"ვაპირებ ისეთი რამის გაკეთებას, როგორიც ჯერ არ გამიკეთებია და ზუსტად ვიცი, ეს არ იქნება ის, რასაც ჩემგან ელიან..." - კვირის პალიტრა

"ვაპირებ ისეთი რამის გაკეთებას, როგორიც ჯერ არ გამიკეთებია და ზუსტად ვიცი, ეს არ იქნება ის, რასაც ჩემგან ელიან..."

"ვისაც ერთხელ მაინც მოუსმენია დათო აბულაძისათვის, უნახავს მისი ურთიერთობა ინსტრუმენტთან, დარწმუნებული ვარ, აღარასდროს დაავიწყდება, მე პირადად ამ დრამერით დიდი ხნის წინ, ნინო ქათამაძის კონცერტისას მოვიხიბლე..."

ის, როგორც შემოქმედი, არ აღიარებს ჩარჩოებს, საზღვრებს, თავისუფალია ხედვაში, შეგრძნებებში და ამ შეგრძნებების მუსიკალურად გამოხატვის ფორმებშიც. დაგვაჩვია, მისგან მსმენელი ყოველთვის რაღაცა განსხვავებულს ელის, არავისნაირს და ძალიან მაგარს. ახლაც ალბომზე მუშაობს. განმარტოვდა და შეუდგა მორიგი "სიგიჟის" შექმნას. ჩვენი ინტერვიუ მის შემოქმედებით გეგმებსა და მუსიკალურ ცხოვრებაზეა.

დათო აბულაძე: - ამჟამად აშშ-ში ვიმყოფები, კალიფორნიაში, ახალ სოლო პროექტზე ვმუშაობ, რომელიც პანდემიის დასრულების შემდეგ აქვე მინდა აქაურ მუსიკოსებთან ერთად ჩავწერო. მარტო ვმუშაობ, ვქმნი კომპოზიციებს ამ, მე ვიტყოდი, საეტაპო ალბომისათვის. საბოლოოდ, კონცერტზე სხვადასხვა კომპოზიციას ამ ალბომიდან სხვადასხვა მუსიკოსი შეასრულებს. გასაგები მიზეზების გამო ვერ ვამბობ, როდის იქნება პრემიერა. ვფიქრობ, იდეალურ შემთხვევაში ჩვენი მაყურებელთან შეხვედრა საახალწლოდ შედგება და სხვადასხვა კომპოზიციის შესასრულებლად ბევრი მუსიკოსი მოვიყრით თავს ერთ სცენაზე.

- იზოლაციას ვისთან ერთად გადიხართ?

- მარტო სრულიად. მე და მუსიკა, პირისპირ...

- აშშ-ში რა მიზნით ჩახვედით?

- აქაც მუსიკამ ჩამომიყვანა. რამდენიმეგან დავუკარი, შევხვდი თანამოაზრეებს, სხვადასხვა მუსიკოსს, მერე დაიწყო პანდემია და მეც განვმარტოვდი კონკრეტული გეგმებით.

- მახსოვს, როგორი ცეცხლი დაგინთიათ სცენაზე. ყოველ ჯერზე სხვადასხვანაირად ახერხებდით პუბლიკის მონუსხვას, ეს კარგად გამოგდით - თქვენი ერთი გამოსვლა არასდროს ჰგავდა მეორეს. გამოდის, ახლა სხვა კონტინენტზე, სადაც ჯერ კიდევ არ გიცნობენ მასობრივად, ახალი მუსიკალური თავგადასავლისთვის გაემგზავრეთ? - ზუსტად ასეა. ვაპირებ ისეთი რამის გაკეთებას, როგორიც ჯერ არ გამიკეთებია და მჯერა მსმენელისთვისაც სრულიად განსხვავებული და ახალი იქნება ის, რასაც შევთავაზებ. ზუსტად ვიცი, ეს არ იქნება ის, რასაც ჩემგან ელიან... აქამდე რაც გამიკეთებია სხვადასხვა ჯგუფთან ურთიერთობის განმავლობაში, ყველაფრისგან განსხვავებული იქნება, რასაც ახლა ვქმნი. დადგა დრო, რომ ახალი ეტაპი დავიწყო, ვნახო მარტოს რა შემიძლია... აბსოლუტურად განსხვავებულ ალბომზე ვმუშაობ, თითქოს მუსიკასთან ურთიერთობასაც ნულიდან ვიწყებ. რაღაც რესტარტისმაგვარი ხდება ჩემს თავს...

- რა ჟანრის იქნება ეს ალბომი? - ზუსტად ეგ არის ჩემი მიზანი, რომ ჟანრობრივად კონკრეტული სახელი არ ერქვას - არც როკი, არც ჯაზი, არც რამე სხვა.

- ცოტა წარსულშიც გადმოვინაცვლოთ... დღევანდლამდე რა გზა განვლეთ, მუსიკალური აზროვნება როდის და როგორ დაიწყეთ?... - არსად არ ჩამიბარებია იმისთვის, რომ სადმე დამეკრა. ურთიერთობასა და მეგობრობაზე დამყარებით ხდებოდა ხოლმე ჩემს კარიერაში სიახლეები. ამიტომ ფორმულირებას ვერ ვაძლევ, როგორ მოვედი აქამდე - თავისით... მიუხედავად იმისა, რომ მუსიკალური განათლება არა მაქვს, იურისტი ვარ, თუმცა ამ პროფესიით ერთი დღეც არ მიმუშავია.

