"ლიტერე ინვენტე" - თანამედროვე შედევრები ქართველი მკითხველისთვის - კვირის პალიტრა

"ლიტერე ინვენტე" - თანამედროვე შედევრები ქართველი მკითხველისთვის

"ეს წიგნები შეიძლება უკვე ჩაითვალოს თანამედროვე კლასიკად, რომელიც ზოგადსაკაცობრიო თემებსაც გვაზიარებს და საკუთარ თავსაც გვაპოვნინებს"

თანამედროვე მსოფლიო ლიტერატურის ერთგვარ რჩეულად შეიძლება შეფასდეს გამომცემლობა პალიტრა L-ის პროექტი "ლიტერე ინვენტე" - ლიტერატურული აღმოჩენების ადგილი. პროექტის ფარგლებში უკვე 12 წიგნია გამოცემული. ამ წიგნების ავტორთა ნაწილს კარგად იცნობს ქართველი მკითხველი, დიდი ნაწილი კი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა უკვე მოპოვებული აქვს ყველაზე ავტორიტეტული ლიტერატურული კონკურსების პრემიები და მკითხველთა სიმპათია ათობით ქვეყანაში. ეს წიგნები შეიძლება უკვე ჩაითვალოს თანამედროვე კლასიკად, რომელიც ზოგადსაკაცობრიო თემებსაც გვაზიარებს და საკუთარ თავსაც გვაპოვნინებს. როგორც გამომცემლობაში ამბობენ, ეს პროექტი ზედმიწევნით ზუსტად ეხმიანება გამომცემლობის პრინციპს - ქართველ მკითხველს ხელი მიუწვდებოდეს მსოფლიო ლიტერატურის საუკეთესო ნაწილზე. როგორ დაიბადა "ლიტერე ინვენტე" და რა პრინციპით შეირჩევა მისთვის წიგნები, ამ კითხვებზე გამომცემლობა პალიტრა L-ის მთავარი რედაქტორი მაია ალუდაური გვიპასუხებს.

- უმთავრესი, რის მიღწევაც ამ პროექტით გვინდოდა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესო თანამედროვე ავტორთა აღმოჩენა და მაღალი ხარისხის ლიტერატურით დაინტერესებული მკითხველის "განებივრება" გახლდათ. ვაღიაროთ, რომ არსებობს ე.წ. კომერციული ლიტერატურა, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე მეტი მკითხველი ჰყავს, და არსებობს დიდი ლიტერატურა, რომელიც კონკურენციის მიღმაა. ის ყველა ეპოქაში იქმნებოდა და დროთა განმავლობაში იმკვიდრებდა ადგილს და ახლაც იქმნება. მთავარია, მივაგნოთ მას. ჩვენი პროექტის სახელწოდებაც ამას გულისხმობს - ლიტერატურულ აღმოჩენებს, იმის გაცნობას, რაც აქამდე არ ვიცოდით და ნამდვილად ღირებულია. ალბათ, აღნიშვნაც არ სჭირდება იმას, რომ ყველა ნაწარმოები, რომელიც ამ პროექტით გამოიცემა, პირველად ითარგმნება ქართულ ენაზე.

ყველა მწერალი, რომელიც ამ პროექტით ითარგმნა, პრესტიჟული ლიტერატურული კონკურსების გამარჯვებულია, მათ ნაწარმოებებს მთელ მსოფლიოში კითხულობენ. ეს არის ჩვენთვის ახალაღმოსაჩენი მაღალი ხარისხის ლიტერატურა, რომელსაც ნებისმიერი მაღალი გემოვნების მკითხველი ნატრობს. სადემონსტრაციოდ საკმარისი იქნება თუნდაც წარმოშობით ბენგალელი ამერიკელი მწერლის ჯუმფა ლაჰირის დასახელება, რომელიც"პულიცერისა" და ო,ჰენრის ლიტერატურული პრემიების ლაურეატია. ჩვენი პროექტით ნათარგმნი მისი წიგნი "უცხო მიწა" ყველა ქვეყანაში ოსტატობის მწვერვალზე მყოფ ავტორის ბრწყინვალე ნამუშევრად არის აღიარებული; ან თუნდაც ნობელისა და თითქმის ყველა ლიტერატურული პრემიის ლაურეატის, მწერალ კაზუო იშიგუროს რომანი "დღის მიწურულს", ადამიანური ღირებულებების გადაფასების სულის შემძვრელი სიუჟეტით - როცა ადამიანი უყოყმანოდ ირჩევს იყოს ვიღაცის მსახური და ამის გამო უარს ამბობს სიყვარულსა და თავისუფლებაზე და მერე, ერთი "დღის მიწურულს", აღმოაჩენს, რომ თურმე არც ერთი წუთი არ უცხოვრია, მხოლოდ გამოგონილ იდეალებს ემსახურებოდა.

- სრულიად უცნობი სახელებია, სრულიად უცნობი ავტორები... - უცნობიც და ნაცნობიც, ოღონდ მხოლოდ რჩეულები. ამ პროექტით ვთარგმნეთ ასევე ელიფ შაფაქი, ერიხ მარია რემარკი, ტონი მორისონი, ჯუნოუ დიაზი, კალსონ უაითჰედი, მარიო ბენედეტი. ვამზადებთ უილიამ სტაირონის, ჩიმამანდა ნგოზი ადიჩის, ბერნარდინ ევარისტოს რომანებს. ამ ნაწარმოებებმა უკვე დაიმსახურა სხვადასხვა ლიტერატურული პრემია - "ბუკერის", "პულიცერის" და სხვების, მოიპოვა ლიტერატურული კრიტიკისა და მკითხველის აღიარება.

პროექტის, ასე ვთქვათ, ლიტერატურულ-გეოგრაფიული არეალი, ჩვენთვის ახალი და უცნობია. მასში არიან ინდოელი, ურუგვაელი და ა.შ. ავტორები. ძალიან საინტერესო აღმოჩნდა მწერლობის ეს პრიზმა - სრულიად განსხვავებული, ახალი ლიტერატურული გემოვნებითა და ტრენდით, რომლის ფოკუსში უბრალო და უუფლებო ადამიანია, რომელიც მოსწყდა მშობლიურ ფესვებს და ცდილობს სხვა მიწაზე იპოვოს თავისი ადგილი. აღწერილია, როგორი ტკივილით არის სავსე მათი გზები და აღწერილია ისეთი ოსტატობითა და მხატვრულობით, რომ ვერ მოსწყდები. უფრო მეტიც: თუკი ადამიანი მკითხველად მიიჩნევს თავს, აუცილებლად გაუჩნდება მოთხოვნილება, სერიის სხვა წიგნებიც წაიკითხოს.

- სასიამოვნო ისიც არის, რომ ეს წიგნები მაღალპროფესიონალური თარგმანიც არის. - ესეც გამომცემლობის პრესტიჟის საქმე იყო. საქმე გვაქვს მაღალი გემოვნების ლიტერატურასთან, რომელიც ასევე მაღალი გემოვნებით შესრულებული უნდა მიგვეწოდებინა ქართველი მკითხველისთვის, და ასეც მოხდა. ამ პროექტის წიგნები თარგმნეს ადამიანებმა, რომლებიც დღეს ქართული თარგმანის ოსტატებად მიიჩნევიან. ამას მკითხველი პროექტის ყოველი წიგნის გადაშლისთანავე მიხვდება, წაკითხვისას მიღებული განცდები კი ძალიან დიდხანს გაჰყვება.