12 ოქტომბერი – ზეიმი ყველასთვის! "ქართული ღვინის ფესტივალი 2019" შარდენზე გაიმართება
12 ოქტომბერი – ზეიმი ყველასთვის! "ქართული ღვინის ფესტივალი 2019" შარდენზე გაიმართება
ახლოვდება 12 ოქტომბერი, დღე, როცა შარდენზე, სიონის ქუჩაზე, "ქართული ღვინის ფესტივალი" იმართება და სტუმრებს ტრადიციულ დღესასწაულს მოუწყობს. წელს აქ კიდევ უფრო მეტ სტუმარს ელიან, ვიდრე გასულ წლებში. აღსანიშნავია, რომ ფესტივალის პირველივე წელიწადს ვიზიტორთა რეკორდული რაოდენობა - 30 000, ხოლო შარშან 40 000-მდე სტუმარი ეწვია, რაც გასაკვირი სულაც არ არის - მსგავსი ზეიმები ქართულ ღვინოსთან დაკავშირებული იმ მრავალათასწლოვანი რიტუალების გაგრძელებადაც შეიძლება ჩაითვალოს, რომელთა გარეშე ალბათ ქართული ღვინის კულტურაც ვერ გაუძლებდა მრავალ
ათას წელიწადს, - საყოველთაოდ ცნობილია, რომ მრავალრიცხოვანი მტერი საუკუნეების განმავლობაში ქართულ ვაზს ამოძირკვით ისევე ემუქრებოდა, როგორც საქართველოს.
გარდა ამისა, ფესტივალი ქართული ღვინის პოპულარიზაციასა და ქართველი ღვინის მეწარმეების დახმარებას ემსახურება ღვინის რეალიზაციის საქმეში. დღესასწაულის იდეა კი სამი წლის წინ "პალიტრამედიისა" და "მეიდან ჯგუფის" მონაწილეობით დაიბადა, რასაც
ფესტივალის გენერალური სპონსორი "კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი" შეუერთდა. აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტის მეღვინეობა-მევენახეობის ფაკულტეტი ქართული ღვინის უნიკალური ტექნოლოგიების შესწავლას ემსახურება. ფესტივალს მცირე მეწარმეები და სტარტაპერებიც უერთდებიან თავიანთი პროდუქციების ნაირსახეობით... რაც ყველაზე სასიხარულოა, ფესტივალის სტუმრებს ამაღლებული განწყობა არ მოაკლდებათ მთელი დღე, 12-დან 7 საათამდე. ამაზე პროფესიონალი მუსიკოსები და მსახიობები იზრუნებენ. ასე რომ, ოქტომბერში ღვინობისთვის ზეიმს ქართული ღვინის ფესტივალის მონაწილე დედაქალაქელებიც შეუერთდებიან და უძველეს ქართულ ღვინოსთან დაკავშირებული რიტუალების შეგრძნებით ისიამოვნებენ.

როგორ ჩატარდება წელს ფესტივალი და რა სასიამოვნო სიურპრიზები ელის, ამის შესახებ პროექტის მენეჯერს და "პალიტრამედიის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულების ხელმძღვანელს, ნათია ზაქრაძეს ვესაუბრეთ:

- ჩვენი ქვეყანა რომ ღვინის სამშობლოდ არის აღიარებული, უდიდესი სტიმულია ყოველი ჩვენგანისთვის, მაგრამ იმისთვის, რომ ეს უნიკალური სიძველე და კულტურა მუდამ სათანადო დონეზე იყოს, ასევე მუდამ საჭიროა ამ კულტურის, ღვინის პოპულარიზაციაც. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა "ქართული ღვინის ფესტივალი" "პალიტრამედიის", "მეიდან ჯგუფისა" და ღვინის მედიაპორტალ ალლწინე.გე-ს ორგანიზებით. ფესტივალის გენერალური სპონსორი "კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი" გახლავთ მევენახეობა-მებაღეობის ფაკულტეტით. სასიამოვნოა, რომ ფესტივალის მონაწილეებს სწორედ ამ უნივერსიტეტის სტუდენტები გაუწევენ კონსულტაციებსა და მეგზურობას, ღვინის უკვე გამოცდილ მეწარმეებთან ერთად. ისინი ფესტივალის სტუმრებს ღვინოსთან დაკავშირებულ ყველა თემაზე გაესაუბრებიან.

