საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია 20 წლის გახდა - რა შეიცვალა სფეროში 20 წლის განმავლობაში?
საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია 20 წლის გახდა - რა შეიცვალა სფეროში 20 წლის განმავლობაში?
საავტორო უფლებები მსოფლიო მასშტაბით რთულად დასარეგულირებელ სფეროთა რიგს განეკუთვნება. იაპონია ერთადერთი ქვეყანაა, სადაც საავტორო უფლებების დარღვევა თითქმის არ ხდება. ამერიკაში ეს მაჩვენებელი თითქმის 20%-ია. საქართველოში მდგომარეობა უკანასკნელი წლების განმავლობაში პოზიტიურად ვითარდება, თუმცა საბოლოო შედეგის მიღწევამდე კიდევ აქტიური მუშაობაა საჭირო.


საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია 1999 წელს შეიქმნა ამავე წელს მიღებული "საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონის შესაბამისად. კანონმა განსაზღვრა ამ ორგანიზაციის შექმნის წესი და მასზე დაკისრებული უფლებამოსილება. იგი იყო და დღემდე
რჩება ერთდერთ კოლექტიური მართვის ორგანიზაციად საქართველოში. ასოციაციის თავმჯოდმარეს გიგა კობალაძეს მიღწეულ შედეგებზე, სირთულეებსა და სამომავლო გეგმებზე სასაუბროდ მივმართეთ.

- რა მდგომარეობა იყო საქართველოში 20 წლის წინ, როდესაც საავტორო უფლებათ ასოციაცია შეიქმნა და როგორი იყო მისი განვითარების პირველი ნაბიჯები?
- იმ პერიოდში საავტორო უფლებების სფეროს არ
ექცეოდა სათანადო ყურადღება არც სახელმწიფოს და არც ავტორების მიერ. შესაბამისად, პირველი 10-12 წელი ორგანიზაციას მუშაობა საკმაოდ დაბალი ტემპით უწევდა. ორგანიზაციის საქმიანობა არ იყო სრულყოფილი, რაც პირველ რიგში შეგროვებული ჰონორარის ოდენობაში გამოიხატებოდა. ეს თანხა 2012 წლამდე წლიურად საშუალოდ 250 000 ლარი იყო. 2012 წლიდან მოყოლებული საავტორო უფლებების შესახებ ცნობიერება მნიშვნელოვნად გაიზარდა. საერთაშორისო ორგანიზაციებმა უფრო მეტი ყურადღება გამოიჩინეს ამ სფეროს მიმართ და სახელმწიფოც აქტიურად ჩაერთო მიმდინარე პროცესებში. შედეგად ავტორებმა ახალი მენეჯმენტი აირჩიეს. დაიწყო აქტიური რეფორმირების პროცესი, მჭიდრო ურთიერთობა დამყარდა ევროკავშირთან, აშშ-სთან. მათ ფინანსური დახმარებით ბევრი პროექტი განხორციელდა. 2018 წელს ასოცაიციამ უკვე 5 100 000 ლარი შეაგროვა ჰონორარის სახით. 2015 წელს საქართველომ პოსტსაბჭოთა რეგიონში ლიდერის პოზიცია მოიპოვა და მას შემდეგ ერთპიროვნული ლიდერია. დღესდღეობით, საავტორო უფლებების სფეროში არსებული მდგომარეობა მიახლოებულია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში არსებულ სიტუაციასთან.

ლიდერის პოზიციის მოპოვების შემდეგ, პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველად, ევროპის კომიტეტი თბილისში ჩატარდა, რაც დიდი წარმატება იყო. ამის შემდეგ უამრავი კომიტეტი გაიმართა. მაგალითად, 2019 წლის თებერვალში აუდიოვიზუალური ნაწარმოებების კომიტეტი ჩატარდა, სადაც დაისახა გეგმა იმისა, რომ აუდიოვიზუალური ნაწარმოებების სცენარის ავტორებისა და რეჟისორებითვისაც უნდა დაიწყოს ჰონორარის შეგროვება.

- როგორი იყო რეფორმები, რომლებმაც ჰონორარის 20-ჯერ ზრდა განაპირობა?
- პირველ რიგში, საზოგადოებრივი ცნობიერება იყო ძალიან დაბალი და ხშირ შემთხვევაში მოსარგებლეები ავტორისთვის საზღაურს არ იხდინენ, რადგან მათ არ იცოდნენ, რომ ამაში ფული უნდა გადაეხადათ. თითქმის არავინ, მათ შორის, არც ავტორებმა იცოდნენ, როგორ უნდა მომხდარიყო ფულის შეგროვება. მეორე მხრივ, ტარიფები შეუსაბამოდ მაღალი იყო.

