23 და 24 ნოემბერს ქუთაისში წიგნის ფესტივალი გაიმართა - კვირის პალიტრა

23 და 24 ნოემბერს ქუთაისში წიგნის ფესტივალი გაიმართა

23 და 24 ნოემბერს ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში „ქუთაისის წიგნის ფესტივალი“ გაიმართა. ფესტივალზე გამომცემლობა "პალიტრა L-ის" სიახლეები და სხვადასხვა სერიული და არასერიული წიგნები იყო წარმოდგენილი.

ფესტივალზე მკითხველებმა -80 % იანი ფასდაკლებითაც ისარგებლეს.

„ძალიან მიხარია, რომ ქუთაისში ჩატარდა წიგნის ფესტივალი, ჩემს შვილს ძალიან უყვარს კითხვა, აქტიურად ეცნობა მხატვრულ ლიტერატურას. ამჯერად, თავად აარჩია სამი წიგნი: საოცნებო მშობლები, თეთრი ბაირაღები და გიკი გოგო.

ჩემთვისაც შევიძინე ძალიან კარგი ფასდაკლებით წიგნები და ვისურვებდი, ხშირად იმართებოდეს წიგნის ფესტივალი ქუთაისში,“- ეკა ლომიძე, მკითხველი.

ფესტივალის ფარგლებში, ქუთაისელ მკითხველს "გახდი ბესტსელერის ავტორის" გამარჯვებულები: თათული ღვინიანიძე, ნიკოლოზ ტოტოღაშვილი და ნანი მანველიშვილი შეხვდნენ.

ნანი მანველიშვილი "გახდი ბესტსელერის ავტორი 2019-ის" გამარჯვებულია. კონკურსის ფარგლებში, მისი რომანი "ოდისევსის სინდრომი" ხალხის რჩეული გახდა. რომანში იგი აფხაზეთიდან დევნილობასა და ემიგრაციაზე წერს. ეს თემა ქუთაისელი მკითხველისათვის ახლო აღმოჩნდა. მოსულ სტუმრებს შორის იმყოფებოდა ქალბატონი, რომელიც, როგორც აფხაზეთიდან დევნილი, ასევე გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ემიგრირებულიც იყო და ავტორისგან ნაწარმოების ფაბულაზე საუბარი მისთვის ემოციური აღმოჩნდა.

რაც შეეხება, ნიკოლოზ ტოტოღაშვილს, "გახდი ბესტსელერის ავტორი 2018-ის" გამარჯვებულმა მკითხველს ლექსების კრებული - "შავი ფურცელი" წარუდგინა და იქვე, რამდენიმე ლექსიც წაიკითხა.

მოსული სტუმრებისთვის, თათული ღვინიანიძის "აღიარება ხელისგულზე" კარგად ნაცნობი იყო. მათ მიეცათ შესაძლებლობა, ავტორთან ერთად ემსჯელათ რომანში წამოჭრილ მთავარ თემებსა და თანამედროვე საზოგადოების მანკიერ მხარეებზე.

საღამო ავტოგრაფების აღებითა და ავტორებთან ფოტოების გადაღებით დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ გაზაფხულზე "დიდი ლიტერატურული ტურნეს" ფარგლებში, "გახდი ბესტსელერის ავტორი 2019-ის" გამარჯვებულები ქუთაისსა და სხვა რეგიონებში მკითხველს შეხვდებიან.