რჩევები, როგორ დავისვენოთ ზღვაზე იაფად - კვირის პალიტრა

რჩევები, როგორ დავისვენოთ ზღვაზე იაფად

აჭარის სანაპირო ზოლი დაახლოებით 60 კილომეტრზეა გადაჭიმული. ორი დღე დამჭირდა, ფეხით რომ შემომევლო პლაჟის ყველა მონაკვეთი. მქონდა მიზანი, მეგობრებისთვის დამემტკიცებინა, რომ ზღვაზე დასვენება შედარებით იაფადაც შესაძლებელია, თუ კი კარგად იცნობ აჭარის სანაპიროს და შესაფერის ადგილს შეარჩევ.

მთავარი პირობა - თუ აჭარის სანაპიროზე ხელმისაწვდომ ფასად გსურთ დასვენება, არჩევანი საოჯახო ტიპის სასტუმროებსა და ჰოსტელებზე უნდა შეაჩეროთ. აქ ფასები დაბალია, შეიძლება ფასზე მოლაპარაკება და მრავალ საოჯახო ტიპის სასტუმრო სახლში საკვების ადგილზე მომზადებაც შესაძლებელია, რაც კიდევ უფრო აიაფებს დასვენებას. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა - საოჯახო სასტუმროებსა და ჰოსტელებში გაჩერება გაძლევთ შესაძლებლობას გაიცნოთ ახალი, საინტერესო ადამიანები, თქვენი მასპინძლები და სხვა დამსვენებლები.

მოდით, სარფიდან დავიწყოთ.

სარფი საზღვრისპირა, პატარა სოფელია და დამსვენებლებისთვის პირველ რიგში ზღვის კამკამა წყალთან ასოცირდება. სარფში დასვენება შესაძლებელია მთებზე შეფენილ სასტუმროებსა და საოჯახო ტიპის სასტუმროებში, საიდანაც ზღვის ფანტასტიკური ხედები იშლება. აქ დასვენება ხელსაყრელია ოჯახებისთვისაც. დასაქირავებელი ოთახების ფასი 30 ლარიდან იწყება და კომფორტის დონის მიხედვით იზრდება.

პლაჟზე ნებივრობა თუ მოგწყინდებათ, შეგიძლიათ აივანზე ან საგულდაგულოდ გამწვანებულ ეზოში მოკალათდეთ ზაფხულისთვის გადადებული წიგნების წასაკითხად.

მარი კაბარია სარფელია. მისმა ოჯახმა საოჯახო სასტუმრო რამდენიმე წლის წინ გახსნა და ყოველ ზაფხულს იღებენ ტურისტებს საქართველოდან, რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან. მარის სასტუმროში ერთი ოთახის დაქირავება, სადაც სამ ადამიანს შეუძლია დარჩენა, 50 ლარი ღირს. საოჯახო სასტუმროს აქვს სამზარეულო, სადაც შეგიძლიათ თავად მოამზადოთ კერძი. მსგავსი სასტუმროები განსაკუთრებით მოსახერხებელია მათთვის, ვინც ბავშვებთან ერთად ისვენებს პლაჟზე, საოჯახო სასტუმროებს აქვთ ეზოები, სადაც ბავშვები სუფთა, უსაფრთხო გარემოში შეძლებენ თამაშს და დასვენებას.

ქვაომხაზე - ასე ჰქვია ლაზურად იმ უზარმაზარ ლოდს, რომელსაც აუცილებლად დაინახავთ, თუკი სარფში ჩახვალთ. ლოდი ზღვაშია "ჩავარდნილი“. ზაფხულში იშვიათად რომ ცარიელი იყოს. ადგილობრივებისთვის, ისევე როგორც ტურისტებისთვის, ქვაომხაზედან შავ ზღვაში ჩახტომა ერთგვარი ექსტრემია.

შემდეგი გაჩერება კვარიათია. ასე სხვაგან ვერსად ისიამოვნებთ ზღვაში ცურვისას მწვანე მთების ცქერით. სუფთა წყალი, სანაპირო, მთიდან მობერილი ნიავი კვარიათს განსაკუთრებულ ადგილას აქცევს.

კვარიათში ღამის გათევა შესაძლებელია როგორც უშუალოდ სანაპიროზე, ასევე ფერდობზე განლაგებულ საოჯახო სასტუმროებში. საშუალოდ ფასები ერთი ადამიანისთვის 20-30 ლარიდან იწყება და 70 ლარამდე ადის.

სანაპიროზე ღია კაფეები, რესტორნები და ბუნგალოებია, სადაც ყველანაირი გემოვნების ადამიანი იპოვის თავისთვის მოსაწონ ადგილს.

