიც ყველა ომის უდანაშაულო მსხვერპლის სიმბოლოა! წიგნს დაახლოებით ორი წლის განმავლობაში წერდნენ არტურ იურკევიჩი და მალხაზ ჯაჯანიძე და დასრულებისთანავე უკრაინულად ითარგმნა და მკითხველმაც გამოსვლისთანავე "შთანთქა", - მსგავსი გრძნობები ხომ ამ ქვეყანაშიც ისევე ხელშესახებია, როგორც ჩვენში.

თავდაპირველად "დამარხული ვაზის" გამოცემის რეკომენდაციით გამომცემლობა "პალიტრა L"-ს დათო ტურაშვილმა მიმართა. მკითხველი ნაწარმოების 480-ივე გვერდს თითქმის ერთი ამოსუნთქვით კითხულობს.



ლატვიელი მწერალი და ჟურნალისტი არტურ იურკევიჩი თავად გვიამბობს, რამ შთააგონა ამ საინტერესო წიგნის შექმნა.

- როგორ დაიწყო თქვენი თანამშრომლობა გამომცემლობა "პალიტრა L"-თან?
- ამისთვის მადლობა არაჩვეულებრივ მწერალსა და ადამიანს, დათო ტურაშვილს უნდა გადავუხადო. მისი ცნობილი რომანი "ჯინსების თაობა" რომ წავიკითხე, მონუსხული ვიყავი, თუ როგორ ოსტატურად ჰყვება დოკუმენტურ ისტორიას მხატვრული მეთოდების გამოყენებით. დიდი ხნის განმავლობაში ჟურნალისტიკით ვიყავი დაკავებული და მიყვარს ისტორია და საარქივო დოკუმენტებზე მუშაობა, ყოველთვის ვიაზრებდი ფაქტების ძალას, მაგრამ მხატვრულ მონათხრობში ეს ძალა გაათმაგებით იგრძნობა.

დათო "დამარხული ვაზის" ხელნაწერის ერთ-ერთი პირველი მკითხველი გახდა. რომანით აღფრთოვანებულმა მითხრა, რომ გადაწყვიტა წიგნის გამომცემლობისთვის შეთავაზება. მის მოწოდებას გამოეხმაურა მთავარი რედაქტორი მაია ალუდაური, რომელმაც ტექსტის წაკითხვის შემდეგ თქვა, რომ მათ უბრალოდ არა აქვთ უფლება, გვერდი აუარონ ამ წიგნს.

- რა ინფორმაცია გქონდათ საქართველოს შესახებ, სანამ წიგნზე მუშაობას დაიწყებდით?
- ჩემთვის საქართველო კინოთი დაიწყო: მიხეილ კობახიძის მოკლემეტრაჟიანი შავ-თეთრი ფილმებით, ოთარ იოსელიანის არაჩვეულებრივი ლენტებითა და ყველაფერ იმით, რასაც კინოში რეზო გაბრიაძე აკეთებდა გიორგი დანელიასა და ელდარ შენგელაიასთან ერთად. ყველა მათგანმა ერთად და სათითაოდ აღმომაჩენინეს უცნობი, თითქმის ზღაპრული ქვეყანა დასახლებული გასაოცარი, ხელგაშლილი, მომღერალი, რაინდი ადამიანებით, რაც წარმოუდგენელია ჩემი ჩრდილოეთ სამშობლოსთვის. ეს ქვეყანა კი არა, ერთი დიდი "შერეკილების" ოჯახი იყო, შეკრებილი უზარმაზარი მაგიდის გარშემო. აღმაფრთოვანეს ამ ადამიანებმა, გამიჩინეს სურვილი, მიმებაძა მათთვის და რაც შეიძლება მალე გავმხდარიყავი იმ ქართული სულის უსასრულო დღესასწაულის ნაწილი, რომელიც ამ ფილმებში იყო წარმოდგენილი.

