მთიანმა აჭარამ და სამზარეულომ ლვოველების ყურადღება მიიქცია - კვირის პალიტრა

მთიანმა აჭარამ და სამზარეულომ ლვოველების ყურადღება მიიქცია

აჭარის ტურისტულ და საინვესტიციო პოტენციალს ლვოვში, საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე გაეცნენ. ღონისძიებაზე, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის 400-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტულ პროდუქტებზე, მიმდინარე ეკონომიკურ და საინვესტიციო პროექტებზე წარადგინა პრეზენტაცია.

პარალელურად, აჭარის ტურისტულმა შესაძლებლობებმა ლვოვის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე მიიქცია ვიზიტორების ყურადღება. გამოფენაზე, სადაც დეპარტამენტი დამოუკიდებელი სტენდით იყო წარმოდგენილი, სტუმრების განსაკუთრებული ინტერესი ქართულმა სამზარეულომ და მთიანი აჭარის ტურისტულმა პროდუქტებმა გამოიწვია. აჭარის სტენდთან ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ რეგიონის საიმიჯო ვიდეორგოლებსა და სარეკლამო-საპრომოციო მასალებს გასცნობოდნენ, ამასთანავე დეტალური ინფორმაცია მიეღოთ აჭარაში მოგზაურობის შესახებ.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის პოპულარიზაციას საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებსა და ღონისძიებებზე წლის ბოლომდე გააგრძელებს. ჯამში, 2019 წელს რეგიონის ტურისტულ პროდუქტების პოპულარიზაცია 27 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე განხორციელდება.