თბილისში დავიბადე და გავიზარდე. როგორც ჩემები იხსენებენ, სანამ ლაპარაკს დავიწყებდი, მანამდე რაღაც მელოდიებს ვუსტვენდი და დასარტყამ ინსტრუმენტად ვაქცევდი ნებისმიერ ნივთს თუ სათამაშოს. პირველად 2 წლის ვიყავი, როდესაც "ივერიამ" სცენაზე გამიყვანა. მამაჩემი დავით აბულაძე "ივერიის" სოლისტი იყო. დედაც ხელოვანია, თეატრალური უნივერსიტეტი და მუსიკალური ათწლედი აქვს დამთავრებული.

5 წლის რომ ვიყავი, მუსიკალური ინსტრუმენტი მოვითხოვე, მომიტანეს, დამიდგეს სახლში და მას მერე მასზე დაკვრა იქცა ჩემს მთავარ გატაცებად.

- მიკვირს, მუსიკოსების ოჯახის წარმომადგენელი, მუსიკალურ სკოლაში რომ არ მიგაბარეს მშობლებმა. - რატომღაც ისე მოხდა, რომ ჩემი და მიიყვანეს მუსიკალურ სკოლაში, მე კი, დედაჩემმა გადაწყვიტა, რომ ფრანგული ენა მესწავლა. სკოლა რომ დავამთავრე, ფრანგული ენის თარჯიმან-რეფერენტის ფაკულტეტზე ჩავაბარე. თუმცა საბოლოოდ სწავლა იურისტის დიპლომით დავასრულე. სკოლის პერიოდიდან ვუკრავდი სხვადასხვა ჯგუფში, ზოგჯერ ვმღეროდი კიდეც. სულ მუსიკით ვიყავი გატაცებული. სტუდენტობის დროს უკვე ზუმბასა და ნიაზ დიასამიძესთან ერთად ვუკრავდი. ამავე პერიოდში მერგო პატივი დამეკრა ისეთ მაგარ მუსიკოსებთან, როგორიცაა თამაზ ყურაშვილი, ზურა რამიშვილი, გულიკო ჭანტურია....

- მაინც ყველაზე ხშირად ნინო ქათამაძესა და ჯგუფ "ინსაიდთან" ასოცირდებით. როგორ გადაეყარეთ ერთმანეთს? - ჩვენ ერთმანეთს სხვადასხვა კონცერტიდან ვიცნობდით, ვმეგობრობდით. ერთ დღეს დამირეკეს და მითხრეს, ალბომის ჩაწერას ვაპირებთ და ხომ არ გაქვს სურვილი, რომ ჩვენთან დაუკრაო. ერთი ალბომი რომ ჩავწერეთ, დავიწყეთ კონცერტები და ამას კიდევ 4 ალბომი მოჰყვა. 700-ზე მეტ კონცერტზე დავუკარით მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის ერთი მიწის ქვეშ, 400 მეტრზე.

- ეს სად და როგორ? - ეს იყო დონეცკთან ახლოს, იქ მარილის ყველაზე დიდი შახტებია, როგორც ვიცი, ნახევარ ევროპას მარილით ამარაგებენ. ერთ-ერთი კომპანია, რომელიც მარილს მოიპოვებდა, ავსტრიელების იყო და წელიწადში ერთხელ ამ უზარმაზარ შახტში ფესტივალს "მარილის სიმფონიას" აწყობდნენ. ჩვენ ნინოსთან ერთად ჩავწერეთ ალბომი, რომელშიც კიევის ორკესტრიც მონაწილეობდა და რადგან მიგვიწვიეს, წარმოიდგინეთ, მიწის ქვეშ, ამ სიღრმეზე ჩავიტანეთ ინსტრუმენტები და დავუკარით.

- განსხვავებული ჟღერადობა ჰქონდა?

- ჟღერადობაც, განცდაც, ყველაფერი განსხვავებული და განუმეორებელი იყო.

- ყველაზე დასამახსოვრებელი კომპლიმენტი, რომელიც თქვენი მუსიკალური მოღვაწეობის გამო მიგიღიათ? - ძირითადად, ერთი სახის კომპლიმენტს ვიღებდი - მასტერკლასების ან კონცერტების შემდეგ მეკითხებოდნენ, ეს რა სკოლააო და მე ვპასუხობდი, თვითნასწავლი ვარ-მეთქი. ამის მერე იწყებოდა კომპლიმენტების კორიანტელი.

- ყველა წამოწყებას თუ სურვილს ფინანსური მხარდაჭერა სჭირდება. თქვენს შემთხვევაში ვინ იტვირთავს ამ საპასუხისმგებლო მისიას? - მე რასაც ვაპირებ, არაკომერციული პროექტია. ყოველ შემთხვევაში, მე არა მაქვს კომერციული გათვლა. ტელევიზია MARTV ქართველი დამფუძნებლების, ჩემი მეგობრებისაა და სწორედ ისინი მიმაგრებენ ზურგს ნებისმიერ წამოწყებაში. MARTV მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მაუწყებლობს ქართულ არხებს და სურთ ახალი მუსიკალური პროდუქტის შექმნაშიც მიიღონ მონაწილეობა. მადლობა მინდა ვუთხრა მათ ნდობისა და პატივისთვის.

- ყველაზე ფერად ოცნებებში თუ წარმოიდგენდით, რომ ასეთი შემოქმედებითი ეტაპი დაგიდგებოდათ? - რაც ახლა ხდება ჩემს თავს, ოცნებას ვერ დავარქმევ, გამოწვევა უფროა. მე ვიცი, რომ ამ გამოწვევისთვის მზად ვარ. ამაში ჩემი საეტაპო ალბომის პრეზენტაციაზე დარწმუნდებით.

(R)