"ჰარვარდის სამედიცინო გზამკვლევი მთელი ოჯახისთვის" უკვე საქართველოშია
"ჰარვარდის სამედიცინო გზამკვლევი მთელი ოჯახისთვის" უკვე საქართველოშია
"სერია, რომელიც ყველაზე გავრცელებული დაავადებების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მოიცავს"

დაავადებებსა და მათ გამომწვევ მიზეზებზე ინფორმაციის მიღება არასდროს ყოფილა ისეთი მარტივი, როგორიც დღეს, რადგან ციფრულ ერაში ვცხოვრობთ და ინტერნეტი უსაზღვრო შესაძლებლობებს გვთავაზობს. მიუხედავად ამისა, არასწორი ინფორმაციის მიღების რისკი იმდენად დიდია, რომ უმჯობესია, სპეციალისტთან ვიზიტის გარეშე საკუთარ თავს დიაგნოზი მაინც არ დავუსვათ.

ექიმთან ვიზიტის შემდგომ აღმოჩენილი ნებისმიერი ჯანმრთელობის პრობლემა თავადაც კარგად უნდა შევისწავლოთ, რომ მისი მართვა შევძლოთ. იმის გამო, რომ შეიძლLება ინტერნეტში
დაუზუსტებელი ინფორმაცია მივიღოთ, უმჯობესია, სანდო წყაროები გამოვიყენოთ.

აშშ-ისა და დასავლეთ ევროპის განვითარებულ ქვეყნებში ამის ტრადიცია დიდი ხანია, დამკვიდრდა. აშშ-ში დიდი პოპულარობით სარგებლობს ჰარვარდის მედიცინის სკოლის ექიმების მიერ გამოცემული გზამკვლევები, რომლებიც მკითხველს
დაავადების შესწავლასა და მართვაში ეხმარება. ამ წიგნებმა იმდენად დიდი ინტერესი გამოიწვია, რომ იტალიურად, ესპანურად და პორტუგალიურადაც ითარგმნა და ევროპაში დიდი ტირაჟით გამოსცემენ.

მალე გზამკვლევის 8 ტომი ქართულ ენაზეც გამოვა და მკითხველს საშუალება ექნება, კარდიოლოგიურ და გულ-სისხლძარღვთა პრობლემებს, დეპრესიის მნიშვნელობას და 21-ე საუკუნეში განსაკუთრებით გააქტიურებულ სხვა დაავადებებს დეტალურად გაეცნოს, მათი მკურნალობის მეთოდები და მართვის პროცესი შეისწავლოს. გამომცემლობა "პალიტრა L" ტომეულების გამოსაცემად უკვე ემზადება. პირველი ნაწილი 11 ნოემბერს "კვირის პალიტრასთან" ერთად გამოვა და სრულად მიეძღვნება კარდიოლოგიურ პრობლემებს, რაც გამომცემლობის ხელმძღვანელის, თინა ასათიანის განმარტებით, საზოგადოებისთვის ყველაზე მტკივნეული და საინტერესო თემაა.
მისი თქმით, მოხარულია, რომ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე აღნიშნული ტომეული აღმოაჩინა. წიგნების თარგმნის ლიცენზიის მოპოვებას დრო დასჭირდა. ასევე საჭირო იყო "ჰარვარდის უნივერსიტეტის ლიცენზია მისი ლოგოსა და სახელის გამოყენებისთვის, თუმცა, საბოლოოდ, გამომცემლობამ ყველა უფლება მოიპოვა.

"თითოეულ წიგნზე ჰარვარდის სამედიცინო სკოლის 30-დან 50-მდე სპეციალისტი მუშაობს. ამასთან, ისინი პრაქტიკოსი ექიმები არიან. აშშ-სა და ევროპაში წარმატების შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ეს გზამკვლევი ქართველი აუდიტორიისთვისაც საინტერესო იქნებოდა. გამოცემა საინტერესო და მიმზიდველია იმით, რომ ყველა პრობლემა მარტივი, გასაგები ენით არის ახსნილი.
ეს წიგნები უფრო პაციენტებისთვის, მათი ინფორმირებისთვისაა განკუთვნილი და არა ექიმებისთვის. მნიშვნელოვანია, საკუთარ დაავადებას პაციენტი კარგად იცნობდეს, რომ უკეთ გაუმკლავდეს მას".

