"ჩვენ უნდა ჩვენი ვშუათ მყობადი" (R) - კვირის პალიტრა

"ჩვენ უნდა ჩვენი ვშუათ მყობადი" (R)

მოსახლეობის დიდი ნაწილის სახელით მადლობა თქვენ, ბატონო გიორგი, ღირსეული პოლიტიკური კურსისათვის. აშკარაა, რომ კორონავირუსის შემდეგ მოგვიწევს ცხოვრება ახალ რეალობაში, ახალი ეკონომიკით და ახალი პოლიტიკით:

გველის ფუნდამენტური ცვლილებები სოციალური ხაზით და ქვეყნის შემდგომი განვითარებისათვის აუცილებელი იქნება უკვე საშინაო თუ საგარეო პოლიტიკაში წამოჭრილი ყოველი პრობლემის ეროვნული ინტერესების მიხედვით გადაჭრა; ანუ ქვეყანამ თავი უნდა გადაირჩინოს საკუთარი ძალებით, განვითარდეს ყველა მიმართულებით და აწარმოოს ყველაფერი, რისი წარმოებაც შეუძლია. ვერც ამერიკა და ვერც ევროპა ვერ გამოგვიყვანს შექმნილი მდგომარეობიდან.

ვნახეთ, თუ როგორ უმწეოდ და უშედეგოდ იშვერდნენ ხელს იტალია და ესპანეთი ევროპის სხვა ქვეყნებისკენ და დავრწმუნდით იმაშიც, რომ ყველა ქვეყანას, ამერიკის ჩათვლით, თავისი თავი ჰყავს გადასარჩენი და არავის სცალია დღეს სხვის გადასარჩენად.

ასეთ პირობებში დიდი სიბრიყვე და სიბეცე იქნება ალბათ, თუ ახლაც ვერ მივხვდებით იმას, რომ გადაგვარჩენს მხოლოდ კარგად შემდგარი, განვითარებული, ეფექტური სახელმწიფო სტრუქტურები და მკაცრი სახელმწიფოებრივი დისციპლინა, ანუ ყველაფერი ის, რაც ასე გულმოდგინეთ მოვსპეთ და გავანადგურეთ ჩვენში. მოსახლეობის დიდმა ნაწილმა, ვისთვისაც სულერთი არ არის ქვეყნის ბედი, გააცნობიერა ეს და ამიტომ შეხვდა ასე გაგებით მთავრობის მიერ არჩეულ სამოქმედო კურსს, რომელმაც თანდათან, ყველას თვალწინ, უმტკივნეულოდ და ბუნებრივად, დანგრეული საზოგადოების, ერთმანეთისგან იზოლირებული ელემენტებიდან დაიწყო ახალი, ძლიერი და შემოქმედებითი საქმიანობისათვის განწყობილი მთელის შექმნა.

ამ ახალმა, თანმიმდევრულმა, რაციონალურმა და ეროვნულმა პოლიტიკამ , თავისუფალმა ყოველგვარი მიმბაძველობისაგან, გამოაფხიზლა ერი და დაანახა მას ქართული სახელმწიფოებრიობის გამყარებისაკენ მიმავალი სწორი გზა. პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ აჩვენა ხალხს პროფესიონალიზმის და ზნეობის ძალა და ისიც, რომ დღეს თავი უნდა შევიკავოთ ყველამ უაზრო, ზერელე და არაფრის მომცემი დებატებისგან. დადგა ჟამი საქმის კეთებისა და ვისაც რა შეუძლია, ის უნდა აკეთოს და ამით შეუწყოს ხელი სახელმწიფოს ნორმალურ ფუნქციონირებას ჩვენს ქვეყანაში. მთავრობის მიერ აღებული ამ სწორი კურსის ფონზე წამოვიდნენ წინა პლანზე ძველი კულტურის უმოწყალო ნგრევას გადარჩენილი, ის პროფესიონალი, პატიოსანი და ეროვნული ცნობიერების მქონე კადრები, რომლებიც, მსგავსად პრემიერ-მინისტრისა, არ კარგავენ დროს უაზრო, პოპულისტური ხასიათის დებატებში, სწრაფად გრძნობენ და უმალ უკუაგდებენ ყველა ნაკლებად მნიშვნელოვან კითხვას და აკადემიური სიმშვიდით , ცხადად, ყოველგვარი ისტერიის გარეშე გვაწვდიან ზუსტ ინფორმაციას მიმდინარე მოვლენებზე. ჩვენი ექიმები პრინციპულად არ მალავენ სიმართლეს, სრულიად ადეკვატურად წარმოგვიდგენენ რეალობას და ამის გამო უძლურია მათთან ყველა პროვოკაციული სახის კითხვა და ინტრიგანული მიზნით გაკეთებული ყველა განაცხადი. მხოლოდ ასეთი კადრები გადაარჩენს ქვეყანას!!!