მე დავუჯერე შენგელაიას გაბრიაძეს, დანელიას, იოსელიანსა და ყველა დანარჩენს და გამოვემგზავრე საქართველოში. და იცით, რა აღმოჩნდა? თითქოს მართლაც ჩემს საყვარელ ფილმ "არაჩვეულებრივ გამოფენაში" აღმოვჩნდი. აღმოვჩნდი იმ ადამიანების გარემოცვაში, რომლებიც ფიქრის გამოსახულებით, ჟესტებითა და ერთმანეთთან ურთიერთობით ამტკიცებენ, რომ ადამიანი სამყაროს საუკეთესო მომენტებში შეიცნობს და რომ ცხოვრება მის სიყვარულში გამოტყდომაა. სწორედ ამ სიყვარულით, ამ ინტერესითა და ყურადღებით დავიწყე წიგნის, სახელწოდებით "საქართველო" ყოველი გვერდის ფურცვლა და მისი ისტორიის არა მარტო ბედნიერი, არამედ უბედური დღეების შესწავლა. მიუხედავად ქართველების მცდელობებისა, მოუყვნენ მსოფლიოს თავიანთი ტკივილისა და იმის შესახებ, რაც თუნდაც აფხაზეთის ომში მოხდა, ძალიან ძნელია:

მსოფლიო დიდი გუნდია და საქართველოს ხმა მასში განუმეორებელია, თუმცა მისი გაგონება არც ისე ადვილია.

- როგორი იყო ის ემოციები, რასაც წერისას განიცდიდით?
- რიგის ერთ-ერთ ცენტრალურ ბულვარში მემორიალური დაფა კიდია შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსნის" ციტატით: "ვინ მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია". ეს წიგნი ქვეყანას ჩემი მალხაზ ჯაჯანიძესთან მეგობრობის შედეგად მოევლინა. მე ის 10 წლის წინ გავიცანი, როდესაც საქართველოში პირველად ჩამოვედი. ჩვენ მალევე დავმეგობრდით, ხშირად ვატარებდი დროს მასთან სტუმრობაში, მაგრამ ისეთი ნდობის მისაღწევად, რომელიც მისი პირადი ცხოვრების ყველაზე მტკივნეული ნაწილის შესაცნობად იყო საჭირო, ბევრი წელი დაგვჭირდა. ის, რისი გადატანაც მოუხდათ მას და ყველა იმ ადამიანს, რომლებმაც აფხაზეთში საკუთარი სახლები იძულებით დატოვეს, იმდენად მტკივნეულია, რომ მიუხედავად განვლილი წლებისა, ადამიანურად რთულია მოყოლა: შესაძლოა გამოიწვიო თანაგრძნობა, მაგრამ ძნელია ვინმემ გაგიგოს. ამიტომ, როდესაც მალხაზმა საკუთარი ისტორიის გაზიარება გადაწყვიტა, ეს ჩემთვის ჭეშმარიტი და ფასდაუდებელი გულწრფელობა აღმოჩნდა.

ამის გაგება მართლაც რთულია: რატომ ცხოვრობენ მის სახლში უცხო ადამიანები იქ, სადაც წასვლის უფლება, მაგალითად, მე მაქვს და მას კი არა? მონათხრობმა იმდენად შემძრა, გადავწყვიტე, მის მშობლიურ სოფელში წავსულიყავი, დავმდგარიყავი მისი დანგრეული სახლის ზღურბლზე და დავკონტაქტებოდი ნათესავებს, რომლებთანაც მალხაზს ალახაძის დატოვების შემდეგ კომუნიკაცია არ ჰქონია. როდესაც მალხაზის ბიძასთან ვიყავი სტუმრად და მისი სახე დავინახე, 26 წლის შემდეგ, ტელეფონით პირველად როგორ ელაპარაკებოდა მალხაზს, მივხვდი, რომ ეს ემოციები არ შეიძლებოდა უთქმელად დარჩენილიყო; რომ მალხაზის ისტორია აუცილებლად უნდა იქნეს მოყოლილი იმისთვის, რომ დევნილებისა და ომგამოვლილი ადამიანების თითოეულმა საბედისწერო ამბავმა მის ისტორიაში ანარეკლი იპოვოს.

