რუსული ბაცილა ქართულ ბასილაში
რუსული ბაცილა ქართულ ბასილაში
ლიტერატურულ ქართულ ენაში ტერმინი "ბასილა" ცუდად გამომცხვარი პურის აღსანიშნავად გამოიყენება. ამის მიზეზი, შესაძლოა, იყოს ხორბლის ან ფქვილის ხარისხი, ხორბალში ან ფქვილში რაიმე მავნე ბაცილების არსებობა, ცხობის ნაკლოვანი ტექნოლოგია. მოკლედ, ამჯერად გვაინტერესებს არა ლიკანი - თონეში შემთხვევით ჩავარდნილი და ნაკვერჩხალზე გამომცხვარი ცომის გუნდა, არა ბალარჯი - სიმინდის ფქვილნარევი პური, არამედ სწორედ ბასილა - უხარისხო ხორბლისგან (ფქვილისგან) დამზადებული პური.
ღვთის ნებით თუ ადამიანთა დაუდევრობით, შარშანდელი დეკემბრიდან თანამედროვე კაცობრიობას უსასტიკესი განსაცდელი მოევლინა. დღეს უკვე
ვხედავთ, რომ მსოფლიო გონი აქამდე უცნობი ვირუსის შემოტევას უთუოდ გაუძლებს. თუმცა, ადამიანთა ცხოვრება ალბათ აღარასოდეს იქნება ისეთი, რაც აქამდე იყო - მოხდება ფასეულობათა საყოველთაო გადაფასება; ბევრ სხვა რამესთან ერთად, აზრს დაკარგავს დიპლომატიური ფარისევლობა და სიცრუის ჭეშმარიტების საბურველში გახვევის საუკუნოვანი ტრადიცია. კაცობრიობა თავის, მთლიანად სამყაროს არსებობას,
ალბათ, სხვა თვალით შეხედავს და აღმოაჩენს, რომ გუშინდელის ანალოგიით ცხოვრების გაგრძელება ყოვლად წარმოუდგენელია.

ამის იმედი რომ მაქვს, სწორედ ამიტომ ვუბრუნდები ზოგადად, ადამიანებისა და, ბუნებრივია, ჩვენი მოქალაქეების არსებობისთვის აუცილებელი ფენომენით, პურით, უფრო კონკრეტულად - ხორბლით - მომარაგების, ხორბლის სახელმწიფო სტრატეგიული მარაგების შექმნის პრობლემას.

ტრადიციულად, საქართველოსა და სომხეთში მოხმარებული ხორბლის უდიდესი ნაწილი საქართველოში შემოდიოდა რუსეთიდან გემებით ფოთისა და ბათუმის ნავსადგურებამდე და შემდეგ რკინიგზით, უშუალოდ დანიშნულების ადგილებამდე. ძირითადი მომწოდებელი დღესაც რუსეთია, ოღონდ შეიცვალა მარშრუტი - საქართველოსა და სომხეთში მოხმარებული ხორბლის უდიდესი ნაწილი შემოდის ავტოტრანსპორტით ლარსის საბაჟოდან დარიალის ხეობისა და კობი-გუდაურის უღელტეხილის გავლით სომხეთის საზღვრამდე. პროცენტული მაჩვენებლებით, თუ 2015 წლამდე სომხეთ- საქართველოში მოხმარებული ხორბლის თითქმის 100 მეტი ზღვითა და რკინიგზით შემოდიოდა, დღეისათვის ეს მაჩვენებელი 50 პროცენტამდეა შემცირებული. ეს გახლავთ დაახლოებით 550 000 ტონა ხორბალი წლიურად, რომლის ტრანსპორტირებას სჭირდება ოცდაათტონიანი ტრალერის 20 000 რეისამდე მხოლოდ ერთი მიმართულებით, ანუ 40 000 რეისამდე ორივე მიმართულებით!

ეს ნიშნავს, რომ თითქმის მთელი წლის განმავლობაში პარალიზებულია საავტომობილო მოძრაობა ლარსის საბაჟოდან თბილისამდე; საბაჟო-გამშვებ ხაზთან, რუსეთის მხარეს, ყოველდღიურად დგას და საქართველოში შემოსვლის ნებართვას ელის ათასობით, ათი ათასობით ტურისტი; ამ ბაკქანალიით შესანიშნავად სარგებლობენ მექრთამე რუსი მესაზღვრეები; რუსეთის მხარეს არ არსებობს ელემენტალური მომსახურებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურა (ტუალეტები, კაფეები, იაფფასიანი სასტუმროები დასასვენებლად და ღამის გასათევად), რაც, თავის მხრივ, კიდევ უფრო ამძიმებს რიგში მდგარი ტურისტების მდგომარეობას, იწვევს მათ სამართლიან უკმაყოფილებას და უკლავს საქართველოში ტურისტული მოგზაურობის, დასვენების სურვილს; ვიწრო უღელტეხილზე მოძრავი გრანდიოზული ტრალერები, იმის გამო, რომ ფაქტობრივად კლავენ მოძრაობას, წლის განმავლობაში გამოაფრქვევენ ორ მილიონამდე ლიტრი დიზელის ნამწვს, რაც კატასტროფის ტოლფასია საქართველოს ეკოლოგიის, ქართული ტურიზმისა და მთლიანად მოსახლეობისთვის; ფოთისა და ბათუმის ნავსადგურებიდან ტვირთების სარკინიგზო გადაზიდვების პარალიზებით, საქართველო ყოველწლიურად კარგავს 70 მილიონ ლარს...

ისიც გავიხსენოთ, რომ ამ რეგიონში არსებული უნიკალური ბუნებრივი პირობებიდან გამომდინარე, ტურისტული ნაკადების მოსაზიდად უკვე მილიარდობით დოლარის ინვესტიციებია ჩადებული გზების, ხიდების, საბაგიროების, გვირაბების, სასტუმროების, სამთო-სათხილამურო ინფრასტრუქტურის, სასმელი და ტექნიკური წყლების რეზერვუარების, ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობაში. ძირითადი სამუშაოების დამთავრება დაგეგმილია 2022 წლის ბოლოსთვის.

ძალიან ვწუხვარ, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ თუ კობი-გუდაური-ფასანაურის ტრასაზე, ვიწრო ხეობაში სამოცტონიანი ტრალერების გრუხუნი არ შეწყდება (უფრო ზუსტად, "კორონა ვირუსის" გადავლასთან ერთად ისევ განახლდება), უკვე გაწეული სამუშაოები წყალში გადაყრილი აღმოჩნდება და ტურიზმიდან შემოსული მოგების იმედიც ქიმერად გადაიქცევა.

და მაინც, მთავარი სხვა რამეა - ავტოტრანსპორტით შემოტანილი ხორბლის ხარისხი.
ვამბობ სრული პასუხისმგებლობით - საკვები პროდუქტების უვნებლობის პრინციპებიდან გამომდინარე, რუსეთიდან ავტოტრანსპორტით შემოტანილი ხორბლის ნდობა კატეგორიულად გამორიცხულია!

დავიწყებ იმით, რომ ნებისმიერი ქვეყნიდან ნებისმიერი ოდენობითა და ნებისმიერი ტრანსპორტით შემოტანილ ხორბალს თან უნდა ახლდეს შემდეგი დოკუმენტები: 1. ზედდებული; 2. ფიტოსანიტარული სერტიფიკატი; 3. ექსპორტის დეკლარაცია; 4. ინვოისი; 5. ხელშეკრულება; 6. ხარისხის სერტიფიკატი 7. წონის სერთიფიკატი; 8. დეზინფექციის (სისუფთავის) სერთიფიკატი; 9. რადიოლოგიის სერთიფიკატი; 10. ფუმიგაციის სერთიფიკატი; 11. წარმოშობის სერთიფიკატი; 12. გენმოდიფიცირების სერთიფიკატი; 13. შესაბამისობის სერთიფიკატი; 14. შეძენილი თანხის გადარიცხვის დამადასტურებელი საბუთი.

ტრაილერების მძღოლები (მფლობელები) რუსეთში ხორბალს საერთაშორისო საბაზრო ფასებთან შედარებით იაფად ყიდულობენ უშუალოდ მწარმოებლებისაგან; ხშირად, პირდაპირ მინდორში ან პრიმიტიული, სახელდახელოდ მოწყობილი საცავებიდან.

სწორედ ამის გამო მათ მიერ საქართველოში შემოტანილ ხორბალს ახლავს აქ ჩამოთვლილიდან მხოლოდ პირველი ხუთი დოკუმენტი (რაც საკმარისია ტვირთის გადასატანად) და არ ახლავს დანარჩენი ცხრა (რაც აუცილებელია მისი საკვებად გამოყენების დასადასტურებლად). კერძოდ, არ ახლავს და არც შეიძლება ახლდეს ფუმიგაციის სერთიფიკატი, რომელიც გამორიცხავს ტვირთში (ხორბალში!) ცოცხალი მავნებლების არსებობას; რადიოლოგიის სერთიფიკატი, რომელიც დაადასტურებდა, რომ ტვირთი არ არის რადიაციული; სატრანსპორტო საშუალების დეზინფექციის დოკუმენტი; წარმოშობის სერთიფიკატი, რომელიც დაადასტურებდა, რომ ხორბალი არ არის მოყვანილი რომელიმე ატომური სადგურის მიმდებარე ტერიტორიიდან (როგორც ჭორაობენ, ატომური სადგურები, თურმე, რუსეთშიც კი ბევრი ყოფილა!); თანხის გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის არარსებობა ადასტურებს, რომ შემოტანილი ტვირთი, შესაძლოა, იყოს ნაქურდალი...