ამ კადრებში ხალხი ხედავს აკადემიური აზრის ძალას, პატიოსნებას და იმასაც, თუ რა უსუსურნი არიან მათთან შედარებით ის დილეტანტები, რომლებიც ვერ აანალიზებენ მოვლენებს, ვერ ალაგებენ ფაქტებს და ვერ პოულობენ თავიანთ ადგილს არსებულ რეალობაში. შექმნილმა ვითარებაბ კარგად აჩვენა ის, თუ ვინ რას წარმოადგენს და ვის რისი გაკეთება შეუძლია ამ ქვეყნისათვის. მე არ დავასახელებ აქ ახლა დღევანდელი გმირების გვარებს და სახელებს,რადგან მთელმა ქვეყანამ იცის უკვე, თუ ვინც არიან ისინი; ავღნიშნავ მხოლოდ იმას, რომ მათ თავიანთი პროფესიული და ღირსეული საქმიანობით სტიმული მისცეს სხვებს, აჩვენეს მათ რწმენის ძალა და გააღვიძეს ხალხში ეროვნული ფენომენი. პოლიტიკა არის მოქმედების კულტურა და ამ ადამიანებმა აჩვენეს ის, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს მთავრობის მიერ მიღებული დროული და სწორი გადაწყვეტილების ასევე დროულ, თანმიმდევრულ , მშვიდ და ისტერიის გარეშე განხორციელებას. მათ მაგალითზე გამოცოცხლდა ქვეყანაში სხვა საჭირო და აუცილებელი პროცესებიც, გამოფხიზლდა სოფელი, ადამიანები განეწყვნენ პატიოსანი შრომისა და მოღვაწეობისათვის და ბევრი მიხვდა იმას, რომ თითოელ მათგანზეა თურმე დამოკიდებული , თუ როგორია ჩვენი ქვეყანა და როგორი იქნება ის ხვალისათვის. ადამიანებში გაიღვიძა ბრძოლის უნარმა, მათ იგრძნეს კანონის ძალა, სახელმწიფოებრივი წესრიგის არსი და მნიშვნელობა.

დღეს ჩვენ ვხედავთ ექიმს, რომელიც ფიქრობს ადამიანის ჯანმრთელობაზე და არა ფულის კეთებაზე; მეწარმეს, რომელმაც გაიცნობიერა, რომ ისიც სახელმწიფოებრივი მთელის ნაწილია თურმე და მასზე ბევრად არის დამოკიდებული მისი სახელმწიფოს ძლიერება. ზნეობა, პატიოსნება და პროფესიონალიზმი წამოვიდა წინა პლანზე და გახდა ჩვენი ეროვნული პოლიტიკის მთავარი ნიშანი. ხალხს გაუჩნდა მოტივაცია და დაიწყო ზრუნვა საკუთარი ცხოვრების მოწესრიგებაზე; მან დაინახა "მე მინდა"-ს და "მე მევალება"-ს შორის განსხვავება და ისიც, თუ რაოდენ გონივრულია და ზოგჯერ გმირობის ტოლფასიც კი საზოგადოებრივი ინტერესების გამო პირად სურვილებზე უარი. მხოლოდ ასეთი კადრებით შეიძლება ჯგუფური მუშაობა.

