აღმოჩენებით გამდიდრებული I ტომი - საქართველოს ისტორიის ოთხტომეული ბრუნდება - კვირის პალიტრა

აღმოჩენებით გამდიდრებული I ტომი - საქართველოს ისტორიის ოთხტომეული ბრუნდება

"გამომცემლობა "პალიტრა L"-მა, ისევე როგორც წინა გამოცემის დროს, დაინახა შევსებული კრებულის გამოცემის აუცილებლობა"

ერი, რომელმაც საკუთარი ისტორია იცის, "კეთდება, მხნევდება, ჰგულოვანდება და თავმოწონებულია ყველგან, ჭირია თუ ლხინი... ერმა, რომელსაც ისტორია ჰქონდა და დაუვიწყნია, მაშასადამე, არც ის იცის, რა არის, რა გაიმაგროს, რისთვის გაიწიროს თავი, რას გამოესარჩლოს და რას არა!" - ილია ჭავჭავაძის ამ უკვდავ სიტყვებს არასოდეს გაუვა ყავლი - ჩვენს გადარჩენაში ხომ საკუთარი ისტორიის ცოდნასა და დაცვას უმნიშვნელოვანესი როლი ჰქონდა. თუ არა ეს, ჩვენსავით უძველესი არაერთი ერი გამქრალა ისტორიის წიაღიდან. სწორედ ამის გაცნობიერებით გამოსცა 10 წლის წინ გამომცემლობა "პალიტრა L"-მა "საქართველოს ისტორიის ოთხტომეული". მის შედგენაზე ისეთმა მაღალკვალიფიციურმა და ცნობილმა ისტორიკოსებმა იმუშავეს, რომელთა სახელი კარგად არის ცნობილი საზოგადოებისთვის. შესაბამისად, უპრეცედენტო იყო მკითხველის მოთხოვნაც - სულ რამდენიმე დღეში დახლებიდან გაქრა კრებულის ძვირად ღირებული სასაჩუქრე გამოცემა, შემდგომ კი მომდევნო გამოცემებიც. ეს კი იმის მაჩვენებელი იყო, რომ ქართველი ერი სწორად აფასებს საკუთარი ისტორიის მნიშვნელობას - მხოლოდ ობიექტური ისტორიით შეიძლება ინფორმაციული ომის მოგერიება, რომლითაც მტერი ჩვენი ტერიტორიების მითვისებას თუ ჩვენი იდენტობის გაქრობას ცდილობს. თუმცა აღნიშნული გამოცემიდან დღემდე ქართველი ერის ცხოვრებაში მოხდა უმნიშვნელოვანესი ფაქტები, რომლებიც აუცილებლად უნდა შესულიყო ჩვენს ისტორიაში - სხვანაირად ობიექტური ისტორია ვერ დაიწერება, ეს ხომ დინამიკური პროცესია.

გამომცემლობა "პალიტრა L"-ი კვლავ შეეჭიდა ამ საშურ საქმეს და იმავე მეცნიერებმა, რომლებმაც წინა გამოცემაზე იმუშავეს, შეავსეს, გადაამუშავეს და გაამდიდრეს 10 წლის წინ გამოცემული საქართველოს ისტორიის ოთხტომეული. მათ შორის მნიშვნელოვნად შევსებული და განახლებულია I ტომი, რომელიც 2 დეკემბერს გამოვა და იმ ისტორიული მოვლენების ანალიზს შეიცავს, რის გამოც ბოლო ათწლეულში მსოფლიოს ყურადღებას ვიმსახურებდით.

ალექსანდრე დაუშვილი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი:

- უპირველესად მინდა აღვნიშნო საქართველოს ისტორიის 4-ტომეულის შევსებისა და განახლების აუცილებლობა. ბოლო 10 წელიწადში ჩვენი ერის ცხოვრებაში იყო მოვლენები, რომლებიც აუცილებლად უნდა იქცეს ობიექტური ისტორიის საკუთრებად. სწორედ ობიექტური ისტორიაა ის საფუძველი, რომელიც იდენტობას შეგვანარჩუნებინებს, და არა ფსევდოპატრიოტიზმი.