წიგნზე მუშაობა ორ წელზე მეტხანს გაგრძელდა, მაგრამ წიგნი მხოლოდ შავი ნაწერიდან გადათეთრებული სიტყვების რაოდენობა არ არის. ეს არის მთელი დაგროვილი გამოცდილება, როგორც პირადი, ისე სხვისი. ჩემთვის წიგნის წერა საქართველოში ჯერ კიდევ პირველი ჩამოსვლისას დაიწყო. თითქმის ათი წელი დამჭირდა იმისთვის, რომ საქართველო ბოლომდე შემეგრძნო, შემეცნო მისი ცხოვრების წესი და ჩავფლულიყავი გარემოცვაში. მალხაზს ამის საჭიროება არ ჰქონდა, მან თავად იცხოვრა ამ ისტორიით. მისთვის ჩვენი შემოქმედებითი პროცესის სიმბიოზი ემოციურად იყო რთული, ძნელია თავიდან გამოიწვიო შენს მეხსიერებაში ყველაფერი ის, რის დავიწყებასაც ამდენი წელი ცდილობ.

მოხარული ვარ, რომ ნამდვილი შემოქმედებითი დუეტი გამოგვივიდა საერთო მიზნით: დაგვეწერა არა უბრალოდ ემოციური მონათხრობი იმ მოვლენებზე, არამედ მაქსიმალურად ობიექტური ისტორია, რომლის მაგალითზე ადამიანებს შეეძლებათ გაიხსენონ ბანალური ჭეშმარიტება, რომელიც ასე ხშირად ავიწყდებათ: მთელი ძალით უნდა ვეცადოთ ომის თავიდან არიდებას, იმიტომ, რომ ომგამოვლილთათვის ის არ მთავრდება ბოლო გასროლილი ტყვიით და მათ სიცოცხლის ბოლო წუთამდე თან სდევს.

- ქართველი მკითხველისგან რა მოლოდინი გაქვთ?
- ქართველი მკითხველისგან მხოლოდ ერთი მოლოდინი შეიძლება მქონდეს - რომ გადაშლიან ამ წიგნს და წაიკითხავენ, იმიტომ, რომ ის მათთვის დაიწერა. როგორც გამოცდილებამ გვიჩვენა, ვინც წიგნის გადაშლა გადაწყვიტა, ვერავინ მოახერხა მისი გადადება. არაერთმა მკითხველმა წაიკითხა 480 გვერდი ერთ დღე-ღამეში. მაგალითად, კინოსა და თეატრის ლეგენდარულმა ქართველმა მსახიობმა გოგი ხარაბაძემ.

წარმოიდგინეთ, რომ თქვენი სული სასახლეა უამრავი ოთახით და თითოეულ მათგანში შუქია ჩამქრალი. ამგვარად, ყოველი წაკითხული წიგნი სინათლეა, რომელიც ამ ოთახში ინთება, და თქვენ იგებთ, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ის თქვენში იყო.

- თუ მიიღეთ უკუკავშირი მკითხველისგან და როგორია ის?
- მე და მალხაზი უსაზღვროდ გაგვახარა იმ შთამბეჭდავმა გამოხმაურებებმა, რომლებიც წიგნის გამოსვლას მოჰყვა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ უკრაინაშიც.
ინტერესი და წარმატება, რომელიც წიგნს უკრაინაში სდევს თან, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ორი ერის სიახლოვეს, რომელთაც შავი ზღვის გარდა, საერთო უბედურებაც აერთიანებთ.
ყველაზე მთავარი სიტყვა, რომელსაც მკითხველი თავის შეფასებებში იყენებს, არის "ადამიანური". ჩვენ ძალიან გვინდოდა დაგვეწერა ობიექტური, აპოლიტიკური ამბავი ერთ პირად, მაგრამ ათასობით ადამიანისთვის დამახასიათებელ საბედისწერო ისტორიულ ამბავზე, რათა მიუხედავად თემის სიმძიმისა, ის გამოსულიყო ადამიანური, შეძლებისდაგვარად ნათელი და ლირიკული; იმისთვის, რომ მასში ყოფილიყო ადგილი ყველაფრისთვის, რაც ადამიანის ცხოვრებაშია და არა მხოლოდ მწუხარებისთვის. ვფიქრობ, წიგნის წარმატების ერთ-ერთი საიდუმლო ის არის, რომ ომი 16 წლის მოზარდის თვალითაა დანახული: სუფთა, სრულიად უდანაშაულო, სამყაროსთვის გახსნილი ბიჭის თვალით, რომელიც იძულებული შეიქნა გაევლო "დიდების თამაშების" ყველა კოშმარი. ასეთი ბავშვი თითოეულ ჩვენგანში ცხოვრობს და ჩვენ სწორედ მას მივმართავთ!
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმდინარე რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმიდინარე რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები