რატომ უნდა გაატაროთ ზაფხული აჭარაში?
რატომ უნდა გაატაროთ ზაფხული აჭარაში?
აჭარაში მოგზაურობა ბათუმით იწყება, ზღვისპირა ქალაქით, სადაც თანაბრად იგრძნობა თანამედროვე ცხოვრების რიტმი და ძველი საპორტო ქალაქის სიმყუდროვეც.

ახალი ბათუმი თანამედროვე, მასშტაბური არქიტექტურით იქცევს ყურადღებას, ძველი ბათუმის ვიწრო, მოკირწყლულ ქუჩებში კი ქალაქის ისტორია ცოცხლდება ერთ და ორსართულიანი კოხტა სახლებით.

ოსმალეთის იმპერიის, ბრიტანული ოკუპაციისა და საბჭოთა ეპოქის მომსწრე ბათუმის არქიტექტურამ და ყოფამ სხვადასხვა ეროვნების, რელიგიისა და კულტურის ადამიანთა ცხოვრების წესი აირეკლა. ამ ერთ პატარა ქალაქში მოგზაურობა სხვადასხვა ეპოქასა და კულტურაში მოგზაურობას ნიშნავს,
მოგზაურობას, რომელსაც ფორთოხლის ყვავილების სურნელი სდევს თან: თუ გაგიმართლათ და ციტრუსის ყვავილობისას აღმოჩნდით აჭარაში, ეს სურნელი სამუდამოდ ბათუმსა და აჭარასთან დაგაკავშირებთ, არ აქვს მნიშვნელობა აჭარის მთიანეთში იმოგზაურებთ, თუ ბათუმის ქუჩებში გაისეირნებთ.


თუ ქალაქში აქტიური დასვენების შემდეგ ბუნების სიმწვანე მიგიზიდავთ, ბათუმის ასწლოვანი ბულვარი და ქალაქის ბოტანიკურ
ბაღში სუბტროპიკული მცენარეების ხეივნები და ფანჩატურები განტვირთვაში დაგეხმარებათ.

ზღვა და მთა, ზაფხულისა და ზამთრის სამთო კურორტები აჭარაში ერთმანეთის გვერდიგვერდაა და სამ დღეშიც კი შესაძლებელია ყველაფრის ერთდროულად ნახვა.

ნებისმიერი ტურისტული მიმართულება ბათუმში უსწრაფესად ვითარდება, რაც არც საერთაშორისო ტურისტული საზოგადოების ყურადღების მიღმა დარჩენილა. ბათუმი წელს World Travel Awards-ის ჯილდოს მფლობელი გახდა, როგორც ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულება. მსოფლიო ტურიზმის ფესტივალზე ბათუმი გამარჯვებულად წელს პორტუგალიაში, კუნძულ მადეირაზე დაასახელეს და ტურიზმის სფეროში "ოსკარად“ წოდებული ჯილდო გადასცეს.

ბათუმში და აჭარის ზღვის სანაპიროზე არის თანამედროვე, ფეშენებელური და შედარებით ბიუჯეტური სასტუმროები, მთაში კი სასტუმრო-სახლები მიიჩნევა საუკეთესო ადგილად, სადაც სოფლის ყოფას, კულინარიას და ფოლკლორს გაეცნობით.

საქართველოს ამ ერთ კუთხეში ყველაფრის ნახვა შეგიძლიათ, გააჩნია რა ტიპის დასვენებას არჩევთ: ოჯახთან ერთად გსურთ შვებულების გატარება და ზღვაზე მშვიდად დასვენება, თუ თავგადასავლები გირჩევნიათ მეგობრებთან ერთად; მთიან აჭარაში ზურგჩანთით და კარვებით მოგზაურობა გაქვთ გეგმაში, თუ თანამედროვე სასტუმროების კომფორტს ირჩევთ - აჭარაში ყველა ტიპის მოგზაური და დამსვენებელი იპოვის მისთვის სასურველ გარემოს.