ჯგუფური მუშაობა აძლევს ადამიანს შანსს თავისუფალი, წარმატებული და რისკიანი ცხოვრებისათვის, მაგრამ ითხოვს ამავე დროს მისგან პროფესიონალიზმს, ზნეობას და ეროვნულ ცნობიერებას. სიამაყით უყურებს ხალხი დღეს ჩვენს ექიმებს:

პროფესიონალიზმი, პატიოსნება და გამოცდილება გამოსჭვივის ყოველ მათ ქმედებაში; მათ ფონზე გაუფასურდა ყველას თვალში იმ პარტიების ავტორიტეტი, რომელთა ლიბერალურ, სპეკულაციურ დემაგოგიას მხოლოდ რყევა და დესტაბილიზაცია შემოაქვს საზოგადოებაში. ამიტომაც დასვა ალბათ ხალხმა ამ პარტიებისათვის სახელმწიფო დაფინასების შეწყვეტის საკითხი, რაც სავსებით სწორი და სამართლიანი მოთხოვნაა ჩვენს ქვეყანაში არსებული კრიზისული მდგომარეობიდან გამომდინარე და თანაც მაშინ, როდესაც ჩვენი, წლების მანძილზე კეთილსინდისიერად მომუშავე პენსიონერები, რომელთაგანაც ბევრი დღესაც არის საჭირო ქვეყნისათვის, სოროსის ფონდის მიერ გატარებული ავანტიურისტული საკადრო პოლიტიკის გამო, სხედან სახლებში და იღებენ უბადრუკ თანხებს თავიანთი არსებობისათვის. კმარა!!! კმარა!!!

ხალხი ნამდვილად აღარ ითანამშრომლებს უკვე იმ პარტიებთან, რომელთა ნდობა არ შეიძლება და გაყვება მხოლოდ პროფესიონალ, ზნეობრივ და ეროვნული ცნობიერების მქონე ლიდერს, რომელმაც იცის რა უნდა, რა შეუძლია და რისი გაკეთების უფლება აქვს ამ ცხოვრებაში; ვისაც ექნება პასუხისმგებლობის გრძნობა და უდიდესი ავტორიტეტი; იმას, ვინც არასოდეს დაემალება პრობლემას, პირიქით, შეუწყობს ხელს მის მოგვარებას და, თუ საჭირო იქნება, თავადაც ჩაერთვება მის გადაჭრაში. ასეთი ლიდერის ხელში ქვეყნის მმართველობა თავისუფალი იქნება მონური მიმბაძველობისგან, არ იქნება ზედმეტად დამოკიდებული გარე ფაქტორებზე და არასოდეს დაიწყებს ევროპული დემოკრატიითა და ავანტიურისტული ლიბერალიზმით უაზრო კეკლუცს; იგი შეკრავს ხალხს ერთი იდეით, აქცევს მას ძლიერ მთელად და აჩვენებს ყველას, რომ სახელმწიფო არის ის ერთადერთი რეალური ძალა, რომელიც დაიცავს ქვეყანას შიგა და გარე ფაქტორებით გამოწვეული რყევებისაგან და იქნება ყოველთვის საიმედო საყრდენი და ორიენტირი ადამიანისათვის ცხოვრებაში.

ხალხი კმაყოფილია იმით, რომ მთავრობამ აირჩია ღირსეული პარტნიორობის პოლიტიკა: პატივი ვცეთ სხვას , მაგრამ მოვითხოვოთ ჩვენი თავისადმი პატივისცემაც. ეს არის სამყაროსთან ახალი, თავისუფალი, თამამი და რისკიანი მისვლა, როდესაც ყოველ პრობლემას ჯერ გაანალიზებს და შეისწავლის პროფესიონალი, ჩაწვდება და შეაფასებს მის არსს და მხოლოდ შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას პრაქტიკული ქმედემისათვის. მიხარია, რომ თავის დროზე არ მიღალატა ინტუიციამ! ჩვენმა მთავრობამ შეიმუშავა და ახორციელებს ისეთ სახელმწიფო პოლიტიკას, რომელიც უდაოდ მისცემს ქართულ ფენომენს რეალიზაციის საშუალებას და გამოიყვანს ქვეყანას ქუჩიდან ხელისუფლებაში მოსული პირების უცოდინარი, უპასუხისმგებლო და აღვირახსნილი თარეშით გამოწვეული კრიზისიდან; სწორედ მათ გაუხსნეს გზა კორუფციას, ნეპოტიზმს, სპეკულაციურ ბიზნესს, აბუჩად აიგდეს და დააკნინეს ქვეყანაში ყოველგვარი კანონი, წესრიგი და სახელმწიფოებრივი დისციპლინა.