ვფიქრობ, ახლა გასაგები უნდა იყოს, რატომ ვერ ხერხდება ხორბლის თუნდაც მინიმალური ოდენობის სახელწიფო სტრატეგიული მარაგების შექმნა - დასნებოვნებული, საეჭვო წარმოშობის, კერძო პირებისგან "ლევად" შეძენილი და საეჭვო ტრანსპორტით შემოტანილი ხორბლისგან მარაგების შექმნა კანონით აკრძალულია. მეორე მხრივ, თავისი ხალხის, თავისი ოჯახების და თუნდაც საკუთარი თავის პატივისმცემელი ხელისუფლება ამას ვერ გააკეთებდა და არც გაუკეთებია.

თუმცა, მარაგები აუცილებელია და იგი უნდა შეიქმნას, თანაც დღესვე. მსოფლიოში და საქართველოში ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა ეს ცხადად დაგვანახა. ერთადერთი გზა მოსალოდნელი კატასტროფის თავიდან ასაცილებლად, "ხორბლის გზის" ტრადიციულ სარკინიგზო მაგისტრალზე დაბრუნებაა.
ვიცი, ბევრს არ ესიამოვნება, იქნებ ქართული ავტოსატრანსპორტო ბიზნესისა და მოძმე სომეხი ხალხის მტრადაც გამომაცხადონ, მაგრამ მაინც უნდა ვცადო და ვუპასუხო კითხვას, რატომ შეიცვალა საქართველოში ხორბლის შემოტანის ტრადიციული სარკინიგზო მაგისტრალი ვიწრო და უხერხული საავტომობილო გზებით.

როგორც ჩვენი მოძმე სომხები და მათი ჩვენებური ხორბლისმიერი ძმები ამტკიცებენ, ხორბლის ტრალერებით ტრაპსპორტირება მათთვის უფრო მოსახერხებელია და, რაც მთავარია, უფრო იაფი ჯდება. სამწუხაროდ, უნდა დავეთანხმოთ - ტრალერის მეპატრონე რუსეთში კერძო პირისგან ყიდულობს აღურიცხავ (მშობლიური საბჭოთა ტერმინოლოგიით, "ლევ") ან, სულაც, ნაქურდალ საქონელს, რომელსაც არ ახლავს ზემოთ ნახსენები სერთიფიკატები. ასეთი საქონელი საერთაშორისო საბაზრო ფასებთან შედარებით 15-20 პროცენტით იაფი ჯდება; "ტრალელურ ბიზნესს" კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის დამატებითი ღირებულების გადასახადის გადაუხდელობის რეალური შესაძლებლობა (რის გამოც ამჟამად 25-მდე ასეთი "ბიზნესმენი" მსჯავრდებულია ფინანსური მაქინაციებისთვის); თითქმის ყველა ტრალერზე დამონტაჟებულია დამატებითი ავზები, რაც რუსეთში შეძენილი იაფად ღირებული საწვავით არამარტო ორივე მიმართულებით მოგზაურობას უზრუნველყოფს, არამედ საქართველოსა და სომხეთში ნამეტი საწვავის სარფიანად გაყიდვის შესაძლებლობასაც იძლევა.
თუ გავითვალისწინებთ, რომ ასეთი გზით მხოლოდ სომხეთში წლიურად შედის 300 000 ტონა მარცვლეული, მოკრძალებული გაანგარიშებით "ტრალელური ბიზნესის" მოგება 25-დან 30 მილიონამდე აშშ დოლარს უნდა შეადგენდეს.

რა თქმა უნდა, არ ვამტკიცებ, რომ მთელი ეს თანხა მძღოლების ჯიბეში მიდის. სამაგიეროდ, ამ საკითხთან დაკავშირებით 2018 წლის ზაფხულიდან განვითარებული მოვლენები მაფიქრებინებს, რომ ამ დანაშაულებრივ ბიზნესს სომხეთშიც და საქართველოშიც საკმაოდ ძლევამოსილი მფარველები უნდა ჰყავდეს.

