ოთხი სახარება - "ოთხთავი" მორიგი უნიკალური საჩუქარი "კვირის პალიტრის" მკითხველს
30-12-2019
ოთხი სახარება - "ოთხთავი" მორიგი უნიკალური საჩუქარი "კვირის პალიტრის" მკითხველს
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მორწმუნე ადამიანმა თან ატაროს "სახარება". "სახარების" ცოდნა და მოშველიება ყოველდღიური განსაცდელების დასაძლევად საგრძნობლად შეგვიმსუბუქებს სულიერ ტკივილს ჩვენს მძიმე დროში

ამ ნომერთან ერთად ჩვენი მკითხველი გამომცემლობა "პალიტრა L"-ის უკვე პოპულარული საეკლესიო პროექტის მორიგ წიგნს მიიღებს, რომელშიც წმინდა მოციქულების: მათეს, მარკოზის, ლუკასა და იოანეს სახარებები შედის. როგორც ცნობილია, გამოცემის ყოველი წიგნის მკითხველამდე მისვლა გამომცემლობამ სხვადასხვა საეკლესიო დღესასწაულს დაამთხვია. ამჯერად კი "ოთხთავის" გამოცემა შობის დღესასწაულის კვირაში დაიგეგმა.

ჩვენმა მკითხველმა უკვე
იცის, რომ განსაკუთრებული დიზაინისა და შეფუთვის ეს საეკლესიო წიგნები შედგენილია საქართველოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით და ისინი მკითხველმა იმთავითვე დიდი ინტერესით მიიღო.

პროექტის ყველა წიგნი დაბეჭდილია სპეციალურ, თერმულად დამუშავებულ ფურცლებზე და მოთავსებულია ასევე თერმულად დამუშავებულ ტყავის ჩანთა-ყდაში, რომელიც ელვაშესაკრავით იკვრება. ამდენად, კომპაქტურ,
სატარებლად მოსახერხებელ ამ გამოცემებს დაზიანებისაგან ტყავის ჩანთა-ყდა იცავს. ასე რომ, შესაძლებელია, მორწმუნეებმა ეს წიგნები სურვილისამებრ მუდმივად თან ატარონ და იკითხონ, რაც ჩვენს მღელვარე გარემოში სიმშვიდის მოსაპოვებლად კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

წიგნის სპეციალური ფასი 11 ლარი და 50 თეთრია, "კვირის პალიტრასთან" ერთად კი 13 ლარი ეღირება.

ოთხი სახარების, ანუ "ოთხთავის" გამოცემის შესახებ წიგნის რედაქტორი, ჟურნალ "კარიბჭის" მთავარი რედაქტორი თამარ მამაცაშვილი გვესაუბრება.

- ქალბატონო თამარ, რატომ გადაწყვიტეთ "ოთხთავის" გამოცემა, რით განსხვავდება ის სხვა მსგავსი გამოცემებისგან?
- ვინც უკვე შეიძინა ამ პროექტის წინა გამოცემები, "ლოცვანი" და "ფსალმუნნი", და, შესაბამისად, გაეცნო პროექტის არსს, კარგად მოეხსენებათ, რომ ეს პროექტი ჩვენი პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ხორციელდება. როდესაც მას წარვუდგინეთ პროექტის პირველი წიგნი, "ლოცვანი", განსაკუთრებული აკინძვით - ტყავის ელვაშესაკრავიანი ჩანთა-გარეკანით და ისიც ვუამბეთ, რას ვაპირებდით მომავალში, სწორედ ამ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ მომდევნო წიგნები "ფსალმუნნი" და "ოთხთავი" ყოფილიყო.

როდესაც "ლოცვანი" გამოიცა, ბევრი მწერდა, მირეკავდნენ და მთხოვდნენ, იქნებ გვეფიქრა "ოთხთავის" გამოცემაზეც. ამ გამოცემის განსაკუთრებულობა ის გახლავთ, რომ არის კომპაქტური, გამძლე გარეკანით და თან სატარებელი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მორწმუნე ადამიანმა თან ატაროს "სახარება". "სახარების" ცოდნა და მოშველიება ყოველდღიური განსაცდელების დასაძლევად საგრძნობლად შეგვიმსუბუქებს სულიერ ტკივილს ჩვენს მძიმე დროში.

აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ წიგნის ბოლოში მკითხველს დახვდება "ოთხთავის" საძიებელი. ეს არ არის უბრალოდ სარჩევი: მოგეხსენებათ, სხვადასხვა "სახარებაში" არის ერთი და იგივე ამბავი, იგავი თუ ქადაგება, რომლებიც მახარებლებმა (სახარებათა ავტორებმა) აღწერეს. მკითხველსაც ხშირად უჩნდება სურვილი, სწრაფად მოძებნოს ეს პარალელური ადგილები სხვადასხვა სახარებაში. აი, სწორედ ამაში დაეხმარება მას "ოთხთავის" საძიებელი.

"ოთხთავს", რომელიც საშობაოდ გამოიცემა, ასევე ექნება ელვაშესაკრავიანი ტყავის გარეკანი. წიგნის ფურცლებიც ისევ ოქროსფრად მოარშიებულია, თუმცა გარეკანი ამჯერად განსხვავებული ფერისაა.

- ჩვენ გარშემო დიდი სულიერი მღელვარებაა. საქართველოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II ხშირად ბრძანებს, რომ ჩვენ ვცხოვრობთ დროში, როდესაც ადამიანი თვითონ გადაწყვეტს, სად მოხვდეს - სამოთხესა თუ ჯოჯოხეთში. რა როლი აქვს სახარების კითხვას ასეთ ვითარებაში?
- დიახ, ადამიანი თავად აკეთებს არჩევანს, მის არჩევანში ღმერთი არ ერევა. მაგრამ როცა ადამიანი ირჩევს ღმერთს, შემდეგ წინ დიდი ბრძოლა აქვს გასავლელი და აუცილებლად სჭირდება საბრძოლო იარაღი, სულიერი ბრძოლის საბრძოლო იარაღი კი არის ლოცვა, მარხვა, ქრისტიანულ საიდუმლოებებში მონაწილეობა, წმინდა წერილის კითხვა.
ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ მუდმივად ვიკითხოთ წმინდა წერილი, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ სახარებათა კითხვა საკუთარი ინტერპრეტაციით არ შეიძლება. აუცილებლად უნდა გავეცნოთ სახარების ტექსტის წმინდა მამებისეულ განმარტებებს. აქვე დავაანონსებ, რომ "ბიბლიის განმარტებების" პროექტში, რომელიც ასევე "კვირის პალიტრასთან" ერთად გამოვა, ბოლო ტომებში ახალი აღთქმის განმარტებებიც შევა.

გიორგი თევდორაშვილი, დეკანოზი:
- ყოველ კვირას ვქადაგებ ამბიონიდან ჩემი მრევლისთვის, რომ მათ სახარება - წმინდა წერილი აუცილებლად წაიკითხონ. ამასთან დაკავშირებით ისეთი მაგალითიც მომიყვანია, როდესაც მლოცველი ქალი მივიდა მოძღვართან და გულით შესჩივლა, მოძღვარო, მითხარით, რა ხდება, 24 საათი, დღედაღამ ვლოცულობ, მაგრამ ღმერთი არ მპასუხობსო. მოძღვარი კი ეუბნება, მაშ, ცოტა ხანს გაჩერდი, პაუზა გააკეთე, რომ ღმერთმა გიპასუხოსო! ეს იმას ნიშნავს, რომ მორწმუნე ღმერთის "პასუხისთვის" ლოცვის გარდა სხვა გზებსაც უნდა დაადგეს, რასაც ნეტარი ავგუსტინე ასე განმარტავს: "როდესაც ლოცულობთ, თქვენ უფალს ესაუბრებით, მაგრამ როდესაც სახარებას კითხულობთ, მაშინ თავად გელაპარაკებათ ღმერთიო". ეს "ლაპარაკი" გახლავთ სახარების კითხვა. მართლმადიდებლებს პროტესტანტები მიგვითითებენ, რომ უამრავ ლოცვებს ვკითხულობთ, "დაუჯდომლებს" თუ სხვებს, მაგრამ გვავიწყდება "ბიბლია" - წმინდა წერილი, სახარება და მართლებიც არიან. როდესაც ბიბლიას ვკითხულობთ, ვიწმინდებით, თანაც, სულითაც და ხორცითაც, - ტყუილად კი არ ჰქვია ბიბლიას "ორლესული წერილი" - ორლესულობა სწორედ სულისა და ხორცის ერთდროულ გაწმენდას ნიშნავს!

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
როგორ აფასებთ პარლამენტის მიერ  გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის დაამტკიცებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ პარლამენტის მიერ გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის დაამტკიცებას?
თვის კითხვადი სტატიები