"პალიტრამედიის" კამპანია­ #ქართულიზაფხული სასტუმროებს უფასო რეკლამას სთავაზობს
"პალიტრამედიის" კამპანია­ #ქართულიზაფხული სასტუმროებს უფასო რეკლამას სთავაზობს
21 ივნისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გამოსცა საქართველოს მიმართულებით ფრენების შეწყვეტის ბრძანება, რომელიც ძალაში 8 ივლისიდან შევიდა, საქართველოში მყოფ ტურისტებს კი უკან დაბრუნებისკენ მოუწოდა. სასტუმროების ბიზნესი ფინანსური კრიზისის, ქვეყანა კი სანქციების მოლოდინშია.
საქართველოს პოპულარიზაციისა და ტურისტების მოზიდვის მიზნით პროფესიონალმა ფოტორეპორტიორებმა, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, ფოტოების გადაღების სურვილი გამოთქვეს, შიდა ტურიზმის მხარდაჭერის მიზნით კი უამრავი ადამიანი და კომპანია გააქტიურდა. ზოგიერთი სასტუმრო ქართველ დამსვენებელს 30%-მდე ფასდაკლებას სთავაზობს.

"პალიტრამედიამ" წამოიწყო კამპანია­ #ქართულიზაფხული. გაზეთი "კვირის
პალიტრა", ტელევიზია "პალიტრანიუსი" და საინფორმაციო პორტალი Ambebi.ge­­ სასტუმროებსა თუ ჰოსტელებს უფასო რეკლამას სთავაზობს. კამპანიის ფარგლებში Ambebi.ge-ს დაემატა სპეციალური გვერდი,­ georgiansummer.ge, სადაც ამ კამპანიის შესახებ დეტალური ინფორმაციაა განთავსებული, გაზეთი "კვირის პალიტრა" კი ყველა ნომერში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მდებარე სასტუმროებს სარეკლამო სივრცეს უფასოდ დაუთმობს.

"გაატარე ზაფხული საქართველოში"
- ეს არის სოციალური კამპანია, რომლის შესახებაც არა მარტო საქართველო, არამედ მსოფლიო ლაპარაკობს. 22 ივნისს თსუ-ის მაგისტრანტმა მარი ჯობავამ ფეისბუკგვერდით მეგობრებს მოუწოდა, ბლოგები და ვიდეოგზავნილები საქართველოზე ჰეშთეგით #Spendyoursummeringeorgia­­ ("გაატარე ზაფხული საქართველოში") უცხოელი ტურისტებისთვის გაეზიარებინათ­. ინიციატივას ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა.­ "კვირის პალიტრა" სოციალური კამპანიის ინიციატორს, მარი ჯობავას ესაუბრა:

- რა იყო თქვენი ინიციატივის მიზანი?
- თავდაპირველად დავსახეთ გეგმა და გამოვყავით ორი მთავარი მიზანი: ქვეყნის პოპულარიზაციის ხელშეწყობა და უცხოელებისთვის მოქნილი საინფორმაციო პლატფორმის შექმნა. ჯგუფის მეშვეობით ტურისტები ერთმანეთს უზიარებენ საქართველოში მიღებულ შთაბეჭდილებებს და ურჩევენ, აუცილებლად ჩამოვიდნენ ჩვენთან, რით არის ეს ქვეყანა განსაკუთრებული და ა.შ. ამ ინიციატივაში უამრავი უცხოელი ჩაერთო და მთელი ეს კამპანია რეალურ ამბებზეა აგებული. ამასთან, აბსოლუტურად აპოლიტიკურია და მხოლოდ პოზიტიურ გზავნილებს ეფუძნება. ჩვენც ვცდილობთ მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი და ყველას მოვუწოდებთ, ტურისტებს მიაწოდონ ინფორმაცია ინგლისურად, რათა მათთვისაც გასაგები იყოს...

- მანამდე თუ გქონდათ ჯგუფი ან გვერდი,­ სადაც საქართველოს პოპულარიზაციას ეწეოდით, თუ ეს პირველი შემთხვევაა?
- ეს პირველი შემთხვევაა. მე და ჩემმა კურსელებმა: მარიამ გუჯაბიძემ, ქეთა გოლეთიანმა, ნინი მჭედლიშვილმა და ნინი ნოღაშვილმა ტურისტების დაკარგვის რეალური საფრთხისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის ფონზე სოციალური კამპანია წამოვიწყეთ. ჩვენ სხვადასხვა დაწესებულებაში ვმუშაობთ, მაგრამ თსუ-ის სამაგისტრო პროგრამა გვაერთიანებს - საჯარო მმართველობის სტუდენტები ვართ. ტურიზმში გამოცდილება არა გვაქვს, თუმცა ზოგადი ნაწილი, რაც მმართველობას გულისხმობს, ბექგრაუნდად გამოგვადგა. სამოტივაციო და მოდერატორთა ჯგუფში ხუთნი ვართ, თუმცა ამ საქმეში ჩვენი 20-მდე მეგობარიც არის ჩართული. მადლობა მათ, რომ ჩვენსავით, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე უძღვებიან საქმეს.

- ცნობილი ადამიანები თუ ჩაერთვნენ თქვენს სოციალურ კამპანიაში?
- რა თქმა უნდა.
ამ იდეის გარშემო ბევრი ცნობილი ადამიანი გაერთიანდა.­ მათ შორის პირველები ზაზა ფაჩულია და გურამ კაშია იყვნენ, მერე ჩაერთო საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც ბათუმიდან ვიდეომიმართვა გაავრცელა...

