"სექტემბერში, თბილისში, საცხოვრებელ ბინებში 2918 კუსტარულად დამონტაჟებული გაზგამათბობელი და წყალგამაცხელებელი ჩაიხსნა" - კვირის პალიტრა

"სექტემბერში, თბილისში, საცხოვრებელ ბინებში 2918 კუსტარულად დამონტაჟებული გაზგამათბობელი და წყალგამაცხელებელი ჩაიხსნა"

კომპანია "თბილისი ენერჯის" სექტემბრის სტატისტიკის თანახმად, სექტემბერში თბილისში, საცხოვრებელ ბინებში 2918 კუსტარულად დამონტაჟებული გაზგამათბობელი და წყალგამაცხელებელი ჩაიხსნა. ამის შესახებ "თბილისი ენერჯიდან" გვაცნობეს.

მათი ინფორმაციით, 2019 წლის სექტემბრის თვეში, კომპანია "თბილისი ენერჯის" სპეციალისტებმა თბილისში, საცხოვრებელ ბინებში 2918 კუსტარულად დამონტაჟებული და აკრძალული, ღია კამერიანი გაზგამათბობელი და წყალგამაცხელებელი ჩაჭრეს.

"ბინის მეპატრონეთა დიდი ნაწილი, სადაც გაზის დანადგარები ქსელიდან ჩაიხსნა, ერთხელ უკვე გაფრთხილებული და ინფორმირებული იყო მოსალოდნელ საფრთხეებზე, თუმცა, განმეორებითი შემოწმების დროს სპეციალისტებს ბინებში კვლავ დახვდათ გაზის ქსელზე თვითნებურად მიერთებული საშიში ღია კამერიანი გაზგამათბობლები და წყალგამაცხელებლები.

"თბილისი ენერჯი"კიდევ ერთხელ გაფრთხილებთ - კუსტარულად, თვითნებურად მიერთებული და ღია კამერიანი გაზდანადგარები კატეგორიულად დაუშვებელი და საშიშია, როგორც თქვენი ოჯახის წევრებისთვის, ისევე თქვენი მეზობლებისთვის.

სექტემბერში ყველაზე მეტი კუსტარულად დამონტაჟებული დანადგარი სამგორში (784); ისანი-ვაზისუბანში (488 ) და სანზონაში (303) ჩაიხსნა.

რაიონების მიხედვით სექტემბრის თვის სტატისტიკა ასე გამოიყურება: სამგორი - 784, ისანი-ვაზისუბანი - 488, სანზონა - 303, ჩუღურეთი - 292, კრწანისი - 269, გლდანი - 259, ნაძალადევი - 137, დიდუბე - 133, ნუცუბიძე - 83, დიღომი - 79, საბურთალო - 35, მთაწმინდა - 31, ვაკე - 22, წყნეთი - 3, სულ - 2918.

კომპანია "თბილისი ენერჯი" გთხოვთ, მეტი სიფრთხილე გამოიჩინოთ.

გახსოვდეთ, რომ არსებული კანონმდებლობის თანახმად, მომხმარებელი თავად არის პასუხისმგებელი მის საცხოვრებელ ფართში გაზის მოწყობილობების მოხმარების წესების დარღვევაზე", - აღნიშნულია "თბილისი ენერჯის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

(R)