თუ ოჯახთან ერთად აპირებთ ზღვაზე დასვენებას, აჭარაში ზღვისპირა კურორტების დიდი არჩევანია: ბათუმი, ქობულეთი, სარფი, კვარიათი, გონიო, ციხისძირი, ჩაქვი და მწვანე კონცხი…


ბათუმი ზღვისპირას აქტიური დასვენების, ქუჩებში სეირნობის, ქალაქური კაფეებისა და რესტორნების მოყვარულებს იზიდავს; ქობულეთის ხიბლი სანაპირო, ფიჭვნარი და ბუნგალოების ფართო არჩევანია; მწვანე კონცხი, ჩაქვი, ციხისძირი, გონიო, სარფი და კვარიათი განსაკუთრებით მათ მოეწონებათ, ვისაც ზღვისპირას უნდა გაერიდოს ქალაქის ხმაურს და ამავე დროს, ბათუმის ცენტრთანაც ახლოს სურს ყოფნა.
ზღვის შემდეგ თუ მთის სიგრილე მოგენატრებათ, შეგიძლიათ ბეშუმს ეწვიოთ, ზღვის დონიდან თითქმის 2 000 მეტრზე მდებარე კურორტს. ნაძვებით გარშემორტყმული ბეშუმი ხის პატარა კოტეჯებითაა გაშენებული. კურორტთან ახლოს მემთეურები ცხოვრობენ, რომელთაგანაც დამსვენებლები ადგილობრივ ნატურალურ პროდუქტს: კარაქს, მაწონს, რძეს და ყველს ყიდულობენ.

ოჯახური დასვენების მოყვარულებისთვის ბეშუმი საუკეთესო კურორტი როგორც ზრდასრულების, ასევე, ბავშვებისათვის, რადგან სუფთა ჰაერი და მთის ეკოპროდუქტები ჯანსაღი დასვენების გარანტიაა. ზაფხულობით აქ შუამთობა იმართება, დოღი და გასართობი ღონისძიებები ბეშუმის სტუმრებსა და მასპინძლებს თანაბრად ახალისებს. ბეშუმში, როგორც წესი, ოჯახები ხის კოტეჯებს ქირაობენ. კურორტზე არის როგორც მცირე და საშუალო, ასევე, მოზრდილი, რამდენიმე ოჯახზე გათვლილი კოტეჯებიც.

თუ ექსტრემალური თავგადასავლები გიტაცებთ, აჭარაში ზღვაზე დასვენებისას კატერით ან სკუტერით შეგიძლიათ ისეირნოთ, იფრინოთ პარაპლანით ან პარაშუტით, მაგრამ აჭარა ზღვის მიღმაც ბევრ სხვა მარშრუტს გთავაზობთ ექსტრემალური დასვენებისთვის.

გირჩევთ, მტირალას ეროვნული პარკის ზიპლაინით დაიწყოთ და ხეებს შორის, ტყეში გაბმულ თოკებზე ისრიალოთ ჰაერში გამოკიდებულებმა.
ზიპლაინით სარგებლობა ქედის სოფელ პირველ მაისშიცაა შესაძლებელი, სადაც შერვაშიძეების ღვინის მარანში ზიპლაინი ვენახს გადაუფრენს.
ექსტრემალური სიტუაციების მოყვარულებს შეუძლიათ ველოტური მოაწყონ ბათუმიდან 27 კილომეტრით დაშორებულ სოფელ მერისამდე, რისთვისაც სამთო ველოსიპედები დაგჭირდებათ. მერისი პატარა სოფელია კოლხური ბზის ტყით, ჩანჩქერით, ხეებით დაბურული ორღობეებით, მეცამეტე საუკუნის თაღოვანი ხიდით და ჭოროხის სანაპიროებით, სადაც ჯომარდობის ტურები ეწყობა. ჯომარდობა ჭოროხზე აჭარაში ჩამოსული ექსტრემალებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი სპორტია.


მაღალმთიანი აჭარის გასაცნობად სხალთა-ხიხანის მარშრუტი იდეალური მიმართულებაა მოგზაურებისთვის, ვისაც ფეხით სიარული და სახიფათო, ექსტრემალური გზების დაძლევა მოსწონს. ხიხანის ციხემდე მისასვლელი გზა საკმაოდ რთულია. ზღვის დონიდან 2 220 მეტრზე, კლდეზე მდებარე ხიხანის ციხემდე ციცაბო ბილიკებით 2 საათი უნდა იაროთ, რაც ფიზიკურ მომზადებას და დიდ ენერგიას მოითხოვს.
სანამ ციხეზე ახვალთ, შეგიძლიათ ხიხაძირში, მთისუბანში ან სოფელ ბაკიბაკოში კარვებით დაბანაკდეთ. კარგი აზრია, რომელიმე სოფელში საოჯახო სასტუმროს ეწვიოთ, სადაც ტრადიციულ კერძებსაც დააგემოვნებთ და მეორე დღეს დალაშქრავთ ხიხანს. სოფელ მთისუბანში შეგიძლიათ გზად კლდეში ნაკვეთი, ბუნებრივი მღვიმე-მაცივარი მოინახულოთ, სადაც მუდმივად, შუა ზაფხულშიც კი, ძალიან დაბალი ტემპერატურაა და ადგილობრივები მართლაც მაცივრად იყენებენ.