ორიოდე ფაქტს შეგახსენებთ.
2018 წლის 22 აგვისტოს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ბატონმა ივანე მაჭავარიანმა გამოსცა ბრძანება "საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ" წესებში დამატების შეტანის შესახებ."
ბრძანების თანახმად, ამავე წლის 15 სექტემბრიდან აიკრძალა ლარსის საბაჟოდან საქართველოს ტერიტორიაზე ხორბლეულისა და ფქვილის შემოტანა.

იმედია დამეთანხმებით, რომ ეს იყო საქართველოს ფინანსთა მინისტრ მაჭავარიანის, მთლიანად საქართველოს ხელისუფლების საკმაოდ თამამი და სახელმწიფოებრივად სწორი გადაწყვეტილება, რასაც მყისიერად მოჰყვა სომხეთის ხელისუფლების საკმაოდ მწვავე რეაქცია და ტრალერების მძღოლების საპროტესტო აქცია თბილისში (ერთმა მათგანმა თავის დაწვაც სცადა).

28 აგვისტოს სომხეთის პარლამენტში გამოვიდა დეპუტატი ედმონ მარუკიანი, რომელმაც დელიკატურად დაგმო მაჭავარიანის ბრძანება. მარუკიანს ოპერატიულად მხარი დაუჭირა ვიცე-სპიკერმა ედუარდ შარმაზანოვმა. ტელევიზიით გამოვიდა პრემიერი ნიკოლ ფაშინიანიც, რომელმაც ჩვენს გასაგონად მრისხანე მუქარები შეუთვალა აზერბაიჯანს და იმედი გამოთქვა, რომ ხორბლის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით, "საქართველოს ხელისუფლება აუცილებლად გაითვალისწინებდა სომხურ ინტერესებს".
საბოლოოდ ასეც მოხდა - საქართველოს მაშინდელმა პრემიერმა ბახტაძემ გაითვალისწინა ფაშინიანის შემონათვალი, საქართველოს ინტერესებთან ერთად ფეხებზე დაიკიდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მართლაც მამულიშვილური გადაწყვეტილება და მისი ბრძანება ჯერ შეაჩერა, მერე, საერთოდ, გააუქმა.

საქართველოს დღევანდელმა პრემიერ მინიტრმა გიორგი გახარიამ უკვე ბევრჯერ დაამტკიცა, რომ თავის სახელისუფლებო გუნდთან ერთად არის საუკეთესო კრიზის-მენეჯერი არა მარტო საქართველოს მასშტაბით. ამას აღიარებს მსოფლიო თანამეგობრობაც.

სწორედ ეს და ბოლო დროს ამ საჭირბოროტო თემაზე მაღალი თანამდებობის პირების მონაწილეობით წამოწყებული დებატები მაიმედებს, რომ უახლოეს მომავალში პრემიერი გიორგი გახარია მთლიანად ქვეყნის ხელისუფლების მხარდაჭერით მიიღებს საქართველოსთვის სასიცოცხლოდ აუცილებელ გადაწყვეტილებას - ხორბლით მომარაგებას ტრადიციულ რელსებზე დააბრუნებს. ამით სამუდამოდ აგვაშორებს ქვეყანაში სტრატეგიული მარაგების გაქრობისა და ქართულ "დედას პურში" რუსული ბაცილების არსებობის საფრთხეებს.
და კიდევ, ეს გადაწყვეტილება არ გააძვირებს პურის ფასს, მაგრამ ალბათ გააკოტრებს პურის სომხურ-ქართულ მაფიას.

თეიმურაზ ქორიძე, 30. 04. 2020 წელი

(R)

სოსო
16 მაისი 2020 12:27
ეს აუცილებლად გააძვირებს პურს.რაც შეეხება ხარისხს,რუსული ხორბლის ფქვილი,გაცილებით უკეთესია ყაზახურზე.ჩრდილო კავკასიიდან ზღვით ხორბლის შემოტანა კი,ყურთან ხელის თავზე შემოვლებით მიტანის მცდელობას ჰგავს.
ირაკლი
15 მაისი 2020 14:29
მართალია ნანახი მაქვს რუსული გადაცემა სადაც ამბობენ თუ როგორ ყიდიან დაბალ ხარისხიან ხორბალს ეგვიპტესა და სხვა ქვეყნებში თავისთვის კი კანადაში უკეთეს ხორბალს ყიდულობენ და ეს იგივე ფასებში დანაკარგის გარეშე ესე გამოდის ხარისხში სარგებლობენ
kakola
14 მაისი 2020 10:15
მართლაც უნდა მოხდეს მარცვლეულის შემოტანა ზღვით,მაგრამ სომხეთის ხელისუფლება კრემლის მფარველობით ამას არ დაუშვებს...

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირების შესახებ?
თვის კითხვადი სტატიები