- რომელი ქვეყნის ტურისტები აქტიურობენ ყველაზე მეტად?
- ამჟამინდელი მონაცემებით, ჯგუფში­ 256 800 წევრზე მეტია. ქართველების შემდეგ,­ აქტიურობით მეორე ადგილზეა გერმანია, შემდეგ აშშ, დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი და რუსეთი.

- პოსტების შინაარსს როგორ აკონტ­როლებთ?
- ძალიან მკაცრი პოლიტიკა გვაქვს ქსენოფობიური, დისკრიმინაციული და სიძულვილის ენის შემცველი ტექსტების მიმართ. ავტომატურად ვშლით კომენტარს და ვბლოკავთ წევრს, რომელიც მსგავსი შინაარსის კომენტარს გააკეთებს. ამასთან, ვცდილობთ გამოვააშკარაოთ ყალბი, ვითომ მომხმარებლის გვერდები და ყოველ ასეთ შემთხვევაზე აუცილებლად ვახდენთ რეაგირებას. ჯგუფში პოსტისა თუ კომენტარის განსათავსებლად მითითებულია განსაზღვრული წესები და კრიტერიუმები.

- თქვენმა შრომამ ნაყოფი გამოიღო?
- დიახ, და ეს უფრო გვიორმაგებს მოტივაციას. ნამდვილად არ ველოდით ასეთ აქტიურობას და კამპანიის ასეთი­ პოზიტიური ფორმით გაგრძელებას - ძალიან ბევრი ადამიანი გვწერს პირადში და პოსტებს აქვეყნებენ ჯგუფშიც, რომ არ აპირებდნენ საქართველოში ჩამოსვლას, მაგრამ ისეთი შთამბეჭდავი ინფორმაცია მიიღეს, რომ დაიწყეს ბილეთებისა და სასტუმროების დაჯავშნა. ერთ-ერთმა სქრინიც დადო, როგორ ეძებდა ბილეთს, რომ შემოდგომაზე ჩამოსულიყო და მოენახულებინა საქართველო. ასევე იწერება რეკომენდაციები, რა შეიძლება მოინახულონ განსაზღვრულ დროში. რაც ყველაზე მთავარია, კომენტარებს წერენ არა მარტო ქართველები, თავად უცხოელებიც. ისინი უსაფრთხოებაზეც ამახვილებენ ყურადღებას, რადგან ბევრი კითხულობს, თუ რამდენად უსაფრთხოა საქართველოში ჩამოსვლა.

და კიდევ, ჩვენმა ინიციატივამ ძალიან კარგი გავლენა მოახდინა შიდა ტურიზმზეც. თავად ქართველებიც ბევრ ინფორმაციას იღებენ საკუთარი ქვეყნის შესახებ. ერთმა ახალდაქორწინებულმა წყვილმა მოგვწერა, რომ საზღვარგარეთ წასვლას გეგმავდნენ, ახლა გადაიფიქრეს და თაფლობის თვეს საქართველოში გაატარებენ...

მოვუწოდებთ ყველას, ჩაერთონ ჯგუფში და პოზიტიური გზავნილებით ჩვენი ქვეყნის ტურისტული პოტენციალი წარმოაჩინონ. ეს მხოლოდ ოცი თუ ორმოცდა­ათი ადამიანის კი არა, ყველას საქმეა და თითოეულის ჩართულობა მნიშვნელოვანია. ჯგუფის გარდა, გვაქვს "ფეისბუკისა" და "ინსტაგრამის" გვერდებიც. ვცდილობთ, "ინსტაგრამი" კიდევ უფრო გავააქტიუროთ, რადგან ამ სოციალურ ქსელს ძალიან ბევრი უცხოელი მოიხმარს. ახლა ვმუშაობთ კონკრეტულ რუბრიკებზე, რაც გულისხმობს უცხოელი ტურისტებისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდებას კონკრეტული ადგილების შესახებ. გვინდა განვაახლოთ კამპანიის ლოგოც. ამ ეტაპზე საიტი არა გვაქვს, თუმცა მის შექმნასაც ვგეგმავთ. გვინდა ვითანამშრომლოთ როგორც კერძო, ისე სახელმწიფო სექტორთანაც და საზოგადოებას ერთობლივი პროდუქტები შევთავაზოთ. ამისი ნათელი მაგალითია საქართველოს ბანკი - შეიქმნა პლატფორმა, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შევიდეს, ააწყოს ვიდეო საკუთარი ინტერესებისა და გემოვნების გათვალისწინებით, გაუგზავნოს მეგობარს და მოიწვიოს საქართველოში.

"ამ წინააღმდეგ­ობას ერთობლივი ძალებით აუცილებლად დავძლევთ"


ანანო თავხელიძე, პროექტის მენეჯერი:
- "ქართული ზაფხული"­ საფრთხის წინაშე­ დადგა, მაგრამ ამ წინააღმდეგ­ობას ერთობლივი ძალებით აუცილებლად დავძლევთ. გამოხმაურება უკვე საკმაოდ დიდია­ - გვირეკავენ როგორც დასასვენებელი კომპლექსების, ასევე საოჯახო სასტუმროების წარმომადგენლები და მათ სიამოვნებით ვთავაზობთ ჩვენს სარეკლამო სივრცეს. Ambebi.ge საქართველოში ყველაზე რეიტინგული საინფორმაციო პორტალია, რომელსაც ყოველდღიურად 150 000 უნიკალური ვიზიტორი ჰყავს. ასეთ ვებგვერდზე ინფორმაციის განთავსება სასტუმროების მეპატრონეებს ცნობადობის ამაღლებაში დაეხმარება".

ნათია სიბაშვილი
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმდინარე რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმიდინარე რეფორმას?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა