"ჰარვარდის სამედიცინო გზამკვლევი მთელი ოჯახისთვის" - კვირის პალიტრა

"ჰარვარდის სამედიცინო გზამკვლევი მთელი ოჯახისთვის"

როგორ ამოვიცნოთ გულის დაავადებები? - "ჰარვარდის სამედიცინო გზამკვლევი მთელი ოჯახისთვის" უკვე საქართველოშია!

11 ნოემბერს მკითხველი გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად უნიკალური პროექტის "ჰარვარდის სამედიცინო გზამკვლევი მთელი ოჯახისთვის" 8-ტომეულის პირველ ტომს მიიღებს. ეს არის აშშ-სა და ევროპაში საყოველთაოდ აღიარებული სამედიცინო გამოცემა, რომელიც დაავადების შესწავლასა და მართვაში გვეხმარება. სწორედ დაავადების დეტალურად შესწავლაა იმის გარანტია, რომ ჩვენი ჯანმრთელობის ყველა პრობლემა ექიმთან ვიზიტის შემდეგ გადავლახოთ და ვმართოთ, ყური მივუგდოთ ჩვენი ორგანიზმის ნებისმიერ პრობლემას.

გამომცემლობა "პალიტრა L"-ის გადაწყვეტილებით, მედიცინის ამ უნიკალურმა გზამკვლევმა საქართველოში გამოცემის წინ ქართველი ექიმებისა და კონსულტანტების შეფასებაც გაიარა, რაც იმის გარანტიაა, რომ მოსახლეობა 100%-ით ზუსტ სამედიცინო ინფორმაციას მიიღებს. მართალია, დაავადებებსა და მათ გამომწვევ მიზეზებზე ინფორმაცია დღეს ძალზე ადვილად მიიღება ციფრული ტექნოლოგიებით, მაგრამ ამავე დროს, არასწორი ინფორმაციის რისკიც დიდია, რაც საბოლოოდ ჩვენს ჯანმრთელობაზე აისახება. სწორედ ამიტომაც არის აუცილებელი სამედიცინო ინფორმაციის სანდო წყაროთი შესწავლა.

როგორც გამომცემლობა "პალიტრა L"-ში აღნიშნავენ, ისეთი პოპულარული სამედიცინო, მაგრამ მარტივი ენით დაწერილი სახელმძღვანელო, როგორიც "ჰარვარდის სამედიცინო გზამკვლევია", ნებისმიერ ადამიანს დაეხმარება ჯანმრთელობის პრობლემების პირველად და სწორად გააზრებასა და განხილვაში. მიუხედავად იმისა, რომ სამედიცინო თემაზე გამომცემლობაში არაერთი საინტერესო სახელმძღვანელოა გამოცემული, აღნიშნული პროექტი ყველაზე ინფორმაციულია, მათ შორის გულის დაავადებების შესახებ, რომელსაც I ტომი ეძღვნება. გული ხომ სასიცოცხლო მნიშვნელობით მეორე ორგანოა, რომელიც ფუნქციებით მხოლოდ ორგანიზმის უმაღლეს მაკონტროლებელს - თავის ტვინს ჩამოუვარდება. გულ-სისხლძარღვთა დაავადებებმა დღემდე გაცილებით მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ვიდრე კაცობრიობის ისტორიაში მომხდარმა ყველა ომმა ერთად. სწორედ ამიტომაც არის საჭირო, ჩვენი გულის მუშაობის ყველა ნიუანსზე სწორი და 100%-ით დაზუსტებული ინფორმაცია ვიცოდეთ, რასაც დღეს მსოფლიო მედიცინის ყველაზე წარმატებული სკოლა - ჰარვარდი გვთავაზობს და რაც დღეს უკვე ჩვენ წინაშეა გამომცემლობა "პალიტრა L"-ის 8-ტომეულის სახით. ვიცოდეთ, გავითვალისწინოთ და გადავარჩინოთ!

