როცა ბესტსელერის ავტორი ხარ...
როცა ბესტსელერის ავტორი ხარ...
მასშტაბური ლიტერატურული კონკურსის "გახდი ბესტსელერის ავტორი 2019"-ის გამარჯვებულები უკვე გამოვლინდნენ. გამომცემლობა "პალიტრა L"-ის კონკურსი, რომლის მიზანიც ახალი, ნიჭიერი ავტორების აღმოჩენა და მათთვის ხელშეწყობაა, უკვე მესამე წელია, ტარდება.
ტრადიციულად, ამჯერადაც ხალხისა და ჟიურის რჩეულები გამოვლინდნენ. მკითხველს თავისი რჩეულისთვის ხმის მიცემა რამდენიმე კვირის განმავლობაში შეეძლო. ხალხის რჩეულები გახდნენ: თამარ გოდერიძე - "ყვავილები სახლთან ახლოს"; თინიკო ბერიძე - "მოპარული სიყვარული" და ნანი მანველიშვილი - "ოდისევსის სინდრომი".

ჟიურის წევრების ვინაობა, წინა წლების მსგავსად, გასაიდუმლოებული
იყო. ესენი იყვნენ ლიტერატორები: ლევან ბერძენიშვილი, რამაზ ჭილაია, ივანე ამირხანაშვილი, მაკა ჯოხაძე და მწერალი ტორესა მოსი. ჟიურის რჩეულები არიან: არჩილ ფირიაშვილი - "ფეხბურთის მოთამაშე" და ნიკოლას მაჩაბელი - "ჩაინა კონტრასტებიდან".

"ფეხბურთის მოთამაშე" 37 წლის არჩილ ფირიაშვილის ერთადერთი ნაწარმოებია და მისმა პირველივე მცდელობამ უმაღლესი შეფასება დაიმსახურა
- ის ჟიურის რჩეული გახდა. არჩილი ბიზნესმენია, ჩართულია ტექნოლოგიური სტარტაპების პროექტების შექმნაში. კითხვის მოყვარულმა ლიტერატურული კონკურსის შესახებაც "ბიბლუსში", წიგნის საყიდლად შესულმა გაიგო.

"ასეთ შეფასებას არ მოველოდი"

არჩილ ფირიაშვილი: "ჩემთვის წერა სტრესის მოხსნისა და განტვირთვის საშუალება იყო, დღიურის წარმოების მსგავსი, ბავშვობაში რომ აკეთებ, თუმცა მე უკვე"დიდური დღიური გამომივიდა. ეს წიგნი ყველაფერზეა, ფეხბურთის მოთამაშის გარდა. წაკითხვის შემდეგ ჩანს, თუ რატომ ჰქვია "ფეხბურთის მოთამაშე". გარკვეულ მომენტში, ალბათ, ყველა გადის პერიოდს, როცა ძველი ფასეულობები აზრს კარგავს, რაღაც ახლის ძიებაში ხარ, არ იცი, მომავალში რა გინდა და სადღაც შუაში ხარ გაჩხერილი. მთელი ნაწარმოები კითხვის ნიშნებია, რომლებზეც პასუხი განსხვავებული და ინდივიდუალურია.

"ბიბლუსში" ხშირად დავდივარ, ახალ ავტორებს ვეცნობი. ერთ-ერთი ავტორი, რომლის წიგნიც მირჩიეს, სწორედ ამ კონკურსის გამარჯვებული იყო. მისი კითხვისას გავიგე მსგავსი კონკურსის არსებობის შესახებ. მოგების გარდა, ყველაფრის მოლოდინი მქონდა. ჩემი მიზანი იყო, საკუთარ თავთან გამერკვია, რაღაც ღირებული გამომდიოდა თუ არა და თავიდანვე ასე გადავწყვიტე - თუ ჟიურიმ ჩემს მოთხრობაში რაღაც ღირებული დაინახა, კარგი იქნება, თუ არადა, არა უშავს, მილიონ ადამიანს დაუწერია რაღაც-მეთქი. ასეთ შეფასებას ნამდვილად არ მოველოდი. ეს იყო ყველაზე დიდი ჯილდო, რაც მივიღე!""

ახალგაზრდა ავტორმა ნანი მანველიშვილმა სადებიუტო რომანში "ოდისევსის სინდრომი" ემიგრაციასა და აფხაზეთიდან დევნილობაზე ისაუბრა. ნანი 24 წლისაა, პროფესიით ისტორიკოსი. ის საინტერესო ადამიანური ისტორიების ძიებაშია. მკითხველს მისი პერსონაჟების გაცნობის საშუალება შემოდგომაზე ექნება.

"რომანს ჩემი ბავშვობის ყველაზე ძვირფას ადამიანებს ვუძღვნი"

ნანი მანველიშვილი: "ბავშვობიდან ვწერ, ადრეულ ასაკში ლექსებს ვწერდი. ბაბუაჩემი პოეტი იყო და 12-მდე კრებული აქვს გამოცემული. მისი დიდი დამსახურებაა, რომ წერა დავიწყე. ბაბუას რამდენიმე ლექსი ჩემს რომანშიც გამოვიყენე, როგორც ერთ-ერთი პერსონაჟის გულისთქმა. რომანს ჩემი ბავშვობის მოგონებებსა და ამ მოგონებებში ყველაზე ძვირფას ადამიანებს, ბებიებსა და ბაბუებს ვუძღვნი. მოზრდილობის ასაკში უკვე ჩანახატების წერა დავიწყე. გარდამტეხი აღმოჩნდა საბერძნეთში გატარებული რამდენიმე თვე. ერთი სემესტრის განმავლობაში ათენში ვსწავლობდი და ქართველ ემიგრანტებთან ერთად ვცხოვრობდი. ვისმენდი განსხვავებულ ისტორიებს, რომელთაც რაღაც საერთო ჰქონდათ. ჩემი რომანის ფაბულა სწორედ იმ ისტორიებიდანაა აღებული. მთავარ გმირს, კატერინასაც ჰყავს პროტოტიპი, მაგრამ მისი ცხოვრების ბევრი დეტალი შევცვალე. რომანში აფხაზეთის თემასაც ვეხები. ამ ისტორიებშიც მყავს პროტოტიპი, რომელიც პატარა იყო, როდესაც სოხუმიდან უკანასკნელი თვითმფრინავით გამოფრინდა.

რომანის სახელწოდებაზე დიდხანს ვფიქრობდი და "ოდისევსის სინდრომი" შევარჩიე. ქართველი ემიგრანტები დავუკავშირე ოდისევსს, რომელიც ტოვებს სამშობლოს, მოგზაურობს ზღვებზე და დაბრუნებას ვერ ახერხებს. ყველა ემიგრანტის ცხოვრება ოდისევსისას ჰგავს, მათაც ტანჯავთ მონატრება და სწამთ, რომ ოდესმე აუცილებლად დაბრუნდებიან სამშობლოში".

თინიკო ბერიძე "პალიტრა L"-ის კონკურსში ხალხის რჩეული გახდა. მის რომანს "მოპარული სიყვარული" პირველ ტურში როგორც ხალხის, ისე ჟიურის მხარდაჭერა ერთდროულად ხვდა წილად, მეორე ეტაპზე კი ის მკითხველმა აირჩია. 31 წლის ავტორს ცოდნა ფინანსებსა და საბანკო საქმეში აქვს მიღებული და 5 წლის განმავლობაში ბანკში მუშაობდა, ახლა კი სამოქალაქო რეესტრის თანამშრომელია.

"ვერასდროს წარმომედგინა, რომ მაღაზიაში შესულს ჩემი წიგნი დამხვდებოდა"


თინიკო ბერიძე: "მოპარული სიყვარულის"" ინსპირაცია Fაცებოოკ-ის ერთ-ერთი მომხმარებლის სტატუსი გახდა. ჩემი რომანი რამდენიმე მეგობარმა რომ წაიკითხა, მკითხეს, ნამდვილად შენ დაწერეო? ყველას უკვირს, რადგან არასდროს მიცდია წერა. ეს არ არის ფილოსოფიური ნაწარმოები, სიყვარულზე, მეგობრობაზე, ცხოვრებაზეა. ჩემი მკითხველები, ალბათ, უფრო ახალგაზრდები იქნებიან, მაგრამ შეიძლება, სხვა თაობის წარმომადგენლებიც დააინტერესოს.
მწერლობაზე არასდროს მიფიქრია და ვერასდროს წარმომედგინა, რომ მაღაზიაში შესულს ჩემი წიგნი დამხვდებოდა".

ნიკოლას მაჩაბელი, ანუ ბექა ბაღაშვილი თავისი ნაწარმოების წიგნად გამოცემაზე ადრეც ოცნებობდა. იმედი არაერთხელ გაუცრუვდა, თუმცა კონკურსში მონაწილეობა მაინც გადაწყვიტა და ჟიურის ერთ-ერთი რჩეულიც გახდა. ბექა პროფესიით გეოგრაფია. მიუხედავად იმისა, რომ თავისი პროფესია მოსწონს, მომავალს მაინც ლიტერატურაში ხედავს. ფიქრობს, რომ ნიკოლას მაჩაბელი იქნება ფსევდონიმი, რომელსაც ლიტერატურის ყველა მოყვარული დაიმახსოვრებს.

"ჩემს ცხოვრებაში უკეთესი რა უნდა მომხდარიყო?"

ნიკოლას მაჩაბელი: "ბავშვობიდან თავდაპირველად, ლექსების წერა დავიწყე, რომლებიც სკოლის გაზეთშიც დაიბეჭდა. უნივერსიტეტში სწავლის პერიოდშიც, ძირითადად, ლექსებს ვწერდი. თსუ-ის ლიტერატურულ კლუბშიც გავწევრდი, ჩემი ლექსები უნივერსიტეტის სხვადასხვა გაზეთსა და ჟურნალში იბეჭდებოდა. 2010 წელს, უნივერსიტეტს რომ ვამთავრებდი, პირველად დავწერე დიდი ნოველა, მაშინდელ "ლიტერატურულ პალიტრაში" გავგზავნე და მაშინვე დამიბეჭდეს. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ჩემი ლიტერატურა უფრო შორს გავიდა, ვიდრე სამეგობრო წრე და უნივერსიტეტია. ნოველა "ვაშლი და ფორთოხლები" აგვისტოს ომის თემატიკაზე იყო.

ამის შემდეგ სულ ვწერდი, თანაც, ხშირად ვიცვლიდი ფსევდონიმებს. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, მუშაობა საჯარო სამსახურში დავიწყე და ეს ჩემთვის ძალიან დამზაფვრელი აღმოჩნდა. ფაქტობრივად, შემოქმედებით საქმიანობას, მღელვარებას, სტუდენტურ ცხოვრებას მოვწყდი და ჩავები საოფისე ცხოვრებაში, რამაც ძალიან "შემჭამა". რამდენიმე წლის შემდეგ ერთგვარი შემოქმედებითი აფეთქება დამეწყო. ვწერდი იმაზე, რასაც ვხედავდი, რაც ხდებოდა საქართველოს საჯარო უწყებებსა და საოფისე ცხოვრებაში. ეს იყო ჩემი ძირითადი ლიტერატურული შთაგონება. ჩემი ნოველები გადადიოდა ფანტასტიკაში, მისტიკაში და საინტერესო სახეს იძენდა. რამდენიმე ნოველა დამიგროვდა და გადავწყვიტე, მაშინდელი ჟურნალებისთვის გამეგზავნა. ჩემდა გასაკვირად, პირველივე ცდაზე მოეწონათ.

