ეროვნული იდეოლოგიის განვითარებისა და ფორმირებისათვის და კიდევ: როგორ იბრძოდნენ უნივერსიტეტი და მეცნიერებათა აკადემია ეროვნული იდეოლოგიის წინააღმდეგ (R) - კვირის პალიტრა

ეროვნული იდეოლოგიის განვითარებისა და ფორმირებისათვის და კიდევ: როგორ იბრძოდნენ უნივერსიტეტი და მეცნიერებათა აკადემია ეროვნული იდეოლოგიის წინააღმდეგ (R)

თავის დროზე ე.წ. მეცნიერულმა "ელიტამ“: მ.მამარდაშვილი (ფილოსოფიის ინსტიტუტი), ე.კოდუა, გ.თევზაძე, ვ.ერქომაიშვილი(თსუ ფილოსოფიის ფაკულტეტი), მეცნიერებათა აკადემია(სწავლულ ექსპერტთა საბჭო: სეს-ი) და სხვ. მწვავედ გაილაშქრა ეროვნული იდეოლოგიის წინააღმდეგ ლოზუნგებით:“ეროვნული იდეოლოგია არის გზა ფაშიზმისაკენ“, "გამოვუცხადოთ ბრძოლა სახელმწიფო იდეოლოგიას“ და სხვ. იმავე პერიოდის პრესაში გამოქვეყნდა ჩემი წერილები: “ვერაფერს მისცემ კაცობრიობას, თუ შენი ერის არ იცი ფასი“, "დეიდეოლოგიზირებული მეცნიერული ელიტა და დასამარებული ფილოსოფიური ტრადიციები“, "ვაი თავისუფლებისაგან“, "Sos! Sos!Sos! დროა მივხვდეთ, რომ ვიღუპებით”, "მეცნიერული მსოფლმხედველობა და ეროვნული იდეოლოგია“, "დრო არ ითმენს, ფილოსოფიის აღმზრდელობითი ფუნქციის, მეცნიერული მსოფლმხედველობის და ეროვნული სახელმწიფო იდეოლოგიის შესახებ“, "ზნეობრივი არჩევანის წინაშე“, "დროა მოვიკითხოთ ჩვენი იდეოლოგები“, "საჭიროა ლიდერი, რომელიც ეროვნულ სულს პროგრესისაკენ წაიყვანს“ და მრავალი სხვა. (იხ. საიტი: gildasikharulidze.com)

ეროვნული იდეოლოგიის განვითარებისა და ფორმირების საკითხი უამრავი პრობლემის წინაშე გვაყენებს, რომელთა გადაჭრა მოითხოვს როგორც ღრმა მეცნიერულ კვლევას და ანალიზს, ასევე ეროვნული ინტერესების სრულ გათვალისწინებას გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში. ეროვნული იდეოლოგია არ არის მხოლოდ მეცნიერულად სწორი ცოდნა, ეს არის ცოდნა, რომელიც გამოხატავს ქვეყნის ინტერესებს და უბიძგებს საზოგადოებას პროგრესისაკენ; პოლიტიკა, როგორც მოქმედების კულტურა, უნდა იყოს აუცილებლად რაციონალური, ასახავდეს ქვეყნის ინტერესებს და უწყობდეს ხელს მის განვითარებასა და წინსვლას. ჩვენი მოქმედების ეფექტურობა დამოკიდებულია ყოველთვის იმაზე, თუ რამდენად მეცნიერულად ღრმად გვაქვს გააზრებული დაკვირვებადი ფაქტები და არჩევანის გაკეთების დროს რა დონეზეა ჩვენში ეროვნული თვითშეგნება და ნაციონალური სოლიდარობის გრძნობა, ანუ რამდენად ვიცით ის, თუ რა გვინდა, რა შეგვიძლია და რისი უფლება გვაქვს არსებულ ვითარებაში.

