ფოთში ახალი ნავსადგურის მშენებლობისთვის ამერიკის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის ინვესტიციის პირველი ტრანში „პეის ჯგუფმა“ პანდემიის ფონზე მიიღო - კვირის პალიტრა

ფოთში ახალი ნავსადგურის მშენებლობისთვის ამერიკის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის ინვესტიციის პირველი ტრანში „პეის ჯგუფმა“ პანდემიის ფონზე მიიღო

პეის ტერმინალი მდებარეობს ფოთის ეგრეთ წოდებულ ახალი ნავსადგურის აკვატორიაში, პროექტის განხორციელება ითვალისწინებს ორ ფაზას. პირველი ფაზის საერთო საინვესტიციო ღირებულება შეადგენს 93 მილიონ აშშ დოლარს, მათ შორის 50 მილიონი აშშ დოლარი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) -ის მიერ იქნება გამოყოფილი. აღსანიშნავია, რომ საქართველოში DFC-ის მიერ დღემდე გამოყოფილ დაფინანსებებს შორის, პეის ტერმინალზე დამტკიცებული თანხა წარმოადგენს ერთ ცალკე აღებულ პროექტზე გამოყოფილ უმსხვილეს მოცულობას. აღნიშნული თანხის პირველი ტრანში გადმორიცხვა 30.8 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით განხორციელდა მიმდინარე წლის მაისის პირველ დეკადაში.

ახალი ტერმინალი განთავსდება 25ჰა მიწის ფართობზე ნავმისადგომების კედლის საერთო სიგრძით 650 მეტრი. ტერმინალის საერთო ტვირთგამტარიანობაა 2.5 მილიონი ტონა მშრალი ნაყარი, გენერალური ტვირთი და 100 ათასი TEU (კონტეინერები). აკვატორიის სიღრმე გაიზრდება 12 მეტრამდე რომლის მეშვეობითაც ნავსადგური შეძლებს 11.5 მეტრი წყალჯდომის 50 ათას ტონამდე წყალწყვის გემების მიღებას. ნავსადგურის ჩრდილოეთით ახალი ტალღმჭრელის აშენების შემთხვევაში კი აკვატორიის სიღრმე გაიზრდება 15 მეტრამდე, რის შედეგადაც 14.5 მეტრი წყალჯდომის გემების მიღება იქნება შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ პეის ტერმინალი ნაწილობრივ უკვე ფუნქციონირებს, რომლის საშუალებითაც ჯერ კიდევ 2015-2017 წლებში ხორციელდებოდა ჩვენი რეგიონისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტის BP-ის “Shah Deniz 2” პროექტის მილების დამუშავება. მიმდინარე ეტაპზე, ტერმინალზე უკვე წარმოებს სხვადასახვა სახის ტვირთებისა და საზღვაო კონტეინერების მიღება დამუშავება. მათ შორისაა შუა აზიაში წარმოებული მინერალური სასუქი – კარბამიდი, რომლის რუსეთისა და ირანის ნაცვლად საქართველოს მიმართულებაზე გადმომისამართება 2017 წლიდან პეის ჯგუფის მიერ თურქმენეთის მთავრობასთან წარმატებული მოლაპარაკებისა და აზერბაიჯანის ალიატის და ჰოვსანის ნავსადგურებთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია.

პეის ტერმინალი ერთადერთია საქართველოში, რომელის ინფრასტრუქტურა საშუალებას იძლევა განახორციელოს შუა აზიის ქვეყნებში წარმოებული მინერალური სასუქების მიღება დამუშავება. აღნიშნული დაფინანსების შედეგად ჩატარებული მოდერნიზაციის შემდეგ გაზრდილი ინფრასტრუქტურისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ხარჯზე პეის ტერმინალის სიმძლავრეები შესაძლებელს გახდის განხორციელდეს შუა აზიის ქვეყნებში წარმოებული მთელი ქიმიური სასუქების გადატვირთვა. დაგეგმილი ინფრასტრუქტურული ღონისძიებების შედეგად პეის ტერმინალზე დღეს არსებული ქიმიური სასუქების წლიური ტვირთგამტარიანობა გაიზრდება 500 ათასი ტონიდან 1,5 მილიონ ტონამდე. ტერმინალი ასევე მოემსახურება სხვადასხვა სახის მშრალ ნაყარ ტვირთებს და საზღვაო კონტეინერებს. შეიქმნება თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. რაც საშუალებას მოგვცემს განხორციელდეს გაცილებით მეტი სატრანზიტო ტვირთის მოზიდვა და გადმომისამართება ჩვენი სატრასპორტო კორიდორის გავლით. ამჟამად უკვე დაწყებულია 250 მეტრი სიგრძის ნავმისადგომის, ტალღმჭრელი დამცავი მოლოების და 50 ათას ტონაზე გათვლილი მინერალური სასუქების დახურული სასაწყობო მეურნეობისა და ინფრასტრუქტურის მშენებლობა. ტერმინალის მშენებლობის სრულად დამთავრება იგეგმება 2021 წლის გაზაფხულზე. ამ დროისთვის ტერმინალი მიიღებს პირველ გემს.

ტერმინალის მშენებლობას ახორციელებს ორი ქართული საამშენებლო კომპანია უცხოელ პარტნიორებთან ერთად. მშენებლობაზე დასაქმებულთა ჯამური რაოდენობა შეადგენს 115 ადამიანს. პეის ტერმინალის განვითარებას აწარმოებს პეის ჯგუფი რომელიც რეგიონში წარმოადგენს უმსხვილეს სატრანსპორტო კომპანიას და მის ჯგუფში აერთიანებს ნავმისადგომების ოპერატორ, საბროკერო, საზღვაო სააგენტოს, ლოჯისტიკურ და საკონტეინერო კომპანიებს. ჯგუფში დასაქმებულია 1000 მეტი ადამიანი, ხოლო ყოვეწლიური საშუალო ტვირთბრუნვა 3 მილიონ ტონას აღემატება. პეის ტერმინალის სრულად ამოქმედების შემდეგ, დამატებით დასაქმდება 180 ადამიანი. პეის ჯგუფის მომავალი განვითარების მთავარი ამოცანაა გაუმჯობესებული, თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული საზღვაო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის საშუალებით არსებული ტვირთების შენარჩუნება და ახალი ტვირთების მოზიდვა. მსოფლიოში შექმნილი პანდემიის ფონზე, საქართველოს ხელისუფლების მიერ დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში და ჯანდაცვის სფეროში განსაზღვრული მოთხოვნების მკაცრი დაცვით პეის ჯგუფი უწყვეტად ახორციელებს სამუშაოებს და ინარჩუნებს ჯგუფში შემავალ კომპანიებში დასაქმებულთა სრულ რაოდენობას.

(R)