სოროსის ფონდის პოლიტიკამ ყველაზე მეტად გაანადგურა განათლების სისტემა და წარმოშვა ჩვენში ე.წ. "ჩარეცხილების" ის დიდი ნაკადი, რომელთა სერიოზული ინტელქტუალური პოტენციალი დღესაც ძალიან აკლია ჩვენს ქვეყანას; განათლების სისტემაში გატარებული მცდარი, უკანონო და ყოვლად გაუმართლებელი პოლიტიკის გამო ბევრ ჩვენ ბრწყინვალე მეცნიერს შეწყვეტილი აქვს პედაგოგიური მოღვაწეობა, ვერ ზრდიან კადრებს და პრინციპულად არიან იზოლირებული სასწავლო პროცესისაგან და ეს მაშინ, როდესაც კადრების აღზრდის საკითხი მინდობილი აქვთ ისეთი დაბალი პროფესიული დონის მქონე პირებს, რომლებიც სასწავლო პროცესში ერთი ლექციით ძლივს უსწრებენ წინ თავიანთ სტუდენტებს; ეს ქვეყნის აშკარა დაღუპვაა და სხვა არაფერი. ნათქვამია: ის ქვეყანაა ძლირი,ვისაც კარგი ახალგაზრდობა ჰყავსო და პირიქით. ჩვენ კი განათლების სისტემაში არსებული მახინჯი პოლიტიკით ძირს ვუთხრით და ვღუპავთ ჩვენს ახალგაზრდობას. დადგა დრო, როდესაც მეცნიერების სფეროშიც უნდა გაირკვეს, ვინ არის ცოცხალი და ვინ მკვდარი.

საერთოდ კი აშკარაა, რომ სოროსის დამანგრეველი პოლიტიკის შედეგად აღმოცენებული კვაზიმეცნიერების უაზრო და არაფრისმომცემ პარპაშთან დაკავშირებულ ხარჯებს, სახელმწიფოებრივი სტრუქტურების მაპარალიზებელი ბიუროკრატიული რეგულაციების შენახვას, რაზეც ასევე გაუმართლებლად და უაზროდ იხარჯება სახელმწიფო ბიუჯეტის დიდი ნაწილი, სპეკულაციურ ბიზნესს და ქვეყნის ბიუჯეტის ბოლომდე გამანადგურებელ კორუფციულ კერებს დიდხანს ვეღარ გაუძლემს ჩვენი ქვეყანა. სჯობს, რომ ეს თანხები მოხმარდეს ქვეყნის მშენებლობას, ვისწავლოთ ბოლოს და ბოლოს ის, რომ ჭეშმარიტ ღირებულებას წარმოადგენს და შესაბამისად უნდა ფინანსირდებოდეს მხოლოდ საქმის ნამდვილად გამკეთებელი, პროფესიონალი, ზნეობრივი, გამოცდილი და პატიოსანი კაცი და არა ის, ვისაც არასოდეს არაფერი გაუკეთებია ქვეყნისათვის და ვერც აწი გაუკეთებს ვერაფერს.

გავიხსენოთ, რომ ჩინეთი მხოლოდ მკაცრი დისციპლინით დადგა ფეხზე და სიკვდილით დასჯაც კი დაუშვა ბოლოს კორუფციის აღმოსაფხვრელად. ასე რომ, დიდი არაფერი მოხდება, თუ ჩვენც ცოტათი მაინც შევუფერთხავთ ჯიბეებს ჩვენს უსინდისო სახელმწიფო მო+ხელეებს და დავაბრუნებთ ბიუჯეტში იმას რაც მათ ამ ხნის მანძილზე სრულიად უკანონოდ მიიტაცეს და მიითვისეს. ჩვენი ქვეყვის ბევრი პატიოსანი და ღირსეული მოქალაქე უძლებს დღეს უდიდეს გასაჭირს და ფაქტიურად შიმშილობს. სოფელსაც უნდა სერიოზული დახმარება იმისათვის, რომ დადგას ფეხზე და შეეშველოს ქვეყანას.