სათავგადასავლო ტურიზმის მოყვარულებს, ვისაც ფეხით დიდხანს სიარული, ლანდშაფტზე დაკვირვება და ადგილობრივთა ყოფის ახლოდან ნახვა აინტერესებს, შეუძლია დაცული ტერიტორიები მოინახულოს, მტირალას, კინტრიშისა და მაჭახელას ხეობები.
"მაჭახელას თოფის გზა“ აჭარის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მარშრუტია, რომელიც საშუალებას გაძლევთ, ერთდროულად მოინახულოთ ცხემლარას თაღოვანი ხიდი, ჩანჩქერი, გვარას ციხის ნანგრევები, 200 წლის ულამაზეს მეჩეთში განთავსებული სოფელ ზედა ჩხუტუნეთის ისტორიულ- ეთნოგრაფიული მუზეუმი და მაჭახელას ეროვნული პარკის ულამაზესი ბუნება: ქოქოლეთის, ტყუპი ჩანჩქერისა და მთავარანგელოზის ბილიკები.

აუცილებლად ეწვიეთ მტირალას ეროვნულ პარკს, რომელიც დაცული ტერიტორიაა. მტირალას პარში ღამის გათევა შეგიძლიათ ტურისტულ, ხის თავშესაფარ-ქოხებში, ვიზიტორთა ცენტრში ან კარავში, თუმცა პარკის ტერიტორიაზე საოჯახო სასტუმროებიცაა. მტირალას ეროვნულ პარკში ნახავთ ორასწლოვან წყლის წისქვილებს, ტბას, ჩანჩქერს, ხელუხლებელ კოლხურ ტყეს და გაზაფხულზე როდოდენდრონის ყვავილობას.
ბათუმიდან 56 კმ-ით დაშორებულ სოფელ მერისში სხვა სახის დასვენებაა შესაძლებელი. აქ ნახავთ მერისის წყალუხვ ჩანჩქერს, გვახას საპიკნიკეს, სადაც ბუნებრივად მოწყობილ აუზში გუბდება სუფთა წყალი და ულამაზეს ხეობას ქმნის. მერისი აჭარის სხვა სოფლებისგან იმით გამოირჩევა, რომ საოჯახო სასტუმროებში აქ აჭარული სამზარეულოს გარდა ხალხური ცეკვის და სიმღერის მასტერკლასებს სთავაზობენ სტუმრებს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მერისიდან შესაძლოა იქაურ ჰანგებზე ამღერებული დაბრუნდეთ უკან.


თავგადასავლების მოყვარულებისთვის აუცილებლად სანახავი ადგილია მწვანე ტბა. ეს მარშრუტი კურორტ ბეშუმისა და გოდერძის ალპურ ბოტანიკურ ბაღსაც მოიცავს. გოდერძის უღელტეხილიდან ტბისკენ ფეხით სავალი ერთსაათიანი გზაა. გზად გხვდებათ მემთეურთა სოფელი ხის ქოხმახებით, მწყემსი ქალებით, თავსაფრიანი მოხუცებით და ულამაზესი ხედებით.

მწვანე ტბის სახელწოდება შემთხვევითი არ არის - ტბა მართლაც კამკამა მწვანეა. აქ ჩამომსვლელები ნაპირზე კარვებით რჩებიან ან უკან ბრუნდებიან და ბეშუმში ან გოდერძიზე ბანაკდებიან.
და კიდევ ერთი ადგილი - თაგო. ხულოს მუნიციპალიტეტის ამ სოფლის გამორჩეულობის მიზეზი მარტივია: თაგო ზღვის დონიდან 1000 მეტრზე მდებარეობს და დაბა ხულოს 1719-მეტრიანი საბაგირო გზით უკავშირდება. სწორედ ეს საბაგიროა მისი ხიბლი. პირველი, რაც თაგოში თვალში გხვდებათ, ხის ძველი სახლებია. მიხვეულ-მოხვეული ვიწრო ორღობეებიც კი სულ ხისაა. აქ ფიქრობ, რომ დროში მოგზაურობ და ასი წლით უკან აღმოჩნდი.

