საქართველოს ისტორიის ოთხტომეული - შევსებული, განახლებული და გადამუშავებული ბრუნდება - კვირის პალიტრა

საქართველოს ისტორიის ოთხტომეული - შევსებული, განახლებული და გადამუშავებული ბრუნდება

ილია ჭავჭავაძე წერდა: "ერი, რომელსაც ახსოვს თავისის ერთიანის სულის წირვა, ეგ თავის დიდ-ბუნებოვანი კაცნი და დიდთა საქმეთა ამბავი, კეთდება, მხნევდება, ჰგულოვანდება და თავმოწონებულია ყველგან, ჭირია თუ ლხინი".

სხვადასხვა წიგნსაცავში, მუზეუმში, სასახლესა თუ მის ნანგრევებში მოყოლილი, მიწაში დაფლული და შემდეგ აღმოჩენილი, ეკლესია-მონასტრებისა თუ ციხეების კედლებზე მიკვლეული წარწერები - ჩამონათვალი უსასრულოდ გრძელდება. ეს ჩვენი დამალული ისტორიაა. უცნობი ფაქტები, რომელთა შესახებაც გვსმენია, მაგრამ არ წაგვიკითხავს და არ დაგვიჯერებია ან არც გვსმენია და ვერც წარმოგვიდგენია.

ნათქვამია, რომ ადამიანი ვერ შეიცნობს საკუთარ თავს, თუ მან არ იცის თავისი ქვეყნის ისტორია. ისტორიული წარსულის ცოდნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა. მით უმეტეს, რომ თანამედროვე სამყაროში მთავარი საფრთხე ინფორმაციული ომია, რომელსაც სწორედ ფაქტების გაყალბებით ცდილობდა და დღემდე ცდილობს მტერი. სწორედ ამიტომ, ათმაგად აუცილებელია საქართველოს ყველა მოქალაქემ საფუძვლიანად იცოდეს თავისი ქვეყნის ისტორია და ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადამიანთან შეძლოს თავისი ქვეყნის პოლიტიკური სუვერენიტეტისა და იმ ფასეულობათა დაცვა, რომლებმაც ჩვენი ქვეყანა დღევანდელ დღემდე მოიყვანა.

საქართველოს ისტორიის უცნობი ფაქტების საზოგადოებისთვის გაცნობის მიზნით, 10 წლის წინ გამომცემლობა "პალიტრა L"-მა საქართველოს ისტორიის ოთხტომეული სპეციალური სასაჩუქრე ყუთით გამოსცა, რომელიც გამოცემის დღესვე სრულად გაიყიდა და დიდი ინტერესი გამოიწვია. მას შემდეგ იყო კიდევ რამდენიმე ტირაჟი, იყო უფრო ხელმისაწვდომი გამოცემაც "კვირის პალიტრასთან" ერთად, რომელმაც ათიათასობით ქართულ ოჯახში დაიკავა საპატიო ადგილი.

გამოცემა, რომელმაც მოკლე ხანშივე დაიმსახურა მკითხველის ნდობა და სიმპათია, წელს განახლებული, გადამუშავებული და შევსებული სახით ბრუნდება.

განახლებული გამოცემის შედგენაზე კვლავ აქტიურად იმუშავეს თანამედროვეობის ყველაზე ცნობილმა მკვლევრებმა, რომლებმაც საქართველოს ისტორიის პირველი ოთხტომეული შეადგინეს. ოთხტომეული განკუთვნილია ნებისმიერი მკითხველისთვის, რომელსაც საქართველოს ისტორიის ცოდნა სურს.

გამოცემის შესახებ გამომცემლობა "პალიტრა L"-ის მთავარი რედაქტორი მაია ალუდაური გვესაუბრება:

- ამ პროექტის მკითხველთან დაბრუნება იმ ეპოქალურმა მოვლენებმა განაპირობა, რაც პირველი გამოცემიდან დღემდე 10 წლის განმავლობაში ხდებოდა. მათ განაპირობეს გამოცემის ხელახლა შევსება და განახლება. მხოლოდ პროფესიონალი მკვლევრები თუ აიღებენ პასუხისმგებლობას იმ მოვლენების ობიექტურ ისტორიულ შეფასებაზე, მანამდე კი, ვფიქრობ, აუცილებლად უნდა გავიხსენოთ, როგორ მზადდებოდა 10 წლის წინ საქართველოს ისტორიის ოთხტომეულის ის გამოცემა, რომელმაც მკითხველში არნახული პოპულარობა მოიპოვა.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ პირველი კრებულის შესახებ იმ ჯგუფის წარმომადგენლებისგან შევიტყვეთ, რომლებიც მის შედგენაზე მუშაობდნენ - ცნობილი მკვლევარ-ისტორიკოსების ნაშრომი თაროზე იდო და გამოცემა ვერ ხერხდებოდა. მასში მოყვანილი იყო საქართველოს ისტორიის ის უცნობი ფაქტები, რომელთა შესახებ საზოგადოებამ არაფერი იცოდა, მეტიც, ჩვენი ქვეყნის ისტორიის იმ ათეული წლების მოვლენები, რომელთა ისტორიული შეფასება პრაქტიკულად არ არსებობდა, არ არსებობდა მათი შეფასება, ვინც ისტორია უნდა შეაფასონ - პროფესიონალების, მკვლევარ-ისტორიკოსების. შორს წაგვიყვანს მათი ჩამოთვლა, თუმცა მაინც ვიტყვი, რომ მათ შორის იყვნენ ქალბატონი მარიკა ლორთქიფანიძე, ბატონი ნოდარ ასათიანი, ბატონი როინ მეტრეველი, ალექსანდრე დაუშვილი... მოკლედ ეს ნაშრომი იმდენად საჭირო იყო საზოგადოებისთვის, შეუძლებელი იყო მის გამოცემაზე არ გვეფიქრა. საკუთარი ისტორიის გარეშე ხომ ვერანაირი საზოგადოება ვერ შედგება.

- ბედნიერებადაც შეიძლება ჩაითვალოს, რომ ამ ადამიანებს საქართველოს ისტორიის უცნობი ფაქტების გამომზეურების შესაძლებლობა მიეცათ. ცნობილია, რამდენადაც სასახელო იყო ისტორიული მოვლენა, იმდენად კრძალავდა საბჭოთა ცენზურა მის გახმაურებას. - როგორც აღმოჩნდა, ამ თემებზე, ახალი ისტორიის დაწერაზე, წლების განმავლობაში მუშაობდნენ. არ არსებობდა სამეცნიერო დონეზე გამოცემული საქართველოს უახლესი და ურთულესი ისტორია. მოკლედ, 10 წლის წინ ამ კრებულის გამოცემას მკითხველის მართლაც გასაოცარი დაინტერესება მოჰყვა - ყველამ ვიცით, როგორი დამოკიდებულება აქვს ჩვენს საზოგადოებას საკუთარი ისტორიისადმი, მაგრამ ამ ოთხტომეულის გაცნობის შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა - ჩვენს ხალხს არ ულხინს, მაგრამ პროექტის სასაჩუქრე გამოცემა, ფაქტობრივად, 2-3 დღეში გაქრა. შემდგომ ეს პროექტი უკვე იმ მკითხველის ინტერესის გათვალისწინებით გამოვეცით, რომელმაც სასაჩუქრე გამოცემა ვერ შეიძინა, ამჯერად სასაჩუქრე სერვისის გარეშე.

ეს იყო 10 წლის წინ, ამ 10 წელიწადში კი ჩვენი ისტორია ისე თავბრუდამხვევად განვითარდა, კვლავ გაჩნდა საჭიროება, რომ პროფესიონალების თვალით დანახული მიგვეწოდებინა მკითხველისთვის. ამ 10 წლის მოვლენების შეფასება რომ აუცილებელია, ამაში იმ პროფესიონალებთან შეხვედრამაც დაგვარწმუნა, რომლებიც საქართველოს ისტორიის პირველ ოთხტომეულზე მუშაობდნენ. ისინი უკვე ინტენსიურად წერდნენ ბოლო 10-წლეულის ისტორიას: თუ როგორ აყალბებდნენ საქართველოს ისტორიას მეზობელი ქვეყნები, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა, ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების ზუსტი ისტორია, საერთაშორისო ქართული პოლიტიკა, ქართველ ლიდერთა გადაწყვეტილებები თუ ბოლოდროინდელი სამეცნიერო აღმოჩენები - ყოველივე ამით ფასდება ისტორია და საზოგადოებამ ის უნდა იცოდეს. გარდა ამისა, მოიპოვეს არაერთი ისტორიული დოკუმენტი, რომელთაც განახლებულ კრებულში შევთავაზებთ მკითხველს.

- დარწმუნებული ვარ, საქართველოს ისტორიის ოთხტომეულის ახალი გამოცემა ისეთივე პოპულარობით ისარგებლებს, როგორითაც 10 წლის წინანდელი. ის ხომ იმავე პროფესიონალების ნამუშევარია, რომლებმაც წინა გამოცემაზე იმუშავეს. - განსაკუთრებულად მინდა გამოვყო პროფესიონალიზმი - მათ აქვთ ის დაუშრეტელი ცოდნა და პასუხისმგებლობა, რაც არა მარტო უნდა გამოვიყენოთ, არამედ უნდა ვიამაყოთ კიდეც. სამწუხაროდ, ამ ჯგუფს ქალბატონი მარიკა ლორთქიფანიძე გამოაკლდა და ამჯერად ბატონი როინ მეტრეველი უხელმძღვანელებს.

ძალიან მალე გამოვა კრებულის პირველი ტომი, რომლის თითქმის მთელი თავი სრულად განახლებული და შევსებულია. ამ ტომში შევიდა ბოლო ათწლეულში თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით გაკეთებული უამრავი უმნიშვნელოვანესი არქეოლოგიური აღმოჩენა.

აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ გამოცემა სამეცნიერო-პოპულარული ენით არის შედგენილი და მას სიამოვნებით წაიკითხავს ნებისმიერი, ვისაც აინტერესებს საკუთარი ქვეყნის ისტორია და არა მხოლოდ - სურს თავისი ისტორია დაიცვას ნებისმიერ გარემოში, სადაც მის გაყალბებას შეეცდებიან.