აჭარის რეკლამა Expedia-ზე იწყება - კვირის პალიტრა

აჭარის რეკლამა Expedia-ზე იწყება

აჭარის რეკლამა პოპულარულ, სამოგზაურო დაჯავშნის პორტალზე Expedia.com იწყება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ინფორმაციით, რეგიონის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენას პორტალზე, რომელსაც ყოველთვიურად 675 მილიონი ვიზიტორი ჰყავს ბრიტანეთსა და გერმანიაში გეგმავს. გარდა ამისა, ბათუმში დასვენების მოწოდებითა და საიმიჯო ფოტოთი დაიბრენდება ავიაკომპანია WIZZ AIR-ის ჩასხდომის ბარათები, რომელსაც მგზავრები გერმანიისა და უკრაინის მიმართულებებზე გაეცნობიან.

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია რეგიონის პოპულარიზაცია მოვახდინოთ უშუალოდ სამოგზაურო პლატფორმებზე. სწორედ, ამიტომ შემოდგომა-ზამთრის კამპანიისთვის ავირჩიეთ ისეთი მასშტაბური პლატფორმა, როგორიცაა ექსპედია, სადაც მოხდება ჩვენი რეგიონის, როგორც საინტერესო და ახალი ტურისტული მიმართულების რეკლამირება. Expedia.com-ზე შეიქმნება აჭარის ტურისტული პროდუქტებისა და პოტენციალის ამსახველი სპეციალური გვერდი, რაც ხელს შეუწყობს ჩვენის ქვეყნისა და რეგიონის ტურისტული შესაძლებლობების წარმოჩენას მსოფლიო მასშტაბით. გარდა ამისა, წელს უკვე მეორედ, რეკლამა ვიწყებთ ავიაკომპანია WIZZ AIR-ის მგზავრებისთვის და მოვუწოდებთ მათ შემდეგი არდადეგები ევროპის, სწრაფად მზარდ ტურისტულ ქალაქში - ბათუმში გაატარონ," განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძემ.

ამ ეტაპზე, აჭარის ტურისტული პროდუქტებისა და შესაძლებლობების პოპულარიზაცია ესტონეთში, ლატვიაში, პოლონეთსა და ბელარუსში მიმდინარეობს, თუმცა გარე, ონლაინ და სატელევიზიო რეკლამების მეშვეობით რეგიონის პოზიციონირება 16 სამიზნე ქვეყანაში გაზაფხულზე დაიწყო. მათ შორის წელს პირველად, რეგიონის საიმიჯო ვიდეორგოლებს BBC-ის, Deutsche Welle-სა და ევრონიუსთან ერთად NNational Geographic-ისა და Travel Channel-ის მილიონობით მაყურებელი გაეცნო.

(R)