უკვე მრავალი წელია კაფე "რაკუშკები“ კვარიათის ერთგვარ სავიზიტო ბარათად იქცა. ეს ზედ ზღვის პირას მდებარე, პატარა, ჭრელაჭრულა კაფეა, ხელნაკეთი ჭაღებითა და ნიჟარის მძივებით მორთული. კაფე მხატვრისა და მასწავლებლის, ნათია ბოლქვაძის საოჯახო ბიზნესია. "რაკუშკებში“ ადგილობრივი კერძების დაგემოვნებაც შეგიძლიათ და ევროპული სამზარეულოსიც, რომ არაფერი ვთქვათ აქვე დამზადებულ, ცივ კომპოტებსა და კოქტეილებზე.

გონიოს მონაკვეთიც ასევე გთავაზობთ ბევრ სიმწვანეს, ლამაზ ხედებს და სასიამოვნო - ბიუჯეტურ დასვენებას. ფასები გონიოშიც 20-30 ლარიდან იწყება.

22 წლის სტუდენტი, ნუცა ნინუა, დასვენებისას ძირითადად საოჯახო სასტუმროებს არჩევს. ნუცა ამბობს, რომ პირველ რიგში, ასეთი სასტუმროები გაცილებით იაფია და მეორე - როგორც წესი, ასეთ სასტუმროებს თავისებური გარემო აქვთ და ეს იზიდავს.

"ფასი, თავისებურება და ავთენტურობა. ანუ ფულს ვიხდი არა მხოლოდ საწოლში, არამედ რაღაც ტიპის ინტერაქციაში მასპინძლებთან და თითქოს რაღაც ლამაზის ნაწილი ვარ“ - ამბობს ნუცა.

შემდეგი გაჩერება ბათუმია.

წელს აქაც საკმაოდ დაბალ ფასად შეძლებთ დასვენებას. მომრავლდა კომფორტული ჰოსტელები და მცირე ზომის სასტუმროები. ჰოსტელებში შეგიძლიათ 15-20 ლარად დარჩეთ, ან დაიქირავოთ ოთახი 30ლარიდან და ზემოთ - საოჯახო სასტუმროში.

ჰოსტელში გაჩერება განსაკუთრებით კარგი იდეაა, როცა ბათუმში მეგობრებთან ერთად მიდიხართ დასასვენებლად. ერთ ოთახში რამდენიმე რჩებით და მხიარულება და თავგადასავლები გარანტირებულია - თან იაფად! თუმცა ბევრი სოლო მოგზაურიც ირჩევს ჰოსტელს, რადგან ჰოსტელის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა, გარდა დაბალი ფასისა, ის არის, რომ საერთო სივრცე იძლევა ახალი, სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ადამიანების გაცნობის შესაძლებლობას.

თუ ისე მოხდა, რომ ბათუმში თქვენს დასვენებას წვიმიანი ამინდი დაემთხვა, შეგიძლიათ კაფე-ბარებს, მუზეუმებს, თეატრებს ეწვიოთ ან აქაურების მსგავსად სანაპიროზე ითევზაოთ. ამბობენ, ამღვრეულ წყალში თევზი კარგად მოდისო. სცადეთ თქვენც.

თუ ბათუმის ხასიათი გინდა გაიგოთ, ისტორიულ ნაწილში გირჩევთ დარჩენას. აქ ჯერ კიდევ შენარჩუნებულია ქალაქისთვის დამახასიათებელი არქიტექტურული ქსოვილი. მასპინძლები, რა თქმა უნდა, მეგობრულები არიან და თუ გაგიმართლათ, შეიძლება ყავაზე მკითხაობასაც გამოჰკრათ ხელი.

ბათუმში დასვენების დროს საოჯახო სასტუმროს შერჩევისას ერთი რამ უნდა გაითვალისწინოთ - ზღვასთან ახლოს მდებარე საოჯახო სასტუმროები შედარებით ძვირია, ვიდრე ცოტა მოშორებით მდებარე. ისიც გახსოვდეთ, რომ ბათუმი პატარა ქალაქია და სიტყვა - "შორს“, ხშირად 2-3 კილომეტრს აღნიშნავს, რისი დაფარვაც არც ფეხით სეირნობისაა პრობლემა, მაგრამ თუ ეს არ გსურთ კიდევ ერთი საჭირო ინფორმაცია - საზოგადოებრივი ტრანსპორტი ბათუმში საზღვაო სეზონზე დილის 7 საათიდან ღამის პირველის ნახევრამდე მუშაობს.