ევროპის კარდიოქირურგთა ასოციაციის წევრი, კარდიოქირურგი ლევან ქარაზანიშვილი "ჰარვარდის სამედიცინო გზამკვლევს" მაღალ შეფასებას აძლევს: "იმისთვის, რომ კარდიოლოგიურ პრობლემებსა და პრევენციის გზებზე წარმოდგენა შეგვექმნას, სულაც არ არის აუცილებელი სამედიცინო განათლება გვქონდეს. ჰარვარდის მედიცინის სკოლის მიერ შემუშავებული ეს პრაქტიკული სახელმძღვანელო აღწერს გულ-სისხლძარღვთა ყველაზე გავრცელებულ პათოლოგიებს. სახელმძღვანელოდან შეიტყობთ შუნტირების თანამედროვე მეთოდის - სრული არტერიული შუნტირების შესახებაც, რომელსაც ჩემი, ლევან ქარაზანიშვილის კარდიოქირურგიული გუნდი წლებია წარმატებით იყენებს საქართველოსა და ევროპის წამყვან კლინიკებში."

"ჰარვარდის სამედიცინო გზამკვლევის" ჩვენს ქვეყანაში გამოცემას საინტერესო ისტორია აქვს: გამომცემლობა "პალიტრა L"-ის დირექტორის, თინათინ ასათიანის თქმით, აშშ-სა და ევროპაში უკვე პოპულარული გამოცემა მან ფრანკფურტის მსოფლიო წიგნის ბაზრობაზე აღმოაჩინა:

"მოხარული ვარ, რომ ფრანკფურტის საერთაშორისო წიგნის ბაზრობაზე აღმოვაჩინე გამოცემა, რომელიც ადამიანებს ყველაზე სასიცოცხლო პრობლემის შესწავლაში დაეხმარება. აშშ-ში ეს წიგნი უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს, ევროპაში გამოცემა დიდი ტირაჟებით იბეჭდება და არაერთ ენაზეა თარგმნილი, მათ შორის იტალიურად, ესპანურად და პორტუგალიურადაც კი.

ამ სამედიცინო წიგნების თარგმნასა და ლიცენზიის მოპოვებას ძალიან დიდი დრო დასჭირდა. ასევე საჭირო იყო ჰარვარდის უნივერსიტეტის ლიცენზია გამოცემის ლოგოსა და სახელის გამოყენებისთვის. თუმცა კიდევ დიდი სამუშაო ჩავატარეთ - გამოცემის დაწყებამდე გავაკეთეთ სანიმუშო თარგმანები, გავაცანით ექიმებს, ჩავრთეთ სხვადასხვა სფეროს კონსულტანტები და მათ შეფასებებზე დაყრდნობით გადავწყვიტეთ, რომ სერია დაგვებეჭდა. ჩვენი მკითხველი ამ გამოცემის საშუალებით უზრუნველყოფილი იქნება 100%-ით დაზუსტებული სამედიცინო ინფორმაციით.

ამ ეტაპზე შევარჩიეთ 8 დასახელება, რომლებიც მოიცავს მსოფლიოსა და მათ შორის საქართველოში ყველაზე გავრცელებულ სამედიცინო პრობლემებს. მათ შორის: გულის, წნევის, დეპრესიის, დიაბეტის, წონის კლების, საკვებისადმი მგრძნობელობის, ალერგიების, ფობიების და ა. შ."

მკითხველისათვის კიდევ ერთი სასიამოვნო ინფორმაცია: პროექტის პირველი ტომის გამოსვლისთანავე, 12 ნოემბერს, 19:00 საათზე, "ბრიმ თბილისში" (მ. აბდუშელიშვილის ქუჩა 12-14) კარდიოქირურგ ლევან ქარაზანიშვილის ლექცია და "ჰარვარდის სამედიცინო გზამკვლევის" პირველი ტომის "გულის პრობლემები" წარდგენა გაიმართება. ცნობილი კარდიოქირურგი აუდიტორიისთვის გულისმიერ ჩივილებზე, პრევენციის გზებზე, გულის დაავადებების თავიდან აცილებასა და შუნტირებაზე ისაუბრებს.