ეროვნული იდეოლოგია არის მთავარი საყრდენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ქმედებებისათვის და მიუთითებს იმაზე, რომ ყოველი გადაწყვეტილების მიღებისას აუცილებელია დიდი პროფესიონალიზმი და მაღალი სოციალური მზადყოფნა. ეროვნული იდეოლოგია აძლევს ადამიანს დაჯერებულობას მოქმედებაში, უვითარებს სახელმწიფოებრივი აზროვნების კულტურას და უცნობიერებს იმას, თუ რას ნიშნავს იყო შენი ქვეყნის ღირსეული მოქალაქე.

ეროვნული იდეოლოგიის შემუშავებისას პირველ რიგში გასარკვევია ის, თუ რა ტიპის სახელმწიფო გვინდა ავაშენოთ, ანუ რა გზით გვინდა წავიყვანოთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარება და ფორმირება; გვინდა, რომ იყოს ეს პროცესი მართული სახელმწიფოს მიერ დადგენილი კანონით, სადაც უარყოფილი იქნება მთლიანად ყველა სახის ექსპლუატაცია, მიღებული იქნება ნორმირებული სამუშაო დღე და საზოგადოებრივი წარმოების ძირითად მიზნად გამოცხადებული იქნება ხალხის მზარდი მატერიალური და კულტურული მოთხოვნილებების დაკმაყოფილება მეცნიერების და ტექნიკის განვითარების გზით, თუ გვინდა ავაშენოთ სახელმწიფო, სადაც იქნება ექსპლუატაცია, დაშვებული იქნება არანორმირებული სამუშაო დღე და პერიოდულად გვექნება კრიზისები ეკონომიკაში.

არსებობენ აგრეთვე საზოგადოების განვითარების შერეული მოდელებიც, სადაც, ერთის მხრივ, აღიარებულია სახელმწიფოს როლი ქვეყნის განვითარებაში, ხოლო მეორეს მხრივ შემოტანილია საბაზრო ეკონომიკის ელემენტებიც, მსგავსად იმისა, რაც გააკეთა, მაგალითად, ჩინეთმა. ბევრი ფიქრობს კიდევ იმას, რომ ააგოს ეკონომიკის განვითარების უფრო სრულყოფილი მოდელი და ეძებს ამ მიზნით თავისი ქვეყნის განვითარების ახალ ფორმებს და პრინციპებს.

უდავოა, რომ ეკონომიკის განვითარების ნებისმიერი რაციონალური მოდელის და საზოგადოებისათვის ადეკვატური სამოქმედო რეკომენდაციების შემუშავებისასათვის აუცილებელია არსებული რეალობის ყველა სფეროს ღრმა, მეცნიერული კვლევა და ანალიზი; მაგრამ, სამწუხაროდ, განათლების სისტემაში "წარმატებულად“ ჩატარებული რეფორმების შედეგად დღეს ყველა სფეროში გვაქვს პროფესიონალიზმის დიდი დეფიციტი, რის გამოც ხშირად ქვეყნისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხებზე მსჯელობენ დილეტანტები ან საკმაოდ არაადეკვატური რაციონალური დონის მქონე ჟურნალისტები; ანუ არ ხდება პრობლემების არავითარი სერიოზული და საფუძვლიანი განხილვა. ასეთ ვითარებაში კარგი იქნება, თუ სამთავრობო დონეზე, ძველი და ახალი თაობის წსრმომადგენლების მონაწილეობით, შეიქმნება ერთგვარი პერიოდულად მოქმედი საკონსულტაციო სემინარი, რომელიც განიხილავს მიმდინარე მომენტისათვის ყველაზე აქტუალურ საკითხებს მეცნიერული, პროფესიული და სახელმწიფოებრივი ინტერესების ჭრილში და შეიმუშავებს შემდგომ მეთოდოლოგიური ხასიათის პრინციპებს ადეკვატური მოქმედებებისათვის.

