როგორ დაიზღვიოთ თავი ბუნებრივი და მხუთავი აირის გაჟონვისგან? - კვირის პალიტრა

როგორ დაიზღვიოთ თავი ბუნებრივი და მხუთავი აირის გაჟონვისგან?

ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში, განსაკუთრებით, დედაქალაქში, გაზის გაჟონვის არაერთი შემთხვევა მოხდა, რომელთაგან ბევრი მსხვერპლითაც დასრულდა. სწორედ გაზის გაჟონვის შემთხვევების რაოდენობის ზრდამ გამოიწვია ის, რომ სახელმწიფომ ბუნებრივი და მხუთავი აირის დეტექტორების სავალდებულო დამონტაჟების პროექტზე მუშაობა დაიწყო.

ევროპის ბევრ ქვეყანაში, სადაც გამოყენებული ტექნიკის და საინსტალაციო მასალების ხარისხი, მემონტაჟეების კვალიფიკაცია და პასუხისმგებლობის გრძნობა საკმაოდ მაღალია, აცნობიერებენ, რომ არსებობს ტექნიკის გამოყენების თანმხლები რისკები და ამიტომ დეტექტორი უსაფრთხოების აუცილებელ ზომად არის მიჩნეული. ის აქტიურად გამოიყენება ყველგან, სადაც ბუნებრივი აირის წვა ხდება, მათ შორის, საცხოვრებელ ბინებსა და კომერციულ ფართებში, გაზქურასა თუ გამათბობლებთან.

განვითარებული ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოში ჯერ არ გვაქვს გათვითცნობიერებული და გაანალიზებული რისკების გამომწვევი ყველა ფაქტორი. შესაბამისად არ არსებობს ერთიანი მიდგომა საფრთხის მინიმიზაციისა და პრევენციის.

ასეთ დროს ბუნებრივი აირის მომხმარებლების მხრიდან არსებული მდგომარეობის და საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრება მეტად მნიშვნელოვანი ხდება. ვიდრე შემუშავდება და ამუშავდება ქმედითი ნორმები, ამაღლდება ინსტალატორების კვალიფიკაცია და შეიქმნება ერთიანი მიდგომა, მომხმარებლებმა უნდა იფიქრონ და მიიღონ უსაფრთხოების ინდივიდუალური ზომები.

ცნობილია, რომ გაჟონვის დეტექტორები მომხმარებლების დონეზე ყველაზე მარტივი, ხელმისაწვდომი და ამავდროულად ეფექტიანი საშუალებაა საკუთარი ოჯახის და გარემოს დასაცავად.

აღნიშნულ საკითხზე პროფესიონალური რჩევების მისაღებად კომპანია "ქებული კლიმატის" წარმომადგენელს დავუკავშირდით:

კატეგორიის მენეჯერი ალექსანდრე ძიძარია:

- ჩვენს კომპანიას უკვე მეშვიდე წელია შემოაქვს კომპლექსური დეტექტორი, რომელიც მხუთავი და ბუნებრივი აირის გაჟონვის გამოვლენის საუკეთესო საშუალებაა. ის თანამედროვე სენსორების მეშვეობით აფიქსირებს ბუნებრივი ან/და მხუთავი აირის არსებობას და მიგვანიშნებს საფრთხეზე მანამდე, ვიდრე აირის კონცენტრაცია სიცოცხლისთვის საშიში გახდება. კომპლექსური დეტექტორის გამოყენება მარტივია - საჭიროა, მხოლოდ დენის წყაროში შეერთება და ოთახში ბუნებრივი ან მხუთავი აირის დაგროვების შემთხვევაში, აპარატი ხმოვანი სიგნალით გვამცნობს საფრთხეს შესახებ.

- დამატებით რა რეკომენდაციას მისცემდით ჩვენს მკითხველს, იმისთვის რომ მინიმუმადე შეამცირონ მხუთავი და ბუნებრივი აირის გაჟონვის რისკი?

- ახალი რეგულაციების მიხედვით, იკრძალება ისეთი გაზის დანადგარების გამოყენება, რომლებიც თვითნაკეთია ან არ გააჩნია შესაბამისობის სერტიფიკატი. ამასთან ერთად გირჩევთ:

• არ გამოიყენოთ საეჭვო წარმოშობის გამათბობლები და წყალგამაცხელებლები. მიაქციეთ ყურადღება მწარმოებლის გამოცდილებას და სანდოობას;

• ყურადღებით გაეცანით დანადგარის ინსტრუქციას და უსაფრთხოების წესებს;

• მოერიდეთ ისეთ გამათბობლებს და გამაცხელებლებს, რომლებიც წვისთვის ოთახში არსებულ ჟანგბადს მოიხმარენ ან არ გააჩნიათ გამწოვი სისტემა;

• ყურადღება მიაქციეთ ოსტატის კვალიფიკაციას და შესრულებული სამუშაოს ხარისხს. ვიდრე ვინმეს თქვენს გაზის დანადგარს ანდობთ, გადაამოწმეთ, რამდენად გამოცდილია იგი;

• პერიოდულად ჩაუტარეთ პროფილაქტიკური შემოწმება გაზის დანადგარებს და გაზიფიცირებული ფართის საკვამლე-სავენტილაციო სისტემებს, რადგან რაც არ უნდა მაღალი ხარისხის იყოს დანადგარი, რისკფაქტორი მასაც გააჩნია და პერიოდული შემოწმება ჩვენივე უსაფრთხოებისთვის აუცილებლია;

• ყველა დანადგართან ან ყველა საცავში, სადაც ხდება ბუნებრივი აირის გამოყენება დაამონტაჟეთ გაჟონვის დეტექტორები.

ყოველივე ამის გათვალისწინებით, დანადგარების სწორი ექსპლუატაცია, პრევენციული ზომების მიღება და მომხმარებლების სიფრთხილე გადამწყვეტი ფაქტორებია ბუნებრივ აირზე მომუშავე დანადგარების უსაფრთხო გამოყენებისთვის.