რეფორმირების პროცესი სწორედ ამ ორი უმთავრესი პრობლემის მოსაგვარებლად დაიწყო. საზოგადოებრივი ცნობიერების გაზრდის მიზნით უამრავი პროექტი განვახორციელეთ, 100-ზე მეტი სეგმენტური შეხვედრა გავმართეთ და ავუხსენით მოსარგებლეებს, რას ავალდებულებდა კანონი და რაში უნდა გადაეხადათ ფული. შევეცადეთ, რომ არამხოლოდ მოსარგებლეებმდე და ავტორებამდე, არამედ საზოგადოების ყველა წევრამდე მიგვეტანა ინფორმაცია საავტორო უფლებების, მისი მნიშვნელობის, დაცვის მექანიზმების შესახებ. მეორე მხრივ, ტარიფები მნიშვნელოვნად, ზოგ შემთვევაში 10-ჯერაც კი შევამცირეთ.

შედეგად, მოსარგებლეებმა გაიგეს, რა მნიშვნელობა და სარგებელი აქვს საავტორო უფლებებს მათ საქმიანობაში, როგორ უნდა გამოიყენონ ის და გადახდაც დაიწყეს. ტარიფების შემცირებამ კი გადამხდელთა რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა განაპირობა.

საზოგადოებრივ ცნობიერებაზე მუშაობა ახლაც გრძელდება და არ უნდა შეჩერდეს. ბოლო წლებია, უკვე არის შემთხვევები, როდესაც ლიცენზიის აღებას საქმიანობის დაწყებამდე ითხოვენ.

- რეფორმების ფარგლებში განხორციელებულ კონკრეტულ პროექტებზეც მოგვიყევით
- გარდა უკვე ნათქვამი საზოგადოებრივი ცნობიერების გაზრდისა და სატარიფო პოლიტიკის შეცვლისკენ მიმართული ნაბიჯებისა, ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა საგნმანათლებლო პროექტები. სხვადასხვა უნივერსიტეტში გავაკეთეთ სასწავლო კურსები, მათ შორის, უცხოელი პროფესორ-მასწავლებლების მონაწილეობით. ასევე დღემდე ვატარებთ უამრავ სემინარსა და სამუშაო შეხვედრას. ზოგადად საავტორო უფლებების და ჩვენი აქტივობების შესახებ გამოვცემთ ბეჭდურ მასალას. მაგალითად, გასულ წელს, პირველად ქართულ რეალობაში გამოვუშვით ზღაპრების წიგნი საავტორო უფლებებზე, რომელიც საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში შევიდა და ინტეგრირდა საგნის "მე და საზოგადოება“ პროგრამაში.

ამ ყველაფრის შედეგია ის, რომ ახლა საავტორო უფლებების შესახებ ყველამ იცის, ეს სფერო მნიშვნელოვანი გახდა და უკვე ამის კულტურა ჩამოყალიბდა, რაც თამამად შემიძლია ვთქვა რომ ჩვენი ორგანიზაციის და მისი გუნდის დამსახურებაა.

- საავტოფო უფლებების მიმართულებით ყველაზე კარგად დარეგულირებული და ნაკლებად დარეგულირებული სფეროები რომელია?
- დღეს 40-მდე სეგმენტია, სადაც საავტორო უფლება გამოიყენება. სამწუხაროდ, ყველა სეგმენტი ერთნაირად არ არის ათვისებული. კარგად არის ათვისებული ჰორეკას სექტორი, რომელიც მოიცავს სასტუმროს, რესტორანს, კაფეს, ბარს, მაღაზიას, სავაჭრო ცენტრს. ასევე ტელეკომპანიები, საკაბელო ტელევიზია, თეატრები, რადიო კომპანიები, რეკლამა, კონცერტები და სხვა, თუმცა დარჩენილია სეგმენტები, რომლებიც შედარებით რთულად ასათვისებელია, მაგალითად ფიზიკური პირების მიერ პირადი სარგებლობისთვის ნაწარმოებების რეპროდუცირება, რაც გულისხმობს იმას, რომ როდესაც მატერიალური მატარებლები და მოწყობილობები (დისკი, მუსიკალური ცენტრი, USB მეხსიერების ბარათი, ტელეფონი ან ნებისმიერი ის მოწყობილობა, რომელსაც აქვს მეხსიერება და შესაძლებელია ჩაწერა) იწარმოება ან შემოდის ქვეყანაში, ივარაუდება, რომ იქ ხდება საავტორო უფლებებით დაცული ნაწარმოებების ჩაწერა. შესაბამისად, მწარმოებელი ან იმპორტიორი ვალდებულია, რომ გაიდახადოს ჰონორარი იმ ავტორებისთვის, რომელთა ნაწარმოებებიც შეიძლება მოხვდეს ამ მოწყობილობებზე. ამის დარეგულირება რთულია, თუმცა მუშაობა დაწყებული გვაქვს.