მაგრამ იმისათვის, რომ არ იქცეს ეს სემინარი რაღაც ახალი ტიპის ბიუროკრატიულ დანამატად, აუცილებელია, რომ მისი შემადგენლობა ყოველი ახალი საკითხის განხილვისას განსაზღვროს თვითონ პრემიერ-მინისტრმა და პირადად მან გადაწყვიტოს ის. თუ ვის შეიძლება ეკითხოს აზრი ამა თუ იმ შემთხვევაში(ცნობილია, რომ სტალინი თვითონ იღებდა მონაწილეობას ამგვარ განხილვებში). ეს მომენტი აუცილებლად ყურადსაღებია იმიტომ, რომ როგორც კი ამგვარი სემინარის საჭიროების შესახებ დაისვა საკითხი, მაშინვე ლ.პაპავამ პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ ის ელოდება თურმე მიწვევას პრემიერ-მინისტრისაგან, რაც ნამდვილად არ იქნებოდა, ალბათ, მიზანშეწონილი მას შემდეგ, რაც ამ პიროვნებამ უნივერსიტეტის რექტორად ყოფნისას საოცრად უნიათოდ წარმოაჩინა თავი და ბოლოს მოახერხა ისიც, რომ ერთმანეთს დაუპირისპირა სტუდენტი ახალგაზრდობა, თავად კი ფარული გვირაბებით გაიპარა უნივერსიტეტიდან. ის, რომ მაშინ იქ უბედურება არ დატრიალდა, იმ ახალგაზრდების შეგნებული მოქმედების შედეგი იყო მხოლოდ.

თავის დროზე, როგორც წესი, მეცნიერებათა აკადემია განიხილავდა აქტუალურ საკითხებს და აწვდიდა მთავრობას რეკომენდაციებს. დღეს, სამწუხაროდ, ვერც აკადემია და ვერც უნივერსიტეტი ვერ ასრულებს ამ ფუნქციას. მეცნიერებათა აკადემიის ბაზაზე არსებულმა სეს-მა აურია ერთმანეთში მეცნიერება და ფსევდომეცნიერება და შექმნა სრული განუკითხაობა ამ სფეროში; განადგურდა სახელმწიფოებრივი აზროვნების კულტურა, დაეცა მეცნიერული კვლევების დონე და ხარისხი. სწორედ სეს-ის იდეოლოგებმა გააჟღერეს ის "გენიალური“ აზრი, რომ "ეროვნული იდეოლოგია არის გზა ფაშიზმისაკენ“. იდეურ მედროშედ აღიარეს მერაბ მამარდაშვილი, რომელმაც ქვეყანაში შემოიტანა სულიერი ნარკოტიკი: ანარქია და აბსურდიზმი; მთელი ძალით წამოვიდა ლოზუნგები: "მხოლოდ სრული თავისუფლება და არა თავისუფლების ნაგლეჯი“, "რწმენა არ გვინდა,თავისუფლება გვინდა მხოლოდ!“ "თავისუფლებაზე თეორიები კი არ უნდა აშენო, არამედ თვით თავისუფლება უნდა იცხოვრო“ და სხვ.( მ. მამარდაშვილი, "ჩახშული ფიქრები“, 1992წ.). დაიწყო თავისუფლების ცნების აბსოლუტიზაცია, მწვავედ დადგა ქვეყანაში ზნეობრიობის საკითხი და დეგრადაცია განიცადა პიროვნებამ.

მ. მამარდაშვილის ირგვლივ დაირაზმა და ორგანიზებული ბრძოლა გამოუცხადა ეროვნულ იდეოლოგიას აკადემიისა და უნივერსიტეტის ფილოსოფიურმა ძალებმა. ისინი საოცარი მოხერხებულობით ახვევდნენ ახალგაზრდობას თავს ახალ იდეოლოგიურ მითებს, რეალურ ცხოვრებას მოწყვეტილ აბსტრაქტულ, უტოპიურ პროჟექტებს; წაგვლეკა სექტანტურმა მოძრაობებმა და ე.წ. დეიდეოლოგიზაციის იდეამ სახელმწიფოსათვის დამღუპველ ასპექტში წარმოადგინა პლურალიზმის ნაყოფიერი იდეის არსი. დღესაც არ იცის კაცმა,თუ ვინ და რა სულისკვეთებით ზრდის ჩვენს ახალგაზრდობას და სადამდე მიგვიყვანს საერთოდ თავისუფლების ცნების ავანტიურისტული აბსოლუტიზაცია.