ისტორია არის დინამიკა და ისტორიკოსები მას თვალს ვადევნებდით, ვმუშაობდით და უკვე განახლებულ კრებულშიც შევიტანეთ. სასიხარულოა და ქვეყნისთვის სასარგებლო, როცა გამომცემლობა "პალიტრა L"-მაც, ისევე როგორც წინა გამოცემის დროს, დაინახა შევსებული კრებულის გამოცემის აუცილებლობა. მაგალითად, I ტომში Aშეტანილია ის მეცნიერული აღმოჩენებიც, რომლებიც თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით გამომზეურდა, კერძოდ, ქვის ხანიდან მოყოლებული და შემდგომი დროის უამრავი უმნიშვნელოვანესი ნამოსახლარი. კრებულის სარედაქციო ჯგუფმა სთხოვა ისტორიკოს ნიკოლოზ თუშაბრამიშვილს, რომელმაც აკადემიკოს ოთარ ჯაფარიძესთან ერთად I ტომი ამ აღმოჩენების აღწერით ძალზე გაამდიდრა და შეავსო.

უმნიშვნელოვანესი სიახლეებია ქართველთა ეთნოგენეზის ისტორიის თვალსაზრისითაც - ჩვენი ერის ისტორია უამრავ ათასწლეულს ითვლის, რომელზეც ჩვენი ანთროპოლოგები ამერიკელ მეცნიერებთან ერთად მუშაობენ. სწორედ ამერიკელი მეცნიერების დამსახურებაც არის, რომ საქართველო ღვინის სამშობლოდ არის აღიარებული. ჩვენ ეს ისედაც ვიცოდით, მაგრამ როცა მსოფლიოს მოწინავე სამეცნიერო სკოლა გაღიარებს, სხვაა. I ტომშივე შევიდა ახალი აღმოჩენები და ცვლილებები ანტიკური პერიოდის ისტორიაშიც, რაზეც აკადემიკოსმა დავით მუსხელიშვილმა იმუშავა.

- ამას დავამატოთ ისიც, რომ ბოლო წლებში ჩვენი ისტორიული მიწა-წყლის მოდავეები უფრო გააქტიურდნენ. რუსეთის პრეზიდენტმა ჩვენი ისტორიული აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დამპყრობლობაც კი დაგვაბრალა, თან დასძინა, ეს ტერიტორიები რუსებმა გავათავისუფლეთო. ამასობაში მომავალი თაობის უდიდეს ნაწილს წარმოდგენაც არა აქვს აფხაზეთის ან სამაჩაბლოს ისტორიაზე. - ამიტომაც წერდა ილია ჭავჭავაძე, ერის დაცემა და გაქრობა სწორედ ისტორიის მივიწყებით იწყებაო. ობიექტური ისტორიის ცოდნა იმიტომაც არის საჭირო, რომ მტრისგან თავი სწორედ მისი საშუალებით დაიცვა. მტერი დღეს ინფორმაციული ომით, მედიით ცდილობს ჩვენი ისტორიის გაყალბებას და იმ მიწა-წყლის წართმევას, რაც კიდევ შეგვრჩენია. ამის საშუალება არ უნდა მივცეთ, ჩვენი ისტორია ისე უნდა ვიცოდეთ, რომ ინფორმაციული ომი მოვიგოთ. იმიტომაც მინდა მადლობა კვლავ უამრავჯერ ვუთხრა საქართველოს კონსოლიდაციის საფუძველს - ილია II-სII, რომელიც მხარში ამოგვიდგა, გვაკურთხა, ასევე მადლობა ვუთხრა გამომცემლობა "პალიტრა L"-ს, რომელიც განახლებულ კრებულს გამოსცემს.

ღრმად მწამს, რომ ჩვენი ერი ათასწლეულების გავლით იმიტომ არ მოსულა დღემდე, რომ გადაშენდეს. თუ დღეს ცოტა წავიფორხილეთ ისტორიის გზაზე, ეს მხოლოდ იმის ნიშანია, რომ დავიღალეთ, მაგრამ აუცილებლად წამოვდგებით.