სამყაროს მთავარი წიგნი - როგორია ბიბლიის გავლენა ხელოვნების სხვადასხვა სფეროზე - კვირის პალიტრა

სამყაროს მთავარი წიგნი - როგორია ბიბლიის გავლენა ხელოვნების სხვადასხვა სფეროზე

ბიბლია კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი კრებულია. უსაზღვროა მისი გავლენა ლიტერატურაზე, თეატრზე, მუსიკაზე, მხატვრობასა და კინემატოგრაფიაზე. ეს არის წიგნი, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია ხელოვნება და კულტურა. ჩვენი რესპონდენტები არიან სხვადასხვა სფეროს პროფესიონალები - რეჟისორი ლევან წულაძე, ლიტერატურათმცოდნე ლევან ბერძენიშვილი, მხატვარი გია გუგუშვილი, მუსიკოსი დავით ევგენიძე და კინომცოდნე ლელა ოჩიაური.

"ბიბლია ისტორიის ქმნაა, ლიტერატურა კი ბიბლიასავით ქმნის ისტორიას"

ლევან ბერძენიშვილი, ლიტერატურათმცოდნე: - თომას მანმა, რომელიც აქტიურად იყენებს ბიბლიურ სიუჟეტებს, თქვა, რომ მსოფლიო ლიტერატურა ორგვარია: ბიბლიური და ჰომეროსული. ბიბლიური უფრო სევდიანია, პესიმისტური, შედარებით ნათელი კი ჰომეროსული ლიტერატურაა. მისი კლასიფიკაციით, მაგალითად, დოსტოევსკი ბიბლიურია, ტოლსტოი - ჰომეროსული. ამის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მსოფლიო ლიტერატურის ნახევარი ბიბლიის გავლენით არის შექმნილი. ბიბლიური ლიტერატურაც, თავის მხრივ, ორი სახისაა. პირველი - უშუალოდ ბიბლიური სიუჟეტები, მაგალითად, როგორიცაა თომას მანის "იოსები და მისი ძმები". ეს ნაწარმოები სრულად ბიბლიიდან არის აღებული და გადააზრებული. მეორე მხრივ, ლიტერატურა, რომელშიც ბიბლიის ეპიზოდები პირდაპირ კი არ არის გადატანილი, არაპირდაპირ გავლენას განიცდის. განათლებული მწერალი ბიბლიის ძიებისა და მინიშნებების გარეშე წიგნს ვერ დაწერს. ბიბლიის გარეშე არც სერვანტესია და არც შექსპირი. ლიტერატურის ნაწილი სავსეა ფარული ბიბლიური მინიშნებებით, რომელსაც ხშირად მწერალი ვერც სწვდება. ბიბლია ისტორიის ქმნაა, ლიტერატურა კი ბიბლიასავით ქმნის ისტორიას.

გერმანიის პრეზიდენტმა ჰოისმა თქვა, რომ ევროპული ცივილიზაცია 3 რაღაცაზე დგას. ესენია: აკროპოლისი, კაპიტოლიუმი და გოლგოთა, ანუ ქრისტიანობა. სწორედ ეს არის ევროპული კულტურის საფუძველი, რომელიც არ მოიცავს ანტიკურობას. ანტიკურობისა და ბიბლიის შეხვედრით კი მივიღეთ განვითარების უმაღლესი წერტილი, აღორძინების ხანა.

"თეატრში ბიბლიის პერსონაჟები პირდაპირ არიან გაცოცხლებული"

ლევან წულაძე (ჭოლა), რეჟისორი: - არის ასეთი თეორია, რომ დედამიწაზე არსებული ყველა სიუჟეტი შეიძლება 30-33 სიუჟეტამდე დავიყვანოთ და თითოეული ბიბლიაშია. თუ ანტიკურ ხანას არ ჩავთვლით, სიუჟეტები მთლიანად ძველი და ახალი აღთქმიდან არის. ეს ორი წიგნი იყო ევროპული კულტურის მაცოცხლებელი. აღორძინების პერიოდმა ძველი და ახალი აღთქმის სიუჟეტების სინთეზი მოახდინა და დაიბადა ახალი ევროპული ხელოვნება. თეატრში ბიბლიის პერსონაჟები პირდაპირ არიან გაცოცხლებული. შექსპირი ბევრ სიუჟეტს იღებდა ბიბლიიდან და მერე ამუშავებდა. მაგალითად, ბიბლიური სიუჟეტია "ვენეციელი ვაჭრის" რამდენიმე ეპიზოდი, სცენაზეა გადმოტანილი წმინდანების ცხოვრებაც, სიუჟეტად და პიესად არის ქცეული ახალი აღთქმის თითქმის ყველა არაკი. მე ყველაზე დიდი შეხება ბიბლიურ სიუჟეტთან დოსტოევსკის "დანაშაული და სასჯელის" დადგმის დროს მქონდა. ეს პიესა საბერძნეთში დავდგი."