ამ ვაიიდეოლოგებმა დემოკრატია და ანარქია გააიგივეს ერთმანეთთან და ცდილობდნენ ყოველგვარი რწმენა მოესპოთ ახალგაზრდობისთვის. სეს-მა(ე.კოდუა) მწვანე შუქი მისცა ახალ სახელმძღვანელოებს ფილოსოფიაში, რომლებიც მიზანმიმართულად არღვევდნენ და ანადგურებდნენ ეროვნულ მთელს:“შეუძლებელია მეცნიერული იდეოლოგიის არსებობა“, "ეროვნული იდეოლოგია არის მხოლოდ ცხოვრების ჰორიზონტის დავიწროვება, გონივრული შეზღუდულობა....სიბეცეა, დაავადებაა, რომმელსაც მკურნალობა სჭირდება“, "სახელმწიფო, პოლიტიკა და სამართალი არაზნეობრივ ურთიერთობათა გამომხატველი კატეგორიებია“ და ა.შ. ამგვარი იდეოლოგიური "პროგრესის“ შუქზე მიზანმიმართულად მოისპო და განადგურდა ქვეყანაში უძლიერესი და ბრწყინვალე თეორიული აზროვნების ბაზა ფიზიკაში, მძიმე დღე დაადგა ცნობილ მათემატიკურ სკოლას და სრული მსოფლმხედველობრივი კრიზისი შეიქმნა იქ, სადაც ჯერ კიდევ გუშინ გვყავდა: ა.რაზმაძე, ლ.გოკიელი, ვ.მამასახლისოვი, მ.მირიანაშვილი, კ.ბაქრაძე, ს.წერეთელი, ზ.კაკაბაძე... საჭიროა და აუცილებელი, ალბათ, ქვეყანამ გაამოაშკარაოს და შეაფასოს ამ გაუკუღმართებული პროცესების იდეოლოგთა მოღვაწეობა.

წლების მანძილზე სწორედ უნივერსიტეტიდან და აკადემიიდან ისმოდა საზოგადოებრივი წესრიგის დამანგრეველი ანტისახელმწიფოებრივი ფრაზები: "სახელმწიფო იდეოლოგია არის ტოტალიტარიზმისა და დიქტატურის თეორიული საფუძველი“, "სახელმწიფო იდეოლოგია ურყოფით როლს ასრულებს საზოგადოების განვითარებაში“(ვ.ერქომაიშვილი,“ფილოსოფია“,თბილისი,1994წ.,გვ.47) და კიდევ:"სახელმწიფო უნდა განთავისუფლდეს იდეოლოგიისაგან“, "უარი უნდა ვთქვათ არა მარტო მარქსისტულ-ლენინური ფილოსოფიის, არამედ ფილოსოფიის როგორც იდეოლოგიური სტატუსის მქონე სისტემის სწავლებაზე“, "ეროვნული იდეოლოგია გამორიცხავს დემოკრატიას და ა.შ. ასე გამოაცხადეს ახალმა რეფორმატორებმა "სახელმწიფო, პოლიტიკა და სამართალი არაზნეობრივ კატეგორიებად“(გვ.გვ.48,49,50,147-148,184...) და შექმნეს ქვეყანაში ნაციონალური ტრაგედია: შეუზღუდავი თავისუფლების მორალით დიქტატორული თარეში.