ჩვენ არ გავიზიარეთ რატომღაც ჩინეთის საოცრად შედეგიანი პრაქტიკა და გამოცდილება სახელმწიფოებრივი წესრიგის განმტკიცების საქმეში და მოვიქეცით პირიქით: გზა გავუხსენით და ფართო ასპარეზი მივეცით სოროსის ფონდის მიერ დაფინანსებული პარტიებისაგან შემოგდებულ იდეოლოგიას, რომელმაც ლოზუნგით:"მხოლოდ სრული თავისუფლება და არა თავისუფლების ნაგლეჯი" ძირი გამოუთხარა სახელმწიფოებრივ სტრუქტურებს,კანონს, დისციპლინას და მორალს, თვითმიზნად გამოაცხადა ბაზარი და არნახულად გაააქტიურა კრიმინალური გზით მოპოვებული კაპიტალით სახალხო ქონების დატაცების პროცესი; და ეს მაშინ, როდესაც მთელი მსდოფლიო კარგად ხედავს მოგების კანონზე აგებული კაპიტალისტური ეკონომიკის კრიზისს და ყველა ქვეყანა ეძებს განვითარების ახალ ეკონომიკურ კონცეფციას. ჩვენთან კი დაიხურა ამ ხაზით საკვლევი ინსტიტუტები, შეწყდა სოციალიზმის პირობებში საბაზრო ურთიერთობებზე გადასასვლელი გზების კვლევა და ძიება. დღეს ვხედავთ უკვე, რომ გავაკეთეთ ბევრი რამ ისეთი, რაც არ უნდა გაგვეკეთებინა, რომ საჭიროა და აუცილებელი მოვიძიოთ და გამოვიყენოთ ჩვენი ძველი კულტურის ვანდალურ ნგრევას გადარჩენილი, დღესაც ძალზედ საჭირო და ძალზედ ღირებული ინტელექტუალური პოტენციალი.

გავიხსენოთ ისიც, რომ ე.წ. ევროპული დემოკრატია და თავაშვებული ლიბერალიზმი შემოვიდა ჩვენში კიდევ ერთი სახიფათო დევიზით:"ნებადართულია ყველაფერი ის, რაც არ არის აკრძალული კანონით’. ეს, მართალია, კრძალავს კანონსაწინააღმდეგო მოქმედებებს საზოგადოებაში, მაგრამ გზას უხსნის უზნეობას და ნებადართულს ხდის კანონის მიღმა არსებულ ყველა ამორალურ ქმედებას; ანუ უფლებას აძლევს ადამიანს დაარღვიოს ზნეობრივი კანონი და არაფრად ჩააგდოს პიროვნული ღირსების გამომხატველი ფასეულობები, თანაც მაშინ, როდესაც იურიდიული კანონის დარღვევის შემთხვევაში კაცს შეუძლია მოიხადოს სასჯელი და გააგრძელოს შემდეგ ცხოვრება, ხოლო ზნეობრივი კანონის დარღვევას კი ძალიან დიდხანს არ ივიწყებს ხალხი და კარგა ხანს შემნოაქვს მას უნდობლობა და დესტაბილიზაცია საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

ამრიგად, ზნეობა განსაზღვრავს ინდივიდის რაობას, მის ღირსებას და აქ ახალი არაფერია; მაგრამ უკანასკნელ ხანებში ზნეობის ფაქტორმა განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა პოლიტიკის სფეროში. საქმე იმაშია, რომ გლობალიზაციის პერიოდი იმ გაგებით, რაც ადრე იყო, ანუ ერთი ქვეყნის(მაგალითად, ამერიკის) დიქტატი მსოფლიოს დანარჩენ ქვეყნებზე დამთავრდა და ვერც ერთი ქვეყანა ვეღარ განახორციელებს დიქტატს სხვა ქვეყანაზე; სამაგიეროდ გაიზარდა მსოფლიოში საერთაშორისო ორგანიზაციების როლი და დამოუკიდებელი ქვეყნების მიერ წარმართული მაღალი დონის დიპლომატიურ მოლაპარაკებებში აუცილებელი გახდა თითოეული ქვეყნის მიერ საკუთარი ინტერესების დაცვა, მათი კოორდინაცია და ამ დროს წამოჭრილი პრობლემების სერიოზული კვლევა და ანალიზი. ყოველივე ამან კი მთელი სიმწვავით დააყენა თითოეული ქვეყნის წინაშე სახელმწიფო სტრუქტურებში პროფესიული, გამოცდილი და ღირსეული კადრების მიზიდვის აუცილებლობის საკითხი და აჩვენა ისიც, თუ რაოდენ დიდი საშიშროება შეიძლება მოყვეს საერთაშორისო დონის მოლაპარაკებების ფორმატში პოლიტიკაში ქუჩიდან მოსული კადრების მონაწილეობას, რაშიც, სამწუხაროდ, ჩვენც ბევრჯერ დავრწმუნდით საკუთარი ქვეყნის მაგალითზე.

