ქვეყანაში არ გვჭირდება რევოლუცია, მაგრამ ქვეყნისათვის აუცილებელია განვითარება (R) - კვირის პალიტრა

ქვეყანაში არ გვჭირდება რევოლუცია, მაგრამ ქვეყნისათვის აუცილებელია განვითარება (R)

თუ ადამიანი თვლის, რომ ის აკეთებს რაიმეს ცხოვრებაში, მაშინ მისი ეს საქმიანობა სასარგებლო უნდა იყოს ხალხისათვის, წინააღმდეგ შემთხვევაში ყოველგვარი მოღვაწეობა კაცისა აბსურდულია და უაზრო. საუკუნეების მანძილზე ადამიანთა შემოქმედებითი მოღვაწეობის პროცესში იქმნებოდა, ინახებოდა და თაობიდან თაობას გადაეცემოდა დროში კარგად შემოწმებული და ადაპტირებული კულტურა. დღეს კი ციფრული ტექნიკის პირობებში ადვილი გახდა უკვე ყოველგვარი ცრუ და გადაუმოწმებელი მასალის ინტერნეტში შეტანა და კულტურის სფერო გადაიტვირთა ჭარბი და უაზრო ინფორმაციებით. აქედან გამომდინარე, ადამიანს უჭირს ინტერნეტის რაციონალური გამოყენება და სწორი ინფორმაციის მოპოვება. საზოგადოების შეცდომაში შეყვანა გახდა ჩვეულებრივი მოვლენა და იქცა ნორმად.

მდგომარეობა გაართულა იმანაც, რომ მეცნიერებაში და განათლების სისტემაში არასწორად ჩატარებულმა რეფორმებმა წარმოშვა პარაზიტული ადმინისტრაციის დიდი სფერო, რომელიც მიზანმიმართულად უშლის ხელს ჭეშმარიტი მეცნიერებისა და კულტურის განვითარებას, ებრძვის პროფესიონალიზმს და გზას უხსნის ცრუ და არაფრის მომცემ თეორეტიზირებას ყველა სფეროში, და ეს მაშინ, როდესაც ქვეყანას ჰაერივით სჭირდება დღეს პროფესიონალი და საქმის ნამდვილად გამკეთებელი კადრები, რომლებიც კანონდარღვევებით არიან მოწყვეტილი თავიანთ სფეროებს, ვერ ფუნქციონირებენ და სულიერად ტრავმირებულები სხედან სახლებში. სამაგიეროდ ფეხს იკიდებენ ყველგან ბუნდოვანი, სპეკულაციური ხასიათის კვაზიმეცნიერული მსჯელობები და მეცნიერება თანდათან ეფლობა ჭაობში. დღეისათვის ეს ფსევდომეცნიერული მაკულატურა გახდა უკვე ეკოლოგიური პრობლემა.

ახალგაზრდობა არ ინტერესდება, და სამართლიანადაც, იმით, რასაც არ გააჩნია არავითარი პრაქტიკული ღირებულება და ვერაფრით ეხმარება ადამიანს მოქმედების კულტურის ამაღლებაში.

ამ ფონზე დიდ ყურადღებას იპყრობს ადამიანის პრობლემა და ინდივიდის პიროვნებად ფორმირების საკითხი. ახალგაზრდებს, ერთის მხრივ, შეუტია ირაციონალურმა ფილოსოფიებმა (რაშიც ლომის წილი მიუძღვის თსუ-ს და მეცნიერებათა აკადემიას), ხოლო, მეორეს მხრივ, ისინი აღმოჩნდნენ სხვადასხვა ანტიმართლმადიდებლური რელიგიური მისტიციზმის გავლენის ქვეშ, მოექცნენ ჩიხში და ვეღარ ახერხებენ ამის გამო შემოქმედებითი ენერგიის სრულფასოვნად გამოყენებას.