სასიამოვნოა, რომ ამ პროექტში მონაწილეობის სურვილი უამრავმა ღვინის მეწარმემ გამოთქვა - ამ ღონისძიების მეშვეობით მათ თავად ექნებათ არამხოლოდ თავიანთი ღვინის წარდგენისა და პოპულარიზაციის, არამედ რეალიზაციისა და პოტენციურ მყიდველთან დაახლოების საშუალებაც. უმნიშვნელოვანესად მიგვაჩნია, რომ პროექტში არა მხოლოდ ცნობილი ბრენდები მიიღებენ მონაწილეობას, არამედ მცირე მარნები და მეწარმეები თავიანთი ღვინოებით, რომელთაც ფართო ბაზარი ჯერჯერობით არ იცნობს. ფესტივალი ამ უნიკალურ ღვინოებს სწორედ ამ ფართო ბაზარზე გაუხსნის გზას.

რაც მთავარია, წელსაც უცვლელია პროექტის მთავარი იდეა - დღესასწაული მოვუწყოთ ქართულ ღვინოს, მის მოყვარულებს, მეწარმეებს და ყველას, ვისაც მისი დაგემოვნება სურს და რაიმე წვლილი შეაქვს ამ კულტურის შექმნაში. ასევე ტურისტებსაც, იმ უცხოელებს, რომლებიც ფესტივალზე დააგემოვნებენ, ისიამოვნებენ და გაეცნობიან არა მხოლოდ ქართულ ღვინოს, არამედ მასთან დაკავშირებულ ტრადიციებს.

100-ზე მეტი სახეობის ღვინოსთან ერთად, ამ ღონისძიებაზე სტარტაპერებიც წარმოადგენენ ღვინის კულტურასთან დაკავშირებულ სხვა პროდუქციასაც - ტკბილეულით, ჩურჩხელებით, ჩირით, ყველით დაწყებული, ხელნაკეთი ნივთებით დასრულებული, რომელთა დათვალიერება და შეძენა სტუმრებს იქვე შეეძლებათ.

ამ დღის ამაღლებული განწყობისა და დღესასწაულის შესაქმნელად ფესტივალის ორგანიზატორებმა ყველაფერი იღონეს... უამრავი მსახიობი და მომღერალია მოწვეული, რომლებიც ამ დღეს ღვინოსთან დაკავშირებული რიტუალებით თუ პროფესიული, ქართული ქალაქური და ფოლკლორული სიმღერებით გაალამაზებენ.

- ასეთ ღონისძიებაზე ნებისმიერი ასაკის სტუმარი სიამოვნებით მოვა, მათ შორის ბავშვებიც.
- რასაკვირველია. ბავშვებისთვის და ალბათ არა მხოლოდ მათთვის, ფესტივალზე ოჩოფეხების სანახაობა გაიმართება. ეს დღესასწაული ხომ არა მხოლოდ ჩვეულებრივი ზეიმი, არამედ ღვინის ათასწლოვან კულტურასთან დაკავშირებული შემეცნებითი დღესასწაულიცაა, რომელიც თაობიდან თაობაში გადადის. ასე რომ, ყველას ველით.

კახაბერ კორძაია, "კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის" რექტორი, პროფესორი: - მესამე წელია, ფესტივალი დიდი პოპულარობით სარგებლობს­ და შეიძლება ითქვას, 12 ოქტომბერს ქართული ღვინის ნამდვილი დღესასწაული გაიმართება.

"კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისათვის" დიდი პატივია "ქართული ღვინის ფესტივალი 2019"-ის გენერალური სპონსორობა. მევენახეობა-მეღვინეობა "კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის" (კსუ) ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ფაკულტეტი 2014 წელს დაფუძნდა.­ უნივერსიტეტს აქვს ქართული მევენახეობა-მეღვინეობის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები, რომელიც ითვალისწინებს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: ღვინის კულტურა და ისტორია, ღვინის წარმოების ტექნოლოგიები, ქვევრის ღვინო, ღვინის ტურიზმი, ღვინის მარკეტინგი და დეგუსტაციის ხელოვნება.

მნიშვნელოვანია, რომ წელს ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება "კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის" მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის სტენდი. უნივერსიტეტი ფართო აუდიტორიის წინაშე გაიტანს ღვინის სტუდენტურ ხაზს, რომელიც დაყენებულია საუნივერსიტეტო ბაზაზე არსებულ მარანში, სადაც სტუმრებს საშუალება­ ექნებათ დააგემოვნონ ღვინო და მონაწილეობა მიიღონ პროფესიულ მასტერკლასში.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმდინარე რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმიდინარე რეფორმას?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები