მაკულიტერატურის ფილიალებმა უცვლელ რეჟიმში დაიწყეს მუშაობა - კვირის პალიტრა

მაკულიტერატურის ფილიალებმა უცვლელ რეჟიმში დაიწყეს მუშაობა

"პალიტრა L"-ის პროექტი "მაკულიტერატურა" 2012 წლიდან მრავალ ოჯახს დაეხმარა პირადი ბიბლიოთეკების შექმნაში"

13 მაისიდან თბილისისა და რუსთავის მაკულიტერატურის ფილიალები გაიხსნა. 15 მაისიდან მუშაობა განაახლა ქუთაისის ფილიალმაც. მაკულატურის ჩაბარება შესაძლებელია ყოველდღე, კვირის გარდა, 10:00-დან 18:00 საათამდე. აღნიშნულ პუნქტებში შესაძლებელია მაკულატურა გადაიცვალოს ნერგებში (1 კგ მაკულატურა =1 ნერგი), რომლითაც შემდეგ მომხმარებელი ახალ წიგნებს შეარჩევს.

პროექტი "მაკულიტერატურა" საშუალებას გაძლევთ წვლილი შეიტანოთ გარემოს დაცვაში და გაცვალოთ უსარგებლო მაკულატურა სრულიად ახალ წიგნებში.

ანანო თავხელიძე, მარკეტინგის ხელმძღვანელი: "ჩვენ ვითვალისწინებთ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს. ყველასთვის უსაფრთხოა მაკულატურის ოფისებში მისვლა, სადაც აუცილებელია პირბადის გამოყენება. ორი თვე გავიდა, რაც ჩვენი ოფისები დაიხურა და, ალბათ, შინ ყველას ბევრი მაკულატურა დაუგროვდა. ამ პერიოდის განმავლობაში ბევრი წერილიც შემოგვდიოდა, სადაც გვწერდნენ, რომ უამრავი ძველი რვეული, წიგნი, გაზეთი თუ სხვა უსარგებლო ქაღალდი მოაგროვეს, რომელთა გადაცვლაც სურდათ ახალ წიგნებში. "მაკულიტერატურა" "პალიტრა L"-ის პროექტია, რომელიც 2012 წლიდან მრავალ ოჯახს დაეხმარა პირადი ბიბლიოთეკების შექმნაში. გარდა ამისა, პროექტი გარემოს მიმართ ეკოდამოკიდებულებითაც გამოირჩევა.

ეს არის პროექტი, რომელიც ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით სასარგებლო საქმეს ემსახურება - შეგიძლიათ უსარგებლო ქაღალდი მაკულატურაში ჩააბაროთ, გადაარჩინოთ გარემო და განაახლოთ საკუთარი ბიბლიოთეკა. მიხარია, რომ ისევ შევძლებთ ჩვენს მომხმარებლებთან შეხვედრას".

დეა ჯავახიშვილი, "მაკულიტერატურის" პროექტის მენეჯერი: "2012-დან 2019 წლამდე 17 მილიონზე მეტი ხე სწორედ მომხმარებლის მიერ მოტანილმა მაკულატურამ გადაარჩინა. დროა, თავიდან დავიწყოთ გადარჩენილი ხეების ათვლა და გადავახალისოთ ძველი ბიბლიოთეკა. თქვენ მიერ მოტანილი მაკულატურა დაანგარიშდება, გადმოგეცემათ ბარათი, სადაც ნერგების სახით კილოგრამები ჩაირიცხება. ეს ნერგები შეგიძლიათ დააგროვოთ ბარათზე ან ადგილზე შეარჩიოთ სასურველი წიგნი და გადაცვალოთ შესაბამის ნერგებში. წიგნებს მინიჭებული აქვს შესაბამისი კილოგრამი, ანუ ნერგი, რისი საშუალებითაც შეარჩევთ თქვენთვის სასურველ ლიტერატურას.

ჩვენს მაღაზიაში "პალიტრა L"-ის გამოცემული თითქმის ყველა წიგნი დაგხვდებათ: საბავშვო-საყმაწვილო გამოცემების დიდი არჩევანი, თანამედროვე ბესტსელერები თუ მსოფლიო კლასიკა, ქართველი ავტორები, სამაგიდო წიგნები, თინეიჯერების საკითხავი თუ ბიზნესლიტერატურა. მომხმარებლებს ყოველთვის აქვთ დიდი არჩევანი. მაგალითად, "დიდი მხატვრების" სერიის ნებისმიერ წიგნს სულ რაღაც 40 კგ მაკულატურაში გადაცვლით, გოდერძი ჩოხელის მოთხრობების ილუსტრირებული გამოცემის სანაცვლოდ 60 ნერგს გახარჯავთ, ბესტსელერებს 50 ნერგი სჭირდება, პაზლები ზღაპრებით - 32 ნერგი, დისნეის სერია ბავშვებისთვის - 48 ნერგი, სერია "ბიზნესგენია" - 20 ნერგი და ა.შ.

მინდა გახსოვდეთ - ჩვენ არა მარტო გარემოსა და ბიბლიოთეკის განახლებაზე ვზრუნავთ, თქვენ მიერ მოტანილ წიგნებს, რომლებიც თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან ძვირფასია და ისტორიას ატარებს, ახალ სიცოცხლეს ვჩუქნით და ეროვნულ ბიბლიოთეკაში ვაბინავებთ სრულიად ახალი ფორმატით". ოფისების გახსნასთან ერთად, განახლდა იმ წიგნების ჩამონათვალი, რომელთა გადაცვლასაც შეძლებთ მაკულატურაში.

სიის ნახვა შესაძლებელია ვებგვერდზე - makuliteratura.ge

გახსოვდეთ! ერთი ტონა მაკულატურის გადამუშავება 17 ხეს გადაარჩენს! ეს მნიშვნელოვანი პროექტია მათთვის, ვისაც წიგნიც უყვართ და ბუნებაც!