იგივე ეხება კაფე-ბარებსაც. თუ ბათუმის ბულვარში და ქალაქის პირველ ზოლში მდებარე კაფე-ბარებში დააპირებთ შესვლას, უფრო მეტი თანხა დაგჭირდებათ, ქალაქის მეორე-მესამე ზოლში კი "მეგობრულ“ ფასად შეძლებთ კვებას. იგივე ეხება ქობულეთსაც.

და კიდევ ერთი დეტალი - ბათუმის სანაპიროზე შეზლონგის დაქირავება 3 ლარი ღირს, ქოლგის - 1 ლარი. რა თქმა უნდა, არის ე.წ. "ფასიანი პლაჟებიც“, სადაც ქოლგა და შეზლონგი უფრო ძვირია. რაზე შეაჩერებთ არჩევანს - ეს უკვე თქვენი გადასაწყვეტია. ბევრი დამსვენებელი არჩევს სულაც თავად შეიძინოს მზისგან დამცავი ქოლგა და ატაროს პლაჟზე - ეს ვარიანტი, ცხადია, ყველაზე იაფია.

ჰოსტელები ბათუმში უფრო მეტია, ვიდრე ზღვისპირა აჭარის სხვა ადგილებში და ფასებიც სხვადასხვაა. ბათუმში ჰოსტელის ფასი 12-15 ლარიდან იწყება [საუბარია ქალაქის ცენტრისგან მოშორებით ჰოსტელებზე]. ჰოსტელებს ხშირად სტუმრობენ უცხოელი სოლო მოგზაურები. ერთ-ერთი მათგანია მარტა პოლონეთიდან, რომელიც წელს ჰოსტელ "გრინდორის“ სტუმარი იყო და "ბუქინგზე“ წერს, რომ სწორედ ასეთი ადგილებით გამო გამახსოვრდება საქართველო, როგორც ღია და სტუმართმოყვარე ქვეყანა.

შემდეგი გაჩერება ქობულეთია, გამწვანებული სანაპირო ზოლი, ფიჭვნარი და კაფე-ბარებისა და ბუნგალოების ურიცხვი რაოდენობა.

მთავარ გამზირს თუ დაუყვებით, აღმოაჩენთ, რომ მარცხნივ საბჭოური და მარჯვნივ თანამედროვე არქიტექტურა კონტრასტულად ერწყმის ერთმანეთს.

ქობულეთი ერთ-ერთი ყველაზე იაფი ვარიანტია აჭარის შავი ზღვის სანაპიროზე დასასვენებლად. წელს ქობულეთში ოთახის დაქირავების ფასი 10 ლარიდან იწყება და მყუდრო საოჯახო სასტუმროებიდან მაქსიმალურად კომფორტულ აპარტამენტებამდე გვთავაზობს არჩევანს.

თუ ქობულეთში ორი კვირის განმავლობაში, ბიუჯეტურ საოჯახო სასტუმროში დაისვენებთ, სადაც დღე-ღამე 10-15 ლარი ღირს ერთი ადამიანისთვის, 150-200 ლარი დაგჭირდებათ, რაც, დამეთანხმებით, საკმაოდ იაფია. ხოლო თუ ბაზარში ივლით და თავად დაამზადებთ საკვებს ადგილობრივი, ნატურალური პროდუქტებისგან, ზღვაზე დასვენება კიდევ უფრო იაფი დაგიჯდებათ.

ცალკე შექების ღირსია ქობულეთური მასპინძლობის ამბავი. ეზოებში თქვენ გადააწყდებით სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ სტუმრებს, რომლებიც კამათელს აგორებენ მასპინძლებთან ერთად. ეზოები მოვლილია და გამწვანებული. იდეალური გარემოა ოჯახთან და მეგობრებთან ერთად დასვენებისთვის.

ქობულეთის ერთ-ერთი ასეთ საოჯახო სასტუმროში ნამდვილი პატარა პარკი დამხვდა. შიდა ეზო, ფანჩატური, კომფორტული გარემო, საერთო სამზარეულო, სადაც სადილის მომზადება შეიძლება და ეს ყველაფერი სულ რაღაც 15 ლარად დღე-ღამეში ერთი ადამიანისთვის.

ვფიქრობ, მისია შესრულებულად უნდა გამოვაცხადო. აჭარის შავი ზღვის სანაპიროზე იაფად დასვენება შეუძლებელი ნამდვილად არ არის, თუ კი არჩევანს საოჯახო ტიპის სასტუმრო სახლებსა და ჰოსტელებზე შეაჩერებთ და საკვების მომზადებაზე, ძირითადად, თქვენ იზრუნებთ.

ასე რომ, გელოდებით, ცხელ ზაფხულში ზღვაზე დასვენება ყველაზე მეტად აგრილებს.