საზოგადოებაში დღეს აშკარად იგრძნობა მსოფლმხედველობრივი კულტურის ძლიერი დეფიციტი, რაც, თავის მხრივ, ურთულებს ადამიანს სოციალური მოვლენების რაციონალურ ხედვას და ხელს უშლის მას ადეკვატური ინიციატივის გამოვლენაში. ბევრმა იგრძნო ისიც, რომ თავისუფლება მარტო უფლება არ არის, თავისუფლება მოვალეობაცაა და თუ ხდება ისე, რომ ვინმე ვერ გრძნობს კანონის შესრულების აუცილებლობას, მაშინ კანონი უნდა დაიცვას სახელმწიფომ და არ დაუშვას კრიმინალიზაცია და აღვირახსნილობა ქვეყანაში. ამასთან დაკავშირებით შესანიშნავად წერდა ბერდიაევი: "სახელმწიფო გვჭირდება არა იმიტომ, რომ ცხოვრება დედამიწაზე ვაქციოთ სამოთხედ, არამედ იმისათვის, რომ ქვეყანაში ცხოვრება არ გვექცეს ჯოჯოხეთად".

ურთიერთობა საზოგადოებასა და ინდივიდს შორის ურთულესი სოციალური პრობლემაა, როდესაც ინდივიდის სოციალურ სტატუსს განსაზღვრავს არა თავისუფლება, არამედ პროფესიონალიზმი, კულტურა და, რაც მთავარია, ცხოვრებაში არჩევანის გაკეთების და გადაწყვეტილების უნარი. სამყაროში დღეს მიდის ძალზედ რთული, დიდი რისკისა და განუზღვრელობის შემცველი პროცესები და ყოველივე ეს მწვავედ აყენებს ადამიანის სულიერი ცხოვრების, პრაქტიკული, სოციალური და ტექნიკური მოღვაწეობის ახლებური ორგანიზაციის საკითხს, რომელთა გადასაჭრელად საჭიროა სამყაროსთან ჩვენი შემეცნებითი და შეფასებითი მიდგომის განვითარება და სრულყოფა.

ჩვენი საუკუნე დისციპლინათაშორისი კვლევის საუკუნეა. სამყარო შეიმეცნება (მეცნიერება) და განიცდება (ხელოვნება) კიდეც და ამ ფონზე საჭიროა მეცნიერების, ხელოვნების და ფილოსოფიის ახალი თეორიული სინთეზი. ადამიანმა დღეს ინტეგრირებული ცნობიერებით უნდა გაიაზროს სამყარო როგორც მთელი, როდესაც ერთნაირად იქნება წარმოდგენილი როგორც მოვლენების ძლიერი ემოციური შთაგონებით გამოწვეული ხედვები და მუსიკალური შედევრები, ასევე სამყაროს რაციონალური კვლევის საფუძველზე მიღებული მეცნიერული სურათი.

დაინგრა კლასიკური წარმოდგენები სამყაროზე, ყველა სფეროში დაიკარგა აბსოლუტი, ყველგან თავი იჩინა ფარდობითობამ და ადამიანმა, რომელსაც აღარ დარჩა ორიენტირი ცხოვრებაში, დაკარგა წონასწორობა, მან იგრძნო, რომ აქვს თავისუფალი აზროვნების უფლება, მაგრამ მიხვდა იმასაც, რომ არ გააჩნია უფლება თავისუფალი მოქმედების. ამასთან დაკავშირებით მის წინაშე დადგა "მე მინდა" და "მე მევალება"-ს შორის არჩევანის გაკეთების პრობლემა და ცხადი გახდა ისიც, რომ პიროვნებას განსაზღვრავს მისი დამოკიდებულება თავისუფლებასთან. ადამიანი პასუხისმგებელია ყოველთვის თავის არჩევანზე და იმისათვის, რომ არ გახდეს იგი თავისივე მარცხის და უბედურების მიზეზი, როგორც წესი, უნდა იცხოვროს და იმოქმედოს გონებით.

გონება არის ის ძალა, რომელსაც შეუძლია იხსნას ადამიანი აბსოლუტების მონობისაგან და ასწავლოს მას ლაღი, თავისუფალი და რისკიანი მიმართება სამყაროსთან. ჩვენ ვცხოვრობთ წინააღმდეგობებით და შემთხვევითობით სავსე სამყაროში და უნდა შევძლოთ ის, რომ გავიცნობიეროთ თავი ამ უსასრულო სამყაროს ნაწილად, მაგრამ ისე, რომ არ დავკარგოთ და შევინარჩუნოთ ამ დროს საკუთარი ინდივიდუალობა. "იქონიე ვაჟკაცობა იარსებო მთელში" – წერდა ამათან დაკავშირებით გოეთე. ეს პრობლემა ადამიანის უდიდესი პრობლემაა დღესაც.

ცხადზე ცხადია, რომ საზოგადოებას დღეს სჭირდება ძლიერი და რაციონალური დისციპლინა; პოლიტიკაც, როგორც მოქმედების კულტურა, უნდა იყოს აუცილებლად მეცნიერებაზე დაფუძნებული. მეცნიერება არის ის ძალა, რომელიც გვიჩვენებს აუცილებლობას, მიგვითითებს მოვალეობაზე და გვასწავლის იმას, რომ ადამიანი, როგორც საზოგადოების წევრი, არ არის მთლიანად თავისუფალი; ადამიანის თავისუფლებას გააჩნია სოციალური საზღვრები: არავინ არ უნდა დაარღვიოს კანონი, არ უნდა იქურდოს და საერთოდ საზოგადოებაში ყოველთვის უნდა იყოს წესრიგი.

ნებისმიერი ადამიანი ცდილობს თავისუფლება გამოიყენოს საკუთარი ინტერესების განსახორციელებლად და ნაკლებად ფიქრობს ამ დროს იგი საზოგადოებრივ პრობლემებზე. კანონი კი საჭიროა იმისათვის, რომ დაიცვას საზოგადოება ყოველგვარი ანარქიისა და დესტაბილიზაციისაგან, შეიზღუდოს ცალკეულ ინდივიდთა თვითნებობა და არ დაუშვას ის, რომ ერთმა ადამიანმა დაარღვიოს მეორის თავისუფლება. ამბობენ, რომ ის სახელმწიფოა ძლიერი, სადაც არსებობს წესრიგი და კანონი დაცული თოფით. ამიტომაც არის, რომ ყოველთვის ანარქიითა და დესტაბილიზაციით შეშინებულ საზოგადოებაში ჩნდება მკაცრი კანონის და წესრიგის დაცვის მოთხოვნილება.

რაციონალური პოლიტიკა გულისხმობს რეალური პროცესების განხილვას დემოკრატიული მეთოდებით. ეს მეთოდებია: დისკუსია, პარტნიორული ურთიერთობების კულტურა და ამ გზით მისვლა კონსტრუქციულ შედეგებამდე. ამგვარი პოლიტიკის წარმართვისათვის კი აუცილებელია, რომ ყველა სფეროში წინა პლანზე წამოვიდნენ პროფესიონალები და, რაც მთავარია, შეწყდეს მიტინგებისათვის მიზეზების გაუთავებელი ძებნა. ახალგაზრდობას ცხოვრებაში თავისი თავი უნდა აპოვნინოს განათლებამ; მათ უნდა იგრძნონ, რომ ცოდნა და ინფორმაციის მუდმივი ძიება აუცილებელია, რისთვისაც უნდა შეიძინონ ინტერნეტის ზღვა ინფორმაციაში ორიენტირების კულტურა და დაეუფლონ კარგად ინფორმაციულ მენეჯმენტს.

სამწუხაროდ, სკოლა და განათლების დღევანდელი სისტემა ვერ ეხმარება ახალგაზრდებს ამ საქმეში, ვერ აწვდის საჭირო ინფორმაციას, ხოლო აზროვნება ზუსტი და სრული ინფორმაციის გარეშე შეუძლებელია და უშედეგო. ამიტომაც არის, რომ ძალიან ხშირად ვისმენთ ჩვენ ათასგვარ უზუსტო და ზერელე ფრაზეოლოგიას ტელეეთერებიდან და მიტინგებზე. ეს რომ არ მოხდეს და შევძლოთ მიმდინარე მოვლენებზე საფუძვლიანი და ადეკვატური რეაგირება, ამისათვის აუცილებელია და საჭირო, რომ ყველა მოვლენა შევისწავლოთ მეცნიერულად და ყველა მათგანთან მივიდეთ გონებით, ანალიზით და ზნეობრიობის განცდის გრძნობით. "ადამიანი ეს არის გონებრივი და ზნეობრივი გარკვეულობა" - წერდა სოლოვიოვი. ბრწყინვალე სიტყვებია.