"თანამედროვე არტიც ამ სიღრმეებს ინარჩუნებს..."

გია გუგუშვილი, მხატვარი: - ბიბლია და მხატვრობა - ეს არის ხელოვნებაში შთაგონების უწყვეტი წყარო. ძველი და ახალი... კლასიკა და მოდერნი... მე ყოველთვის ვიმეორებ, რომ არსებობს რელიგია, არსებობს ხელოვნება! ყველაზე საინტერესო კი ის არის, მიუხედავად კანონიკურად აღწერილი და დასურათებული უამრავი ქმნილებისა, ის უფრო მრავალფეროვანი გახდა! თანამედროვე არტი ხომ"სხვა სამეტყველო ენით ამ სიღრმეებს ინარჩუნებს. დიახ, ბიბლია გვასწავლის და გვათავისუფლებს!"

"საერო მუსიკაც გაჟღენთილია ბიბლიით"

დათო ევგენიძე, მუსიკოსი: - ბიბლიის გარეშე არც ერთი გენიალური მუსიკოსი არ არსებობს. რიტუალურ მუსიკაზე რომ არ ვისაუბროთ, ჩვეულებრივი, საერო მუსიკაც გაჟღენთილია ბიბლიით. ამ წიგნით საზრდოობს მთელი სამყარო. ძველი აღთქმა ახლოსაა არაქრისტიანებთან, ქრისტიანებისთვის კი ორივე წიგნი საღვთო წიგნია. ბიბლია ადამიანის ფსიქოლოგიურ და ემოციურ მდგომარეობაზე მოქმედებს. მუსიკოსმა შეიძლება 5 პრელუდია დაწეროს, რომელიც არ არის ფორმით რიტუალური და ეკლესიური, მაგრამ ის მაინც განმსჭვალულია ბიბლიით... მე 18 წლის ასაკში დავწერე "ვარდი სილაში", რომელიც რეკვიემი არ არის, მაგრამ ძალიან არის ბიბლიით განმსჭვალული. ჩემი დის ხსოვნისადმი მიძღვნილი ნაწარმოებია. ასევე, დავით აღმაშენებლის ნაწარმოების მიხედვით დაწერილი მაქვს "გალობანი სინანულისანი".

"მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ევროპული კინო დაუბრუნდა პირველსაწყისს..."

ლელა ოჩიაური, კინომცოდნე: - ყველა ისტორია, რომელიც კინემატოგრაფში არსებობს, ბიბლიური სიუჟეტებიდან არის ამოზრდილი. ამ მიმართულებით ყველაზე დიდი აღზევების პერიოდი იყო მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, 60-იანი წლების ბოლომდე - მაშინ ევროპული (და არა მხოლოდ ევროპული) კინო დაუბრუნდა პირველსაწყისს... განადგურებული და კრიზისის ეპოქაში მყოფი საზოგადოება გამოსავალს ეძებს. ლიტერატურაში დადგა ეგზისტენციალიზმის ხანა და მერე ამ ყველაფერმა კინოში გადაინაცვლა. სულიერი სიმშვიდის ძიების გზები ბიბლიურ სიუჟეტებს დაუბრუნდა... სწორედ ამიტომ მე-20 საუკუნის ადამიანის ცხოვრება უფრო იმედიანია და მომავლის ხსნასთან არის დაკავშირებული."

P.S. განუზომლად მნიშვნელოვანია, თითოეულმა ადამიანმა გაიაზროს ბიბლიის ტექსტი, რაც ობიექტურ სირთულეებთან არის დაკავშირებული. სწორედ ამიტომ გამოსცემს "პალიტრა L" ბიბლიას განმარტებებით. პროექტი 15 ტომის გამოცემას ითვალისწინებს. წიგნები 23 სექტემბრიდან, თვეში ერთხელ, გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად გამოვა.

როგორც გამომცემლობაში განმარტავენ, ეს იქნება გამოცემა, რომელიც მკითხველს წმინდა წერილის სწორად გააზრებაში დაეხმარება. ბიბლია განმარტებებით არაერთ ქვეყანაშია გამოცემული, თუმცა საქართველოში მსგავსი პროექტი პირველად ხორციელდება. განმარტებების ტექსტებზე მუშაობენ თეოლოგები, სასულიერო აკადემიის ბიბლიის კათედრის წარმომადგენლები, ფილოლოგები, სასულიერო პირები.

ნანა მღებრიშვილი