ქალები და მამაკაცები განსხვავებული რაოდენობის ალკოჰოლს მოიხმარენ - განსხვავებები გენდერულ ჭრილში - კვირის პალიტრა

ქალები და მამაკაცები განსხვავებული რაოდენობის ალკოჰოლს მოიხმარენ - განსხვავებები გენდერულ ჭრილში

კვლევების შედეგად დადასტურდა, რომ ქალები და მამაკაცები განსხვავებული რაოდენობის ალკოჰოლს მოიხმარენ. ალკოჰოლისგან გამოწვეული სიკვდილიანობა და ავადობა, ასევე მოხმარების სიხშირე და ქცევა, გენდერულ ჭრილში განსხვავებულ სურათს იძლევა. მსოფლიოში ალკოჰოლთან დაკავშირებული სიკვდილიანობა მამაკაცებში საერთო სიკვდილიანობის 7.7% შეადგენს, ეს ციფრი ქალებში 2.6% ია. რაც შეეხება მოხმარებას, 2010 წლის მონაცემებით, ალკოჰოლის საერთო მოხმარება ერთ სულ მოსახლეზე 19.7 ლიტრს შეადგენდა მამაკაცებში, ხოლო 7.0 ლიტრს ქალებში.

2016 წელს, საქართველოში 18-64 წლის ასაკის მოსახლეობაში, ჩატარებული "ქრონიკული არაგადამდები დაავადებების რისკ ფაქტორების"კვლევის (WHO STEPS Survey) მიხედვით:

• ბოლო 30 დღის განმავლობაში, ლკოჰოლის მომხმარებელთა ხვედრითმა წილმა მოსახლეობის 39% შეადგინა. ამ თვალსაზრისით, სქესობრივი განსხვავება დიდია: მამაკაცთა შორის თითქმის სამჯერ მაღალია იმ პირთა ხვედრითი წილი, რომელთაც ბოლო ერთი თვის განმავლობაში მიღებული ჰქონდათ, თუნდაც, ერთი სტანდარტული დოზა ალკოჰოლური სასმელი.

• სმის ეპიზოდების საშუალო რაოდენობა მამაკაცებში თითქმის ორჯერ მაღალია ქალებთან შედარებით (ბოლო ერთი თვის განმავლობაში 5.7 და 2.5 სმის ეპიზოდი შესაბამისად), ამასთან, სმის თითოეულ ეპიზოდში მამაკაცების მიერ მოხმარებული სტანდარტული დოზების საშუალო ჯამური რაოდენობა თითქმის სამჯერ აღემატება ქალთა მაჩვენებელს.

• 30-44 წლის ასაკის მამაკაცთა თითქმის 30% ალკოჰოლს მაღალი დოზებით მოიხმარს, ხოლო მომდევნო ასაკობრივ ჯგუფში (45-49 ასაკობრივ კატეგორიაში) ეს მაჩვენებელი 20%-ზე მაღალია;

• ქალთა პოპულაციაში ალკოჰოლის მაღალი დოზების მოხმარება ახალგაზრდა ასაკში გამოვლინდა (18-29 წწ), სადაც მაღალი და საშუალო დოზით მომხმარებელთა ხვედრითი წილი 15.1%-ს შეადგენს;

• მძიმე ეპიზოდურ სმაში (6, ან მეტი სტანდარტული დოზის მიღება უკანასკნელი 30 დღიდან თუნდაც ერთ დღეს) ჩართულია ორივე სქესის წარმომადგენელთა 18.3%; მამაკაცთა შორის თითქმის 14-ჯერ მეტია ალკოჰოლის მძიმე ეპიზოდური მოხმარება;

• ჯანმრთელობის პრობლემის, ან ექიმის რეკომენდაციით სმისთვის თავის დანებების შესახებ რესპოდენტთა 21.6%-მა მიუთითა. ვლინდება, რომ მამაკაცებს თითქმის სამჯერ უფრო ხშირად უწევთ სმაზე უარის თქმა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო.

ალკოჰოლის ჭარბი მოხმარების შედეგობრივი გავლენა მოსახლეობაზე, ორი ძირითადი, განსხვავებული, მაგრამ ერთმანეთთან კავშირში მყოფი ფაქტორითაა განპირობებული: მოხმარებული ალკოჰოლის ჯამური მოცულობით და სმის პატერნით, ანუ, სმასთან დაკავშირებული ქცევით.

ის, თუ როგორ და რა სიხშირით იღებთ ალკოჰოლს, განსაზღვრას მისგან გამოწვეულ ზარალსაც. არსებობს შემთხვევები, როდესაც ალკოჰოლის ხარისხიც ზიანის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორია. ალკოჰოლის მოხმარება, არამხოლოდ დაავადებების სიხშირეს, ფიზიკურ ზიანს და სხვა ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემას, არამედ, სხვადასხვა დარღვევებს და ინდივიდებზე მათ გავლენასაც უკავშირდება.

(R)