ფესტივალებისა და ტურების მოყვარულთათვის აჭარაში არაერთი ფესტივალი და საინტერესო ტური იმართება. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფესტივალი შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალია, რომელიც ყოველ ზაფხულს ბათუმში ჯაზის მსოფლიო ვარსკვლავებს უყრის თავს.
ბათუმში იმართება სოფლის ტურიზმის ორდღიანი ფესტივალი "განდაგანა“. ბათუმის ევროპის მოედანზე ამ დროს აჭარის კუთხეებისთვის დამახასიათებელ პროდუქტს, კერძებსა და ნაწარმს წარმოადგენენ. ფესტივალი "განდაგანა“

აჭარის სოფლებში ბათუმიდან გაუსვლელად გამოგზაურებთ. ადგილზეა შესაძლებელი ტრადიციული აჭარული კერძებისა და ღვინის დაგემოვნება, ფოლკლორული სიმღერებისა და ცეკვების ფონზე. აჭარაში იმართება ასევე გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალი: თვალწარმტაცი სანახაობა, როცა აჭარის ცას მილიონზე მეტი მტაცებელი ფრინველი გადაუფრენს. მსგავს რამეს მსოფლიოში მხოლოდ რამდენიმე ადგილას თუ ნახავთ. ფესტივალები აჭარაში უამრავ უცხოელ ტურისტს მასპინძლობს სხვადასხვა ქვეყნიდან.

ბათუმი კლასიკური მუსიკის მოყვარულთათვისაც სასურველი ქალაქია. აქ ყოველწლიურად იმართება კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი, რომლის სტუმრებიც არიან მსოფლიოში სახელგანთქმული მუსიკოსები. ყოველი წლის სექტემბერში კი, ბათუმში საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი, BIAFF-ი იმართება, კინოს მოყვარულებისთვის ნამდვილი დღესასწაული, რომელიც საავტორო კინოს წლის საუკეთესო კოლექციებს სთავაზობს მაყურებლებს.

ბათუმსა და აჭარაში შეგიძლიათ ეწვიოთ მუზეუმებს და ქალაქსა თუ ქალაქგარეთ არაერთი საინტერესო ტური შეგიძლიათ დაგეგმოთ.
შეგიძლიათ ერთი დღე ძველი ბათუმის აღმოჩენას დაუთმოთ და ტურის ფარგლებში გაიცნოთ სულ სხვა ბათუმი, თავისი მრავალფეროვანი ისტორიით, არქიტექტურითა და ქალაქური ლეგენდებით. თუკი თანამედროვე ბათუმის უკეთ გაცნობა გსურთ, შეგიძლიათ ბათუმის "შინაურული ტურით“ ისარგებლოთ, რომლის მიზანია ქალაქის სტუმრებს აჩვენოს ბათუმური შიდა ეზოები, ამ ეზოებში მზეს მიფიცხებული კატები, გასაშრობად გაფენილი ჭრელა-ჭრულა სარეცხის მწკრივები, მეწაღეები, მესაათეები და ნაცნობი ქუჩის ძაღლებიც კი, ერთი სიტყვით, შინაურად, ბათუმელად გაგრძნობინოთ თავი.

კითხვაზე, თუ რატომ უნდა იმოგზაუროთ აჭარაში, ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს, თუმცა ის, ვისაც ეს მხარე არ უნახავს, კარგავს ზღვის და მთის ჰაერის თანაბრად სუნთქვის ბედნიერებას, ცხოვრების მთავარ, ადამიანებთან ურთიერთობის სიხარულს, აქტიურ რიტმს, ბგერებს და ფერებს. თუმცა ეს ყველაფერი არის ის, რაც აქ ყოველ წელს გელოდებათ და არასდროს არის გვიანი გადაეშვათ ზღვისპირეთის თავგადასავლებში, სულერთია როგორ: მარტო, მეგობრებთან თუ ოჯახის წევრებთან ერთად - აჭარა შენი მხარეა.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა