რომელ "დაკარგულ ათასებს" ეძებს ჯანდაცვის სამინისტრო?!
რომელ "დაკარგულ ათასებს" ეძებს ჯანდაცვის სამინისტრო?!
ფოტო:ეკა ადამია
"შეიძლება ვთქვათ, რომ "დაკარგული ათასებიდან" კიდევ 1453 პაციენტის პოვნა და მათთვის მკურნალობა შევძელით"- ასე აფასებს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ქვეპროექტის, მიდევნების პროგრამის შედეგებს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის პროგრამების სამმართველოს უფროსი ეკა ადამია.

მსოფლიოში 70 მილიონზე მეტ ადამიანს აქვს ქრონიკული C ჰეპატიტ ინფექცია, მათგან ყოველწლიურად 399 000 ადამიანი ამ დაავადებით იღუპება. ვიდრე ერთი ადამიანიც კი იქნება აღნიშნული ვირუსის მატარებელი, დაავადების გავრცელების საფრთხე მუდმივად იარსებებს, რადგან ვირუსის ერთადერთი რეზერვუარი ადამიანია. ამიტომაც
მიმდინარე წლის ჰეპატიტის მსოფლიო დღის მთავარი თემა იყო "ვიპოვოთ დაკარგული მილიიონები". რაც იმას ნიშნავს, რომ გამოვლინდეს რაც შეიძლება მეტი დაინფიცირებული ადამიანი და შესაძლებელი გახდეს დაავადების მართვა. საქართველო იზიარებს ამ დევიზს და ეძებს საკუთარ დაკარგულ ათასებს, ანუ იმ ხალხს, რომელმაც იცის, ან არ იცის, რომ ვირუსი
აქვს და საჭიროებს მკურნალობას.

საქართველო C ჰეპატიტის მაღალი გავრცელების ქვეყანაა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა მიერ, აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრთან თანამშრომლობით, 2015 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, ქრონიკული C ჰეპატიტი აქვს საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის 5.4%-ს, ანუ 150 ათასამდე ადამიანს. ინფიცირებულ ადამიანთა დაახლოებით 70%-ს სიმპტომები არ უვლინდება, შესაბამისად, კვლევის მომენტში გამოკვლეულთა უმრავლესობამ არ იცოდა ინფიცირების შესახებ.

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის დაწყებიდან დღემდე სკრინინგი გაიარა მილიონნახევარზე მეტმა ადამიანმა. 60 000 ჩაერთო მკურნალობაში, მათგან 98.27% განიკურნა. სკრინინგი ჩასატარებელი აქვს მილიონსამასამდე ადამიანს, რომელთაგან ის "დაკარგული" ათასობით ადამიანი უნდა გამოვლინდეს, რომელთაც არ იციან, რომ აქტიური ინფექციის მატარებლები არიან.

C ჰეპატიტთან ბრძოლის მიმართულებით, საქართველო გამორჩეულია, რადგან ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ინფიცირებული ადამიანების აქტიური იდენტიფიცირება ხდება და დაავადების სამკურნალო უახლესი თაობის მედიკამენტებით უფასოდ მკურნალობენ. ქვეყანაში მოქმედი C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ანალოგი მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ განხორცილებულა.

სკრინინგი რომ მოქალაქეებისთვის უფრო ხელმისაწვდომი რომ გამხდარიყო, მიმდინარე წლის ზაფხულიდან, C ჰეპატიტის სწრაფი ტესტით გამოკვლევა უკვე მთელი საქართველოს მასშტაბით შეიძლება. მიუხედავად ამისა, მოქალაქეების დიდი ნაწილი ჯერ კიდევ ფიქრობს, რომ მას არ შეიძლება ჰქონდეს C ჰეპატიტი და სწრაფი ტესტით სკრინინგის გავლასაც არ ჩქარობენ, არადა, დაავადება იმდენად ვერაგია, რომ შესაძლოა, ორი ათეული წელიც კი უსიმპტომოდ მოქმედებდეს ჩვენს ორგანიზმში, მაგრამ თავს ძალიან სავალალო ფორმით, ციროზის ან ღვიძლის კიბოს თანხლებით იჩენს.

"რამდენიმე ათეულ ათას ადამიანს, რომელთაც სხვადასხვა პირობებში ჩაუტარდა სწრაფი ტესტით სკრინინგი, სისხლში C ჰეპატიტის საწინააღმდეგო ანტისხეულები დაუფიქსირდათ (რაც უპირობოდ ინფექციის ქონას არ ნიშნავს), შემდგომი ღრმა კვლევისთვის არ მიუმართავთ ან თუ მიმართეს და აქტიური ინფექცია დაუდგინდათ, მკურნალობის პროგრამაში არ ჩაერთვნენ. ასეთი პაციენტების სამართავად, ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით შეიქმნა მიდევნების ქვეპროგრამა, რომელიც სოციალური მომსახურების სააგენტოსა და დაავადების კონტროლის ეროვნულ ცენტრის თანამშრომლობით ცდილობს ამ ადამიანებთან დაკავშირებას, მათთვის ინფორმაციის მიწოდებას და მოწოდებას, რომ ჩაერთონ უფასო მკურნალობის პროგრამაში და ასე დაიცვან არამხოლოდო საკუთარი, ოჯახის წევრების ჯანმრთელობაც.

გასული წლის ნოემბრიდან მიმდინარე წლის 10 სექტემბრამდე პერიოდში შესწავლილია 6 მონაცემთა ბაზა, რომელთა საფუძველზე 29 000 მოქალაქეს, დაუკავშირდნენ. აღმოჩნდა, რომ 8700 უკვე ჩართული იყო მკურნალობაში, დაახლოებით 9000-ს ვერ დაუკავშირდნენ, ტელეფონი გამორთულია, არ პასუხობს, ან ბაზაში ჩანიშნული ნომერი აღარ არსებობს. სატელეფონო ინტერვიუ განხორციელდა 10000 ადამიანთან, მათ შორის იყვნენ ისეთები, ვისაც დადასტურებულად აქტიური ინფექცია ჰქონდა. სახელმწიფოს და არავის არ აქვს კვლევაზე ან მკურნალობაზე ძალდატანების უფლება. პაციენტს ფსიქოლოგებისგან მკაცრად შემუშავებული ტექსტით ვეკონტაქტებით, სრულ ინფორმაციას ვაწვდით სწორად დასაკვალიანებლად. მთავარი მიზანია, პაციენტი არ დაფრთხეს. იმისათვის, რომ პაციენტებთან უფრო ეფექტური გამოვიდეს დაყოლიების პროგრამა, ეს საკთხიამ საქმეში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მიმწოდებელi კლინიკებსიც ჩავრთეთგადაეცათ. მათ მეტი პაციენტის მოზიდვის მოტივაცია და პაციენტებთან ურთიერთობის მეტი გამოცდილებაც აქვთ.

ამ საქმეში პროცესში ჩართული გვყავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი, რათა ყველა ფაქტორი ზედმიწევნით დავიცვათ." - განაცხადა ეკა ადამიამ.

ეკა ლომიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით,  მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?