პირველ რიგში, რამაც "ჩაინა კონტრასტებიდან" წერა შთამაგონა, სამშობლოს მონატრება იყო. ჩინეთი სრულიად განსხვავებული აღმოჩნდა ჩემთვის. იმდენად სხვა სამყარო იყო, რომ თავი ძალიან მარტოდ ვიგრძენი. მენატრებოდა ოჯახი, მეგობრები... პირველ ნაწილში აღწერილია ის ამბები, თუ როგორ ჩადის პერსონაჟი იქ, როგორ ერგება სიტუაციას, როგორ იწყებს ცხოვრებას, მუშაობას. აღწერილია მიამიტური შეხედულებები გულუბრყვილო პერსონაჟისა, რომელმაც არ იცის, რა მოხდება მის თავს. მეორე ნაწილიც მთლიანად ჩინეთს ეხება, მაგრამ საქართველოში ერთ კვირაშია დაწერილი. საბოლოოდ, ჩემი ნოველები წიგნად შევკარი.
...და აი, გამოჩნდა "პალიტრა L"-ის პროექტი. უკეთესი რა უნდა მომხდარიყო? ამ პროექტში წიგნს მიბეჭდავენ და უფრო მეტიც, აღმოჩნდა, რომ ჟიურის რჩეული გავხდი და ჩემი წიგნი მალე გამოჩნდება თაროებზე".

"ყვავილები სახლთან ახლოს",– კლოდ მონეს ცნობილი ნამუშევრის სახელწოდების მქონე რომანი, ხალხის ერთ-ერთ რჩეულს, 38 წლის თამარ გოდერიძეს ეკუთვნის. რომანი ორ ნაწილადაა გაყოფილი: გოგოს ნაწილი და ბიჭის ნაწილი. ორივეს ისტორია განსხვავებული და შთამბეჭდავია უამრავი პარალელითა და საოცრად "ადამიანური" თავგადასავლებით".
თამარ გოდერიძე ენდოკრინოლოგია და ოჯახის ექიმად მუშაობს, სხვადასხვა უნივერსიტეტში ასოცირებული პროფესორია და ლექციებს კითხულობს:

"არ ველოდი, ხალხის რჩეული თუ გავხდებოდი"

თამარ გოდერიძე: "კონკურსს შემთხვევით ინტერნეტსივრცეში წავაწყდი. ბავშვობაში პატარა ჩანახატებსა და ლექსებს ვწერდი. მერე ერთხანს შევწყვიტე, თუმცა მოგვიანებით განვაგრძე. ალბათ, დადგა დრო, როდესაც ეს ყველაფერი უნდა გაერთიანებულიყო. ჩემს ნაწარმოებში თითოეული პერსონაჟი თან არსებობს, თან არ არსებობს. მასში არის ძალიან ბევრი პარალელი, ქვეტექსტი. ბევრისგან მოვისმინე ორი ფრაზა: ზოგმა მითხრა, რომ ცრემლებით დაასრულა მისი კითხვა, ზოგმა კი ერთი ამოსუნთქვით წავიკითხეო. არ ველოდი, ხალხის რჩეული თუ გავხდებოდი. უნივერსიტეტის სტუდენტებისგანაც უდიდესი მხარდაჭერა მივიღე.""ფეისბუქზე" ბევრი აზიარებდა, კითხულობდა, მეკითხებოდნენ, როდის დაიბეჭდებაო. როგორც პაციენტებში, ისე სტუდენტებში, ელვის სისწრაფით გავრცელდა ინფორმაცია.

რომანში ახალგაზრდობაში "ერთმანეთ-გამოტოვებული" ადამიანების ცხოვრებაა აღწერილი, რომლებიც საბოლოოდ მაინც ერთად აღმოჩნდებიან, მაგრამ ტკივილი ახვედრებთ ერთმანეთს. ყველაფერი ლაგდება, მაგრამ შემდეგ კვლავ იცვლება მათი ცხოვრება... რაც შეეხება სახელს, როგორც კი პირველი ნაწილის წერა დავასრულე, "ლექსებად აკინძული ცრემლები" დავარქვი. ერთ-ერთ ეპიზოდში ნახსენებია კლოდ მონეს ნახატი "ყვავილები სახლთან ახლოს" და გამოგზავნამდე 5 წუთით ადრე "ლექსებად აკინძული ცრემლები" თვალში ცუდად მომხვდა, სასწრაფოდ მოვხსენი და დავარქვი "ყვავილები სახლთან ახლოს".

თამთა დადეშელი

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
რომელი საარჩევნო სისტემაა თქვენთვის მისაღები ყველაზე მეტად?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
რომელი საარჩევნო სისტემაა თქვენთვის მისაღები ყველაზე მეტად?
თვის კითხვადი სტატიები