ჭვანის ხეობის მუსიკალურ საღამოს ბათუმმა უმასპინძლა - კვირის პალიტრა

ჭვანის ხეობის მუსიკალურ საღამოს ბათუმმა უმასპინძლა

ბათუმის მუსიკალურმა ცენტრმა ჭვანის ხეობის ფოლკლორულ საღამოს "ჭვანა - ერთი ხეობის ფოლკლორი" უმასპინძლა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ცნობით, გამოფენა-კონცერტზე, 1930-იან, 50-იან და 70-იან წლებში ჭვანის მუსიკალურ ხეობაში ჩაწერილი ტრადიციული, მრავალხმიანი სიმღერები გაცოცხლდა.

"ღონისძიება ჭვანის ხეობის ტურისტული განვითარების კონცეფციის პრეზენტაციით გაიხსნა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი თავმჯდომარემ საზოგადოებას ხეობაში ტურისტული ზონის განვითარების გეგმა გააცნო, რაც ხაბელაშვილების თაღოვანი ხიდის მიმდებარე ტერიტორიიდან წისქვილების სოფლამდე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობასა და ტურისტული მიზიდულობის ცენტრის შექმნას ითვალისწინებს.

ღონისძიებაზე სტუმრებს საშუალება ჰქონდათ მუსიკალური ცენტრის ფოიეში გამოფენილი ჭვანის ხეობის ისტორიისა და ყოფა-ცხოვრების ამსახველი ექსპონატები დაეთვალიერებინათ. კონცერტი, რომელზეც საზოგადოებამ ხეობაში აღდგენილი, ტრადიციული ზეპირსიტყვიერების, ცეკვისა და ინსტრუმენტული მუსიკის ნიმუშები იხილა, საპატიო ჭვანელისა და საპატიო შუახეველის დაჯილდოებით დასრულდა. საპატიო ჭვანელის ტიტული ჭვანის ანსამბლის ხელმძღვანელ ტარიელ ბოლქვაძეს გადაეცა, რომელმაც ანსამბლისთვის 10,000 ლარიანი დაფინანსება აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან მიიღო. საპატიო შუახეველის ტიტული კი ნოდარ ქათამაძემ მიიღო. საღამო "გიორგი გარაყანიძის სახელობის ბათუმის ფოლკლორული და სასულიერო მუსიკის XIV საერთაშორისო ფესტივალი"-ს ფარგლებში ჩატარდა", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

(R)