მეორე მნიშვნელოვანი სეგმენტი, რომელიც ასათვისებელია, არის აუდიოვიზუალური ნაწარმოებების ავტორებისთვის ჰონორარის შეგროვება. აუდიოვიზულურ ნაწარმოებებში იგულისხმება ფილმი, კლიპი... ჩვენ, ჯერჯერობით მხოლოდ ამ ფილმების თუ კლიპების მუსიკის ავტორებისთვის ვაგროვებთ ჰონორარს და არა - რეჟისორებისა და სცენარის ავტორებისთვის, რომლებიც ასევე არიან ავტორები და კანონით ეკუთვნით ჰონორარი.

ამ ორი მიმართულებით ვმუშაობთ ახლა. ამას ემსახურებოდა თებერვალში ჩატარებული ევროპის კომიტეტიც.

- საავტორო უფლებების მიმართულებით რა მდგომარეობაა საქართველოს რეგიონებში?
- თბილისი და აჭარის რეგიონი მთლიანად ათვისებულია. დანარჩენ რეგიონებში მხოლოდ მსხვილი მოსარგებლეები არიან ლიცენზირებულები. ამ ეტაპზე ჩვენი მთავარი მიზანი სწორედ ისაა, რომ მთელი საქართველო მოვიცვათ. ერთდროულად ამას ვერ ვახერხებთ, რადგან ადამიანური რესურსი არ გვყოფნის. ორგანიზაციაში სულ 24 ადამიანია დასაქმებული და არც ჩვენი ფინანსური მდგომარეობა გავძლევს ადამიანური რესურისის ზრდის საშუალებას.

- ამ ეტაპზე სფეროს განვითარების მთავარი სირთულეები რა არის?
- მთავარ სირთულედ კვლავ რჩება ის, რომ ინფორმაცია თითოეულ ადამიანამდე უნდა მივიტანოთ და კანონი ყველამ უნდა დაიცვას. არის წინააღმდეგობებიც მოსარგებლეთა მხრიდან და არც სასამართლოების გარეშე გამოდის ჩვენი საქმიანობა. მაგრამ ადრე წლიურად 100-120 სასამართლო პროცესი იყო ხოლმე, ახლა 50-მდეა წლის განმავლობაში.

სირთულეა ისიც, რომ ინტერნეტის შესახებ სპეციალური კანონი საქართველოში არ გვაქვს. მაგრამ სიახლე ამ მიმართულებითაც გვაქვს. შემუშავებულია საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს, რომ შეიქმნას რეგულაციები ინტერნეტში არსებული მასალის საავტორო უფლებების დაცვისთვის.

გარდა ამ სირთულეებისა, რომლებიც პროცესის შემადგენელი ნაწილია და გადალახვადია, ბოლო პერიოდში ხელოვნური სირთულეების შექმნის მცდელობასაც აქვს ადგილი. ფაქტმა, რომ საქართველო რეგიონის ლიდერია და ამას საერთაშორისო ორგანიზაციებიც აღიარებენ, ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი გააღიზიანა. რუსეთში არსებობს საავტორო უფლებების დაცვის სისტემა, თუმცა იქ სიტუაცია გაცილებით უფრო გაუმჭვირვალეა.. შესაბამისად, მათ სურთ, რომ მეზობელ ქვეყნებშიც ანალოგიური სიტუაცია შექმნან. ამის მცდელობა საქართველოში უკვე არსებობს. რუსეთი ცდილობს ჩვენი სისტემის დასუსტებას და ამ მიზნით ალტერნატიული ორგანიზაციის შექმნას, მაგრამ კანონი, ავტორთა ინტერესებიდან გამომდინარე, ასეთ შესაძლებლობას არ ითვალისწინებს. მე ღრმად მწამს, რომ რუსეთის ეს გეგმა ვერ იმუშავებს, რადგან აღარ ვართ ისეთი სუსტები, როგორებიც წლების უკან ვიყავით. მათი ანალოგიური მცდელობა სომხეთსა და აზერბნაიჯანში წარმატებით დასრულდა და რუსებმა საკუთარი პოლიტიკის გატარება შეძლეს. დღეს საქართველო საავტორო უფლებების მხრივ იმდენად განვითარებულია, სისტემა იმდენად ჯანსაღია, რომ მისი დანგრევა მსგავსი შემოტევებით შეუძლებელია. ადრე თუ გვიან მათი ეს მცდელობა კრახით დასრულდება.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?