წიგნების სერია, რომელიც ყველაზე გავრცელებული დაავადებების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მოიცავს - კვირის პალიტრა

წიგნების სერია, რომელიც ყველაზე გავრცელებული დაავადებების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მოიცავს

დაავადებებსა და მათ გამომწვევ მიზეზებზე ინფორმაციის მიღება არასდროს ყოფილა ისეთი მარტივი, როგორც დღესაა, რადგან ციფრულ ერაში ვცხოვრობთ და ინტერნეტი უსაზღვრო შესაძლებლობებს გვთავაზობს. მიუხედავად ამისა, არასწორი ინფორმაციის მიღების რისკი იმდენად დიდია, რომ უმჯობესია, სპეციალისტთან ვიზიტის გარეშე საკუთარ თავს დიაგნოზი მაინც არ დავუსვათ.

ექიმთან ვიზიტის შემდეგ აღმოჩენილი ნებისმიერი ჯანმრთელობის პრობლემა კი თავადაც კარგად უნდა შევისწავლოთ, რომ მისი მართვა შევძლოთ. იმის გამო, რომ ინტერნეტში დაუზუსტებელი ინფორმაციის მიღების საფრთხის ქვეშ ვართ, უმჯობესია, სანდო წყაროები გამოვიყენოთ. აშშ-სა და დასავლეთ ევროპის განვითარებულ ქვეყნებში ამის ტრადიცია დიდი ხანია, დამკვიდრდა.

აშშ-ში დიდი პოპულარობით სარგებლობს ჰარვარდის მედიცინის სკოლის ექიმების მიერ გამოცემული გზამკვლევები, რომლებიც მკითხველს დაავადების შესწავლასა და მართვაში ეხმარება. აღნიშნულმა წიგნებმა იმდენად დიდი ინტერესი გამოიწვია, რომ იტალიურად, ესპანურად და პორტუგალიურადაც ითარგმნა და ევროპაში დიდი ტირაჟით გამოიცემა. მალე, გზამკვლევის 8 ტომი ქართულ ენაზეც გამოიცემა და მკითხველს საშუალება ექნება, კარდიოლოგიურ და გულსისხლძარღვთა პრობლემებს, დეპრესიის მნიშვნელობას და 21-ე საუკუნეში განსაკუთრებით გააქტიურებულ სხვა დაავადებებს დეტალურად გაეცნოს, მათი მკურნალობის მეთოდები და მართვის პროცესი შეისწავლოს.

გამომცემლობა "პალიტრა L“ ტომეულების გამოსაცემად უკვე ემზადება. პირველი ნაწილი 11 ნოემბერს "კვირის პალიტრასთან“ ერთად გამოვა და სრულად მიეძღვნება გულის პრობლემებს, რაც გამომცემლობის ხელმძღვანელის თინა ასათიანის განმარტებით, საზოგადოებისთვის ყველაზე უფრო მტკივნეული და საინტერესო თემაა.

მისი თქმით, მოხარულია, რომ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე აღნიშნული ტომეული აღმოაჩინა. წიგნების თარგმნის ლიცენზიის მოპოვებას დრო დასჭირდა. ასევე საჭირო იყო "ჰარვარდის უნივერსიტეტის“ ლიცენზია მისი ლოგოსა და სახელის გამოეყენებითვის, თუმცა, საბოლოოდ, გამომცემლობამ ყველა ეს უფლება მოიპოვა.

"თითოეულ წიგნზე "ჰარვარდის სამედიცინო სკოლის“ 30-დან 50-მდე სპეციალისტი მუშაობს. ამასთან, ისინი პრაქტიკოსი ექიმები არიან. აშშ-სა და ევროპაში წარმატების შემდეგ, გადავწყვიტეთ, რომ ეს გზამკვლევი ქართველი აუდიტორიისთვისაც საინტერესო იქნებოდა. გამოცემა საინტერესო და მიმზიდველია იმით, რომ ყველა პრობლემა მარტივი, გასაგები ენით არის ახსნილი. ეს წიგნები უფრო პაციენტებისთვის, მათი ინფორმირებისთვისაა განკუთვნილი და არა ექიმებისთვის. მნიშვნელოვანია, საკუთარ დაავადებას პაციენტი კარგად იცნობდეს, რომ უკეთ გაუმკლავდეს მას“, - განმარტავს თინა ასათიანი.

"პალიტრა L-ის“ დირექტორის თქმით, სახელმძღვანელოებში მედიკამენტების მიღებასთან დაკავშირებით პირდაპირი რჩევები კი არ გაიცემა, არამედ განხილულია სხვადასხვა ჯგუფის მედიკამენტების საკითხი და მათი ეფექტურობა. თინა ასათიანი განმარტავს, რომ ქართულად ნათარგმნი ნიმუშები თავდაპირველად ექიმებს გააცნეს და დასაბეჭდად მხოლოდ ამის შემდეგ გაამზადეს, რომ მოსახლეობისთვის 100%-ით ზუსტი ინფორმაცია მიეწოდებინათ.

"თავდაპირველად, გავაკეთეთ სანიმუშო თარგმანები, გავაცანით ექიმებს, კონსულტანტები ჩავრთეთ სხვადასხვა სფეროდან და მხოლოდ მათი შეფასებების მიხედვით გადავწყვიტეთ, რომ ეს სერია დასაბეჭდად აგვეღო. სერიაში არის ბევრი წიგნი, თუმცა ამ ეტაპზე შევარჩიეთ 8 დასახელება, რომლებიც მოიცავს მსოფლიოში და, მათ შორის, საქართველოშიც ყველაზე უფრო გავრცელებულ პრობლემებს. ეს არის გულისა და წნევის პრობლემები, დეპრესია, დიაბეტი, წონის კლება და საკვებისადმი მგრძნობელობა, ალერგიები, შფოთვა და ფობიები“, - განმარტავს ის.

სამედიცინო გზამკვლევი სამ ნაწილად არის დაყოფილი. პირველი ნაწილი სრულად დიაგნოზს აღწერს - მაგალითად, რომელიმე კარდიოლოგიურ დაავადებას, მეორე ნაწილი ჯანმრთელობის პროგრამებს ეხება, ხოლო მესამე ნაწილი უშუალოდ მკურნალობის მეთოდებს.

გზამკვლევების თარგმანზე გამოცდილი მთარგმნელები ნინო მესტვირიშვილი და ნინო ბელთაძე მუშაობდნენ. ნინო მესტვირიშვილისთვის ეს საქმე განსაკუთრებით საპასუხისმგებლო აღმოჩნდა. მისი თქმით, თარგმნისას ყველა დეტალი და ყველა ტერმინი სანდო წყაროებთან არის გადამოწმებული.

"ვფიქრობ, ასეთი მარტივი ენით დაწერილი სახელმძღვანელოები, თან სამედიცინო თემატიკაზე, საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობთ, რომ ეს გზამკვლევი ოჯახებს დაეხმარება, თავიანთი პრობლემების პირველადი კონსულტაცია, პირველადი განხილვა მოახდინონ, რათა დაავადების აღმოჩენისა და მართვისკენ გადადგან ნაბიჯები“, - განმარტავს ნინო მესტვირიშვილი.

მისი თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ სამედიცინო თემატიკის წიგნები აქამდეც არაერთხელ უთარგმნია, კონკრეტულად, ეს სერია ყველაზე ინფორმაციული აღმოჩნდა.

"აქ ისეთი პრობლემებია განხილული, რომლებსაც ყოველდღიურ ყოფაში ვაწყდებით. კონკრეტულად, ეს გამოცემა არის "ჰარვარდის სამედიცინო სკოლის“ მიერ შემუშავებული, ამიტომ ჩვენ მას "ჰარვარდის სამედიცინო სკოლის გზამკვლევი“ ვუწოდეთ. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს წიგნი შეიძლება პრაქტიკული სახელმძღვანელო გახდეს ნებისმიერი მკითხველისთვის, რომელსაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ამა თუ იმ პრობლემის შესახებ გარკვეული ინფორმაციის მოძიება სურს. სერიის პირველი წიგნი, ზოგადად, გულსისხლძარღვთა სისტემის ყველაზე გავრცელებულ პათოლოგიებს მოიცავს, ისეთებს, როგორებიცაა გულის უკმარისობა, გულსისხლძარღვთა ათეროსკლეროზული დაზიანება, არითმია, ინფარქტი და ინსულტი.

რაც მთავარია, კარდიოლოგიურ ტომში შეგხვდებათ კითხვარი და პირადი ანამნეზის საფუძველზე შეძლებთ გაარკვიოთ, მომდევნო 10 წლის განმავლობაში გულსისხლძარღვთა დაავადებების რისკის ქვეშ რამდენად ხართ. ვფიქრობ, რომ ესეც ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციაა“, - განმარტა ნინო მესტვირიშვილმა.

"ჰარვარდის სამედიცინო სკოლის გზამკვლევი“ გაზეთ "კვირის პალიტრასთან“ ერთად ყოველთვიურად გამოვა. პირველი წიგნი - კარდიოლოგიური დაავადებების გზამკვლევი - 11 ნოემბერს გამოჩნდება, მომდევნო ტომებს კი მკითხველი მომდევნო 7 თვის განმავლობაში იხილავს.