ყოველივე ამის შედეგად "თავისუფლება“ უბედურებად შემოუბრუნდა საზოგადოებას, დაგვენგრა სახელმწიფო და აღმოვჩნდით ქაოსში. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ პოლიტიკური სივრცე ხელისუფლების დასანგრევად მთლიანად მოამზადა უნივერსიტეტის და აკადემიის ფილოსოფიურმა "ელიტამ“მ. მამარდაშვილის უშუალო ხელმძღვანელობით, რასაც მიზანმიმართულად მოჰყვა შემდგომ ჩვენი საზოგადოების ყველა სფეროს უღმერთო ნგრევა და განადგურება. მიუხედავად ამისა, ქვეყანას მაინც ყველა თაობაში გააჩნია, საბედნიეროდ, გარკვეული მეცნიერული პოტენციალი და სწორედ ამ პოტენციალის გამოყენებაა აუცილებელი ეროვნული იდეოლოგის შექმნისა და ფორმირებისათვის.

ჩვენი საზოგადოება "ცოდნის საზოგადოებაა“, ცოდნა განსაზღვრავს ჩვენი ცხოვრტების ხარისხს და გვაძლევს საშუალებას რაციონალურად გავიაზროთ მასში მიმდინარე პროცესები, რაც არის სწორედ ეროვნული იდეოლოგიის მთავარი ფუნქცია.

ეხლა უშუალოდ ეროვნული იდეოლოგიის არსის შესახებ: ახალმა მეცნიერულ-ტექნიკურმა პროგრესმა მთლიანად შეცვალა ადამიანი, როგორც შემმეცნებელი, ეთიკური, ესთეტიკური და სოციალური არსება. რევოლუციური ცვლილებები იმდენად დიდია, რომ ჩვენი ეპოქის სულიერი ცხოვრების ყველა სფეროში(მეცნიერება, ხელოვნება, ფილოსოფია, პოლიტიკა) მოხდა ძველი ფასეულობების სრული გადაფასება. სახეზეა ძველსა და ახალს შორის ძლიერი კონფლიქტი. ყალიბდება ახალი ენა და ახალი მსოფლმხედველობრივი პარადიგმა.

ადამიანი ახალ კულტურაში ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა და საფუძვლიანი თვითგამორკვევა, როდესაც ინდივიდის კულტურის დონის შეუსაბამობა ახალი ეპოქის კულტურასთან ძალიან ხშირად ხდება მისი ცხოვრებისეული ტრაგედიის მიზეზი. აქედან გამომდინარე, რევოლუციური ცვლილებების პერიოდში განსაკუთრებით მწვავედ დგება საზოგადოებაში მსოფლმხედველობრივი განათლების დონის ამაღლების საკითხი. იუნესკოც ამიტომ უსვამდა ხაზს მეცნიერების ფილოსოფიის სწავლების უდიდეს როლს საუნივერსიტეტო განათლებაში; ის მოუწოდებს ყველა ქვეყანას, რომ მისცეს ამ მეცნიერებას საშუალება შეასრულოს თავისი მისია კრიტიკული თეორიული აზროვნების განვითარების სფეროში და დაუმკვიდროს ამისათვის მას კუთვნილი ადგილი სახელმწიფოებრივ დონეზე. მეცნიერული მსოფლმხედველობა ასრულებს უდიდეს როლს რაციონალური ანალიზის მეთოდების ფორმირებაში, ააქტიურებს ინტეგრირებულ აზროვნებას და ბიძგს აძლევს დისციპლინათაშორისი კავშირების კვლევას.

