"საქართველოში ძალიან კარგი ღვინო გაქვთ, თითოეული მათგანი განსაკუთრებულ თვისებას ატარებს" - თბილისში იტალიური ღვინის ფესტივალი გაიმართა - კვირის პალიტრა

"საქართველოში ძალიან კარგი ღვინო გაქვთ, თითოეული მათგანი განსაკუთრებულ თვისებას ატარებს" - თბილისში იტალიური ღვინის ფესტივალი გაიმართა

საქართველოში ვაზის მოვლისა და ღვინის დაყენების კულტურა უკვე საუკუნეებს ითვლის, თუმცა იტალიური ღვინო რომ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა, ამაში ეჭვი არავის ეპარება. 28 - 29 ივნისს, ქართველ ღვინის მოყვარულებს "იტალიური ღვინის ფესტივალზე" საშუალება ჰქონდათ 15 სიცილიური კომპანიის საუცხოო ღვინო და იტალიური ყველი დაეგემოვნებიათ. ჩვენ იტალიელ სომელიეს, კარმელო სგანდურას ვესაუბრეთ, რომელმაც გადაწყვიტა სიცილიელი მეღვინეები საქართველოში ჩამოეყვანა და ქართველ მეღვინეებთან ერთად ორდღიანი ღვინის ფესტივალი ჩაეტარებინა.

კარმელო სგანდურა, იტალიელი სომელიე: "იტალიური ღვინის ფესტივალზე, რომელიც წელს პირველად ჩავატარეთ, წარმოდგენილი იყო სიცილიური ადგილწარმოშობის ღვინოები. იტალიის სხვადასხვა რეგიონში უამრავი ყურძნის ჯიშია გავრცელებილი, განსაკუთრებით საუკეთესო ჯიშებით სიცილია გამოირჩევა, სიცილიური ნერო დავოლას წითელი ღვინოები დეგუსტაციაზეც იყო წარმოდგენილი. ღონისძიებაზე 15 იტალიური კომპანია მონაწილეობდა, ჩვენ მოვახერხეთ და ქართველ მეღვინეებთან ერთად იტალიური ღვინო კიდევ ერთხელ წარვუდგინეთ საზოგადოებას".

კითხვაზე, თუ რომელი ქართული ღვინო მოსწონს იტალიელ სომელიეს, მისი თქმით, ყოველი ქართული ღვინო სხვადასხვა განსაკუთრებულ თვისებას ატარებს:

"საქართველოში ძალიან კარგი ღვინო გაქვთ, თითოეული მათგანი განსაკუთრებულ თვისებას და ხასიათს ატარებს, ამიტომ მიჭირს რომელიმე ერთი გამოვარჩიო" - გვითხრა იტალიელმა სომელიემ.

იტალიური კომპანა "ბიაჯის" წარმომადგენლის თქმით, მათ ღონისძიებაზე ღვინოები ბრუტის რეგიონიდან წარადგინეს:

"ღვინის მოყვარულებს შეეძლოთ დაეგემოვნებინათ როგორც წითელი, ასევე თეთრი ღვინოები, მათ შორის ღვინო ჯერასოლო, რომელიც მონტეპულჩანოს ჯიშის ყურძნისგან მზადდება. კომპანია "ბიაჯის" ღვინოები უმეტესწილად ამერიკის და ევროპის ბაზრისთვის მზადდება".

კომპანიის წარმომადგენლის თქმით, ისინი იმედოვნებენ, რომ ეს შეუდარებელი სიცილიური ღვინოები ძალიან მალე საქართველოს ბაზარზეც იქნება წარმოდგენილი.

"ამ ღონისძიებაზე ერთმანეთს შეხვდა ორი უდიდესი ისტორიის მქონე ღვინის მწარმოებელი ქვეყანა, როგორც იტალიური ასევე ქართული ღვინოები უნიკალურობით გამოირჩევა და ჩვენ, შესაძლებლობა მოგვეცა, საზოგადოებისთვის საუკეთესო, უძველესი იტალიური ღვინოები წარგვედგინა".

ლაშა ბუაძე, იტალიური ღვინის ფესტივალის ორგანიზატორი: "ფესტივალის იდეა ჩვენმა იტალიელმა მეგობრებმა მოგვაწოდეს, რომელთაც საქართველოს მონახულების და ღვინის კულტურის გაცნობის შემდეგ, გადაწყვიტეს საქართველოში იტალიური, უფრო სწორედ კი სიცილიური ღვინოებით დაბრუნებულიყვნენ. ეს პირველი ღონისძიებაა, რომელიც საქართველოში ჩატარდა და ვგეგმავთ, რომ იტალიური ღვინის ფესტივალი ყოველ წელს ჩავატაროთ. ღონისძიებაზე 15 იტალიურ კომპანიასთან ერთად 5 ქართული კომპანია იყო წარმოდგენილი".