როგორ შეიძლება ქალაქის ცენტრში ჰაერის დაბინძურების პრობლემა გადაიჭრას? - ნინო ჩხობაძე ვერტიკალურ ბაღებსა და ახალ რეკრეაციულ ზონებზე - კვირის პალიტრა

როგორ შეიძლება ქალაქის ცენტრში ჰაერის დაბინძურების პრობლემა გადაიჭრას? - ნინო ჩხობაძე ვერტიკალურ ბაღებსა და ახალ რეკრეაციულ ზონებზე

დედაქალაქში ჰაერის დაბინძურების პრობლემაზე ბევრს ვსაუბრობთ, თუმცა მწვანე სივრცეების ნაკლებობისა და მუდმივი ურბანიზაციის პროცესში გამოსავლის პოვნა გვიჭირს.

გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობას ყოველ კვირა ზომავს. 9 ოქტომბრის შედეგის მიხედვით, მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების საშუალო წლიურ ნორმაზე გადაჭარბება მხოლოდ წერეთლის გამზირზე დაფიქსირდა.

ძირითადად, ქალაქის ცენტრის მცხოვრებლები გამწვანებული სივრცეების სიმცირესა და რეკრეაციული ზომების არარსებობას უჩივიან. ამის მაგალითად შეგვიძლია, საბურთალოზე სპორტის სასახლის უკან არსებული განაშენიანება და ვაკეში ყიფშიძის ქუჩა მოვიყვანოთ.

"მწვანეთა მოძრაობა - დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე ჩვენთან საუბარში განმარტავს, რომ თბილისის ცენტრში გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებმა და გამუდმებულმა მშენებლობებმა მტვრის დიდი კონცენტრაციის დაგროვებას შეუწყო ხელი. მისი თქმით, მაღალი შენობების გამო, ქალაქი ფაქტობრივად, არ ნიავდება. რა სამედიცინო ჩვენება შეიძლება მოჰყვეს ამ პრობლემას კი ამ საკითხზე მედიკოსები და გარემოს დამცველები ხშირად საუბრობენ.

სად არის დედაქალაქის ცენტრში ჰაერი ნაკლებადდაბინძურებული და რა სახის დასასვენებელი და გამწვანებული სივრცე შეიძლება მოეწყოს ვაკის ტერიტორიაზე, ამის შესახებ ნინო ჩხობაძეს დეტალურად ვესაუბრეთ.

ქალაქის ცენტრი მშენებლობების თვალსაზრისით ისევ პოპულარულია. განსაკუთრებით ვაკისა და საბურთალოს მოსახლეობა მწვანე სივრცეების სიმცირეს უჩივის. სად შეიძლება იყოს ამ ტერიტორიაზე ყველაზე ნაკლებადდაბინძურებული ჰაერი?

საერთოდ, ქალაქში პარკების ტერიტორია ძალიან შემცირებული გვაქვს. ყველა არსებული ტრადიციული პარკის ტერიტორია ფაქტობრივად ყოველწლიურად, ახალი შადრევნის მოწყობის ხარჯზე მცირდება. დღესდღეობით ყველაზე დიდ დასასვენებელ პარკად რჩება ვაკის პარკი, ალექსანდრეს ბაღი... ახალი დიდი პარკი ბოლო წლების მანძილზე არ გაკეთებულა ქალაქში და ახალი რეკრეაციული ზონა არ გაგვაჩნია.

რამდენად საგანგაშოა დედაქალაქში ჰაერის დაბინძურების პრობლემა, განსაკუთრებით კი ცენტრალურ უბნებში?

ამ კუთხით ქალაქში მართლაც სერიოზული პრობლემები გვაქვს და ეს არ ხდება მხოლოდ იმის გამო, რომ ჰაერი ტრანსპორტისგან არის დაბინძურებული. პრობლემა იმაშიც მდგომარეობს, რომ ძალიან ბევრი ქუჩის რეკონსტრუქციის პროცესია დაწყებული, მათ შორის ვაკეში ჭავჭავაძის გამზირის, ამიტომ დიდი რაოდენობით მტვერი ტრიალებს და გროვდება ქალაქში. ამას ემატება მაღალი შენობები, რომელთა გამო მისი განიავება მკვეთრად შემცირებულია. ყველაზე ცუდი არის ის, რომ ვერტიკალური ბაღების მოწყობას არ მივმართეთ იქ, სადაც მკვეთრად ურბანული ტერიტორიებია.