ეხლა მოკლედ იმის შესახებ, თუ რა მუშაობაა ჩატარებული ჩვენში ამ მიმართულებით: ახალი მსოფლმხედველობრივი პარადიგმა პირველად გამოჩნდა მეცნიერებაში(მათემატიკა, ფიზიკა). აქ დაინგრა პირველად კლასიკური წარმოდგენები სამყაროზე; არაკლასიკური რაციონალიზმი იმდენად ძლიერი სიახლე იყო, რომ ეს მძიმედ მისაღები აღმოჩნდა ყველასათვის; "თითქოს მიწა გამომეცალა ფეხქვეშ,თითქოს ბროლის კოშკი დამენგრა თავზე“ - თქვა მაშინ აინშტაინმა“ იგი 20 წელი ეკამათებოდა ბორს ამასთან დაკავშირებით და სიცოცხლის ბოლომდე ეწინააღმდეგებოდა ამ სიახლის აღიარებას. ჰაიზენბერგი ამის შესახებ წერდა:“რა ძნელი ყოფილა თურმე ძველი, მიჩვეული ტრადიციების დატოვება ისეთი დიდი მეცნიერისღვისაც კი, როგორიც აინშტაინია“. და კიდევ:“საჭირო იქნება კიდევ ერთი ასწლეული იმისათვის, რომ გავიაზროთ მთელი ეს სიახლე სოციალურ არეზე და დავინახოთ მისი პოლიტიკური, ეთიკური და ესთეტიკური შედეგები“. "ყოველივე ეს მოგვაგონებს მდუღარე ნავთის დალევას“ - ასე აღიქვა ახალი რეალობა ბრაკმა, "ის, რისიც ეშინია შიშს, არის ყოფნა ამ სამყაროში“ ვკითხულობთ ჰაიდეგერთან.

დღეს საზოგადოება დგას სწორედ ამ სირთულეების გააზრების აუცილებლობის წინაშე და თანაც მიზანმიმართულად და ვერაგულად დანგრეული განათლების სისტემით და კულტურით.ერთბაშად დაგვატყდა თავს რევოლუცია მეცნიერებაში, სოციალურ არეზე, პოლიტიკაში, ეთიკაში, ესთეტიკაში... ასეთ დროს საზოგადოებას ცხოვრებაში ადეკვატური ორიენტირებისათვის სჭირდება ძლიერი თეორიული გზამკვლევი, რათა ამ განუზღვრელ, წინააღმდეგობებით და შემთხვევითობებვით სავსე რეალობაში, სადაც ადამიანს, ცხოველისაგან განსხვავებით, არ იცავს ინსტინქტი, შეძლოს მან სწორი და დროული გადაწყვეტილებების მიღება. "ადამიანი დაწყევლილია თავისუფლებით“ - წერდა სარტრი.

აქვე აუცილებელია აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ჩვენს ქვეყანაში ინტენსიურად მიმდინარეომდა ყოველთვის დიალექტიკის კანონების და დიალექტიკური აზროვნების არსის კვლევა და, რაც მთავარია, ძალზედ საინტერესოდ იყო გააზრებული ახალი დროის მსოფლმხედველობრივი პარადიგმა. ამ სფეროში ფუნდამენტურად მუშაობდნენ ა.რაზმაძე, ლ.გოკიელი, ვ.მამასახლისოვი, მ.მირიანაშვილი, კ.ბაქრაძე, ს.წერეთელი, ზ.კაკაბაძე... ამ მუშაობის შედეგს მაღალი შეფასება მისცა თავის დროზე საქართველოში ქართველ ფიზიკოსებთან სტუმრად ჩამოსულმა ნილს ბორმა, რომელმაც პოზიტივიზმს "სულელური ფილოსოფია“ უწოდა. ეს იყო ქართული თეორიული აზრის ბრწყინვალე გამარჯვება.სწორედ ეს ახალი მსოფლმხედველობრივი პარადიგმა იძლევა დღევანდელი რეალობის ადეკვატური აღქმის საშუალებას, რეალობისა, რომელიც ძალზედ წინაარმდეგობრივია, სავსეა შემთხვევითობებით და ყოველწამიერად გვაყენებს არჩევანის წინაშე. ამ ახალ კულტურულ ფასეულობებზე და თეორიული აზროვნების ამ ბაზაზე უნდა ჩამოყალიბდეს სწორედ ჩვენი ქვეყნის მეცნიერული ეროვნული იდეოლოგია.

ამრიგად, იმისათვის, რომ ადამიანმა დაინახოს სამყარო როგორც მთელი და მოახერხოს იპოვოს თავისი ადგილი დღევანდელ რეალობაში, საჭიროა და აუცილებელი საზოგადოების ყველა ფენისათვის გაცნობიერებული იყოს ახალი მსოფლმხედველობრივი პარადიგმის არსი და მნიშვნელობა. ამიტომაც აძლევს იუნესკო ესოდენ დიდ მნიშვნელობას მეცნიერულ ფილოსოფიას. სწორედ ფილოსოფიის პროფილის მიხედვით სწავლებამ და მსოფლმხედველობრივმა განათლებამ უნდა მოახდინოს საზოგადოების ყველა ფენისათვის განათლებისა და კულტურის გადატანა თაობიდან თაობაზე და მისცეს თითოეულ ადამიანს სწორი წარმოდგენები სამყაროში მიმდინარე პროცესებზე, გახადოს იგი მოტივირებული ინფორმაციის არჩევასა და შეფასებაში. ამიტომ გამოაცხადა იუნესკომ მეცნიერული ფილოსოფიის კურსების პროფილის მიხედვით სწავლება სახელმწიფოებრივი დონის მნიშვნელობის პრობლემად.

ფილოსოფიური განათლება, როგორც მსოფლმხედველობრივი და სახელმწიფოებრივი აზროვნების კულტურა აძლევს ადამიანს საშუალებას ჩამოყალიბდეს პიროვნებად, განივითაროს კრიტიკული აზროვნების უნარი და, რაც მთავარია, შეძლოს ადეკვატურად გამოიყენოს თავისი თავისუფლება მოქმედებაში ანუ გაიცნობიეროს თავი საზოგადოებრივი მთელის ნაწილად. მხოლოდ ამგვარად, ანუ რეალობასთან ჩვენი საზოგადოების ყველა ფენის ზნეობრივი და რაციონალური მიმართებით, შევძლებთ დავინახოთ ჭეშმარიტი ეროვნული ფასეულობანი და შევქმნათ ადეკვატური ეროვნული იდეოლოგია.

თავის დროზე იმ "ავადსახსენებელი“ კომუნისტების დროს უმაღლეს დონეზე იყო დაყენებული ამ ასპექტში მუშაობა უნივერსიტეტში, ასევე ბევრი რამ კეთდებოდა ამ მიმართულებით საზოგადოება "ცოდნის“ ხაზით. იმ დროს მიღებული შედეგები არ უნდა დაიკარგოს უკვალოდ, რადგან ისინი აჩვენებენ სწორედ იმას, რომ საქართველოს ნამდვილად შეუძლია ღირსეული ადგილის დაკავება მსოფლიო მეცნიერული აზროვნების კულტურაში. ჭეშმარიტად უნიკალური მოვლენებია მსოფლიო თეორიულ აზროვნებაში: ა.რაზმაძე, ლ.გოკიელი, ვ.მამასახლისოვი, მ.მირიანაშვილი, კ.ბაქრაძე, ს.წერეთელი, ზ.კაკაბაძე...

და ბოლოს: გ.ჭოღოშვილი ლ.გოკიელის შესახებ წერდა: "მე ბედნიერება მქონდა ვყოფილიყავი მისი სტუდენტი... მისი ლექციები იყო ყოველთვის მიმზიდველი, თითქმის ჯადოსნური... იმ დროს ჩვენ ვკითხულობდით ყოველგვარ წიგნებს და გვიხაროდა, რომ ჩვენი ლექტორის ახსნა-განმარტება და პრობლემებან მიდგომა ყოველთვის უფრო ღრმა და ამომწურავი იყო, ვიდრე ცნობილი უცხოელი ავტორების...“ ნუ დავუკარგავთ ჩვენს ნიჭიერ ახალგაზრდობას საშუალებას დადგნენ ამ ღირსეულ წინაპართა მხრებზე და გაიხედონ შემდეგ უფრო წინ და უფრო შორს თეორიული აზროვნების სფეროში.

გილდა სიხარულიძე

იხილეთ მეტი

(R)