ყველაზე მთავარი არ დაგვავიწყდეს - ერთმანეთს გავუფრთხილდეთ! ერთმანეთის სიყვარული არ დავკარგოთ, თორემ მერე ყველაფერი სულერთი იქნება - კვირის პალიტრა

ყველაზე მთავარი არ დაგვავიწყდეს - ერთმანეთს გავუფრთხილდეთ! ერთმანეთის სიყვარული არ დავკარგოთ, თორემ მერე ყველაფერი სულერთი იქნება

13 აპრილიდან - "ბიბლიის განმარტებების“ მერვე ტომი გაზეთ "კვირის პალიტრასთან“ ერთად. ამ ტომში დავით მეფის ფსალმუნთა (11-20 კანონების) განმარტებები შევიდა.

გთავაზობთ პროექტის ავტორისა და მთავარი რედაქტორის თამარ მამაცაშვილის მორიგ ბლოგს:

თუ დღევანდელ მოვლენებს სულიერი თვალით შევხვედავთ, მაშინვე აღმოვაჩენთ, რომ მართლაც ბიბლიურ ეპოქაში ვცხოვრობთ. ალბათ არც ის არის შემთხვევითი, რომ სწორედ ახლა, ამ საკაცობრიო განსაცდელისას ინება უფალმა, რომ ქართულ ენაზე ჰქონოდა ქართველ მკითხველს ასეთი სრული სიმფონიური განმარტება ბიბლიის ტექსტისა. იქნებ იმისათვის, რომ სულიერად გაძლიერებულნი, წმინდა მამათა სწავლებით განბრძნობილნი დავხდეთ მოსალოდნელ სიძნელეებს.

რა დროს წიგნიაო - იქნებ მავანმა გაიფიქროს, მაგრამ სწორედაც რომ ახლაა ამ წიგნების დრო, ყველაზე მეტად ამის დროა ახლა! ამ ტომეულში ხომ ყველა იმ კითხვაზე პასუხს ამოვიკითხავთ, ახლა რომ თითოეულ ჩვენგანს არ გვასვენებს: რა ხდება? რატომ ხდება? როგორ მოვიქცეთ? რატომ, უფალო?

"ბიბლია განმარტებებით“ - აი, პასუხი დღევანდელობაზე.

***ეს ყველაფერი რომ ჩაივლის:

ჩვენ, ყველას, კიდევ უკეთ გვეცოდინება, რომ მარადიული ამქვეყნად არაფერია და ერთ მშვენიერ დღეს ყველაფერი შეიძლება ისე გაქრეს, თვალიც ვეღარ მოვკრათ...ჩვენ, ყველა, ერთად მივხვდებით, რომ ის, რაც გვაქვს, უკეთ უნდა დავაფასოთ და მადლიერნი ვიყოთ...

ჩვენ, ყველას, დაგვღლის უერთმანეთობა და მეტად შევიყვარებთ ადამიანებს...ჩვენ მეტად დავფიქრდებით სამყაროზე, როგორც ღვთის საჩუქარზე, მეტად მოვუფრთხილდებით, უკეთ ვიზრუნებთ მომავალ თაობებზე...ჩვენ, ყველა, დავინახავთ, რომ უფლის ერთგულება, რწმენა უმთავრესია ყოველი განსაცდელის დროს და ღალატი გულში არ უნდა გავივლოთ, როგორც არ უნდა გაგვიჭირდეს...

ეს განსაცდელი რომ ჩაივლის, აღმოვჩნდებით ახალ რეალობაში და მე ძალიან მინდა, რომ ის რეალობა იყოს უკეთესი - სინათლით, სიკეთით და სიყვარულით სავსე...

ეს ტკივილი აუცილებლად ჩაივლის...

ახლა კი მოთმინება გვმართებს...

სიფრთხილე და არა - შიში...

სიფრთხილე და არა - სიძულვილი ერთმანეთისა...

სიფრთხილე და არა - უნდობლობა, ეჭვი...

ვიღაცას ძალიან უნდა, რომ ყველას გვეშინოდეს!!!

ჰოდა, ნუ გეშინიათ, ჩემო ტკბილო მეგობრებო! ნურაფრის ნუ გეშინიათ!!! ყველაფერი კარგად იქნება!!!

***მეგობრებო, ჩემო საყვარელო ხალხო, ჩემო კეთილო და თბილო ადამიანებო, ვირუსი შეიძლება გავრცელდეს და ადრე თუ გვიან მოვიდეს ჩვენს გარემოცვაშიც. შეიძლება სხვა განსაცდელიც დაგვატყდეს თავს ყველას ერთად, არც ის არის გამორიცხული, თავის გადარჩენაზეც მიდგეს საქმე... ჰოდა აი, მანდ გამოჩნდება, ვინ ვინ ვიქნებით... შეგვრჩება თუ არა ადამიანობის ნიშანწყალი... სხვისი სიცოცხლისთვის საკუთარის გაწირვას თუ არა, რისკზე წასვლას მაინც თუ შევძლებთ? თუ საკუთარი კეთილდღეობისთვის გავწირავთ ყველას და ყველაფერს და დავჭამთ ერთმანეთს? ერთი რამ გვავიწყდება - ისე გვავიწყდება, რომ თითქოს არც გაგვეგონოს, ან არ გვჯეროდეს: სიკვდილი ადრე თუ გვიან ყველას მოგვადგება! მთავარი კი ის არის, როგორ - გულის რა მდგომარეობით შევხვდებით ამ დღეს!

გავფრთხილდეთ, კი ბატონო, დავიცვათ ყველა წესი, მოვერიდოთ რისკებს, მაგრამ ყველაზე მთავარი არ დაგვავიწყდეს! ერთმანეთს გავუფრთხილდეთ! ერთმანეთის სიყვარული არ დავკარგოთ, თორემ მერე ყველაფერი სულერთი იქნება, თუნდაც 100 წელი ვიცოცხლოთ!

სულაც არ ვფიქრობ, რომ დღევანდელი საშიშროება რეალურია და პანიკის საფუძველი გვაქვს ვინმეს, უბრალოდ ასეთი განსაცდელების დროს აუცილებლად გვმართებს სულზე დაფიქრება ყველას ერთად.

ჯანმრთელობა, სიმშვიდე, სიხარული და ბედნიერება არ მოგვკლებოდეს, მეგობრებო! მიყვარხართ მე თქვენ და სიცოცხლე მარტო ხორცში ყოფნა რომ არ არის, ამის გახსენება მინდოდა თქვენთან ერთად! დიდება უფალს!

***ქრისტიანობა გულის რელიგიაა, სიყვარულის რელიგია... ვისაც ქრისტე მხოლოდ გონებაში ჰყავს და არა გულში, ის ვერ დაიტევს ქრისტიანობას, ღვთის ერთგულებას, მორჩილებას, თავმდაბლობას, სინანულს... ცხელი გული სჭირდება ამას, გული, რომელშიც ქრისტეა... მხოლოდ გულისმიერ ლოცვას შეიწირავს უფალი... მხოლოდ გულისმიერი ქმედებაა სიკეთე... წიგნში ნასწავლი ქრისტიანობა მაშინ ხდება რწმენა, თუ გონებით გულში ჩაღრმავებას შევძლებთ და სიყვარულის ცეცხლი მოედება გულსაც და გონებასაც... სხვაგვარად ათასნაირ ხრიკს დაგვიგებს ბოროტი გონების ასარევად, რწმენაში დასაეჭვებლად...

ღმერთმა დაგლოცოთ, უფალს მინდობილო ადამიანებო...

ყველაფერი კარგად იქნება!

***

როცა გვიჭირს საკუთარ თავში დაცემული ბუნების შეცნობა, სწორედ მაშინ ვდგავართ დაღუპვის გზაზე და არა მაშინ, როცა ჩვენ მიერ ჩადენილი საქციელების გამო სინანული გვიკარგავს მოსვენებას.

ამიტომ ევედრებიან მორწმუნენი დიდი მარხვის განმავლობაში ეფრემ ასურის ლოცვაში უფალს, რომ მოანიჭოს საკუთარი ცოდვების განცდა.

ინებოს ღმერთმა და მხოლოდ სიტყვებად არ დარჩენილიყოს ჩვენ მიერ მიტევების დღეს წარმოთქმული: "მაპატიე, თუ რამე განწყენინე".

თუო? თუ კი არა, რა მოთვლის, რამდენი ბალღამით არის სავსე ჩვენი ფიქრი, აზრი, გონება, რამდენი ვერაგობა და ცბიერება მოდის ჩვენი ბაგეებიდან, რამდენი შური და ბოღმა დაბუდებულა ჩვენს გულებში.

ნეტავ, გულის გულამდე გვეგრძნოს საკუთარი დაცემულობა და ცოდვების სიმრავლე.

***

რატომ არის დავით მეფსალმუნის ფსალმუნთა განმარტებები განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ყველა მლოცველისათვის? რატომ აღწევს უფლამდე ფსალმუნთა გულით მღაღადებლის ლოცვა? მეფე დავითი ყველაზე მთავარს მიხვდა - სინანული რომ იყო ცოდვილი ცხოვრების გამოსყიდვის და ღვთის წყალობის მოპოვების საშუალება.

სინანულია ყოველი განსაცდელის დაძლევის გზა, სინანულით გადარჩება ყოველი ადამიანი თუ ღვთისმოსავი ერი.

ჰოდა, სინანულით გადავშალოთ "ბიბლიის განმარტებების“ მე-8 ტომიც და, წმინდა დავით მეფის ფსალმუნთა კვალდაკვალ, იქნებ ჩვენს სულებშიც გაიღვიძოს სინანულმა ჩვენი უღმერთო ცხოვრების გამო, ფუჭად დაკარგული წლების გამო, იქნებ ინებოს ღმერთმა, მოგვმადლოს წყალობა, სიმშვიდე და სიხარული!

მერვე ტომი 13 აპრილიდან გაიყიდება გაზეთ "კვირის პალიტრასთან“ ერთად სუპერმარკეტებში, სადაც საგაზეთო სტენდებიც არის. არ გამოგრჩეთ, თორემ ვიდრე "ბიბლუსის“ მაღაზიები დაკეტილია, გამორჩენილ ტომებს ვერ შეიძენთ!