საქართველოს ისტორიის ოთხტომეულის ტირაჟი ხელმეორედ გამოიცემა - კვირის პალიტრა

საქართველოს ისტორიის ოთხტომეულის ტირაჟი ხელმეორედ გამოიცემა

ილია ჭავჭავაძე წერდა: "ერი, რომელსაც ახსოვს თავისის ერთიანის სულის წირვა, ეგ თავის დიდ-ბუნებოვანი კაცნი და დიდთა საქმეთა ამბავი, კეთდება, მხნევდება, ჰგულოვანდება და თავმოწონებულია ყველგან, ჭირია თუ ლხინი.“

სხვადასხვა წიგნსაცავში, მუზეუმში, სასახლესა თუ მის ნანგრევებში მოყოლილი, მიწაში დაფლული და შემდეგ აღმოჩენილი, ეკლესია-მონასტრებისა თუ ციხეების კედლებზე მიკვლეული წარწერები - ჩამონათვალი უსასრულოდ გრძელდება. ეს ჩვენი დამალული ისტორიაა. უცნობი ფაქტები, რომელთა შესახებაც გვსმენია, მაგრამ არ წაგვიკითხავს და არ დაგვიჯერებია ან არც გვსმენია და ვერც წარმოგვიდგენია.

ნათქვამია, რომ ადამიანი ვერ შეიცნობს საკუთარ თავს, თუ მან არ იცის თავისი ქვეყნის ისტორია. ისტორიული წარსულის ცოდნა განსაკურებით მნიშვნელოვანია ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა. მით უმეტეს, რომ თანამედროვე სამყაროში მთავარი საფრთხე ინფორმაციული ომია, რომელსაც სწორედ ფაქტების გაყალბებით ცდილობდა და დღემდე ცდილობს მტერი. სწორედ ამიტომ, ათმაგად აუცილებელია საქართველოს ყველა მოქალაქემ საფუძვლიანად იცოდეს თავისი ქვეყნის ისტორია და ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადამიანთან შეძლოს თავისი ქვეყნის პოლიტიკური სუვერენიტეტისა და იმ ფასეულობათა დაცვა, რომლებმაც ჩვენი ქვეყანა დღევანდელ დღემდე მოიყვანა.

საქართველოს ისტორიის უცნობი ფაქტების საზოგადოებისთვის გაცნობის მიზნით, 10 წლის წინ გამომცემლობა პალიტრა L-მა საქართველოს ისტორიის ოთხტომეული სპეციალური სასაჩუქრე ყუთით გამოსცა, რომელიც გამოცემის დღესვე სრულად გაიყიდა და დიდი ინტერესი გამოიწვია. მას შემდეგ იყო კიდევ რამდენიმე ტირაჟი, იყო უფრო ხელმისაწვდომი გამოცემაც "კვირის პალიტრასთან" ერთად, რომელმაც ათიათასობით ქართულ ოჯახში დაიკავა საპატიო ადგილი. გამოცემა, რომელმაც მოკლე ხანშივე დაიმსახურა მკითხველის ნდობა და სიმპათია, წელს განახლებული, გადამუშავებული და შევსებული სახით ბრუნდება.

საქართველოს ისტორიის ოთხტომეულს 13 ავტორი ჰყავს, რაც კიდევ უფრო ზრდის ნაშრომისადმი ნდობას და მისი ობიექტურობის გარანტია. ოთხტომეულის ავტორები არიან: მარიკა ლორთქიფანიძე, როინ მეტრეველი, ანდრია აფაქიძე, დავით მუსხელიშვილი, გიორგი მელიქიშვილი, ოთარ ჯაფარიძე, ნოდარ ასათიანი, გიორგი ოთხმეზური, მიხეილ სამსონაძე, გივი ჯამბურია, ალექსანდრე ბედიანაშვილი, ალექსანდრე დაუშვილი, მაყვალა ნათმელაძე - ადამიანები, რომლებმაც თავიანთი ცხოვრება ჩვენი ქვეყნის ისტორიის კვლევას მიუძღვნეს. ნაშრომი პოპულარული ენით არის დაწერილი და ერთნაირად საინტერესოა ყველა ასაკის ადამიანისთვის, რომლისთვისაც იტორიის ცოდნა მნიშვნელოვანია.

საქართველოს ისტორიის ოთხი ტომი - ეს არის ჩვენი ქვეყნის ისტორიის ყველა ეპოქა და ეპიზოდი უძველესი დროიდან დღემდე. გამოცემაში წაიკითხავთ დღევანდელი გადმოსახედიდან როგორ ფასდება ქართველი ლიდერების მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. ასევე დაგაინტერესებთ ინფორმაცია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის შესახებ.

"ჩვენი ჯგუფი მუშაობდა იმ აქცენტებზე, რაც დღეს ძალიან აქტუალურია და ეს საკითხები უფრო ღრმად, წყაროების მიხედვით არის გაშუქებული. მკითხველი გაიგებს, თუ როგორ აყალბებენ მეზობლები საქართველოს ისტორიას." - ალექსანდრე დაუშვილი, ისტორიკოსი.

საქართველოს ისტორიის ოთხტომეული არის გამოცემა, რომელიც ყველა ქართველის ოჯახში უნდა იყოს, როგორც ნიშანი და სიმბოლო იმისა, რომ ჩვენ ვიცით, საიდან მოვდივართ.