ადგილობრივ და საექსპორტო ბაზარზე ზრდის პოტენციალის მქონე დარგები - მოსაზრებები ექსპორტის დივერსიფიკაციასთან დაკავშირებით და შესაბამისი რეკომენდაციები - კვირის პალიტრა

ადგილობრივ და საექსპორტო ბაზარზე ზრდის პოტენციალის მქონე დარგები - მოსაზრებები ექსპორტის დივერსიფიკაციასთან დაკავშირებით და შესაბამისი რეკომენდაციები

პროექტის “ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან” (GeClose2EU) ფარგლებში ჩატარებულმა კვლევამ გამოავლინა დარგები, რომლებსაც განვითარების, ადგილობრივ და საექსპორტო ბაზარზე ზრდის პოტენციალი აქვს. პროექტი ხორციელდება ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) მიერ შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით და, პერსპეტივაში, შერჩეული ორი დარგის ტექნიკურ დახმარებასაც ითვალისწინებს.

17 სასაქონლო ჯგუფისა და 46 დარგის ანალიზის შედეგად, (რომელთა შორის არ შედიოდა მომსახურების დარგები, რადგან ისინი უკვე განსაზღვრულია პროექტის GeClose2EU სამიზნედ), გამოიკვეთა შემდეგი 5 პერსპექტიული დარგი და 2 ქვედარგი:

1. ტანსაცმლის წარმოება; 2. ფეხსაცმლის წარმოება; 3. ტყავისა და მასთან დაკავშირებული საქონლის წარმოება; 4. ხის და კორპის წაროება, ნაკეთობების წარმოება ჩაის და წნული მასალებისგან; 5. ავეჯის წარმოება.

აღნიშნული დარგებიდან შესაძლო დანახარჯისა და პოტენციალის ურთიერთმიმართებით პერსპექტიულ ქვედარგებად კვლევაში გამოყოფილია საბავშვო ტანსაცმლის წარმოება (ტანსაცმლის წარმოების ქვადარგი) და სათამაშოების წარმოება (უპირატესად ხის სათამაშოების, როგორც ხის ნაკეთობების ქვედარგის, თუმცა იგი მთლიანად სათამაშებსაც მოიცავს).

დოკუმენტი მომზადდა საერთაშორისო ვაჭრობის ცენტრის (ITC), ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (WTO), ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ინფორმაციისა და მეთოდოლოგიის გამოყენებითა, ასევე საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) ინფორმაციაზე დაყრდნობით. კვლევაში გამოყენებულია კრიზისამდე არსებული სტატისტიკური მონაცემები.

საინტერესოა, რომ ჩამოთვლილი დარგები - შესაბამისად ტექსტილთან, სოფლის მეურნეობასთან, ხე-ტყის დამუშავებასთან, ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის ინდუსტრიასთან ერთად, ქმნიან კლასტერებს, რაც სამომავლოდ ყველა დარგის მეტ-ნაკლები განვითარების იმედს იძლევა. კვლევის თანახმად, საქართველოში ამჟამად ეს კლასტერები ჩანასახოვან მდგომარეობაშია და სწორი განვითარებისა და სახარბიელო ეკონომიკური კონიუნქტურის პირობებში, განვითარების კარგი პოტენციალი გააჩნიათ; მათ შორის პოსტ-კრიზისულ (პანდემიის შემდგომ) პერიოდში, როცა საქართველოს და მსოფლიოს ტრადიციულ ეკონომიკურ სტრუქტურას ცვლილება ელის.

...............................

„GEclose2EU"- ს შესახებ:

პროექტი “ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან”(GeClose2EU) ხორციელდება შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით. პროექტს ახორციელებს „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი" (EPRC) სააგენტოსთან „აწარმოე საქართველოში" თანამშრომლობით. პროექტი 2018 წლის ნოემბერში დაიწყო და მისი მიზანია მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა, მათი ცნობადობის გაზრდა ევროპის ბაზარზე და ინტერნაციონალიზაციის ახალი შესაძლებლობების შექმნა.