და კიდევ:კორონავირუსის შემდეგ, როგორც ჩანს, მსდოფლიო გადავა ტოტალური კონტროლის ფორმატში ცხოვრებაზე და რაიმე დიდი პროტესტი ჩვენგან იმაზე, რომ "არ გვინდა ეს, ამას არ მივიღებთ" გულუბრყვილობა იქნება და სხვა არაფერი; ანუ იგივე იქნება, რაც თავის დროზე უარი რომ ეთქვათ არაევკლიდურ გეომეტრიებზე, ფარდობითობის თეორიაზე, კვანტურ მექანიკაზე, ნიცშეს ფილოსოფიაზე, დალის ფერწერაზე, ვაგნერის მუსიკაზე და ა.შ. თუმცა თავის დროზე მათაც დიდად გაოცებული და პირდაღებული დატოვეს თავიანთი თაობები, გამოიწვიეს დიდი შოკი და დიდი დისკუსია.

მაგრამ მეორე საკითხია ამ დროს და არანაკლებ მნიშვნელოვანი ის, თუ ვინ გამოიყენებს ამ ტოტალურ კონტროლს და რისთვის? თუმცა ამასთან დაკავშირებითაც მოიაზრებს ალბათ რაიმეს მომავალი თაობა. მანამდე კი ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში, ხოლო სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები კი ჩვენზე უფრო მეტად, უნდა შევეჩვიოთ უკვე დღეს ღია, გახსნილი ინფორმაციით მუშაობას და ცხოვრებას, ანუ უნდა ვეცადოთ ვაკეთოთ ყოველთვის ისეთი საქმეები, რომელთა ფარული კონტროლი არ შეგვაშინებს და არ დგვიფრთხობს ძილს მომავალში. ასე მაგალითად, არცერთი ჭკვიანი და სერიოზული პოლიტიკოსი არ იმუშავებს დღეს თავის სფეროში ტყუილით, არ შელახავს ამით თავის ავტორიტეტს და არ გაუჩენს ამის გამო საკუთარ თავს საშიშროებას ჩავარდეს საკუთარი კარიერის მომსპობ და გამანადგურებელ სიტუაციაში.

დამეთანხმებით ალბათ, რომ ამგვარი ცხოვრება შეუძლია მხოლოდ ძლიერ, პროფესიულად და ზნეობრივად მაღალ დონეზე მომზადებულ პიროვნებებს და ამიტომაც ყველა ქვეყანა ცდილობს დღეს დააკომპლექტოს სახელმწიფო სტრუქტურები ღირსეული კადრებით, რომლებიც დაიცავენ ქვეყანას და სერიოზულ პრობლემებს არ შეუქმნიან მას საშინაო თუ საგარეო პოლიტიკაში. "კადრები წყვეტენ ყველაფერს" - თქვა თავის დროზე სტალინმა და დღეს განსაკუთრებით აშკარაა,რომ ქვეყანა, რომელსაც სუსტი საკადრო პოლიტიკა აქვს, ვერ შეიმუშავებს ღირსეულ საშინაო პოლიტიკას და ვერ დაიცავს თავის ინტერესებს საერთაშორისო დისკუსიების დონეზე.

ძალიან კარგია და სასიამოვნო, რომ ხალხს სჯერა პრემიერ-მინისტრის, ანუ სჯერა, რომ გიორგი გახარია ნამდვილად არ არის კორუმპირებული, მშვენივრად უძღვება საშინაო პოლიყიკას და საერთაშორისო დონეზეც კარგად დაიცავს ქვეყნის ინტერესებს; ამავე დროს იგი იმოქმედებს ყოველთვის ღიად, საჯაროდ, ყოველგვარი ტყუილისა და მაქინაციების გარეშე, არ დამალავს არასოდეს არაფერს, იქნება ყოველთვის მშვიდი და აუღელვებელი, რადგან იცის, რომ ვერავინ ვერასოდეს ვერ დაუფიქსირებს მას რაიმე უღირსს და მიუღებელს მის ქმედებაში. ეს არის მისი პოლიტიკის მთავარი ნიშანი, ეს დაინახა ხალხმა და სწორედ ამისთვის მიიღო იგი ასე ერთსულოვნად საზოგადოებამ.

აშკარაა, რომ ყველასთვის, ვინც თვლის, რომ პოლიტიკა არის ბინძური და ამორალური თამაში, უცხო და გაუგებარი იქნება ნამდვილად ХХ! საუკუნის თავისუფალი ადამიანის ამგვარი ახალი, ღია და გახსნილი ინფორმაციით, თამამი და რისკიანი დიალოგი სამყაროსთან; პიროვნება ამ დროს ჯერ კარგად და ღრმად სწავლობს რეალობას, ადეკვატურად აფასებს მას, შემდეგ კი იღებს გადაწყვეტილებებს, იწყებს მოქმედებას და პასუხისმგებელია ყოველ მიღებულ შედეგზე.

დღეს პოლიტიკა არის თეორიული აზროვნების ის ყველაზე რთული და დიალექტიკური წინააღმდეგობებით სავსე სფერო, რომელიც ყოველ ნაბიჯზე მოითხოვს პროფესიულ კვლევას, ანალიზს და ახალი მსოფლმხედველობრივი პარადიგმის ძირფესვიან გააზრებას. ანუ ახალი პოლიტიკა ითხოვს ახალ კადრებს და სასიამოვნოა, რომ ჩვენი ექიმები მოქმედებენ სწორედ ამ ფორმატში. ისინიც, მსგავსად პრემიერ-მინისტრისა,ამჟღავნებენ თავიანთ მოქმედებაში ზნეობას, პროფესიონალიზმს და გამოცდილებას, არ მალავენ არასოდეს არაფერს, მოქმედებენ ღიად, საჯაროდ, ყოველგვარი ტყუილის გარეშე და ამიტომაც არ ეშინიათ მათ არავითარი ინტრიგის და პროვოკაციის. მათმა ღირსეულმა საქციელმა მოხიბლა საზოგადოება და განაწყო იგი ანალოგიური ქმედებებისათვის. ეს არის გზა მომავლისკენ.

და ბოლოს: თუ გადაგვარჩენს დღეს, გადაგვარჩენს მხოლოდ კორუფციის დაძლევა, ბიუროკრატიული აპარატის უკიდურესი შემცირება და ეფექტური სახელმწიფო პოლიტიკა. ხალხს სჯერა, რომ პრემიერ-მინისტრი არ არის ჩაფლული კორუფციაში, ხედავს იმასაც, რომ გიორგი გახარია ღირსეული პოლიტიკოსია, მაგრამ, თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრსაც უნდა ახსოვდეს აუცილებლად ის, რომ რასაც თავად არ იკადრებს და არ გააკეთებს, თავისუფლად შეიძლება იკადროს და გააკეთოს სხვამ; ანუ ნუ დავივიწყებთ იმას, რომ თავის დროზე თვიღონ სტალინმა ხრუშჩოვი დაგვიტოვა საკუთარი პოლიტილის გამაგრძელებლად და რაც მოყვა ამას შემდეგ, ყველამ კარგად ვნახეთ და კარგად ვიცით. დღესაც უდიდესი პრობლემაა კადრები; მაგალითად, მინისტრი, ვის დაქვემდებარებაში მყოფი პირი აღდგომა დღეს , კომენდანტის საათის დროს, გაშლილი სუფრიდან ნასვამ მდგომარეობაში გავა აივანზე, უაზროდ გაისვრის და სიცოცხლეს მოუსპობს ღირსეულ დიასახლისს თავისივე ბინაში და თანაც მოხუცი დედის თვალწინ, აღარ უნდა იჯდეს თავის კაბინეტში....და ასე შემდეგ, და ასე კიდევ ძალიან ბევრი...ძალიან ბევრი... "კადრები წყვეტენ ყველაფერს"!!!

ასე რომ, ბ-ნო გიორგი, საჭიროა მეტი საჯაროობა და კონტროლი, კონტროლი და კიდევ მეტი კონტროლი... მორალისა და დისციპლინის გარეშე ვერავითარი ჯგუფი სამოქმედოდ ვერ შეიკვრება, არადა ჯგუფური მუშაობა საჭიროა და აუცილებელი.

დღეს საქართველო დგას უდიდესი გამოწვევის წინაშე და ყველა უნდა დავუდგეთ გვერდში ჩვენს მთავრობას ამ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში. "ჩვენ უნდა ჩვენი ვშუათ მყობადი, ჩვენ უნდა მივცეთ მომავალი ხალხს" -როგორც იტყოდა დიდი ილია.

ღმერთმა დაგვლოცოს და ხელი მოგვიმართოს.

გილდა სიხარულიძე

(R)