"პალიტრა L"-ის" დირექტორის თქმით, სახელმძღვანელოებში მედიკამენტების მიღების შესახებ პირდაპირი რჩევები კი არ გაიცემა, არამედ განხილულია სხვადასხვა ჯგუფის მედიკამენტების საკითხი და მათი ეფექტიანობა.
""თავდაპირველად, გავაკეთეთ სანიმუშო თარგმანები, გავაცანით ექიმებს, სხვადასხვა სფეროს კონსულტანტები ჩავრთეთ და მხოლოდ მათი შეფასებების საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ სერია დასაბეჭდად აგვეღო. სერიაში არის ბევრი წიგნი, თუმცა ამ ეტაპზე შევარჩიეთ 8 დასახელება, რომლებიც მოიცავს მსოფლიოში და, მათ შორის, საქართველოში, ყველაზე გავრცელებულ პრობლემებს. ეს არის გულისა და წნევის პრობლემები, დეპრესია, დიაბეტი, წონის კლება და საკვებისადმი მგრძნობელობა, ალერგია, შფოთვა და ფობიები.

სამედიცინო გზამკვლევი სამ ნაწილად არის დაყოფილი. პირველი ნაწილი სრულად დიაგნოზს აღწერს - მაგალითად, რომელიმე კარდიოლოგიურ დაავადებას, მეორე ნაწილი ჯანმრთელობის პროგრამებს ეხება, ხოლო მესამე ნაწილი - მკურნალობის მეთოდებს."

გზამკვლევების თარგმანზე გამოცდილი მთარგმნელები - ნინო მესტვირიშვილი და ნინო ბელთაძე მუშაობდნენ. ნინო მესტვირიშვილისთვის ეს საქმე განსაკუთრებით საპასუხისმგებლო აღმოჩნდა. მისი თქმით, თარგმნისას ყველა დეტალი და ყველა ტერმინი სანდო წყაროებთან გადაამოწმა.

"ვფიქრობ, ასეთი მარტივი ენით დაწერილი სახელმძღვანელოები, თან სამედიცინო თემატიკაზე, საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს გზამკვლევი ოჯახებს დაეხმარება, თავიანთი პრობლემების პირველადი კონსულტაცია, პირველადი განხილვა მოახდინონ, რათა დაავადების აღმოჩენისა და მართვისკენ გადადგან ნაბიჯი."აქ ისეთი პრობლემებია განხილული, რომლებსაც ყოველდღიურ ყოფაში ვაწყდებით. კონკრეტულად ეს გამოცემა ჰარვარდის სამედიცინო სკოლის შემუშავებულია, ამიტომ ჩვენ მას "ჰარვარდის სამედიცინო გზამკვლევი მთელი ოჯახისთვის" ვუწოდეთ. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს წიგნი შეიძლება პრაქტიკული სახელმძღვანელო გახდეს ნებისმიერი მკითხველისთვის, რომელსაც ჯანმრთელობის ამა თუ იმ პრობლემის შესახებ ინფორმაციის მოძიება სურს. სერიის პირველი წიგნი, ზოგადად, გულ-სისხლძარღვთა სისტემის ყველაზე გავრცელებულ პათოლოგიებს მოიცავს, ისეთებს, როგორიცაა გულის უკმარისობა, გულ-სისხლძარღვთა ათეროსკლეროზული დაზიანება, არითმია, ინფარქტი და ინსულტი.
რაც მთავარია, კარდიოლოგიურ ტომში შეგხვდებათ კითხვარი და პირადი ანამნეზის საფუძველზე შეძლებთ გაარკვიოთ, მომდევნო 10 წლის განმავლობაში გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკის ქვეშ რამდენად ხართ. ვფიქრობ, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციაა".

"ჰარვარდის სამედიცინო გზამკვლევი მთელი ოჯახისთვის" გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად ყოველთვიურად გამოვა.
პირველ წიგნს - "გულის პრობლემები" - 11 ნოემბერს მიიღებს მკითხველი, მომდევნო ტომებს კი 7 თვის განმავლობაში.

მარიამ მენაბდიშვილი
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ  იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა