ანტისტრესული გასაფერადებლები და მანდალები - როგორ შევიმსუბუქოთ სახლში ყოფნა - კვირის პალიტრა

ანტისტრესული გასაფერადებლები და მანდალები - როგორ შევიმსუბუქოთ სახლში ყოფნა

ამ ერთმა უბრალო აქტივობამ უკვე მთელი მსოფლიო დაიპყრო და უკვე დამტკიცებულია, რომ მას არამხოლოდ ბავშვებზე, არამედ უფროსებზეც ძალიან პოზიტიური გავლენა აქვს. არტთერაპიაში სწორედ გაფერადებაა ერთ-ერთი ძირითადი ინსტრუმენტი სხვადასხვა პრობლემასთან ბრძოლაში. თუმცა ის ყოველდღიურ ცხოვრებაშიც აქტიურად გამოიყენება როგორც ანტისტრესული საშუალება.

ზოგადად, ხელოვნება და ხატვა ერთ-ერთი საუკეთესო ანტისტრესული საშუალებაა. ხატვისგან განსხვავებით გაფერადება უფრო მარტივია და ნაკლებ შემოქმედებით უნარს მოითხოვს, შესაბამისად, თვითშეფასებაზე უარყოფითად არ მოქმედებს, ფერებისა და ფორმების მართვა კი ადამიანს ნეგატიური განწყობისგან ათავისუფლებს. სწორედ ამიტომ გაფერადებას უფრო მეტი ადამიანი მიმართავს, ვიდრე - ხატვას. გაფერადება ხსნის სტრესს და ავითარებს ფანტაზიას, ასევე, კრეატიულობას. გარდა ამისა საინტერესოა, რომ გაფერადების დროს:

  • ტვინი გადადის მედიტაციის მდგომარეობაში
  • სტრესისაა და აღელვების დონე კლებულობს
  • ნეგატიური ფიქრები პოზიტიურად გარდაიქმნება
  • აწმყოზე კონცენტრირება გონივრულ ქცევაში გვეხმარება
  • ტექნოლოგიებისა და გაჯეტებისგან მოშორება კრეატივის განვითარებაში გვეხმარება
  • ეს არის ჰობი, რომელიც ყველგან შეგიძლია ატარო
  • გაფერადებას განსაკუთრებული ნიჭი არ სჭირდება

ნეიროფსიქოლოგი სტენ როდსკი ამბობს, რომ გაფერადების პროცესს ჩვენი ტვინი გადაჰყავს ერთგვარ მშვიდ მდგომარეობაში, რომელიც ჰგავს ტრანსს და მედიტაციას. ჩვენ ვთავისუფლდებით ყოველდღიური ფიქრებისგან და ვფოკუსირდებით მიმდინარე მომენტზე. სწორედ სტენ როდსკის ეკუთვნის ანტისტრესული გასაფერადებლების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კრებული, რომელიც სპეციალურად უფროსებისთვისაა შექმნილი.

ანტისტრესული გასაფერადებლების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმა არის ე.წ. მანდალა, რომელიც სათავეს ინდური და ბუდისტური კულტურებიდან იღებს. მანდალას აქვს ცენტრი, საიდანაც იშლება სხვადასხვა პერსპექტივა. კარლ იუნგი დიდხანს სწავლობდა მანდალას ფენომენს, თავადაც იგონებდა მათ და ხატავდა. იუნგმა ყურადღება მიაქცია იმას, რომ ცხოვრების რთულ პერიოდებში ადამიანები მიდრეკილნი არიან სრულიად გაუცნობიერებლად ვხატოთ, ან დაგვესიზმროს მანდალის, ლაბირინთების მსგავსი რამეები და მიხვდა, რომ მანდალა ადამიანის ფსიქიკის პროექცია იყო და მისი ხატვის და გაფერადების პროცესიც საკუთარ თავში გარკვევის სიმბოლური გამოხატულებაა.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით გაფერადება ერთ-ერთი საუკეთესო აქტივობაა, რაც დღეს თვითიზოლაციაში მყოფმა თუ ურალოდ, სახლში დარჩენილმა ადმაიანებმა შეგვიძლია გავაკეთოთ. მანდალებისა და სხვა ანტისტრესული გასაფერადებლების შეძენა კი ონლაინ შეგიძლიათ.