დღევანდელ მდგომარეობას ართულებს ისიც, რომ დღეისათვის პრინციპულად სხვაგვარია ადამიანის დიალოგი სამყაროსთან, ფუნდამენტური ცვლილებები მოხდა მეცნიერებაში, ხელოვნებაში, სოციალურ სფეროში და როგორადაც არ უნდა ვეცადოთ ჩვენ გავთავისუფლდეთ ფაქტების ანალიზის დროს სუბიექტური მომენტისაგან, მაინც ვერავითარ შემთხვევაში ვერ ვიქნებით აბსოლუტურად ობიექტურები მოვლენებთან მიმართებაში. თვისებრივად შეიცვალა მსოფლმხედველობრივი პარადიგმა და უნდა შევეგუოთ იმ ფაქტს, რომ აბსოლუტურად ზუსტი ინფორმაცია ობიექტის შესახებ უბრალოდ არ არსებობს. ყოველი ინფორმაცია საგნის შესახებ არაზუსტია და შეიცავს დეზინფორმაციასაც. ამიტომაც უჭირს დღეს ადამიანს გარკვევა სიტუაციაში და უძნელდება ადეკვატური გადაწყვეტილების მიღება. უნდა შევეგუოთ იმ ფაქტს, რომ არავითარი მეცნიერული ცოდნა არ არის აბსოლუტურად ზუსტი, რომ ძალზედ დინამიურია და ცვალებადი ადამიანის დამოკიდებულება სამყაროსთან და ასეთ ვითარებაში უკვე განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ადამიანის, როგორც თავისუფალი სუბიექტის, ობიექტთან მიმართების ფაქტორი, რის გამოც ინდივიდის პიროვნებად ფორმირების საკითხი დღევანდელ ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი საკითხი ხდება. სარტრი წერდა: "ადამიანი დაწყევლილია თავისუფლებით", "ღმერთი არ არის, ე.ი. ყველაფერი ნებადართულია?" ისტერიკაში ვარდება დოსტოევსკის გმირი; მაგრამ ბერდიაევმა თქვა: "ადამიანი ეს არის შემოქმედება!" ღმერთმა ქნას, რომ გააცნობიეროს ჩვენმა ახალგაზრდობამ ამ გენიალური ფრაზის უდიდესი შინაარსი და მნიშვნელობა, ანუ სწორად გაიგონ და გამოიყენონ თავიანთი თავისუფლება.

ეპოქისათვის დამახასიათებელმა კრიზისმა თავი იჩინა არა მხოლოდ ცალკეული ადამიანის ცხოვრებაში, არამედ სახელმწიფოებრივი პროცესების ფონზეც და კრიზისი შეიქმნა პოლიტიკაშიც. პრინციპულად შეიცვალა ყველა სფერო: სახელმწიფოებრივი ინსტიტუტები, ეკონომიკა, მეცნიერება, ხელოვნება, ხოლო სისტემატურად გაჟღერებულმა ლოზუნგებმა: "შევიდეთ ნატო-ში" და "ვიცხოვროთ ისე, როგორც ცხოვრობს ევროპა" დაგვაყენა ეროვნულ იდეოლოგიაზე უარის თქმისა და საკუთარი ქვეყნის ტრადიციებისადმი გულგრილი დამოკიდებულების წინაშე; ამის შედეგად კი გავაკეთეთ ბევრი რამ ისეთი, რაც არ უნდა გაგვეკეთებინა და რამაც გამოკვეთილად მიიღო შემდგომ აშკარად ანტისახელმწიფოებრივი ფორმები; ინტელიგენციის გარკვეულმა ნაწილმა სახელმწიფო გამოაცხადა ხალხის მტრად, ბრძოლა გამოუცხადა სახელმწიფოს მიერ ძალის გამოყენების ლეგიტიმურობას და ეროვნულ იდეოლოგიას უწოდა ფაშიზმი. ასეთ ვითარებაში არნახული ძალით შემოგვიტიეს სოროსის სოციალურმა ინსტიტუტებმა. ისინი არ იშურებდნენ არავითარ თანხებს იმისათვის, რომ გვეღიარებინა ჩვენში მარიხუანას ლეგალიზაცია, გაგვეხსნა გზა ათასგვარი უკანონობისა და ძალადობისათვის და გენდერული პრობლემებით სპეკულაციებით ანადგურებდნენ ჩვენს მორალს, ეთნიკურ კულტურას და ტრადიციულ ფასეულობებს, რაც მიზანმიმართულად სპობს პიროვნებას და ახდენს მის დეგრადაციას. სწორედ ამ ინსტიტუტების გულმოდგინე მოღვაწეობის შედეგად დაინგრა ჩვენი სახელმწიფოებრიობა, ზიანი მიადგა ჩვენს საუკუნოვან რელიგიას, განადგურდა მეცნიერება და განათლების სისტემა, საბოლოოდ მოიშალა ჩვენი ეკონომიკა და რაციონალური პოლიტიკის საფუძვლები. ეტყობა მოვიდა დრო, რათა წერტილი დავუსვათ ყველაფერს, მივხვდეთ იმას, რომ ძალიან დიდხანს და ძალიან ბევრი ვივარჯიშეთ ჩვენ ცრუ დემოკრატიასა და ავანტიურისტულ ლიბერალიზმში და დროა უკვე დღეს ვიფიქროთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებზე და დავიცვათ ეროვნული ფასეულობები.

სოროსის ბიზნესი ეს არის კრიმინალთა მაფია, რომლის უკანაც დგას რომელიმე მიზანში ამოღებული ქვეყნის ნგრევის მზაკვრული პოლიტიკა. ამჯერად ეს ქვეყანა ჩვენ აღმოვჩნდით. ამ ახალ "იდეოლოგიათა" აზრით ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს სრული თავისუფლება, ხოლო სახელმწიფოებრივი წესრიგისა და კანონის დაცვა ითვლება მათთან ტირანიად. ამ გზით წინა პლანზე გამოდის საზოგადოებისგან ამპუტირებული, ყოველგვარ კულტურას, პროფესიონალიზმს და ზნეობას მოკლებული ხარბი და მტაცებლური ახლადგამომცხვარი დემოკრატი, რომელიც აცხადებს, რომ თავისუფლების შეზღუდვაა თურმე სამართალი, კანონი, მორალი და ვალდებულება.

სოროსის ინსტიტუტები მოურიდებლად ყოფენ ცხვირს ყველგან და ყველაფერში და გამუდმებით გვასწავლიან იმას, თუ როგორ უნდა ვიმუშაოთ, როგორ უნდა ვიცხოვროთ და როგორ უნდა გამოვაცხადოთ საკუთარი ინტერესები ჩვენს მთავარ მამოძრავებელ ძალად ყველა ვითარებაში. დადგა დრო, როდესაც გადაჭრით უნდა ვთქვათ უკვე: კმარა!, როდესაც უნდა ვისწავლოთ ჩვენი ეროვნული იდეოლოგიით ცხოვრება და დავიცვათ საკუთარი ქვეყნის ინტერესები ყველგან, ყოველთვის და ყველაფერში, როდესაც უნდა მივეჩვიოთ კონსტრუქციულ თანამშრომლობას და გარკვევით ვაგრძნობინოთ ყველას, რომ თანახმა ვართ მხოლოდ პატივისცემით და ნდობით გამსჭვალულ პარტნიორობაზე, ისეთზე, სადაც გამორიცხული იქნება ყოველგვარი მენტორული ტონი. ტყუილი და შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი ზეწოლები. ჩვენი ქვეყნის იდეოლოგიური პოზიცია, გარდა ეკონომიკური განვითარების და წინსვლის პროგრამისა, უნდა მოიცავდეს აგრეთვე ისეთ მნიშვნელოვან პრინციპებს, როგორიცაა ეროვნული ღირსების შენარჩუნება და ქვეყნის ისტორიის პატივისცემა; აუცილებელია ჩვენი კულტურის და ტრადიციების გაფრთხილება, ადამიანის უფლებების დაცვა, სხვების პატივისცემა და, რაც მთავარია, კატეგორიული მოთხოვნა იმისა, რომ პატივი გვცენ და ანგარიში გაგვიწიონ ყოველთვის ჩვენს ყველა ურთიერთობებში. ჩვენ არ გვჭირდება რევოლუციები, მაგრამ ქვეყნისათვის აუცილებელია განვითარება.

გილდა სიხარულიძე

იხილეთ მეტი

(R)