ვერაფრით ვერ ვიტყვი, რომ გენიალურად გვაქვს მოწყობილი, მაგალითად, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია. ვფიქრობ, საერთოდ, გეტოს დავამსგავსეთ იქაურობა, იგივე მდგომარეობა იქნება ვაკეში, თუ ცოტა ხანში საერთოდ არ შეწყდა მშენებლობები. ჟვანიას ქუჩაზე აღარ მაქვს საუბარი, სადაც საერთოდ, კატასტროფა ხდება, მიუხედავად იმისა, რომ მთაწმინდის ძირშია მოწყობილი.

ვაკის ტერიტორიაზე, კორტების გაგრძელებაზე დაახლოებით, 2 ჰექტარი ტერიტორია სრულიად მოუწყობელია. აღნიშნულ მონაკვეთს თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურმა გეგმამ რეკრეაციული ზონის სტატუსი მიანიჭა, შესაბამისად, აქ მშენებლობაზე ნერბართვის გაცემა შეზღუდულია. იგეგმება, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე დასასვენებელი კომპლექსი მოეწყოს, რომელიც გამწვანებასა და ველობილიკებსაც მოიცავს. გეგმის თანახმად, ეს სივრცე ვაკის მოსახლეობას ჰაერის დაბინძურების პრობლემას ნაწილობრივ მოუხსნის. თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს ტერიტორია როგორ უნდა განვითარდეს?

არ იქნება ურიგო, ოღონდ ერთი პირობაა: იმის გათვალისწინებით, რომ ვერე ძალიან პრობლემატური მდინარეა და ეს 2013 წელს გამოჩნდა, მაინც უმჯობესია, რომ პარკის პარალელურად, ევაკუაციის გეგმაც მომზადდეს.

ვფიქრობ, აღნიშნული სივრცე მხოლოდ პარკი უნდა იყოს, რადგან თუ ჩვენ ვერეს ხეობაში ხეები არ დავრგეთ, ისევ სერიოზული საფრთხე გვემუქრება. არამხოლოდ აქ, ბაგებისკენ მიმავალ ნაწილშიც კი ხეები უნდა დაირგოს.

ზოგადად, ეს ტერიტორია არიდული ზონაა (მშრალი ჰავა), ამიტომ აქ შეიძლება დაირგოს ნეკერჩხალი, ასევე, ნუში და არიდული სარტყელის სხვა მცენარეები. იმდენად დაბინძურებულია ჰაერი და იმდენად იხუთება მცენარე, ქალაქში უკვე ყველა ხეს უჭირს გახარება, ამიტომ აუცილებელია, ამ მონაკვეთში წვეთოვანი რწყვის სისტემა მოეწყოს.

რა ფუნქცია შეიძლება შეასრულოს ახალმა პარკმა ვაკის მოსახლეობისთვის, იმის ფონზე, რომ ისინი ჰაერის დაბინძურებისა და მწვანე სივრცეების ნაკლებობის პრობლემის წინაშე დგანან?

ვაკისა და საბურთალოს დამაკავშირებელ გზაზე საავტომობილო გზა გაიყვანეს, მანამდე კი ეს ტერიტორია ვაკეს განიავების საშუალებას აძლევდა. ამით ფაქტობრივად, ხეობა ჩავკეტეთ, შედეგად, ვაკეში განიავება შემცირდა, ამიტომ ამ ტერიტორიაზე მხოლოდ პარკის მოწყობა არის შესაძლებელი. სხვანაირად, ქალაქი, ყოველ შემთხვევაში ვაკის ტერიტორია ვერ განიავდება.